დაზუსტებით არასდროს ვიცი, კვირის რა დღეა, მაგრამ დღეს ალბათ ორშაბათია. სამშაბათი არაა, რადგან სამშაბათობით, როგორც წესი, წყურვილის გრძნობა მაღვიძებს. არც ოთხშაბათი_ ოთხშაბათს დილას ეროტიკულ სიზმარს ვნახულობ, ხუთშაბათიც _ არა, რადგან ხუთშაბათს დედაჩემი მაფხიზლებს ხოლმე შეძახილით: ,,მგონი, კომპიუტერი გაგიფუჭე“ ( უბრალოდ, სქრინ-სეივერი ერთვება ბეჭდვის დროს, თუ დიდხანს ეძებს კლავიატურაზე რომელიმე ,,კავკასიურ” ასოს), პარასკევს ჩემი მობილური იწყებს ფრედი მერკურის ხმაზე სიმღერას (ყოველკვირეული მაღვიძარა _ friends will be friends ), შაბათ-კვირას კი არ მძინავს.
თვე: იანვარი 2011
ძველი ამერიკა
დღეს რატომღაც ვცადე ძველი (1900-1930) ამერიკა წარმომედგინა და გამიჭირდა. აი, ისეთ წარმოდგენას ვგულისხმობ, თვალებს რომ დახუჭავ და დაინახავ. ვიცი, როგორია მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკა, ვიცი, როგორია 70იანი წლების ამერიკა, თანამედროვე ამერიკაც ვიცი. აი, მეოცე საუკუნის დასაწყისი ამერიკის ,,იმიჯები” კი არ მაქვს თავში. რატომღაც მგონია, რომ მაშინაც კი, როცა თბილისის ქუჩები სავსე იყო მაწვნებით, ხალიჩებით, ვირებითა და დუდუკებით, ნიუ-იორკი ისევ სწრაფ რიტმში ცხოვრობდა და ჰქონდა ცათამბჯენები, ყვითელი ტაქსები და ,,სტარბაქსის” ყავა. რას ვიზამთ, ყველაფერი სტერეოტიპებისა და ასოციაციური აზროვნების ბრალია.
ჰოდა სტერეოტიპების დასანგრევად ავდექი, დავსერჩე ,,Early 20th Century America” და ვიპოვე ჩემი აზრით ძალიან მაგარი სურათები : )

ახალგაზრდა ბებერი მიშა
მიშა მაგარია! არა, არ ვხუმრობ, მართლა მაგარია. იმიტომაა მაგარი, რომ ჩემნაირი ადამიანისთვისაც კი, პოლიტიკაზე საერთოდ რომ არ საუბრობს და ქვეყნის გადარჩენის საკუთარი გეგმა არ აქვს, მუდმივად აქტუალურია. ძალიან მეზარება გამოთვლა, თორემ გეტყოდით, წელიწადში დაახლოებით რამდენ საათს ვუსმენ მიშას. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი ერთდროულად გაგაოცებთ და შეგაშფოთებთ. არადა ეგრეა. ვუსმენ, როგორ საუბრობს კულტურაზე, ისტორიაზე, ეკონომიკაზე, რეფორმებზე.. ვერ ვიტყვი,რომ ყველაფერი მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ვუსმენ.
მისი გამოსვლებიდან პირველ რიგში იმის დადგენა შეიძლება, რომ მიშა ცდილობს, იყოს სახალხო. არის კიდეც. იმდენად სახალხოა, რომ ხშირად ოფიციალური გამოსვლებისას წამოსცდება ხოლმე ,,საყოფაცხოვრებო“ ფრაზები, მერე კი ბოდიშის მოხდა უხდება. მიშა უბრალო ხალხის მხარესაა და ამით ერთგვარად ემიჯნება ,,სნობურ“ დისკურსს. მას არ მოსწონს, როცა ადამიანებს რბილი ,,ლ“-ს გამო დასცინიან. მას არ მოსწონს, რომ თბილისი პრივილეგირებული ქალაქია. მიშა ყველასია. უბრალოა და ხელმისაწვდომი.
უწიგნ(ურ)ობა
საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა ლაშა ბუღაძეს ვემსგავსები. რა თქმა უნდა, გარეგნულად არა. პათოსით. ვისაც ლაშას სვეტები წაუკითხავს, კარგად იცის, რომ იგი ძირითადად იმაზე წერს, რომ მკითხველი არ არსებობს, ხალხი გაუნათლებელია და საერთოდაც, წიგნის კითხვა მხოლოდ ფორმალურად ითვლება კარგ ტონად.
მოდი და ნუ დაეთანხმები ამას, როცა უწიგნურობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები.
_მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?_ მეკითხება ერთი.
მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: _ 20.
_ ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.
_ კი. ყველა სქელი იყო _ ვეუბნები მე.
და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.
ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება
არ ვიცი, თქვენ რამდენი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე, მაგრამ მე ბევრი მყავს. ხანდახან ეს ძალიან სასიამოვნოა. სიახლეების გავრცელება ასე უფრო ადვილია, ისევე, როგორც ინფორმაციის მოპოვება: მეტი უკუკავშირი, საინტერესო ადამიანების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა… უფრო საინტერესო news feed-ი. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას ვუმეგობრდები, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა (უარი მხოლოდ მალხაზ გულაშვილსა და ლადო სადღობელაშვილს ვუთხარი). მგონია, რომ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ფეისბუქზე შემეხმიანოს, აქვს კიდეც ამის მიზეზი.
თუმცა მიზეზსაც გააჩნია. ხშირად ჩემს ჩატში და პიემში უცნაური ამბები ხდება. განსაკუთრებით დილისკენ. როგორც ჩანს, ამ დროს ყველა ,,ანძრევს” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რაც, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არაა, თუ სხვას არ აწუხებ.
Continue reading “ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება”
წლის ბლოგერი
შარშან:
1.
შარშან ამ დროს ბლოგი არ მქონდა, რადგან მეგონა, რომ ბლოგის გაკეთება დიდი წვალება იყო, მიხედვა კი _ უფრო დიდი წვალება. ახლა მგონია, რომ ბლოგის გაკეთება ძალიან ადვილია, მიხედვაც ასევე. გაცილებით რთულია, რომ ვინმეს შენი ნაწერი წააკითხო.
2.
შარშან ამ დროს მეგონა, რომ ბლოგერები ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები იყვნენ და საიტებს ამ წარუმატებლობაზე საწუწუნოდ იყენებდნენ. ახლა მგონია, რომ ბლოგერობა არაფერ შუაშია. ზოგადად, ადამიანები არიან წარმატებულები და წარუმატებლები. თუ წარუმატებელ ადამიანს ბლოგი აქვს, რა თქმა უნდა, ბლოგზეც ამ თემას ატრიალებს, თუ წარმატებულ ადამიანს აქვს ბლოგი, მაშინ წარმატებებზე წერს. სხვა საქმეა, რომ ჩვენთან ზოგადად ცოტა ადამიანია წარმატებული თავის საქმეში.
ბელგიური შოკოლადი
ეს პოსტი (მოთხრობა) რომ გაიგო, ჯერ ეს უნდა გქონდეს წაკითხული.
შიში
ჩემს ყველა ბიჭს ერთნაირი შიში სტანჯავს. ეშინიათ, რომ ერთხელაც ავდგები და დავწერ მოთხრობას, სადაც ყველას თავისი სახელითა და გვარით მოვიხსენიებ. შედეგად, საკმარისია ვინმემ ყურის ბიბილოზე მიკბინოს, რომ ამას აუცილებლად მოაყოლებს ფრაზას: ,,ოღონდ ჩვენში დარჩეს, ხო?.. არ გვინდა ბლოგი და რაღაც”. ამის მერე მეც ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ რამე ისეთი გავაკეთო, რის დამალვასაც აზრი ექნებოდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ ბარში მოხდა. ვუყურებდი ერთ მიმზიდველ ბიჭს, რომლის სახელიც არ მახსოვდა. ვუყურებდი თვალებში და ტუჩებზე მონაცვლეობით და ზუსტად მაშინ, როცა მისკენ გადავიხარე, მან თქვა: ,,მგონია, რომ ამას ბლოგისთვის აკეთებ“. ცოტა ხანი მის სიტყვებს ვაცნობიერებდი (მთვრალზე ეს კიდევ უფრო რთულია) და ამ დროს ტუჩებზე მისი შეხებაც ვიგრძენი. ზუსტად მაშინ, როცა მისი ენა ჩემს ენას შეეხო, მე გამახსენდა, რომ ჩემს დომეინს პრობლემები აქვს.
_ რამე მოხდა?
_ პრინციპში არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სირი ხარ.
_ რატომ?
_ შენც იცი. დეტალები შეგიძლია ჩემს ბლოგზე იხილო.
_ კარგი რა. ამას არ იზამ.
_ ვიზამ და თან ისე, რომ გეტკინება და გესიამოვნება.
_ ვიცოდი, რომ დამპალი გოგო იყავი.
_ დიდი ამბავი. ეგ ყველამ იცის.