ჩემს ცდუნებას შოკოლადით ვერ შეძლებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მაინც მაჩუქოთ.
ვერც სუნამოთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩუქებაც არაა საჭირო.
დიდად არც შოპინგებზე სიარული მიყვარს და თუ 100ლარიან სასაჩუქრე ბარათს მოვიგებ რომელიმე ტანსაცმლის მაღაზიაში, პირველ რიგში იმას ვიკითხავ, შემიძლია თუ არა ფულში განაღდება.
არც მაკიჟი და სამკაულები მჭირდება, ოღონდ თმის სამაგრებზე ეგ არ ვრცელდება. თმის სამაგრები საჭიროა. ყოველთვის საჭიროა. ვერასდროს ვერ ვხვდები, როგორ ქრებიან თმის რეზინები პირდაპირ მაგიდიდან ან უარესი, თმიდან.
თუმცა, მე უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცდუნებებიც მაქვს.
პირველი_ კითხვაა და ახლა უკვე ,,ქინდლში” კითხვა.
ნუ მკითხავთ, ქინდლი უფრო მიყვარს თუ დედაჩემი, რადგან კითხვა რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ქინდლი. სხვანაირად როგორ უნდა იყოს: დედაჩემი ვერ მიკითხავს ხმამაღლა, ინგლისურად და გამოთქმით პედეეფ ფაილებს და არც ზურგზე წოლისას კითხვისთვისაა მოსახერხებელი, რადგან 200 გრამზე მეტს იწონის. თუმცა, დედას ის პლუსი ნამდვილად აქვს, რომ ბრაუზერის გაშვებისას არ ჭედავს.