gone

ყვარელში მივდივარ. ტბაზე. ლიტერატურულ კონკურს ,,შემოდგომის ლეგენდის” ფინალში მონაწილეობის მისაღებად: მათთვის, ვინც არ იცის: ეს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, თსუ-ს სტუდენტებისათვის. იქ ფინალისტებმა (სულ 10ნი ვართ) განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა დავწეროთ მოთხრობა შემოთავაზებულ თემაზე, მერე კი 5კაციანი ჟიური გადაწყვეტს, რა და როგორ.   იმედი მაქვს, ტბა იქნება ლამაზი, ამინდი- კარგი, თემა_ ჩემთვის საინტერესო და უძილობა ამ ერთხელ მაინც არ შემაწუხებს.

ფოტოაპარატი თან მიმაქვს, ასე რომ, ფოტოებს მრავლად ჩამოვიტან.

ის,რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:


1. ფინალში გავედი მოთხრობით, რომელიც სწორედ ამ ბლოგისათვის დაიწერა და რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქტუალობა დაკარგა.

Continue reading “gone”

დედა და ლიმონი

ავად ვარ. მახველებს და დილაობით სიცხე მაქვს. ღამე კი ტორტის ნაჭრები მესიზმრება _ თეთრი ტორტის და შოკოლადის ტორტის და მთელი სიზმარი იმაში გადის, რომ არჩევანს ვერ ვაკეთებ. აშკარად სხვანაირი სიზმრები მირჩევნია, მაგრამ როცა სიცხიანი და მშიერი იძინებ, სხვას რას უნდა ელოდო..

დედაჩემი ყველაზე ყველაზე დედა მაშინ ხდება, როცა ავად ვარ. იცის, რომ მის გადამეტებულ მზრუნველობას წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ და უბრალოდ, დავნებდები. მგონი, ცოტათი ბედნიერიც კი არის ხოლმე, რომ ჩემს ჯიუტობას წელში დრეკს (: )

Continue reading “დედა და ლიმონი”

ცხოვრება ინერციით

სხეულის თვისება – შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

 

ისეთი მეგობრები არ გყავთ, დროის შეგრძნება რომ არ აქვთ? იმას არ ვგულისხმობ, სადმე რომ აგვიანებენ, ან კიდევ 10ის ნაცვლად 11ზე რომ შემოდიან სკაიპში. ეგეთები კი არა, ისეთები_ საერთოდ რომ ვერ გრძნობენ დროს. 23 წლისები ისეთივენი რომ არიან, როგორებიც 18-ისები იყვნენ და 30ისები რომ ისეთივენი იქნებიან, როგორებიც 23-ისები იყვნენ.

Continue reading “ცხოვრება ინერციით”

ორყდიანი პავიჩი და მინანქრის საყურეები

ჩემზე  ამბობენ, რომ ჯერაც ძალიან ინფანტილური ვარ, რადგან ადამიანებს ჯიუტად ვჩუქნი დაბადების დღებზე წიგნებს, რომლებიც მე მინდა, რომ  მაჩუქონ.  სულ დანანებით ვიხდი ხოლმე ფულს (მე კი წიგნებში ბევრ ფულს ვიხდი, როგორც წესი), გზაში თვალმოუშორებლად ვკითხულობ პირველ რამდენიმე ფურცელს და ბოლოს ისეთი სახით ვაძლევ საჩუქარს დაბადების დღის სუბიექტს, თითქოს ლუდისთვის გადადებულ ხუთლარიანს ვიხდიდე ,,ყაზბეგის”ლიმონათში.  თუ შევატყვე, რომ ჩემმა საჩუქარმა იუბილარი არ აღაფრთოვანა, საკუთარ თავთან ჩხუბს ვიწყებ:

_ 30 ლარი რამ გადაგხდევინა?
_ კორტასარზე უკეთესი რა მეყიდა, ახალი თარგმანია. ,,ინასტრანკას” მერე საქართველოში კორტასარის ხსენება არ ყოფილა.
_ სულ ფეხებზე არ ჰკიდია, ახალი თარგმანია თუ არა?
_ მე არ მკიდია.  წაიკითხავს. როგორ შეიძლება, გვერდზე გადადოს..

Continue reading “ორყდიანი პავიჩი და მინანქრის საყურეები”

დროებითი

_ ჩვენი სექსი წყლის დალევასავითაა, როგორც კი ამას ზედმეტ მნიშვნელობას მიანიჭებ, წყურვილს ვეღარ მოიკლავ_ მითხრა პაველმა მორიგი სექსის შემდეგ. მითხრა_ არა, უფრო გამაფრთხილა. კაცები ხომ ყოველთვის გრძნობენ, როცა ქალები მათ შეყვარებას იწყებენ.
_ გადაგიღებ, – ვუთხარი პაველს და შიშველი გავიქეცი ფოტოაპარატის მოსატანად.
რომ დავბრუნდი, ის ისევ ისე იწვა და ეწეოდა, კადრში მისი პენისი ძალიან უშნო
ჩანდა, ტერფები_ ზედმეტად დიდი, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო იყო, რომელიც კი მისთვის გადამიღია. ეს მისი პირველი ფოტო იყო, რომელიც ამოვბეჭდე, ზედ სათაური წავაწერე- ,,პაველი წყლის დალევის შემდეგ” და უჯრაში გადავმალე.

Continue reading “დროებითი”

ბუნებრივი

დასაწყისი იხილე აქ

სექსის შემდეგ პაველმა რაღაცები ამიხსნა: მე ახლა შენი დროებითი მამაკაცი ვარ. მინდა, ძველი მამაკაცის დავიწყებაში დაგეხმარო, სანამ ახალ მამაკაცს იპოვიდე. უბრალოდ, პაუზას ვავსებ შენს ცხოვრებაში. ოღონდ, ამას ალტრუიზმად ნუ ჩამითვლი. ორმხრივი შეთანხმებაა. შენ, მიტოვებული არტისტი ქალი, მაძლევ მასალას ახალი წიგნისათვის დეპრესიის შესახებ, მე კი _ ჯანსაღი და სიმპატიური მამაკაცი, ნაცადი მეთოდებით გიხსნი სტრესს. ეს ყველაზე კეთილშობილური რამეა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. დამიჯერე, რეგულარული კარგი სექსი ნამდვილად გიშველის. როგორც კი მივხვდები, რომ კარგად ხარ, იმის უფლებას მოგცემ, რომ თავად მიმატოვო.. მერე ამ ყველაფერზე წიგნს დავწერ და პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ.
მე დავთანხმდი. უკეთესი იდეა არც მქონდა.

შევთანხმდით. ჩვენ კვირაში სამჯერ გვქონდა სექსი, ხან მის სახლში, ხან_ ჩემთან. მერე ვსაუბრობდით ხოლმე და პაველი რაღაცებს ინიშნავდა მომავალი წიგნისათვის. სექსის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, საუბრის შემდეგ კი_ ყოველთვის გამოყენებულად.

მერე პაველის გადაღება დავიწყე. მინდოდა, მისით ჩამენაცვლებინა ,,ჩემი კაცის” მარადიული ხატი. პაველი ამას მალევე მიხვდა.

Continue reading “ბუნებრივი”

სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით

ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა,  ეს ამბავი ასე მარტივად  არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ  ,,ფორმალობებს” არ სცნობს.

იცის, რომ დილის ხუთ საათზე მხოლოდ ჩვენ ვენთებოდით მწვანედ და არასდროს მივწერდით ერთმანეთს.  ისიც იცის, რომ ეს ზედმეტად სევდიანი იქნებოდა ჩვენთვის ორივესთვის.

Continue reading “სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით”

არა-გამოყენებითი მათემატიკა

მგონი, მეათე კლასში ვიყავი, როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს მეგობრობა გოგონებს შორის. ეს დაახლოებით ცოლის მოყვანასავითაა (მე რა ვიცი, როგორია ცოლის მოყვანა, მაგრამ მაინც). ანუ: თმობ პირად თავისუფლებას, გეგმებს სხვას უთანხმებ  და ყველაფერს ყვები, რისი მოყოლაც გინდა ან არ გინდა. გარდა ამისა, ვალდებული ხარ, დაქალს საიდუმლოებები გაუზიარო და მისი რჩევებიც გაითვალისწინო, შესვენებებზე  საპირფარეშოში გაჰყვე, დავალებები გადააწერინო და როცა ცუდად იქნება, თმაზე ეფერო..

ყველაფერი საზიარო უნდა გქონდეთ: ინტერესები, სკოლის მერხი, ტანსაცმელი და… იქნებ, ბიჭებიც? არა, ბიჭები_  არა. დაქალის ბიჭი ბიჭი არაა. ეს მეგობრობის წმინდა პრინციპია.


ეს პრინციპი მეც კარგად ვიცოდი, მაგრამ რადგან დაქალობის სიწმინდისა არ მჯეროდა და საერთოდაც,  იმ პერიოდში დოგმების მსხრევით ვიყავი გატაცებული, ჩემი თავისათვის არაფერი ამიკრძალავს.

Continue reading “არა-გამოყენებითი მათემატიკა”

So many people, and so few asteroids

ჩემთვის ძილი აღარ არსებობს. არსებობს გადაღლა და გათიშვა, მაგრამ აღარ არსებობს ძილი.  ვზივარ, საკუთარ თავს ვარეფრეშებ (რომ რაიმე სტატუსი არ გამომრჩეს) და ვცდილობ, ვწერო ინერციით. საუკუნეა, სიზმარი აღარ მინახავს  და უკვე სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ადამიანები სიამაყით გამოაცხადებენ, რომ ძილი გააუქმეს. ალბათ იტყვიან,  რომ ძილი ჩაანაცვლეს პატარა ტაბლეტებით, ეროტიკული სიზმრები _ ნამდვილი სექსით, სიზმრის მეგობრები კი_ თანამშრომლებით, რომლებიც ხანდახან იმისთვისაც კი არ გამოდგებიან, რომ პარასკევ საღამოს ლუდზე დაპატიჟო.  იტყვიან, რომ უამრავი დრო დაზოგეს და შეუძლიათ, ამ დროს სხვა საქმეებით დაკავდნენ _ მეტი ვიდეო ნახონ იუტუბზე, უფრო დიდხანს იცეკვონ ღამის კლუბებში და დიდხანს იფიქრონ განუხორციელებელ სუიციდებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს მე ვერ მოვესწრები.

Continue reading “So many people, and so few asteroids”

სესილიას მოჩვენება ჰყავს

დასაწყისი იხილეთ აქ

ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ფილმებს სესილია აღარ უყურებდა. ხოდა, დაჯდა ერთხელაც და თვითონ დაიწყო ფილმის გამოგონება. ჩაის სვამდა და ფიქრობდა, რომ საშინელ სახლში ცხოვრობს, რომელშიც ადრე მარტოხელა მამამ საკუთარი შვილი მოკლა. ეს მუქი ლაქები პარკეტზე _ პატარა ხუჭუჭა გოგონას  სისხლია. ეს საათი კი სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა ბავშვმა შეწყვიტა სუნთქვა. მკვლელის სული ახლაც ამ სახლში ხეტიალობს და დროდადრო კარებს აჭრიალებს. ის გაბოროტებულია, მაგრამ სესილიას არაფრის ეშინია, რადგან არც ქერაა და არც დიდმკერდიანი. საშინელებათა ფილმებში კი ისინი პირველები კვდებიან. უნდა ითქვას, რომ საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც სესილიას ნანახი ჰქონდა, ,,ნათება” იყო, ყველაზე ცუდი კი _ ,,კივილი”.

პარასკევ დილას სესილია ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა და ჩაიდანი გადმოდგა. მერე კი სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი, სანამ მას ეძინა.

თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს მოჩვენებამ ჩაიდინა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა მოჩვენებას დილაადრიან ჩაიდნის გაზქურაზე დადგმა?

_ ალბათ, ჩაის იკეთებდა _ დაასკვნა სესილიამ და კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო.

ერთში თავისთვის დაისხა ჩაი, მეორეში _ მოჩვენებისათვის. თავისთვის_ უშაქრო. მოჩვენებისათვის _ 2 კოვზი შაქრით.

Continue reading “სესილიას მოჩვენება ჰყავს”