gone

ყვარელში მივდივარ. ტბაზე. ლიტერატურულ კონკურს ,,შემოდგომის ლეგენდის” ფინალში მონაწილეობის მისაღებად: მათთვის, ვინც არ იცის: ეს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, თსუ-ს სტუდენტებისათვის. იქ ფინალისტებმა (სულ 10ნი ვართ) განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა დავწეროთ მოთხრობა შემოთავაზებულ თემაზე, მერე კი 5კაციანი ჟიური გადაწყვეტს, რა და როგორ.   იმედი მაქვს, ტბა იქნება ლამაზი, ამინდი- კარგი, თემა_ ჩემთვის საინტერესო და უძილობა ამ ერთხელ მაინც არ შემაწუხებს.

ფოტოაპარატი თან მიმაქვს, ასე რომ, ფოტოებს მრავლად ჩამოვიტან.

ის,რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:


1. ფინალში გავედი მოთხრობით, რომელიც სწორედ ამ ბლოგისათვის დაიწერა და რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქტუალობა დაკარგა.

Continue reading “gone”

ცხოვრება ინერციით

სხეულის თვისება – შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

 

ისეთი მეგობრები არ გყავთ, დროის შეგრძნება რომ არ აქვთ? იმას არ ვგულისხმობ, სადმე რომ აგვიანებენ, ან კიდევ 10ის ნაცვლად 11ზე რომ შემოდიან სკაიპში. ეგეთები კი არა, ისეთები_ საერთოდ რომ ვერ გრძნობენ დროს. 23 წლისები ისეთივენი რომ არიან, როგორებიც 18-ისები იყვნენ და 30ისები რომ ისეთივენი იქნებიან, როგორებიც 23-ისები იყვნენ.

Continue reading “ცხოვრება ინერციით”

რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots

დღეს მომინდა უბრალოდ ბოლო დროის  random shot-ები დამედო ბლოგზე. ისეთი სახით, როგორითაც გადავიღე.

1. აგურის სახლი. მე მაქვს აგურის სახლი სოფელში და იქიდან ჩანს მთები. იმ მთებიდან კი ჩემი სახლი არ ჩანს. მთები იმდენად შორსაა და ხედი იმდენად უცვლელია, რომ ხანდახან მგონია, უზარმაზარ პოსტერს ვუყურებ.  მეშლება ნერვები და ვბრუნდები ოთახში. სოფელში მხოლოდ ყავას ვსვამ.

2. კოსმონავტი ცაში. კოსმონავტი ხარ, თუ შენი გვარია გაგარინი, სულ ერთია, შოთა გქვია თუ იური.  მთავარია, გამბედაობა გეყოს და ეშმაკის ბორბალზე აძვრე ისე, რომ ცალ ხელში მეგაფონი გეჭიროს, მერე კი იქიდან კონკურსის გამარჯვებულები დაასახელო. რომ ჩამოხვალ, ხელი გეტკიება, შარვალი დასვრილი გექნება, მაგრამ გაიღიმებ და იტყვი: მერე რა, კოსმონავტი ცაში უნდა იყოს : )

Continue reading “რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots”

კარგი ამინდი და გიგი

როგორც იქნა, მზე გამოვიდა. აჭიკჭიკდნენ მერობის კანდიდატები და ხალხს ენთუზიაზმი შეეპარა. ლექტორებმა მეტი სიხალისით იწყეს ჭკუის სწავლება, გოგოებმა გამოაჩინეს კანჭები, ბიჭებს შავ მაისურებში დასცხათ, თვითმკვლელებმა სიუციდი წვიმიანი დღისთვის გადადეს. მე პირველად არ დამეზარა უნივერსიტეტში წასვლა, უნივერსიტეტს პირველად არ დაეზარა ჩემი მიღება, ხეები სხვანაირად შრიალებენ, მანქანები მხიარული ჭყლოპინით გვესალმებიან. მოკლედ, ჟრიამულია და გულავი (?)

და აბა რატომ, თუ მიხვდებით?

Continue reading “კარგი ამინდი და გიგი”

,,კარგი გოგოს” სინდრომი

GOOD GIRLS GO TO HEAVEN, BAD GIRLS GO TO AMSTERDAM

არიან გოგოები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის კარგი გოგოები არიან. სკოლაში სულ წინა მერხებზე სხედან, არასდროს აცდენენ გაკვეთილებს.  როცა კლასი შატალოზე დააპირებს წასვლას, ისინი უარს ამბობენ ხოლმე. ასეთი გოგოები მარხულობენ და არ ამბობენ ცუდ სიტყვებს. ხშირად იწევენ ხელს და  ხანდახან ლაპარაკობენ კლასის სახელით.

შენიშვნა: სხვათა შორის, ასეთი გოგოები პირველნი იგებენ ინფორმაციას სქესობრივ ურთიერთობებზე, ბევრად ადრე, ვიდრე ყველაზე ,,მაგარი” ბიჭები.

მერე ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით, იქაც საუკეთესოები არიან. ლექტორებს თავს ამახსოვრებენ. დიდ დროს ატარებენ საჯაროში, კონფერენციებზე გადიან, სტიპენდიას იღებენ. ეს გოგოები ხშირად ბრუნდებიან სკოლაში მასწავლებლების სანახავად, არიან კლასის შეხვედრის ორგანიზატორები და საერთოდაც, ასეთი გოგოები წარმატებულები არიან.

Continue reading “,,კარგი გოგოს” სინდრომი”

კოლოკვიუმები

ხო, კოლოკვიუმები და არა კოლოქვიუმები, თუმცა სულ ერთია. ერთი და იგივე საშინელებაა. მე სტუდენტი ვარ, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ მე უნდა ვინერვიულო სეზონში 4 კვირა, ვიდარდო ერთდროულად ზოგად ენათმეცნიერებასა და ახალ ქართულ ლიტერატურაზე; ვიზეპირო მწერლების, მხატვრების, ფილოსოფოსებისა და ლინგვისტების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები,  ვისწავლო მეგრული ენის თანხმოვანთა სისტემა და ზმნური ნიშნები სახელზმნებში; გადავიღო იმდენი ქსეროქსი, რომ ნაბეჭდი ტექსტი შემძულდეს და გადავიღო არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო (ვისწავლი, ქსეროქსი ხომ მაქვს); გავათენო ღამეები, ვწყევლო ჩემი თავი (გესწავლა რა აქამდე, რაღა ბოლო მომენტში გახსენდება), შევწყვიტო მხატვრული ლიტერატურის კითხვა და საღამოობით გარეთ ბოდიალი, მეგობრებს უარი ვუთხრა კინოში წასვლაზე, დავწერო ბევრი და ბევრჯერ, მერე კი გულისფანცქალით დაველოდო ქულებს. საშინლად ზარმაცი ვარ. ეს სიმართლეა. ზარმაცი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მოვასწრებ ყველაფრის სწავლას და ვასწრებ კიდეც, ოღონდ ისე არა, როგორც მე მინდა. ზარმაცი ვარ, რადგან ლექტორებს ვუყვარვარ და სულ მგონია, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებენ. ზარმაცი ვარ, რადგან ქართველი ვარ და კიდევ ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია. პრინციპში ის, რომ დანარჩენ მიზეზებს არ ვწერ, ასევე სიზარმაცეა.

Continue reading “კოლოკვიუმები”

1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის

ძლივს დავჯექი კომპიუტერთან და მინდა, რომ არაფერზე ვწერო. უფრო სწორად, რამე

უმნიშვნელოზე. იმის არ მეშინია, რომ ამ პოსტს ვინმე გადაახტება. ვიცი, რომ ადამიანებს უყვართ ასეთი ,,არაფრობების” კითხვა. მით უმეტეს, თუ ,,არაფრობები” მარტივი ენითაა დაწერილი. ეს რომ ასე არ იყოს, დუმბაძის უამრავი ნაწარმოები სრულიად აუტანელი იქნებოდა : ) სუფთა სინდისით ვწერ იმას, რის დაწერასაც ვაპირებ, რადგან ეგრე მგონია: ბლოგები იმისთვის არაა, რომ განათლდე (და არც წიგნები, რა თქმა უნდა : )). მაგრამ არც იმისთვისაა, რომ აღნიშნო, როდის გეწყება და გიმთავრდება წითელი დღეები. ბლოგის წერის ხელოვნება (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედის დაჭერაშია. ეს ყველაფერი ,,ჩვენი ექსპრესის” გახმაურებულმა სიუჟეტმა გამახსენა. იქ ერთი გოგო ამბობდა, რომ პირადულ პოსტებს არ წერს, რომ მკითხველს დრო არ დააკარგვინოს. გამეცინა. თუ ბლოგებზე დაძვრები, ესე იგი, იმდენი დრო ნამდვილად გაქვს, რომ პირადული ამბების კითხვაში ,,დაკარგო”. მამენტ, ამბებსაც გააჩნია. ხანდახან უბრალოდ აუტანელია იმ პოსტების კითხვა, სადაც ბლოგერები წუწუნებენ, რომ თმაზე ის ფერი ვერ დაუსვეს, რაც უნდოდათ, ტორტის ბისკვიტი ჩაუვარდათ, ფრჩხილები ემტვრევათ, ნეტი უჭედავთ, ეზოსკატები ატეხილები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ… იმაზე საუბარი, თუ რა არის მოსაწყენი, ყოველთვის თავად ხდება მოსაწყენი, ამიტომ სჯობს, რამე მოგიყვეთ.

Continue reading “1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის”