დროის ხარჯვა

naxati1

ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო გაქვთ? არსებობს დღეები, როცა თავისით გეღვიძება ადრე, ჯდები ტელევიზორთან, ყავას სვამ და ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. იმიტომ, რომ ჯერაც ძალიან ადრეა, შენ კიდევ უკვე ფეხზე ხარ. შეგიძლია დაიწყო რომელიმე უცხო ენის შესწავლა, შეგიძლია მისწერო ფეისბუქის ფრენდ ბიჭს რამე რომანტიკული (რომ გაიღვიძებ, დამირეკე და ვი**ნაუროთ), შეგიძლია შეურიგდე მეგობარს, რომელსაც წლების წინ ეჩხუბე, შეგიძლია აკეთო პრესები, სანამ თავბრუ არ დაგეხვევა, შეგიძლია შეცვალო სახლის დიზაინი, ან თუ საკუთარ ბნელ მხარეს მოუსმენ, შეგიძლია ყველა დახოცო, ვინც არ მოგწონს.
როგორ გრძელდება დღე, რომელიც ასე დიადი აზრებით იწყება? დაახლოებით 12 საათისთვის ხვდები, რომ ,,ფორა”, რომელიც სამყარომ მოგცა დილით ადრე გაღვიძების გამო, ტყუილად გაფლანგე, ნამდვილი ლუზერი ხარ და იმ ბიჭსაც ვერასდროს ვერაფერს მისწერ, გამარჯობასაც კი.

არსებობს კიდევ მეორე შემთხვევა: უცებ ხვდები, რომ მოკვდავი ხარ. არ ვხუმრობ, თუ თქვენ ეს ნამდვილად გაცნობიერებული გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ეს სწორედ ,,უცებ” მოხდა. მერე რა, რომ მშობლები მუდმივად გვასწავლიან, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, დაახლოებით ასე: თუ შტეფსელში ჩანგალს შეარჭო, მალე მოკვდები და თუ კარგი გოგო/ბიჭი იქნები, უფრო გვიან. მერე რა, რომ გამუდმებით უყურებ, როგორ ეხოცებათ შენ გარშემო ადამიანებს ბებიები და ბაბუები, მერე დედები და მამები, მერე კი თვითონ კვდებიან… სადღაც ყოველთვის გჯერა, რომ შენ არ მოკვდები, სანამ უცებ არ გააცნობიერებ, რომ აუცილებლად მოკვდები. ეს არაა სამწუხარო ან სასიხარულო, ეს უბრალოდ გარდაუვალია. იწყებ იმაზე ფიქრს, რაც გინდა რომ გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ. მერე გახსენდება, რომ არსებობს ასეთი პროექტი: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ მოკვდები. და ფიქრობ, რომ 50 წიგნი სასაცილო რაოდენობაა, ძალიან სასაცილო. თუ ადამიანი 75 წელს ცხოვრობს და კითხვას 6 წლის ასაკში იწყებს, 50 წიგნი  თითქმის დაცინვაა ტვინის შესაძლებლობებისთვის. მერე ფიქრობ, რომ წიგნების წაკითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ამქვეყნად, მაგალითად ბავშვის გაჩენა.

Continue reading “დროის ხარჯვა”