ყველაზე კარგი თებერვალი

1jasmine
რამდენი წლის იყავით, როცა მიხვდით, რომ თქვენი ტვინი თქვენი სხეულის ნაწილია? როდის გააცნობიერეთ, რომ ეს სხეული თქვენია? მე  ზუსტად მახსოვს ეს მომენტი.  4 წლის ვიყავი. რკინის მაღალ კიბეებზე ჩამოვდიოდი და ფეხი ამისრიალდა. დავგორდი. ძალიან ბევრი რამე მეტკინა, ახლაც უამრავი ნაიარევი მაქვს იმ დაგორებიდან შემორჩენილი. ვტიროდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს სხეული ჩემია. მივხვდი, რომ მხოლოდ თვალები და მუდმივად მოლაპარაკე პირი არ ვარ. ეს მუხლები, რომლებიც ახლა ჩალურჯებულია, ჩემია. ეს სისხლიც ჩემია. მივხვდი, რომ ჩემს შიგნით რაღაც მანქანაა, რომელსაც უნდა მოვუარო იმისთვის, რომ თვალებმა და პირმა კარგად იმუშავოს.

ეს შეგრძნება, სხეულის მოვლის მოთხოვნილება ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებს ხოლმე.  გარდა ეთიკური მოსაზრებებისა, სხეულზე ზრუნვის გამოც გავხდი ვეგეტარიანელი.  ამავე მიზეზით დავიწყე ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, შემიყვარდა წვნიანები და შემძულდა ქუჩაში ნაყიდი ლობიანები. ვიტყოდი, სხვა ისეთი არაფერი-მეთქი,მაგრამ ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ: თებერვალში სიზარმაცეს ვაჯობე და ვარჯიშს სერიოზულად შევუდექი. თავიდან 15 წუთიანი ვარჯიშით დავიწყე დღეში. მერე აზარტში შევედი და  ვვარჯიშობდი  ყველანაირად: სახლში იატაკზე, სახლში ჰულაჰუპით, დავდიოდი ფეხით, ვიდექი როლიკებზე და ბოლოს გადავწყვიტე, ეს ქაოსი რამე სისტემაში მომექცია. ასე აღმოვჩნდი “კლუბ 71”-ში.

Continue reading “ყველაზე კარგი თებერვალი”

ღამე, დილა

ვერაფრით ვიგებ, დილის 5 საათი ღამეა თუ დილაა. ბოლოს ასე გადავწყვიტე: თუ სინათლეა, მაშინ დილაა და თუ არაა სინათლე, მაშინ არის ღამე. გამოდის, რომ ახლა ღამეა.

ვზივარ კომპიუტერთან (მაგრამ თქვენ რომ ამას წაიკითხავთ, აღარ ვიჯდები) და ვოცნებობ შოკოლადის ნაყინზე. აი, ასეთზე

მე თვითონ დავხატე
მე თვითონ დავხატე

მაგრამ ნაყინი აუსრულებელი ოცნებაა. იმიტომ, რომ ანინა შემძულდება, ახლა რომ ავდგე და გემრიელი ნაყინი შევჭამო. თან, ეს საკუთარი ნებისყოფის უპატივცემულობაა. არ შეიძლება  მრავალსაათიანი შრომა და ფეხით ხანგრძლივი სიარული  სპონტანური სურვილის გამო ჩაყარო წყალში.

ოდესმე თუ გავხდები ლამაზი და ტანწერწეტა, თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი  დღეს დაიწყო (ამაღამ, ამდილას. ჰუ ქეარზ)

პ.ს. უძილობაც და შიმშილიც ნარკოტიკებია და ახლა ორივეს ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები ❤