შვილები ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მასწავლიდნენ. თეფშს თუ კარგად არ მოასუფთავებ, პირდაუბანელი შვილები გეყოლებაო. თუ არ მოგწონს დედა როგორც გექცევა, შენ თვითონ გაზარდე შვილები უკეთესადო. შენს შვილებს რას დაარქმევო და კიდევ ათასი ასეთი რამ.
აგერ, ჩემი ერთი ნაცნობი 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ცოლს, უშვილო გამოდგა და რაღა უნდა მეკეთებინა მასთანო. გათხოვდები თუ არა, ეგრევე გეკითხებიან, შვილი როდის გეყოლებათო. ერთ შვილს გააჩენ და ბავშვს და-ძმა ხომ უნდაო. შესაძლოა, ეს მიდგომა სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელია, ბავშვების მკეთებელ ქარხანად რომ აღგიქვამენ. ამას ემატება ის, რომ ყველა ქალის მთავარი მისია ხალხის თვალში დედობაა და თუ დედა არ/ვერ გახდები, ყველა ცოტა ამრეზით დაგიწყებს ყურებას. თქვენი არ ვიცი და მე არ მომწონს ეს მიდგომა. ხომ შეიძლება რომ უბრალოდ არ მინდოდეს შვილი? ან არ შემეძლოს შვილის გაჩენა, მაგრამ ამის გამო უბედური არ ვიყო?
თვე: მაისი 2012
შაბათის ,,ნოუთი”
საინტერესო შაბათები იშვიათად მაქვს. შაბათს, როგორც წესი, გვიან ვიღვიძებ (ეს იმიტომ, რომ საინტერესო პარასკევები მაქვს). მერე სიზარმაცის გამო ვწყვეტ, რომ სახლიდან ფეხის გადგმას აზრიც არ აქვს და მთელი დღე ტვ-შოუებს ვუყურებ. შაბათი ჩემთვის სახლის დღეა. თუმცა, ყველა შაბათი_ არა. აი, მაგალითად, წინა შაბათს გადავწყვიტე, თმა შემეჭრა. რაც სახლიდან გაუსვლელადაც ხერხდება, მაგრამ ცუდად.
ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას ადამიანები დეპრესიის ჟამს იღებენო. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ მე დეპრესია დანამდვილებით არ მაქვს. უბრალოდ ხანდახან მოწყენილი ვარ. თმის შეჭრა კი ახალი ტანსაცმლის ყიდვასავითაა, ოღონდ უფრო იაფი ჯდება.
შაბათის გეგმა ასეთი იყო:
- თმის შეჭრა
- მიოსთვის, ჩემი ბაჭიისთვის სალათის ფურცლების ყიდვა
- თბილისი მოლში წასვლა
ჰოდა, წავედი და შევიჭერი. შეჭრის შემდეგ კი დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. მომეწონა. გავმხიარულდი და მივხვდი, რომ სახლში შეყუჟვა გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა. სამყაროს ჩემი ახალი თმა უნდა ენახა.
მერე მიოს სალათის ფურცლები ვუყიდე და მეგობარს დავურეკე.