lazy weekend post

t3****
შაბათის ძილი ძალიან მიყვარს. უპასუხისმგებლო ძილი, მაღვიძარის დაყენების გარეშე, სანამ სიცხე არ გაგაღვიძებს. დღეს სხვანაირად იყო. კარზე კაკუნმა გამაღვიძა და ძლივს გამოვერკვიე. მახსოვს, სიზმარში უცებ დავამთავრე ამბის განვითარება, ცუდი მწერალივით და კაბა გადავიცვი. კაკუნზე სულ მძაფრი რეაქცია მაქვს. როცა პირველად შემოვიდა უნარების ტესტები, გახსოვთ მაშინ რა მითები ვრცელდებოდა?  ამბობდნენ, უნარების ტესტებში წერია რომ დედა შვილთან ვერ მივა, თუ წინასწარ არ გააფრთხილაო. ლოგიკურად მომეჩვენა. ახლა დედაჩემი რომ მოულოდნელად დამადგეს თავზე, მომიწევს სახლი უცებ მივალაგო, საფერფლეები დავცალო, ლუდის ბოთლები სადმე შევჩურთო და ტამპონების ყუთი უჯრაში ჩავდო, იმიტომ, რომ that’s what წესიერი გოგოები do. ბრძნული შეგონებაც უნდა არსებობდეს ასეთი: სანამ სახლის კარს გაიხურავ, ისე დატოვე სახლი, თითქოს დედაშენი ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდესო.
გავიხედე. მეგობარი იყო, არადა მტერივით აკაკუნებდა. გამეტებით, კარის ჩამოღებით. კარი გავუღე თუ არა, ვკითხე:

– რატომ შემეცი შაბათს, დილის 9-ზე?

– ეეე, რა გჭირს? კარგად ხარ? მკითხა და სახე გაუფითრდა.

– რა მჭირს? გამიკვირდა მე და უცებ იატაკზე წკაპუნის ხმა გავიგე. სისხლი მთელი ძალით მომდიოდა ცხვირიდან. რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე?

სასწრაფოდ ცხვირსახოცი მოვძებნე. სიზმარში დრაკონს ვებრძოდი და აშკარად მომიგო ბრძოლა, რეალურ ცხოვრებაშიც კი დამაზიანა.
Continue reading “lazy weekend post”

ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან

home alone

სანამ ბავშვი ხარ, ცხოვრების ყველა ასპექტს კარგად ვერ ხედავ. უფრო სწორად, გიმალავენ. გეუბნებიან, რომ კონკრეტული ამბების გასაგებად ჯერ პატარა ხარ და რატომღაც, გაზრდის მერეც არავინ გეუბნება სიმართლეს. იგულისხმება, რომ ისედაც ყველაფერი უნდა იცოდე. მაგალითად:
1. იცი, შენი ძაღლი სხვა სოფელში კი არ გავუშვით საცხოვრებლად, უბრალოდ დაბერდა და მოკვდა.
2. მე და მამას ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ კომფორტულ ცხოვრებას ვერ ველევით და ამიტომაც ვართ ერთად.
3. ჩვენი დაქორწინებიდან ასე მალე იმიტომ გაჩნდი, რომ დაუგეგმავად დავფეხმძიმდი შენზე.  ის ერთი შემთხვევა რომ არა, ახლა ალბათ სულ სხვაზე ვიქნებოდი გათხოვილი.
4. შენი ნახატები არაფრით გამორჩეული არაა სხვისი ნახატებისგან.  სჯობს, თუ ხატვას საერთოდ შეეშვები.

მშობლები გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენი დაცვა უნდათ. მაგრამ როცა დიდი ხდები და შენ თვითონ იწყებ მათ მოტყუებას მათსავე დასაცავად, ცუდი ადამიანი გამოდიხარ. არადა, ტყუილებზე დგას ოჯახის ჰარმონია. პატარა, დეტალურად გათვლილ, გაწონასწორებულ ტყუილებზე. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა სახლში მარტო დარჩენა. მომწონდა, რომ შემეძლო პიანინოზე ჩემი მოგონილი მელოდიები დამეკრა მეცადინეობის ნაცვლად. მომწონდა ფეხების შეკეცვა სკამზე და ისე ჯდომა. მომწონდა თან კითხვა და თან ჭამა (დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე ასეთ დროს, წიგნს დასვრიო). მერე ისმოდა კარზე ზარი და ვხვდებოდი, რომ ჩემი გართობა დასრულდა.  მაგრამ კარს რომ ვაღებდი, მამას(დედას) მაინც სიხარულით ვხვდებოდი და მომენატრე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმიტომ რომ ამ პატარა გაწონასწორებულ ტყუილზე იყო დამოკიდებული, მომცემდნენ თუ არა უფლებას, ცოტა გვიან დამეძინა ან წვნიანი არ მეჭამა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ტყუილზე არ უნდა ააგო ურთიერთობა” სრული სისულელეა. აბა რაზე უნდა ააგო ურთიერთობა, სიმართლეზე? რა უნდა მოუყვე კაცს, რომელსაც კარგადაც არ იცნობ:

Continue reading “ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან”

როგორ ვწეროთ კარგად

writing

სულ ორი ტიპის ადამიანების მშურს: ადამიანების, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ ბევრი ფული და ადამიანების, რომლებსაც ხატვა შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მდიდარი ფანტაზია, კრეატიული იდეები და არ შეგიძლიათ ვიზუალურად მათი გადმოცემა. თქვენ ვერასდროს გახდებით გრაფიტის ავტორი, ვერ დაასურათებთ წიგნებს, ვერ შექმნით საინტერესო პოსტერს და საერთოდ, დარჩებით არარაობად ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში. საბოლოოდ მოგიწევთ, საერთოდ ხელი ჩაიქნიოთ თვითგამოხატვის ამ კონკრეტულ გზაზე. როცა ეს ჩემს მეგობარს შევჩივლე, მითხრა, სამაგიეროდ შენ კარგად წერა შეგიძლიაო. მეც ვიცი, რომ კარგად წერა შემიძლია, მაგრამ ეს არაა კარგად ხატვის ეკვივალენტური. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია კარგად წერა, ვინც სკოლაში გრამატიკის საკითხებს ცოტა ყურადღებით მოეკიდა და რამდენიმე წიგნი მაინც აქვს წაკითხული. რეალურად, კარგად წერას სულ რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება:

1. წერეთ ბუნებრივად

ოდესმე გითქვამთ თქვენი მეგობრისათვის, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ? ალბათ არა. თქვენ უბრალოდ ამბობთ: ცუდად ვარ, ან: სახე მაქვს ახეული, ან: დედამოტყნულად მტკივა თავი. თუ თქვენ ასე ლაპარაკობთ, ასეც უნდა წეროთ. როგორც კი გახდებით მაღალფარდოვნები, დაკარგავთ იმ ადამიანების სიმპატიას, რომლებსაც ჩვეულებრივი ნაწერის წაკითხვა უნდათ.
ამიტომაც ნუ დაწერთ, რომ სიბნელემ შთანთქა ოთახის ყველა კუთხე.
დაწერეთ, რომ დაბნელდა, ან შუქი წავიდა.

როგორ გამოვასწოროთ: ხმამაღლა წაიკითხეთ თქვენი ნაწერი და თუ რამე ცუდად მოგხვდებათ ყურში, აუცილებლად შეცვალეთ. მე ასე ვიქცევი ყოველი პოსტის დაწერის შემდეგ.

Continue reading “როგორ ვწეროთ კარგად”

რა ვჭამე საუზმეზე

როცა ვინმე კითხულობს, მაინც რაზე წერენ ქართველი ბლოგერებიო, პასუხი ორიდან ერთია: 1) სექსზე; 2) რა ჭამეს საუზმეზე.

მე პირადად სულ მინდა იმ ბლოგერების პოსტების კითხვა, რომლებიც სექსზე წერენ, მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ხოლმე. სხვათა შორის, არც ,,რა ვჭამე საუზმეზე” პოსტებია მაინცდამაინც ბევრი. არადა, ადამიანებს აინტერესებთ პირადი ბლოგები. უბრალოდ მკითხველებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სხვების პირად ამბებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქმე დაახლოებით ასეა: მე, მაგალითად, არასდროს ვყიდულობ ყვითელ პრესას, ფული მხოლოდ უკიდურესად ,, ხარისხიანი” ჟურნალებისთვის მემეტება, მაგრამ როცა საიდანღაც ჩემს სახლში მყვირალასათაურებიანი იაფფასიანი გაზეთი ჩნდება, ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ წავიკითხო. ერთი ეგაა,   ხმამაღლა ვერაფრით მათქმევინებთ, რომ ყველაზე მდარე სტატიებს მშვენივრად გამოსდით ჩემი ჩათრევა. ასე თუ ისე, სხვათა პირადი ცხოვრება ნამდვილად საინტერესოა.

Continue reading “რა ვჭამე საუზმეზე”

ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge

როცა დიდხანს არ ვწერ, მინდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერილი  პოსტი გამორჩეული იყოს ხოლმე.
ხანდახან ეს გამორჩეული ამბები პირდაპირ ხელებში მიცვივა, ხანდახან კი მოსვლას აჭიანურებს და მეც ვიჯერებ, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთივით მოსაწყენია.
არადა, სულაც არაა მოსაწყენი:

  • მე მყავს  თავზეხელაღებული მეგობრები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამხვევენ შარში.
  • მე მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომელთა გამოც ძილი ასე ძალიან მიყვარს.
  • და მე მაქვს საქართველოში ყველაზე საინტერესო სამუშაო, რომლის დამსახურებითაც ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს ყველაზე ადრე ვკითხულობ.

სამუშაოში librivivi.ge-ს ვგულისხმობ. ეს არის საიტი, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაეშვა და მიზნად ისახავს, მწერალსა და მკითხველს ცხოვრება გაუადვილოს. მწერალს ამ საიტის მეშვეობით შეუძლია ყველაზე ადვილად მიიტანოს საკუთარი ნაწარმოები მკითხველებთან, მკითხველები კი მიზერულ ფასად კითხულობენ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იწერება.

Continue reading “ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge”

Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

Continue reading “Another kind of love”

ძველი მეგობრის ბლოგი

რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა  გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე.  ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.

მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები  და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა.  ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით,  ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი  ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.

Continue reading “ძველი მეგობრის ბლოგი”

გოგონა დრაკონის ტატუთი

                                                                                         ეს არის საკონკურსო პოსტი 

დეტექტივები დიდად არ მიყვარს. არც სქელი წიგნები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთიცაა და მეორეც, მე მაინც ძალიან მომეწონა.

უცნაურად კარგი წიგნია. ცოტათი ჯადოქრული. მე ჯადოქრულს ისეთ წიგნებს ვეძახი ხოლმე, თავს რომ არ განებებენ, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ. ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” კი ძნელია, ამ კატეგორიას არ მიაკუთვნო. მის  გამო ორი კვირის განმავლობაში ავტობუსში ბილეთის აღება მავიწყდებოდა, ღამე_ დაძინება არ მინდოდა და დილით_ ლექციებზე მაგვიანდებოდა.

უნდა ვაღიარო, რომ ჯადოქრობის საიდუმლო წიგნის სიუჟეტში უფროა, ვიდრე მწერლის ენაში. სტიგ ლარსონი სადად წერს, სავსებით ჩვეულებრივად და მთავარ ფსონს აშკარად ამბავზე დებს.

სიუჟეტი ასეთია:

Continue reading “გოგონა დრაკონის ტატუთი”

Relationship status: single

ამ სათაურით ბევრჯერ დავიწყე პოსტის წერა.  ამ ბევრი პოსტიდან ზოგიერთი აღწერდა, რა საოცარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს მარტო ყოფნა, ზოგიერთი ყვებოდა  სიცარიელის გრძნობაზე, რომელიც გრძელვადიანი ურთიერთობის დასრულების მერე ჩნდება და ზოგიერთი სრული ნაგავი იყო.

არც ერთი ეს პოსტი არ გამომიქვეყნებია იმის გამო, რომ შემეშინდა,  არ ეფიქრათ, რომ ასე ვეძებ მომავალ პარტნიორს  (სავარაუდო კომენტარი: ანინა, ანინა! გავიგეთ, რომ სინგლ ხარ, მაგრამ აი, მაინც ყველას გვკიდია).

არადა, მართლა არავის ვეძებ. რა თქმა უნდა, არც არავის გამოჩენას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამას პოსტთან საერთო არაფერი აქვს.

Continue reading “Relationship status: single”

მოკლე პოსტი

მე მივხვდი, რომ რეცენზიის წერა წიგნის კითხვის პროცესშივე თუ არ დავიწყე, არაფერი გამოვა.
ხოდა, გადავწყვიტე, რომ ჩავინიშნო რაღაცები, რასაც დოვლატოვის ,,ჩემოდანზე” ვფიქრობ:

  •  თხელია

მიუხედავად იმისა, რომ უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელის” შესახებ ამდენი მსმენია და სირცხვილით ვკვდები, ჯერ რომ არ მაქვს წაკითხული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაინც დოვლატოვის კითხვა დავიწყე. იმიტომ რომ 120 გვერდია. არ თქვათ, რომ თქვენ არ ხართ ასეთი მკითხველები. მე მაგალითად, მოთხრობების კრებულს როცა ვყიდულობ, სარჩევში გვერდების რაოდენობებს ვაკვირდები და კითხვას ყველაზე პატარა მოთხრობიდან ვიწყებ. მგონი, ეს ძალიან ადამიანურია

Continue reading “მოკლე პოსტი”