რატომ დამჭირდა პასპორტი
გადაწყდა. აგვისტოში ლიტვაში მივდივარ 1 კვირით. აი, ასე, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიტვაში მაგზავნიან, რადგან ვარ ქართველი, ვარ მწერალი, ვარ ქალი და მოვხვდი ბედნიერ ხუთეულში. თრიფის მიზანია, რომ იქაური მწერლები გამაცნონ და ჩემი მოთხრობა თარგმნონ.
მითხრეს, რომ ფული საჭირო არაა, უბრალოდ უნდა გავუგზავნო 1 მოთხრობა, რამდენიმე სურათი, ბიოგრაფია და.. საპასპორტო მონაცემები.
_ უპს. პასპორტი არ მაქვს_ ვუთხარი და ოდნავ შემეშინდა, რომ ამის გამო ვინმეთი ჩამანაცვლებდნენ.
_ სასწრაფოდ უნდა აიღოთ_ იყო პასუხი.
უნდა ავიღო და ავიღებ :]
პასპორტის ასაღებად მზადება თმის მოწესრიგებით დავიწყე. [მინდა, რომ კარგი სურათი მქონდეს პასპორტში]ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი წელამდე თმა ამ ცოტა ხნის წინ მხრებამდე შევიმოკლე და თავს ახლა უფრო ბედნიერად (და მსუბუქადაც) ვგრძნობ.
მერე წარბები გავიკეთე, რაც ძალიან-ძალიან უსიამოვნო პროცედურაა და მსუბუქი მაკიაჟიც მინდოდა, სანამ გავიგებდი, რომ 25 ლარი ღირს.
მერე სელფ-შოთი გადავიღე, რაც იმდენად ნარცისიზმით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც იმით, რომ დედაჩემს ჩემს ფოტოაპარატთან ურთიერთობა არ მოსწონს.

ახლა გამოვიყურები ასე და ვაპირებ წავიდე სამოქალაქო რეესტრის უახლოეს სააგენტოში, რომელიც მდებარეობს ქ. წამებულის 65-ში, მე კი ქ. წამებულის 10-ში ვცხოვრობ. ( პროცედურის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ )_
თან მიმაქვს პირადობის მოწმობა და 100 ლარი. როგორც მითხრეს, დანარჩენი საბუთები ადგილზევე უნდა მოვიპოვო.
აფდეითები, რა თქმა უნდა, იქნება : ]
update: 104 ლარი უნდა წამეღო.
3 ლარი სურათის გადაღებისთვისაა საჭირო. 1ლარიც ბანკის მომსახურებისაა. სამოქალაქო რეესტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან სასიამოვნო თანამშრომლები ჰყავთ. ეგრევე მომცეს მიმართულება და ღიმილიც არ დავიწყებიათ. თავდაპირველად ფოტოსურათის გადამღებ აპარატთან მივედი, თვალი გავუსწორე და გა-ვი-ღი-მე. მერე 3 ლარი ჩავყარე და ძალიან მალე სურათი ავიღე. სურათითა და პირადობის მოწმობით ხელში სხვა ფანჯარასთან გადავინაცვლე, სადაც 101 ლარი გადამახდევინეს და ფურცელი მომცეს, რომელზეც ხელი მოვაწერე. ბოლოს კი მესამე პუნქტში გამაგზავნეს, სადაც ხალისიანი ბიჭი დამხვდა, რომელმაც რაღაც ხელსაწყოზე ელექტრონული ხელისმოწერა დამატოვებინა, ანაბეჭდები ამიღო და მომცა ფურცელი, რომლითაც 10 სამუშაო დღეში მომცემენ პასპორტს.
და ამან წაიღო სულ 10 წუთი
ჰოდა, ახლა აღფრთოვანებული ვარ და არ მჯერა, რომ ეს ამბავი მოვაგვარე. ველ დან, მთავრობა : ]
Like this:
Like იტვირთება. . .