Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი

ამ ცოტა ხნის წინ მომაფიქრდა სიტყვათშეთანხმება ,,კომპრომისული ტექნიკა”_ ეს სიტყვათშეთანხმება მშვენივრად მიესადაგება სიტუაციას, რომელშიც შენ ,,ნიკონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი გინდა, მაგრამ ,,სონის” არაპროფესიონალურ ფოტოაპარატს ყიდულობ; მაკბუქი გინდა, მაგრამ  ,,დელის” ლეპტოპს ყიდულობ და ყველაზე კარგი ქინდლი გინდა, მაგრამ ყველაზე იაფს ყიდულობ.. ასეთი რამ უამრავჯერ მომხდარა ჩემს თავს და შეიძლება თქვენს თავსაც. შედეგად_  ჩემი სახლი  ,,კომპრომისული ტექნიკითაა” სავსე.

არადა, ალბათ დროა, თავს უფლება მივცე და  ფული ზუსტად იმ ნივთებში დავხარჯო,  რომელთა გამოც საერთოდ შევდივარ ხოლმე მაღაზიებში. პრეტენზიული არ ვარ. არც სნობი. უბრალოდ მეოცნებე ვარ. მჯერა, რომ ოდესმე გამოვცვლი მობილურს, რომელსაც დილას, შუადღისას და საღამოს სჭირდება დატენვა. სამაგიეროდ კი ვიყიდი სმარტფონს, რომელიც ერთდროულად იქნება ლამაზი და ჭკვიანი_ იდეალური ბოიფრენდივით.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს  ვფიქრობ, მთლად სმარტფონი არაა. გარდამავალი სახეობაა სმარტფონსა და პლანშეტს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ პლანშეტიც გინდათ და მობილურიც, მაგრამ არც თქვენს მშობლებს და არც თქვენს ბოსს ასე ძალიანაც არ უყვარხართ, შეგიძლიათ უბრალოდ სამსუნგ გალაქსი ნოუთი იყიდოთ. მას ორივე ,,დივაისის“ საუკეთესო თვისებები აქვს: მოზრდილია, მაგრამ მსუბუქი, შესაბამისად, პლანშეტივით რთულად სატარებელი არაა. ეკრანი კი გაცილებით დიდია, ვიდრე იმ მობილურის ეკრანი, რომელიც ახლა გაქვთ. უნდა დავამატო, რომ დიდი ეკრანი გალაქსის მნიშვნელოვან უპირატესობებსაც ანიჭებს: ის მოსახერხებელია ინტერნეტ-მოხმარებისათვის და კომფორტულია კითხვისას. გარდა ამისა, როცა ამ სმარტფონს ამოიღებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჯიბიდან, ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას :დ

სამსუნგ გალაქსი ნოუთი იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის (იმიტომ, რომ ინტელექტუალური ორგანაიზერი აქვს + გრაფიკებთან და ცხრილებთან მუშაობა მაქსიმალურად გაადვილებულია) და ის შეუცვლელია კრეატიული ადამიანებისათვის (ჭკვიანი ელექტრონული კალმის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოებზე წარწერების დატოვება, ნახატების შექმნა, ხელით ნაწერი მესიჯების გაგზავნა… ). გალაქსი ნოუთი იმ ადამიანებსაც გამოადგებათ,  ლეპტოპიც რომ აქვთ და მობილურიც, მაგრამ თან პატარა წიგნაკს მაინც ატარებენ მნიშვნელოვანი ამბების ჩასანიშნად. როგორც ჩანს, ადამიანს მაინც აქვს წერის მოთხოვნილება, რომელსაც  ,,კრეფა“ ვერაფრით ანაცვლებს.  სამსუნგმაც აქცენტი სწორედ ამ მოთხოვნილებაზე გააკეთა.

Continue reading “Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი”

რა ვჭამე საუზმეზე

როცა ვინმე კითხულობს, მაინც რაზე წერენ ქართველი ბლოგერებიო, პასუხი ორიდან ერთია: 1) სექსზე; 2) რა ჭამეს საუზმეზე.

მე პირადად სულ მინდა იმ ბლოგერების პოსტების კითხვა, რომლებიც სექსზე წერენ, მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ხოლმე. სხვათა შორის, არც ,,რა ვჭამე საუზმეზე” პოსტებია მაინცდამაინც ბევრი. არადა, ადამიანებს აინტერესებთ პირადი ბლოგები. უბრალოდ მკითხველებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სხვების პირად ამბებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქმე დაახლოებით ასეა: მე, მაგალითად, არასდროს ვყიდულობ ყვითელ პრესას, ფული მხოლოდ უკიდურესად ,, ხარისხიანი” ჟურნალებისთვის მემეტება, მაგრამ როცა საიდანღაც ჩემს სახლში მყვირალასათაურებიანი იაფფასიანი გაზეთი ჩნდება, ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ წავიკითხო. ერთი ეგაა,   ხმამაღლა ვერაფრით მათქმევინებთ, რომ ყველაზე მდარე სტატიებს მშვენივრად გამოსდით ჩემი ჩათრევა. ასე თუ ისე, სხვათა პირადი ცხოვრება ნამდვილად საინტერესოა.

Continue reading “რა ვჭამე საუზმეზე”