წვნიანი მინის ქილაში

ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე რამ მემართება: გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და ამ დროს რაღაც უცნაური ხდება. მაგალითად, ანძა, რომელიც ჩემს ფანჯარაში ბრდღვიალებს, უცებ წყვეტს ნათებას და ვხვდები, რომ ამდენი ხანი ოთახს მისი შუქი ანათებდა. მივდივარ ფანჯარასთან და ველოდები, როდის აინთება ისევ.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მირეკავს ძველი მეგობარი, რომელმაც არც კი ვიცი, საიდან იპოვა ჩემი ნომერი, რადგან 13 წლის ვიყავი, როცა ახალ ზელანდიაში წავიდა და იმის მერე არც ერთხელ არ გვილაპარაკია. მირეკავს და მეუბნება, რომ მხოლოდ ერთი დღითაა თბილისში და აინტერესებს, რამსიმაღლე გავიზარდე.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მიო, ჩემი ბაჭია იწყებს ხმაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოსვლა და ჩემთან თამაში უნდა. ამ დროს ყველაფერი, რასაც სადენები აქვს, საგულდაგულოდ უნდა გადავმალო, რომ მიომ არ შეჭამოს და ავად არ გახდეს.

დღეს ბოლოსდაბოლოს მოვაბი თავი და დავიწყე წერა. როგორც მივხვდი, ბლოგზე ახალი პოსტის დაწერასაც კი გარკვეული დეპრესიული ფონი სჭირდება. თუ ძალიან ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმაზე შეგიძლია წერა, რაც გაბედნიერებს. როცა უბედური ხარ, სამყარო სავსეა უბედურების მიზეზებით და ისინი ურთიერთკავშირშია. მთავარია, აცნობიერებდე იმას, რომ შენი უბედურება სწორედ შემოქმედებითობის წახალისებას ემსახურება, თორემ სხვა მხრივ პირობითია. პირობითია აბა რა, სანამ გაქვს ორივე ხელი, რომ სწრაფად ბეჭდო, გაქვს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ინტერნეტი და ფანჯარა, რომლიდანაც ჩანს ანძა.

Continue reading “წვნიანი მინის ქილაში”

გეგმების გარეშე

ჰაერში ვართ. უეცრად მთელი ერი ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ.  გვერევა ტერმინები და გვერევა დისკურსი. ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ოპოზიციონერი, ვინ არის ხელისუფლებაში, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ასე შემდეგ. მესმის, რომ ასე ერთბაშად გადაწყობა ძალიან რთულია. რამდენიმე დღის წინ ჩემი მარჯვენა ხელი მწყობრიდან გამოვიდა და ახლა ყველაფრის კეთება მარცხენა ხელით მიწევს. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ისე კარგად არ გამომდის, როგორც მარჯვენა ხელით გამომდიოდა, მაგრამ აშკარად ავუღე ალღო. რამდენიმე დღე დამჭირდა, ცოტა ვიწვალე კიდეც და საბოლოოდ მაინც გადავეწყვე. ახლა ხელსაც მარცხენა ხელით ვაწერ და ჩანგალიც მშვენივრად მიჭირავს. ამ პოსტსაც ძირითადად მარცხენა ხელით ვწერ :დ

ასე უნდა გადაეწყოს ქვეყანაც. გადაეწყოს ნაციონალების კრიტიკიდან ახალი ხელისუფლებისათვის თვალის დევნებაზე. გარდა ამისა, ნელ-ნელა უნდა მივხვდეთ, რომ სიტყვები, რომლებითაც აქამდე ვოპერირებდით, ახლა უკვე სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს. ადრე რომ ,,ვაზელინებს” ვეძახდით, ისინი ახლა ოპოზიციონერები გახდნენ და აქცენტის დასმა მათ კონფორმისტობაზე უკვე ალოგიკურია. გამარჯვებული ძალის საქმე კი მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაა და არა დამარცხებული ძალის კრიტიკა. თავისთავად ის, რომ ხალხმა ნდობა აღარ გამოუცხადა ნაციონალურ მოძრაობას, უკვე არის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა.

Continue reading “გეგმების გარეშე”

არჩევნების შემდეგ

რა ხდება ახლა

2 ოქტომბერია, ანუ არჩევნებმა ჩაიარა. მართალია, ქვეყანა ჯერაც ,,პახმელიაზეა”, მაგრამ შეფასებების გაკეთება უკვე შეიძლება. როგორც ჩანს, დემოკრატიისკენ მუდმივი სვლის რაღაც ეტაპზე, ჩვენ მოვახერხეთ და მივედით დემოკრატიულ არჩევნებამდე. სხვა საქმეა, რომ ყველა ვერ დარჩა ამ ამბით კმაყოფილი. ვერაფერს ვიზამთ. დემოკრატიული პროცესი ადამიანებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თუნდაც გუბაზ სანიკიძეები, თუკი მართლა ასე ძალიან ეზიზღებათ ნაციონალური მოძრაობა. ადამიანებმაც სამწუხაროდ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას კი ბონუსად ბევრი იდიოტის შესვლა მოჰყვება პარლამენტში.
რითი დაიმსახურა ,,ქართულმა ოცნებამ” ხალხისგან ასეთი ნდობა? საქმე ისაა, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ დაუმსახურებია ნდობა, უბრალოდ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიმსახურა უნდობლობა და რადგან ჩვენს ერს რეალურად სულ ორი არჩევანი ჰქონდა, ხალხმა აირჩია 41. რიტორიკამ ,,ოღონდ ესენი აღარ” თავისი გაიტანა. სამწუხაროდ, ეს რიტორიკა უკვე რახანია სრულად განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. რამდენიმე წელია, ფსონს პოლიტიკური ძალები არა საკუთარ ღირსებებზე, არამედ ოპონენტების სისუსტეზე დებენ. ოპონენტის სისუსტეზე იყო ნაწილობრივ დამყარებული აქამდე ნაციონალური მოძრაობის მომხრეების პოზიციაც ,,კარგი, მიშა არ ვარგა, მაგრამ აბა სხვა ვინ უნდა მოვიდეს?”. როგორც კი ამ კითხვაზე მოიძებნა ანგარიშგასაწევი პასუხი_ ,,ბიძინა”, სიტუაციაც მაშინვე შეიცვალა. ,,ქართული ოცნების” ზოგიერთი მაჟორიტარის გამარჯვებამ კი დამარწმუნა, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის წარადგენდა ქართული ოცნება მაჟორიტარად ამა თუ იმ რეგიონში. ხალხმა უბრალოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მისცა ხმა. პოზიცია, ,,ოღონდ ესენი წავიდნენ და ამაზე უარესი როგორ იქნება” კი  უპასუხისმგებლო პოზიციაა. ჩვენ  გვავიწყდება, რომ უარესებიც არსებობენ და რაკი გვავიწყდება, ახლა შეგვიძლია  გადამოწმება დავიწყოთ.

Continue reading “არჩევნების შემდეგ”