რა მასწავლა “გაჭირვებამ”

bavshvoba
ამ პოსტის დაწერა განვადებით გამოტანილი აიფონების სკანდალმა გადამაწყვეტინა. ხომ იცით  რაშიცაა საქმე? სტუდენტებმა  განვადებით შეიძინეს აიფონები, ფული ვერ გადაიხადეს და ახლა ცუდ მდგომარეობაში არიან. ამ ამბავს ბევრი მხრიდან შეიძლება შევხედოთ (მე მაინც “ჯეოსელის” მხრიდან შეხედვას გირჩევდით) .  ფაქტი ისაა, რომ ეს სტუდენტები ეკონომიკური კი არა, ექსისტენციალური პრობლემის წინაშე დადგნენ.  აიფონის ყიდვით მათ იყიდეს ცხოვრების სტილი, რომელსაც ვერაფრით ვერ ამართლებენ. იყიდეს საქმიანი წარმატებული ადამიანის იმიჯი, მაშინ როცა ჯერ-ჯერობით უსაქმურები და წარუმატებლები არიან.  მესმის,  რომ აიფონი მთლად ისეთი ფუფუნების საგანიც არაა, როგორც მაგალითად, იახტა, მაგრამ როცა შენი შემოსავალი ნოლი ლარია თვეში,  აიფონი იახტაცაა და მეტიც.

ეგ არაფერი.  ამ სტუდენტებს აუცილებლად ექნებათ აიფონები ან ახლა, ან მერე. შეიძლება ბევრად უკეთესი ტელეფონებიც კი ჰქონდეთ მომავალში, იმიტომ რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ადამიანებს კი ბევრი რამის გაღება შეუძლიათ იმისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. კიდევ კარგი, რომ  მე ბევრად იაფი მიზნები მაქვს: კარგი წიგნები, მოხერხებული ჯინსები, საინტერესო მეგობრები. განვადებით გამოტანა არც ერთ ამათგანს არ სჭირდება.

kvzai

როგორც ამ შესავლიდან მიხვდით, მდიდარი არ ვარ. სჯობდა, მეთქვა, მდიდარი ჯერ არ ვარ-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებ.  ჩემთვის  სიმდიდრე უკვე დაგვიანებულია, როგორც მაგალითად, ბალერინობა. კარგი იქნებოდა,  ბალერინა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ალბათ ადრე უნდა მეფიქრა ამაზე: შევსულიყავი ბალეტის წრეზე, მენახა, როგორ ცეკვავენ ცნობილი ბალერინები, შემერჩია ლამაზი პუანტები..  თქვენ  იტყვით, რომ ჩემთვის არაფერიც არაა დაგვიანებული, რადგან ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ,   მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მილიონერები/მილიარდერები  22 წლის ასაკში უკვე ფიქრობდნენ ფულზე, ბევრ ფულზე და სწორედ ამ მიზნისკენ მიდიოდნენ.  წარმოიდგენდნენ, როგორ იქროლებდნენ აქეთ-იქით  ძვირფასი მანქანებით და როგორ გაუძღვებოდნენ საკუთარ მეგა-კომპანიებს.  მე ამაზე არ ვფიქრობ, უფრო სწორად, ძალიან იშვიათად ვფიქრობ. შესაბამისად, მდიდარიც ვერ ვიქნები. სამაგიეროდ, იმდენივე შანსი მაქვს ბედნიერების, რამდენიც მათ. შეიძლება, უფრო მეტიც კი,  რადგან ჩემი გაბედნიერება ძალიან ადვილია. მე ხომ ოთხმოცდაათიანებში დავიბადე.  ბავშვობაში შუქის მოსვლაც კი მახარებდა. ახლა კიდევ შუქიც მაქვს, ლეპტოპიც, ინტერნეტიც..  ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, შეიძლება ბედნიერებისგან გული გამისკდეს 🙂

“მაშინ ყველას უჭირდა”  -ამბობენ ხოლმე ჩემი მშობლები. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ბევრი რამ მასწავლა  გაჭირვებაში გაზრდამ. ამიტომაც გადავწყვიტე ეს ცოდნა პუნქტებად ჩამომეწერა. ვინ იცის, იქნებ აიფონიანი სტუდენტობაც წააწყდეს ამ პოსტს ოდესმე.

გაჭირვებამ მასწავლა, რომ:

  • 1.  დიდი პური უნდა მოკბიჩო და პატარა-ყველი. რადგან ყველი უფრო ძვირია, ვიდრე პური.
  • 2.  ნივთები მხოლოდ ნივთებია. ნივთის ფლობა არც უკეთესს და არც უფრო საინტერესოს არ გხდის. თუ ფული გაქვს, სჯობს, შეგრძნებებზე დახარჯო, ვიდრე ნივთებზე. სჯობს, იმოგზაურო, ვიდრე იყიდო მანქანა, რომლითაც მხოლოდ ერთ ქალაქში ივლი.
  • 3. კარგია, თუ ლამაზი ხარ. კიდევ უფრო გაგიმართლა, თუ სილამაზისთვის ბევრი ფულის დახარჯვა არ გჭირდება. ყოველთვის ისე ვერ გექნება თმა, თითქოს სალონიდან ახლახან გამოხვედი. ამიტომაც უფრო ადვილია, საკუთარი თავი ისეთი მიიღო, როგორიც დილით ხარ ხოლმე და მერე არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო.
  • 4. მშობლები არ არიან ვალდებულები, შვილები უზრუნველყონ ძვირადღირებული ფოტოაპარატებით, პლანშეტებით და ბრენდირებული ტანსაცმლით.  პირიქით, უკეთესიც კი იქნება, თუ ამით არ უზრუნველყოფენ. რამეზე ხომ უნდა იოცნებოს ბავშვმა? “აი, გავიზრდები და ჩემი ფულით ვიყიდი აიპედს”
  • 5. სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის არის ერთი მშვენიერი მდგომარეობა: როცა იმაზე ცოტა მეტი ფული გაქვს, ვიდრე გჭირდება. როცა თვის ბოლოს ანგარიშზე კიდევ გრჩება ასი ლარი. როცა შეგიძლია მეგობარი დაპატიჟო ლანჩზე კაფეში. როცა შეგიძლია დაღლილმა ტაქსი გამოიძახო  ან კიდევ  წახვიდე კინოში, როცა მოწყენილი ხარ.
  • 6. ფულის დახარჯვა მთელი ხელოვნებაა, ისევე როგორც მისი შოვნა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მცირე შემოსავლის პირობებშიც კი ახერხებენ ვალების გარეშე თავის გატანას. მათ  ყოველთვის აქვთ გადანახული  ფული  გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და იციან, სად იყიდება ყველაზე იაფად გემრიელი მჭადის ფქვილი. თუ იცნობთ ასეთ ადამიანებს, ჰკითხეთ როგორ ახერხებენ ფულის დაზოგვას. აუცილებლად გასწავლიან.
  • 7. სხვის ნაცვამ ტანსაცმელზე ცხვირის აბზუება არაგონივრულია. ხანდახან მეორადებშიც არის კარგი რამეები.
  • 8. თუ შემოსავლები იკლებს, პრიორიტეტებიც უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ბენზინის ფული თუ არ გაქვს, კი არ უნდა ისესხო, უნდა ისარგებლო საზოგადოერივი ტრანსპორტით. თუ ბოლო ათლარიანი გიდევს ჯიბეში, შტრუდელში და კაპუჩინოში არ უნდა დახარჯო და ასე შემდეგ.
  • 9.  რაც არ უნდა გიჭირდეს, არსებობს ვიღაც, ვისაც უფრო უჭირს. მართალია, ამის გააზრება არავის მდგომარეობას არ ცვლის უკეთესობისკენ, მაგრამ იმის დაფასებას გასწავლის, რაც გაქვს.
  • 10. გაჭირვება კარგი მოტივატორია. მდიდარი მამიკოს შვილები ისეთ პირობებში იზრდებიან, სადაც მათ პატივს ისედაც სცემენ, სულ რომ არაფერი გააკეთონ.  ჩვეულებრივ მოკვდავებს კი ამისთვის მუშაობა სჭირდებათ.

48 thoughts on “რა მასწავლა “გაჭირვებამ”

  1. გამოხმაურება: რა მასწავლა “გაჭირვებამ” - kvira.ge

  2. ხანდახან მეორადებშიც კი არა და მეორადებში სულ კარგი რამეებია და ხალხო, ნუ ივლით მანდ, მე უფრო ბევრი კარგი რამე დამრჩება.

    აიპადზე კი არა და ჩემ 2006 წლის ლეპტოპის გამოცვლაზეც აღარ ვვოცნებობ. :90’slogic:

  3. მიხარია, რომ ამ თაობის, ამ ასაკის, ადამიანებში ვიღაც მაინც მსჯელობს/აზროვნებს ჯანსაღაც 🙂 კარგი გოგო ხარ შენ! 🙂

  4. აბსოლუტურად ვეთანხმები და მომწონს სწორად ჩამოყალიბებული აზრი 🙂
    განსაკუთრებით მინდა სტუდენტებმა სწორად შეაფასონ საკუთარი სტატუსი და ისე დაგეგმონ ხარჯები (საკუთარი, თუ მშობლების)

  5. დიდი პური რომ უნდა მოკბიჩო და პატარა-ყველი, მაგას დღემდე ვერ გადავეჩვიე სხვათაშორის, ასე უფრო მეგემრიელება 😀
    ყველა პუნქტი ნაცნობია ასე თუ ისე და მიხარია, რომ ასეა. ამ ყველაფერმა ბევრი რამე მასწავლა.

  6. nini

    კარგი პოსტია, ძალიან მომეწონა, ოღონდ *ეგზისტენციალიზმი… ნუ ყოველ შემთხვევაში ინგლისურიდან მგონი მასე უნდა ითარგმნებოდეს. იმედი მაქვს ბევრ სხვა პოსტსაც გამოაქვეყნებ მომავალში… და იმედია გამდიდრდები 🙂 წარმატებები!

  7. არც მე მაქვს აიფონი,შესაძლებლობა მაქვს რომ ვიყიდო ,მაგრამ მე არ მაქვს სურვილი,ანდროიდის ტიპის უბრალო ტელეფონით ვსაგებლობ,რაც მაკმაყოფილებს,მანამდე ფანრიანი ნოკია მქონდა.. თუმცა მეხუთე კლასში რომ ფერადი სამსუნგი მარტო მე და ჩემს მასწაველბელს გვქონდა ეგ კი მახარებდა… მაშინ,მაგრამ მე ჩემს შვილს მასეთ რაიმეს არ ვუყიდი რაც მის კლასში მხოლოდ მას ექნბა,მაგის დროს ალბათ ეგ რტმფრენი იქნება სუულ მოდაში

  8. Ti_ko

    სტუდენტების რაღა უნდა გაგიკვირდეს, როცა დაბალი კლასის სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ უკვე პრეტენზია :)) იმხელა სმარტფონებით დადიან, ხელის სიგრძე სულ რომ არ აქვთ მაგხელა. მშობლების პაკაზუხობის და სნობიზმის მომენტიც არის აქ. ქართველ ადამიანს როგორ ეკადრება მის შვილს ვინმეზე ნაკლები ეცვას და ეკავოს ხელში. ყველაფერი ოჯახიდან და მშობლებიდან მოდის ჩემი აზრით.
    დაა იმაში გეთანხმები, რომ როცა ფული გაქვს, ჯობია უკეთეს რაღაცებში დახარჯო, ვიდრე ძვირადღირებული ტელეფონებია. მაგალითად წიგნები იყიდო ან მოგროვებული ფულით პატარა მოგზაურობა მოიწყო. (ლაშქრობა მაინც)

  9. aref

    მალადეც,შენნაირი აზროვნების ბავშვები თუ კიდევ არიან არ ვიცოდი, შენი მშობლები ბედნიერები იქნებიან შენნაირი შვილი რომ ყავთ, შენ ღირსი ხარ იყო მილიონერი იმიტომ რომ ამ მილიონებს სასიკეთო საქმეებში გამოიყენებდი. მიყვარს აი შენნაირი აზროვნების შვილები, მეც ვისურვებდი ჩემი პატარა შვილები ასეთი აზროვნების ყოფილიყვნენ შენ რომ ხარ. წარმატებებს გისურვებ…..

  10. ეკატერინე

    მე გისურვებ, რომ არასდროს გამდიდრდე, რადგან შენ ისეთ სიმდიდრეს ფლობ, რასაც მატერიალური სიმდიდრე მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაგაკარგვინებს… გისურვებ ასეთი კარგი იყო 30-50 წლის შემდეგაც ❤

  11. მე აი ეს მასწავლა
    ციცაბო წრფეზე კუბიკები ზევით მიიწევენ. რატომ – არ იციან, უბრალოდ ყველა ცდილობს ზევით აცოცდეს. წინ უნდა გადაადგილდებოდნენ თუნდაც იმისთვის, რომ ერთ ადგილზე მაინც დარჩნენ. ზოგი ქვევით ცურდება, მხოლოდ რამდენიმე აღწევს უმაღლეს კიდეს და იქიდან გაურკვეველ სიბნელეში ვარდება. ბოლოს რას ხედავენ – მათნაირი კუბიკები წრფეს შედგომიან და ამიტომ არის ის ციცაბო. ესენიც ამ კუბიკებს უერთდებიან, რატომ არ იციან, და წრფეც უფრო ციცაბო ხდება, უფრო ურთულდებათ მასზე ასვლა დანარჩენ კუბიკებს

  12. ლიკო

    15 წლის ვარ და მეც ასე თუ ისე გამოვიარე ეგ ყველაფერი რასაც შენ წერ 🙂 მეც ეგრე ვფიქრობ ყველაფერზე … ვაბშე თუ მკითხავ ყველა ადამიანმა უნდა გამოიაროს გაჭირვება რომ ჩაწვდეს ცხოვრების აზრს ბოლომდე ❤

  13. xutiode blogi wavikitxe tqveni avtorobit da gulwrfelad getyvit,rom es ertadertia romelic momewona.unakloa.damajerebeli,racionaluri da enamoswrebuli sisadavit gajerebuli,bravo tqven 🙂 ..xshirad weret aseti blogebi.

    P.S I could relate to almost everything that’s been said in an above-mentioned post,keep up the good work anina :))

  14. დღეს ჩვენ ახალი ტაობის ბავშვები ასე ვფიქრობთ ..გულში ცამწვდა იმიტომ რომ ნაცნობია და ძალიან ძალიან მომწონს…შენი უბრალო მაგრამ განსაკუთრებული ნააზრევი .მადლობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s