ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.

ამ დღეებში ჯოჯოხეთზე წარმოდგენა შემეცვალა: ჩემი აზრით, სისულელეა, ჯოჯოხეთი ცეცხლით და კვამლით სავსე ადგილი გეგონოს, მაშინ, როცა ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს  შენ მახლობლად, შენსავე სახლში _ სააბაზანოს რემონტის სახით.
ზოგადად, ყველა რემონტი საშინელებაა და ადამიანი არ მეგულება, რემონტის რომელიღაც პერიოდში რომ არ ეთქვას, რა ჯანდაბად წამოვიწყე ეს ყველაფერიო. მაგრამ სააბაზანოს (ე.წ. ვანა–ტუალეტის) რემონტი ყველა რემონტზე უარესია. მას აქვს  სპეციფიკური მინუსები, როგორიცაა : ბანაობის შეუძლებლობა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მუშების გრაფიკთან შეთანხმება  და ამავე დროს, ახლავს ზოგადსარემონტო დისკომფორტებიც: ხმაური, მტვერი, უცხო ადამიანები სახლში.

Continue reading “ჯოჯოხეთი, რემონტი, საშა.”

მოკლე პოსტი

მე მივხვდი, რომ რეცენზიის წერა წიგნის კითხვის პროცესშივე თუ არ დავიწყე, არაფერი გამოვა.
ხოდა, გადავწყვიტე, რომ ჩავინიშნო რაღაცები, რასაც დოვლატოვის ,,ჩემოდანზე” ვფიქრობ:

  •  თხელია

მიუხედავად იმისა, რომ უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელის” შესახებ ამდენი მსმენია და სირცხვილით ვკვდები, ჯერ რომ არ მაქვს წაკითხული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც დოვლატოვის კითხვა დავიწყე. იმიტომ რომ 120 გვერდია. არ თქვათ, რომ თქვენ არ ხართ ასეთი მკითხველები. მე მაგალითად, მოთხრობების კრებულს როცა ვყიდულობ, სარჩევში გვერდების რაოდენობებს ვაკვირდები და კითხვას ყველაზე პატარა მოთხრობიდან ვიწყებ. მგონი, ეს ძალიან ადამიანურია

Continue reading “მოკლე პოსტი”

ოცი ოცი ოცი

ოცი წლის ვარ. როგორც იქნა, თინეიჯერობა დასრულდა და იქნებ სერიოზულ კამათებში ახლა ნაკლებად მომაკეტინონ სიტყვებით: ჯერ გაიზარდე და მერე ილაპარაკე…  და კიდევ, 1 წელიც და ამერიკაში ლუდის ყიდვის უფლება მექნება, აქ კი _ 12ზე დაბრუნების : ] რა კარგია, რომ არავის მოულოცავს სიტყვებით: გილოცავ გაოცებას..

წელს არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა, რომელიც იმიტომ იყო არაჩვეულებრივი, რომ  არც ერთ ძველ დაბადების დღეს არ ჰგავდა. /ძველი დაბადების დღეები: ლოკაცია: სოფელი გურგენიანი. სტუმრები: არავინ. სასმელი: ღვინო. საჩუქრები: ყავის ჭიქები ვარდის გამოსახულებით :////
ამჯერად  კი 12 საათზე სახლში ვიყავი, სრულიად მარტო და ვუკრავდი მოცარტს. ვიცოდი, რომ ფბ–ზე ჟრიამული იწყებოდა, მაგრამ  გადავწყვიტე, მოლოცვების ნახვის სასიამოვნო მომენტი როგორმე გამეწელა. სადღაც პირველის 15 წუთზე  კარზე ზარი გაისმა და ვიფიქრე, რომ  ჩემს მეზობლებს არ მოსწონთ მოცარტი, ან ჩემ მიერ შესრულებული მოცარტი, ან ზოგადად 12 საათზე მოცარტის შესრულების ფაქტი.. უხალისოდ მივედი კართან.  კართან ჩემი მეზობელი ნოდარი იდგა და  ამბობდა, რომ გარეთ მეძახიან. ალბათ, ნოდარის დედაა ან მამა, დავასკვენი და გონებაში მარცხენა ხელის პარტია გავიმეორე.

ვეტყვი, რომ მარტო ვარ და მომწყინდა. მგონი, ეს ყველაფერს ამართლებს

გავედი და…

Continue reading “ოცი ოცი ოცი”

საპნის ბუშტების დღე

თურმე ხანდახან უნდა გადახედო ფეისბუქზე ივენთ ინვითეიშენებს. შეიძლება სადმე ძალიან გრილ, ძალიან კარგ ადგილას აღმოჩნდე მშვენიერ სანახაობაზე.  ასე ამოვყავი თავი გუშინ თუ გუშინწინ საპნის ბუშტების საერთაშორისო დღეზე კუს ტბაზე  (:დ). რომელიმე იყავით? არა მგონია. ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, ეს ამბავი შეგახარბოთ და ეფექტური შეხარბებისთვის ფოტოებიც გამოვიყენო.

Continue reading “საპნის ბუშტების დღე”

3 დღე (პეპელა, სახელად კამპა)

 ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა

***


ტრაკზე  პეპელა მისი სურვილით დავიხატე. მისი ფულითაც. მის გამოც. ყველაფერი ერთად. მითხრა, რომ ძალიან მომიხდებოდა ტატუ, მითხრა, რომ სიახლეები მხოლოდ კარგია და დამარწმუნა,  რომ ეს უბრალოდ საჭირო  იყო ჩვენი ტრაკში წასული (რა სიმბოლურია) სექსუალური ურთიერთობის გადასარჩენად. მერე ფიგურა ერთად ავარჩიეთ შავყდიან კატალოგში.

ჯერ მე დავათვალიერე ყველაფერი, ბოლოს კი ჩემ მიერ შერჩეული ვარიანტები მასთან შევათანხმე. ზოგი ეგრევე დაიწუნა, ზოგიც _ განსჯის მერე. ბოლოს რაღაც უცნაური ბორჯღალი და პეპელაღა შემოგვრჩა.  პრინციპში, საყოყმანო ბევრი არაფერი იყო (საყოყმანო _რა საშინელი სიტყვაა, არა? ). პეპელა ცალსახად სჯობდა, მაგრამ იმ იდეამ, რომ მეც მორიგი პეპელადახატული გოგო უნდა გავმხდარიყავი, ძალიან დამწყვიტა გული.

_ პეპელა ძალიან ბევრ გოგოს ახატია. უზომოდ ბევრს_  ვცდილობდი, დამაჯერებელი ვყოფილიყავი.

_ ბორჯღალს კი  ალბათ მხოლოდ რაგბისტი გოგონები იხატავენ_ ამბობდა ის და იღიმოდა.

_ ხომ გესმის, რომ ამ კონკრეტულ პეპელას არაფერს ვერჩი, ლამაზია. უბრალოდ ვცდილობ, რომ კარგად ავწონ–დავწონო ყველაფერი

_ დამიჯერე, შენს სხეულზე ვინც ამ პეპელას ნახავს, ხმასაც ვერ ამოიღებს ბანალურობაზე. მეტსაც გეტყვი, უბრალოდ, ხმას ვერ ამოიღებს _ მომეფერა და შეკამათება შეუძლებელი გახდა.

გადაწყდა. დავიხატე. ტატუირების პროცესი ძალიან მტკივნეული არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი მაინც შემექმნა. ჩხვლეტები, წვა, დიდხანს წოლა, უხერხულობა.  ის იქვე იჯდა და უყურებდა, როგორ ჩნდებოდა ჩემს სხეულზე ის, რისი დანახვაც ასე უნდოდა. სახეზე ეწერა, რომ  ძალიან ბედნიერი იყო. მე კი საშუალოდ ბედნიერი ვიყავი, თუ ასეთი რამე საერთოდ არსებობს.

მერე მე ჩვენს სახლში წავედი. ის_ საქმეებზე.

Continue reading “3 დღე (პეპელა, სახელად კამპა)”

რჩევები

მე ერთ–ერთი მათგანი ვარ, რჩევებს რომ იშვიათად უსმენს. არა, ხანდახან ნამდვილად ვითხოვ, რამე მირჩიეთ–მეთქი, მაგრამ მხოლოდ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მაინც მე ვიღებ. როცა საქმე ოჯახს, შეყვარებულს, მეგობრებს ან სამსახურს ეხება, არავის რჩევას არ ვითვალისწინებ და ამას არც ვნანობ ხოლმე.  მთავარი მოტივი  ესაა: თუ ვინმეს უკეთესად შეუძლია ჩემი  სიტუაციის გაანალიზება, ვიდრე მე  თვითონ, ესე იგი დანძრეული მაქვს, ჰოდა, თუ დანძრეული მაქვს.. არა. არავითარი ჰოდა.

/ ვიჭედები. იქნებ ის ისტორია დავწერო, დედამ რომ მირჩია ასე მეცხრე კლასში, ბიჭს თუ გინდა მოეწონო, მისთვის მიუწვდომელი უნდა დარჩეო. და მერე ის ბიჭი, მე რომ უნდა მოვწონებოდი, სკოლის ტუალეტში რომ გამიჟიმა მეთერთმეტეკლასელმა მისაწვდომმა გოგომ?! /

Continue reading “რჩევები”

შაბათის დილის ანგელოზები

ჰოდა ამასწინათ ვამთქნარებდი და ყავას ვწრუპავდი ჩვეულებისამებრ შაბათ დილით და ვფიქრობდი, 2 საათი როგორ გავიყვანო–მეთქი, მოგეხსენებათ, რომ ამ პრობლემამ ამ ბოლო დროს გლობალური ხასიათი მიიღო :D.

ცხადია, საბოლოოდ კომპიუტერთან აღმოვჩნდი, ხან ერთ საიტზე შევძვერი, ხან მეორეზე, ფეისბუქის კედელიც შევისწავლე და საბოლოო ჯამში თვითონაც ვერ შევამჩნიე როგორ მოვხვდი Youtube-ზე.

არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ გადასარევი რამეა Youtube მოწყენილობის ჟამს 😀 ბავშვობა გავიხსენე და სასაცილო ვიდეოების ძებნა დავიწყე ridiculous კეი სიტყვებით როგორიცაა “funny videos” და ა.შ. რა თქმა უნდა, ვნახე უამრავი ვიდეო კატებზე (ტყუილად კი არ ეძახიან Youtube-ს კატების ვიდეო არქივს )) ). საბოლოოდ მაინც სასაცილო რეკლამების თვალიერებას შევუდექი.

სწორედ ამ დროს დავინახე ის,

მან მე დამინახა.

ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ♥

Continue reading “შაბათის დილის ანგელოზები”

შტერი

ფიქრს გადავეჩვიე. განა შემთხვევით, მიზანმიმართულად. თავის ტკივილებმა მასწავლეს, რომ  მხოლოდ ცარიელი თავი არის მშვიდად. ხოდა, მეც გულმოდგინედ ვბერტყავ თავიდან ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისწავლია. ვბერტყავ წარსულ გამოცდილებებს, დედაჩემის რჩევებს, ლინგვისტიკის კურსის შესავალს, ასოციაციებს,  ,,მეტალიკის” ალბომების სათაურებს, ბავშვობის მოგონებებს, 10 ხერხს ურჩი თმის დასამორჩილებლად და მარტივად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტებს. მხოლოდ ისეთ რამეებს ვიტოვებ, როგორიცაა ვინდოუსის გადაყენების ტუტორიალი, გამრავლების ტაბულა და პუნქტუაციის წესები. ისიც იმიტომ, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია.

Continue reading “შტერი”