1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის

ძლივს დავჯექი კომპიუტერთან და მინდა, რომ არაფერზე ვწერო. უფრო სწორად, რამე

უმნიშვნელოზე. იმის არ მეშინია, რომ ამ პოსტს ვინმე გადაახტება. ვიცი, რომ ადამიანებს უყვართ ასეთი ,,არაფრობების” კითხვა. მით უმეტეს, თუ ,,არაფრობები” მარტივი ენითაა დაწერილი. ეს რომ ასე არ იყოს, დუმბაძის უამრავი ნაწარმოები სრულიად აუტანელი იქნებოდა : ) სუფთა სინდისით ვწერ იმას, რის დაწერასაც ვაპირებ, რადგან ეგრე მგონია: ბლოგები იმისთვის არაა, რომ განათლდე (და არც წიგნები, რა თქმა უნდა : )). მაგრამ არც იმისთვისაა, რომ აღნიშნო, როდის გეწყება და გიმთავრდება წითელი დღეები. ბლოგის წერის ხელოვნება (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედის დაჭერაშია. ეს ყველაფერი ,,ჩვენი ექსპრესის” გახმაურებულმა სიუჟეტმა გამახსენა. იქ ერთი გოგო ამბობდა, რომ პირადულ პოსტებს არ წერს, რომ მკითხველს დრო არ დააკარგვინოს. გამეცინა. თუ ბლოგებზე დაძვრები, ესე იგი, იმდენი დრო ნამდვილად გაქვს, რომ პირადული ამბების კითხვაში ,,დაკარგო”. მამენტ, ამბებსაც გააჩნია. ხანდახან უბრალოდ აუტანელია იმ პოსტების კითხვა, სადაც ბლოგერები წუწუნებენ, რომ თმაზე ის ფერი ვერ დაუსვეს, რაც უნდოდათ, ტორტის ბისკვიტი ჩაუვარდათ, ფრჩხილები ემტვრევათ, ნეტი უჭედავთ, ეზოსკატები ატეხილები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ… იმაზე საუბარი, თუ რა არის მოსაწყენი, ყოველთვის თავად ხდება მოსაწყენი, ამიტომ სჯობს, რამე მოგიყვეთ.


დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სამაგიეროდ, ჩვეულებრივზე მეტი ვიფიქრე, რაც კარგი ამბავი არაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფიქრი უფრო მატკიებს თავს, ვიდრე საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა, უძილობა ან ლუდისა და არყის არევა. ვფიქრობდი იმაზე, რაზეც 1 თვის წინ ვერც ვიფიქრებდი (აქ საჭიროა რამდენიმე აკორდი: და-და-და-დამ! ჩემი ბლოგი ერთი თვის გახდა!)_ დასაწერ პოსტებზე.
ვფიქრობდი დილიდან, ჯერ ყავის სმისას: აი, დილის შესახებ რომ დავწერო.. დილის უცნაურ ჩვევებზე. ბარემ იმასაც დავწერდი, რომ გამოფხიზლებამდე მარცხენა ხელით მარჯვენა ფეხისგულს ვიფხან და მარჯვენა ხელით_ მარცხენას. არა, სისულელეა. ტელევიზორს ვრთავ: პირველ არხზე_,,სამოთხის ვაშლები” , რუსთავი ორზე_ დილის ჩართვა ვიღაცის საცეკვაო სტუდიიდან, იმედზე_ წამყვანი გრძელი წინადადების აწყობას ამაოდ ცდილობს. დილის გადაცემები ჩემი ტკივილია. ამაზეც დავწერ. ერთხელ ადრე გავიღვიძებ, ყველა არხზე ვუყურებ დილის გადაცემას, მერე კი დავწერ, რატომ არიან ასეთ მარაზმში. დედა ხასიათზე ვერაა. სასწრაფოდ ვიცვამ და გავდივარ, სანამ მეჩხუბება. გაჩერებასთან ვყიდულობ ,,ცხელ შოკოლადს” და ვღებულობ გადაწყვეტილებას: წავიკითხავ ამ ნომერს და ბლოგზე მიმოვიხილავ, ღირდა თუ არა ყიდვა, რომელი სტატია ვარგოდა და ასე შემდეგ.
მერე 39 მოდის. ,,პორტატული ჯოჯოხეთია”_ მომდის თავში და იქვე: პოსტისთვის მშვენიერი სათაურია. მერე 39-ში ქერა გოგო ამოდის და ცდილობს, 50თეთრიანით 40თეთრიანი ბილეთი აიღოს. არ გამოსდის,მაგრამ ჯიუტად აგრძელებს 50თეთრიანის ჩაგდებას. ,,ნეტა რისი ბრალია, გოგო რომ არის თუ ქერა რომ არის”_ ვფიქრობ და ვხალისობ, როგორც ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ამ ტიპის სექსიზმში (თუ სექსისტობაში) ვიჭერ.
მერე უნივერსიტეტი_ თსუ-ზეც დასაწერია რამე. მაგალითად, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურზე. მათ დანახვას მთელი ტრანსილვანიის ვამპირების ერთად დანახვა მირჩევნია.
მერე კოშკა, ლუდი, წიგნები. ერთი პოსტი კოშკაზე აუცილებელია_ პირადად მასზე, სხვანაირად ვერ გამოვა : )

მერე გამომცემლობა და საუბარი ბაკურ სულაკაურთან_ წიგნებზე, ბლოგებზე და არამარტო. იმდენს ვლაპარაკობ(თ), სამ ბლოგს ეყოფა ერთი კვირის მასალად.
მერე ,,ორი ლულა”_ ფასტ ფუდისა და ქართული სასადილოს უცნაური სიმბიოზი.
ამის შემდეგ ისევ საუბარი_ნაცნობთან მურაკამის შესახებ ჩაისა და კატის თანხლებით (მდედრია და ზურიკო ჰქვია, ნაცნობს_ არა, კატას).
მერე წვიმა. წვიმა. ეკა. წვიმა. ეკა.
და სახლი.
მოვედით იქ, საიდანაც დავიწყეთ _ძლივს დავჯექი კომპიუტერთან და გადავწყვიტე, არაფერზე დამეწერა.
თუ შენ უკვე აქ ხარ და ამ სიტყვებს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ ან პოსტი იყო კარგად დაწერილი, ან შენ ხარ კარგი მკითხველი. კარგ მკითხველად კი ადამიანს სხვა ბევრ თვისებასთან ერთად მოთმინების უნარიც აქცევს (ვღაღადებ, ჩაიწერე!). თუ ეს პოსტი არ მოგეწონა, მომწერე და ვიზრუნებ იმაზე, რომ სხვა პოსტები მოგეწონოს ხოლმე. ,,ავერსის” აფთიაქში ეწერა, მგონი: ,,თუ მოგეწონა, უთხარი ყველას. თუ არ მოგეწონა_ გვითხარი ჩვენ”. ხოდა, უკეთეს ფორმულირებაზე ფიქრი მეზარება. გასაგებია, რისი თქმაც მინდა.
შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ამხელა პოსტი ტყუილად ხომ არ წაგიკითხავს 😉
ძილი ნებისა.

პ.ს. გუშინ ღამე უნდა დამედო ეს პოსტი და ნეტი გამეთიშა. უცნაური შეგრძნებაა_ სხვა ბლოგერებივით ვწუწუნებ : )

7 thoughts on “1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის

  1. ძალიან საინტერესო და კარგი პოსტია, გადმოცემის ლაღი მანერა, თხრობის ჩამთრევი სტილი…. წიგნი დაწერე რა მართლაც!!!!

  2. წუხელ ვეძებდი სხვათაშორის შენს პოსტს … რატომღაც ვიფიქრე რომ დაწერდი : ))
    მეც ვწერდი მაგრამ დამათენდა : (
    უფრო სწორად ვიწერდი : )) სანამ შენ და ბაკური საუბრობდით მე რაღაც სენტიმენტალური ჩანაწერის გაკეთება მოვასწარი და მინდოდა დამედო : ))
    ახლა ძალიან მეჩქარება : (
    ჩემი ლექცია უკვე დაიწყო, იქნებ მეორეზე მაინც მივიდე … ან ვიბოდიალო 7 საათამდე ( სანამ არასამთავრობოში ავალ :))
    პ.ს. გუშინდელი საუბარი თავიდან არ ამომდის – მართლა მომბეზრდა კაკ ვიდნა უხელფასოდ მუშაობები :))
    :* გკოცნი 🙂

  3. ანინ, ნეტავ, შეიძლებოდეს, დღეში მინიმუმ 4–5 პოსტის დაწერა!!!! ვგიჟდები შენს ბლოგზე რომ შემოვიხედავ და აქ ახალი პოსტი მხნდება. მომწონს ძალიან!!!

  4. 🙂 ბლოგის წერა სალათის გაკეთებასავითაა. ყველაფერი გემოვნებით უნდა აურიო, შეკაზმო და შეამზადო ( თუმცა ამაზეც შეიძლება დავა) ზოგს როგორი მოწონს ზოგს როგორი. მზარეულის ხელზეცაა დამოკიდებული. ჩემი ბლოგი თუ “კეჟერა ფხალივითაა” შენი გემრიელი “ცეზარია”. ასე რომ “წერე ჩემო ზურიკელა”…

    დიდი ვერაფერი შედარებები გავაკეთე. ეტყობა მშია და მარტო ეგ მოდის თავში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s