12 რამ, რაც 2012 წელს ვისწავლე

selfreflection (1)

ოდესმე უთქვამთ თქვენთვის, რომ წარსული არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რათა წარსული შეცდომები არ გავიმეოროთ? როგორც წესი, ამას ქვეყნის ისტორიაზე საუბრისას ამბობენ. მგონი, ტყუილია ეგ. იმიტომ, რომ  ცოტა ლოკალურ მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ, ყველაფერი მახსოვს, რაც თავს გადამხდენია, მაგრამ ეს სულაც არ მიცავს მომავლის შეცდომებისგან. ახალი წლის დადგომამდე ასე სამი დღით ადრე ვიწყებ ხოლმე წინა წლის ანალიზს.  ვზივარ ციმციმებით განათებულ სახლში (სხვანაირად როგორ) და ვაანალიზებ გასულ წელს. ვგეგმავ, რომ ამიერიდან ვიქნები უფრო რაციონალური და ნაკლებად ემოციური, მეტს ვიმუშავებ და ნაკლებ ღამეს გავათენებ… საერთოდაც, ყველაფერს შევცვლი, რაც არ მომწონს. და სად მივყავარ ამ გზას? შემდეგ ახალ წელთან, როცა მე, ოღონდ ერთი წლით უფრო დიდი, უფრო აზრიანად და რაციონალურად ვმსჯელობ ზუსტად იგივე შეცდომების შესახებ. იცვლება მხოლოდ მსჯელობის არგუმენტირებულობა, მაგრამ არ იცვლება მიზეზი.

ასე თუ ისე, საახალწლო პოსტის დაწერა მაინც აუცილებელია, ხოდა, გადავწყვიტე შემეჯამებინა ის ცხოვრებისეული ცოდნა, რომელიც 2012 წელს მივიღე:

1. მარტოობა და თავისუფლება თითქმის ერთი და იგივე რამეა.

ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თავისუფლების ძიებაში ისეთ სევდიან რამეს წააწყდე, როგორიც მარტოობაა და პირიქით. არ შეიძლება მარტოობის ღირსებები ფეხებზე დაიკიდო მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილი ხარ. შენ გვერდით არავინაა, რომ ჩაგეხუტოს და გაფუჭებული ონკანი შეგიკეთოს? სამაგიეროდ, შეგიძლია მანდარინის ნაფრცქვენები პირდაპირ იატაკზე დაყარო და მაშინ გაიტანო გადასაყრელად, როცა ამის ხასიათზე იქნები.

2. მიზეზი, რის გამოც ცოლიან კაცთან არ უნდა დაიწყო ურთიერთობა, არის მისი ცოლი.

ეს ეხება იმ კაცებსაც, რომლებიც უკვე დაშორდნენ ცოლს ,,მთელი  ორი თვეა” და იმ კაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ მასა და მის ცოლს რა ხანია ,,სხვადასხვა ოთახებში სძინავთ”. გულწრფელად ვამბობ, რომ არ ღირს ხუმრობა სოციალურ სტატუსებთან. სანამ თქვენი შეყვარებულის/ბოიფრენდის ტელეფონი მის ყოფილ ცოლს ზეპირად ახსოვს, თქვენი ცხოვრება მშვიდი არ იქნება.
ვიცი, რომ არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ხართ თუ არა ისეთი იღბლიანი, რომ გამონაკლისში მოხვდეთ თქვენც, თქვენი კაციც და მისი ყოფილი ცოლიც?

Continue reading “12 რამ, რაც 2012 წელს ვისწავლე”

არაგანსაკუთრებული გოგოები

ამ დღეებში რამდენიმე  მელოდრამას ვუყურე. იმიტომ, რომ ჩემი ქინდლი უკვე მეორედ გაფუჭდა, ხოლო ახალი არაელექტრონული წიგნების ყიდვას ხელფასამდე ვერ მოვახერხებ. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ ადვილად პროგნოზირებად ამბებს სიყვარულზე. აი, ბიჭი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, უამრავი გოგო ჰყავს და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, გოგო, რომელიც უცნაურად იცვამს, ბევრს მუშაობს  და ბიჭებს ზედაც არ უყურებს. მათ ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, ოღონდ თავიდანვე არა. ეს ამბავი სუპერ-გოგოზე და სუპერ-ბიჭზეა. მეც, ისევე როგორც მელოდრამების სხვა მაყურებლებს, სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია მჭირდება. რეალური რილეიშენშიფები, სადაც გოგოებს სხვა ეტაპზე გადასვლა ეჩქარებათ, ხოლო ბიჭები საცვლებს იშვიათად იცვლიან, ცხოვრებაშიც მყოფნის. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირები მელოდრამებში ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგვანან. გოგოს მხოლოდ სექსზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწონს და სითბოს ნებისმიერ გამოვლინებაზე აგრესიული რეჟიმი ერთვება,  სიტუაცია ხანდახან ძალიან კომიკურიც კი  ხდება. ასეთმა სუპერ-გოგომ შეიძლება სილა გააწნას ბიჭს ყვავილების ჩუქებისათვის, რადგან ეს საქციელი სექსზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ვერ თავსდება. ბიჭი კი, რომელიც ადრე ქალების გულთამპრყრობელი იყო, ახლა თავითაა გადაშვებული მონოგამიურ ურთიერთობაში და ცდილობს, ამ განსაკუთრებულ გოგოს როგორმე თავი შეაყვაროს. ბოლოს ყინული დნება, გოგო როგორღაც გადააბიჯებს წინა ურთიერთობებისგან დარჩენილ ტრავმებს და სუპერ-ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება. და ისინი ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ ტიტრები არ ჩამთავრდება.

Continue reading “არაგანსაკუთრებული გოგოები”

საკეტები

ჩემს ერთ სასაცილო შიშზე მინდა მოგიყვეთ. საკეტების მეშინია. ეს არ ნიშნავს, რომ ბოქლომის დანახვაზე გავრბივარ და  ვიმალები, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჩემთვის დისკომფორტს იწვევს. მეშინია, როცა უცხო სახლის გასაღებს მაძლევს ვინმე. მგონია, რომ კარის გაღებაც გამიჭირდება და დაკეტვაც. მეშინია, რომ საკეტში რამე ჩატყდება, გასაღები არ მოერგება, ან მოერგება და აღარ გადატრიალდება. მოკლედ, მგონია, რომ კარს ვერ გავაღებ და შედეგად:  ჩავიკეტები შეზღუდულ სივრცეში, ან ღია სივრცეში დავრჩები დიდი ხნით.
არადა, გასაღებებიც და საკეტებიც მნიშვნელოვანია. თუ კარის გაღება ან დაკეტვა არ იცი, მდგომარეობის მსხვერპლი ხდები. სახლიდან ვერ გადიხარ, ან სახლში ვერ შედიხარ. ორივე ამაზრზენი ამბავია.

არ ვიცი, ეს შიში კონკრეტულად როდიდან იღებს სათავეს. ბავშვობიდან ყოველთვის ყველგან ვიკეტებოდი. დაახლოებით სამი წლისა აბაზანაში ჩავიკეტე და დედაჩემი კარის მეორე მხრიდან მასწავლიდა, როგორ გამეხსნა საკეტი, რომელიც ხანდახან ჭირვეულობდა.
მოგვიანებით, როცა წამოვიზარდე, მე და ჩემი მეგობარი ჩავიკეტეთ საკლასო ოთახში. კარი უბრალოდ აღარ იღებოდა შიგნიდან. გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო და გვეგონა, არასდროს არავინ მოგვაკითხავდა. საბედნიეროდ ერთი საათის შემდეგ დამლაგებელმა მოგვაკითხა. ყოველთვის ვნერვიულობდი, როცა მასწავლებელი ოთახის გასაღებს მე მაძლევდა ხოლმე  (,,ჯერ თქვენ შედით, ბავშვებო და მეც მალე მოვალ”). სულ ვცდილობდი, ვინმესთვის შემეჩეჩებინა კარის გაღების მტანჯველი პასუხისმგებლობა. რადგან ყველა საკეტი და ყველა გასაღები სხვადასხვანაირია და მე არასდროს ვიცი, საით უნდა გადავატრიალო გასაღები ან რამდენჯერ.  ბოლოს საკუთარ სახლში  ჩავიკეტე.  არსებობს ჩემი ფობიის დამამძიმებელი გარემოებაც: შეიძლება რომელიმე კონკრეტულ გასაღებსა და საკეტს, რომელსაც ადრე შევეჩვიე, ისევ გადავეჩვიო. . აი, წლების განმავლობაში უპრობლემოდ ვაღებდი და ვკეტავდი იმ სახლის კარს, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდი. ახლა რატომღაც ეგ საკეტიც მიძალიანდება ხოლმე.

Continue reading “საკეტები”

როგორ ვწეროთ კარგად

writing

სულ ორი ტიპის ადამიანების მშურს: ადამიანების, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ ბევრი ფული და ადამიანების, რომლებსაც ხატვა შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მდიდარი ფანტაზია, კრეატიული იდეები და არ შეგიძლიათ ვიზუალურად მათი გადმოცემა. თქვენ ვერასდროს გახდებით გრაფიტის ავტორი, ვერ დაასურათებთ წიგნებს, ვერ შექმნით საინტერესო პოსტერს და საერთოდ, დარჩებით არარაობად ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში. საბოლოოდ მოგიწევთ, საერთოდ ხელი ჩაიქნიოთ თვითგამოხატვის ამ კონკრეტულ გზაზე. როცა ეს ჩემს მეგობარს შევჩივლე, მითხრა, სამაგიეროდ შენ კარგად წერა შეგიძლიაო. მეც ვიცი, რომ კარგად წერა შემიძლია, მაგრამ ეს არაა კარგად ხატვის ეკვივალენტური. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია კარგად წერა, ვინც სკოლაში გრამატიკის საკითხებს ცოტა ყურადღებით მოეკიდა და რამდენიმე წიგნი მაინც აქვს წაკითხული. რეალურად, კარგად წერას სულ რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება:

1. წერეთ ბუნებრივად

ოდესმე გითქვამთ თქვენი მეგობრისათვის, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ? ალბათ არა. თქვენ უბრალოდ ამბობთ: ცუდად ვარ, ან: სახე მაქვს ახეული, ან: დედამოტყნულად მტკივა თავი. თუ თქვენ ასე ლაპარაკობთ, ასეც უნდა წეროთ. როგორც კი გახდებით მაღალფარდოვნები, დაკარგავთ იმ ადამიანების სიმპატიას, რომლებსაც ჩვეულებრივი ნაწერის წაკითხვა უნდათ.
ამიტომაც ნუ დაწერთ, რომ სიბნელემ შთანთქა ოთახის ყველა კუთხე.
დაწერეთ, რომ დაბნელდა, ან შუქი წავიდა.

როგორ გამოვასწოროთ: ხმამაღლა წაიკითხეთ თქვენი ნაწერი და თუ რამე ცუდად მოგხვდებათ ყურში, აუცილებლად შეცვალეთ. მე ასე ვიქცევი ყოველი პოსტის დაწერის შემდეგ.

Continue reading “როგორ ვწეროთ კარგად”