ძველი მეგობრის ბლოგი

რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა  გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე.  ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.

მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები  და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა.  ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით,  ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი  ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.

Continue reading “ძველი მეგობრის ბლოგი”

ალისა მეტროში

დილას ჩეშირული კატა ამაცოცდა. უფრო სწორად, ჩეშირული კატის თავი. სადღაც მხართან ტივტივებდა და იღიმებოდა. ფისო- ფისო_ ვუთხარი მე და დაბნეულმა გავუღიმე.

_ვინაა შენი ფისო?_ გადაიკისკისა. და ცოტა ხანში მკითხა: მოდიხარ კრიკეტის სათამაშოდ?

_ თავი მტკივა, პახმელიაზე ვარ_ ვუთხარი შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

_აჰა, ეს დალიე და გაგივლის_ ხელში მწვანე აბები ჩამიდო.

მაშინვე ჩავიყარე პირში და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამიარა ტკივილმა ძვლებში. ფეხებმა საწოლი გაამტვრიეს, ხელები უზომოდ გამიდიდდა.  წამოწევა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვსქელდებოდი და ვდიდდებოდი. რამდენიმე წამში თავი უკვე ჭერზე მქონდა მიბჯენილი და თუ კიდევ განვაგრძობდი ზრდას, კისერი  მომტყებოდა. ის კი, ჩეშირული, ტივტივებდა ერთ პატარა ადგილას ( რომლის გავსებაც მე ჯერ ვერ მომესწრო) იკრიჭებოდა და მეკითხებოდა: არ გაგიარა თავის ტკივილმა?

Continue reading “ალისა მეტროში”

,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს.  ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9  გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ  მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა,  ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები!  თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე:  მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა  და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა   რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია;  მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი  ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი  დღე  სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?

Continue reading “,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?”

10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა

ამბობენ, რომ წერა იმაზე, თუ როგორ უნდა წერო,  მასტურბაციაა. პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს მასტურბაცია, თუ რაიმე ცოდნას მაინც გვაძლევს : )  ერთი ეგაა, ისეც ხდება ხოლმე, რომ  როცა სხვებს ვასწავლით რამეს, სწავლების პროცესშივე ვუშვებთ შეცდომებს: მაგალითად, პოსტი იმის შესახებ, რომ პოსტი მოკლე უნდა იყოს, ძალიან გრძელი გამოგვდის. ან ვამბობთ, რომ უსურათო პოსტები აბსურდია და სურათის მიბმა ამ  პოსტისათვის გვავიწყდება.

ვიცი, რომ ასეც ხდება, ხოდა, ვეცდები, იგივე არ დამემართოს.

შენიშვნა: შეიძლება ამ პოსტში ვერც ვერაფერი ნახოთ ახალი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი ახლის თქმა კი არა,  სწორად ფორმულირებაა იმისა, რაც უკვე ვიცით.

მასაშე:

1)  ბიოგრაფიის გარეშე

ეს უბრალოდ ნდობის საკითხია. თუ გინდა, მკითხველები გყავდეს, მათ უნდა იცოდნენ, ვის ტექსტს კითხულობენ. ანონიმური ნაწერები ნაკლებად დამაჯერებელია იმ ნაწერებთან შედარებით,  რომლებსაც ხელმოწერა ახლავთ. ბლოგის შემთხვევაში მხოლოდ სახელი და გვარიც არაა საკმარისი. სულ მცირე, რაც მკითხველმა უნდა იცოდეს ბლოგის ავტორის შესახებ, არის  მისი ასაკი,  განათლება, მისწრაფებები და გამოცდილება იმ სფეროში, რომელზეც წერს. თუ ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს, სჯობს მკითხველმა ეს ავტორისაგან გაიგოს. ხოდა, თუ აქამდე არ მითქვამს, ახლა ვიტყვი: მე არასდროს ვყოფილვარ კოსმოსში : ))))

Continue reading “10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა”

როცა გამოვფხიზლდი..

ანინა ცუდი გოგოა, ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ შეუძლია დიდხანს-დიდხანს გადაბმულად ილოთოს, იწუწუნოს პახმელიის გამო და არც კი იფიქროს ბლოგზე და მის მკითხველებზე, რომლებიც რაღაც თეორიებსაც კი თხზავენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა: ,,ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ანინამ ვაკის საცურაო აუზში (რომლის აბონემენტიც მოიგო) ტრავმა მიიღო და ამ მიზეზის გამო ვერ ახერხებს ბლოგზე ახალი პოსტების გამოქვეყნებას”. ტრავმა არა ცელი. მშვენივრად ვარ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცოტა თავი მტკივა : )

ხუთშაბათ დილას ფხიზელი ვიყავი, ხუთშაბათს საღამოს_ არც ისე. ამის შემდეგ დღეები გადიოდა სავსებით ერთნაირად:_ დილა_ ნაბახუსევი, შუადღე_ სმა, საღამო_ თავბრუსხვევა, დილა_ ნაბახუსევი, შუადღე_ სმა..  მგონი, 2 დღის წინ ვთქვი, რომ მორჩა.  სმა მორჩა, არსებობს სხვა რამეებიც, მაგალითად ბლოგი, მაგალითად წიგნები, მაგალითად_ აღლუმები და ჰელიკოპტერები ჩემს სახლს ზემოთ (დღეს გადამიფრინეს). 2 დღეში სამი წიგნი წავიკითხე (ლაშას ,,ლიტერატურული ექსპრესი”, ზურაბ ლეჟავას მოთხრობების (რაც არ მქონდა წაკითხული) და ლინდგრენის ,,მადიკენი”) და ახლა, როცა დრო მაქვს და წასაკითხი წიგნები _არა, გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა რამე.

აბა, ვის მოგენატრეთ? რა არი, რამდენი ხართ. გმადლობთ.

Continue reading “როცა გამოვფხიზლდი..”

სიზმრის მანიფესტი

“There couldn’t be a society of people who didn’t dream. They’d be dead in two weeks.”

William S. Burroughs

მითხრეს, შენი წინა პოსტები გაცილებით უკეთესი იყოო. ხოდა, ძალიან მოვიწყინე.  რამეს ვიზამ, რევოლუციას  მოვახდენ თუნდაც და როგორმე ისევ ისეთი გავხდები, როგორიც ვიყავი. ისიც არ ვიცი,  რისი ბრალია: იმის, რომ გადავიღალე, იმის, რომ ამ ბოლო დროს ვერც კი ვხვდები, სად მთავრდება სიმთვრალე და იწყება პახმელია, თუ იმის, რომ ისე აღარ მეწერება, როგორც ადრე. წერა კი ნამდვილად არ დამვიწყებია. უფრო პირიქით.

შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ სიზმრებს ისე ხშირად აღარ ვხედავ. მე მგონი, ყველაფერს სჭირდება სიზმრები. ბლოგერებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აი,  მწერლისთვის სიზმარი ერთგვარი შიდა-სამწერლო ლაბორატორიაა. არა მგონია, სიზმარში იბადებოდნენ  პოსტის იდეები, მაგრამ ზოგადად: რაც მეტ სიზმარს ხედავ, მით უფრო საინტერესო ხარ და უფრო საინტერესოდ წერ კიდეც.

Continue reading “სიზმრის მანიფესტი”