,,კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძემ თქვა:
რუსეთისთვის საქართველო გართულებული ცალმხრივი სიყვარულივითაა. რადგან საქართველოს ეს სიყვარული გაუქრა, რუსეთი შფოთავს.
საინტერესო თემაა მსჯელობისათვის არა? რომელიმე პოლიტოლოგი ამ თემას სხვანაირად შეატრიალებდა (პოლიტიკური ექსპერტი ეწოდება ადამიანს, რომელიც სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობით მინიმალურ ინფორმაციას გასცემს), მაგრამ მე ამ საკითხს ბენდუქიძესავით მარტივად ვუყურებ. სინამდვილეში საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი კი არა, ორმხრივი ემოციური კავშირია.
წარმოიდგინეთ, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან. დიდხანს, სტაბილურად, სექსიც აქვთ… გოგონას ჰგონია, რომ ბიჭს ის გულწრფელად უყვარს, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მას ეგონა, რომ ამგვარ ურთიერთობას მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. ისინი შორდებიან. ბიჭს შერიგების მცდელობები აქვს, გოგონა კი თავს ძლივს იკავებს, რომ არ შეურიგდეს. როცა პირისპირ უწევთ საუბარი, გოგონა მტკიცე და დამაჯერებელია, ამბობს, რომ მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ მზადაა, ბოლოსდაბოლოს მის გარეშე იცხოვროს.. მაგრამ საკმარისია, რამე პრობლემას წააწყდეს, რომ იბნევა და დაკარგულ იდილიაზე იწყებს ფიქრს.. ჰოდა, კიდევ.. სევდა რომ შემოეძალება, ბიჭის პროფილს ათვალიერებს ფეისბუქზე და იმ სურათებს ალაიქებს, სადაც ბიჭი ახალ გოგოსთან ერთადაა გამოსახული. თავის მხრივ, ბიჭს შელახული ღირსების აღდგენა გოგონას დაბრუნებაზე მეტად უნდა. ვერაფრით იჯერებს, რომ ის მიატოვეს.. და რატომღაც ფიქრობს, თუ გოგონას ყველა მეგობარსა და თაყვანისმცემელს ჩამოაშორებს, ისევ შერიგდებიან..