ამ დღეებში რამდენიმე მელოდრამას ვუყურე. იმიტომ, რომ ჩემი ქინდლი უკვე მეორედ გაფუჭდა, ხოლო ახალი არაელექტრონული წიგნების ყიდვას ხელფასამდე ვერ მოვახერხებ. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ ადვილად პროგნოზირებად ამბებს სიყვარულზე. აი, ბიჭი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, უამრავი გოგო ჰყავს და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, გოგო, რომელიც უცნაურად იცვამს, ბევრს მუშაობს და ბიჭებს ზედაც არ უყურებს. მათ ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, ოღონდ თავიდანვე არა. ეს ამბავი სუპერ-გოგოზე და სუპერ-ბიჭზეა. მეც, ისევე როგორც მელოდრამების სხვა მაყურებლებს, სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია მჭირდება. რეალური რილეიშენშიფები, სადაც გოგოებს სხვა ეტაპზე გადასვლა ეჩქარებათ, ხოლო ბიჭები საცვლებს იშვიათად იცვლიან, ცხოვრებაშიც მყოფნის. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირები მელოდრამებში ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგვანან. გოგოს მხოლოდ სექსზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწონს და სითბოს ნებისმიერ გამოვლინებაზე აგრესიული რეჟიმი ერთვება, სიტუაცია ხანდახან ძალიან კომიკურიც კი ხდება. ასეთმა სუპერ-გოგომ შეიძლება სილა გააწნას ბიჭს ყვავილების ჩუქებისათვის, რადგან ეს საქციელი სექსზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ვერ თავსდება. ბიჭი კი, რომელიც ადრე ქალების გულთამპრყრობელი იყო, ახლა თავითაა გადაშვებული მონოგამიურ ურთიერთობაში და ცდილობს, ამ განსაკუთრებულ გოგოს როგორმე თავი შეაყვაროს. ბოლოს ყინული დნება, გოგო როგორღაც გადააბიჯებს წინა ურთიერთობებისგან დარჩენილ ტრავმებს და სუპერ-ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება. და ისინი ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ ტიტრები არ ჩამთავრდება.
ჭდე: ქინდლი
Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი
ამ ცოტა ხნის წინ მომაფიქრდა სიტყვათშეთანხმება ,,კომპრომისული ტექნიკა”_ ეს სიტყვათშეთანხმება მშვენივრად მიესადაგება სიტუაციას, რომელშიც შენ ,,ნიკონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი გინდა, მაგრამ ,,სონის” არაპროფესიონალურ ფოტოაპარატს ყიდულობ; მაკბუქი გინდა, მაგრამ ,,დელის” ლეპტოპს ყიდულობ და ყველაზე კარგი ქინდლი გინდა, მაგრამ ყველაზე იაფს ყიდულობ.. ასეთი რამ უამრავჯერ მომხდარა ჩემს თავს და შეიძლება თქვენს თავსაც. შედეგად_ ჩემი სახლი ,,კომპრომისული ტექნიკითაა” სავსე.
არადა, ალბათ დროა, თავს უფლება მივცე და ფული ზუსტად იმ ნივთებში დავხარჯო, რომელთა გამოც საერთოდ შევდივარ ხოლმე მაღაზიებში. პრეტენზიული არ ვარ. არც სნობი. უბრალოდ მეოცნებე ვარ. მჯერა, რომ ოდესმე გამოვცვლი მობილურს, რომელსაც დილას, შუადღისას და საღამოს სჭირდება დატენვა. სამაგიეროდ კი ვიყიდი სმარტფონს, რომელიც ერთდროულად იქნება ლამაზი და ჭკვიანი_ იდეალური ბოიფრენდივით.
სამსუნგ გალაქსი ნოუთი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ, მთლად სმარტფონი არაა. გარდამავალი სახეობაა სმარტფონსა და პლანშეტს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ პლანშეტიც გინდათ და მობილურიც, მაგრამ არც თქვენს მშობლებს და არც თქვენს ბოსს ასე ძალიანაც არ უყვარხართ, შეგიძლიათ უბრალოდ სამსუნგ გალაქსი ნოუთი იყიდოთ. მას ორივე ,,დივაისის“ საუკეთესო თვისებები აქვს: მოზრდილია, მაგრამ მსუბუქი, შესაბამისად, პლანშეტივით რთულად სატარებელი არაა. ეკრანი კი გაცილებით დიდია, ვიდრე იმ მობილურის ეკრანი, რომელიც ახლა გაქვთ. უნდა დავამატო, რომ დიდი ეკრანი გალაქსის მნიშვნელოვან უპირატესობებსაც ანიჭებს: ის მოსახერხებელია ინტერნეტ-მოხმარებისათვის და კომფორტულია კითხვისას. გარდა ამისა, როცა ამ სმარტფონს ამოიღებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჯიბიდან, ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას :დ
სამსუნგ გალაქსი ნოუთი იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის (იმიტომ, რომ ინტელექტუალური ორგანაიზერი აქვს + გრაფიკებთან და ცხრილებთან მუშაობა მაქსიმალურად გაადვილებულია) და ის შეუცვლელია კრეატიული ადამიანებისათვის (ჭკვიანი ელექტრონული კალმის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოებზე წარწერების დატოვება, ნახატების შექმნა, ხელით ნაწერი მესიჯების გაგზავნა… ). გალაქსი ნოუთი იმ ადამიანებსაც გამოადგებათ, ლეპტოპიც რომ აქვთ და მობილურიც, მაგრამ თან პატარა წიგნაკს მაინც ატარებენ მნიშვნელოვანი ამბების ჩასანიშნად. როგორც ჩანს, ადამიანს მაინც აქვს წერის მოთხოვნილება, რომელსაც ,,კრეფა“ ვერაფრით ანაცვლებს. სამსუნგმაც აქცენტი სწორედ ამ მოთხოვნილებაზე გააკეთა.
Continue reading “Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი”
2012: პირველი პოსტი

2012 წელი დადგა. მე კიდევ ვზივარ და 2011 წლის პოსტებს ვკითხულობ. წელს აშკარად უფრო ცოტას ვწერდი, ვიდრე შარშან და ამიტომაც კომენტარებში ჭარბობს თხოვნები: ანინა, მეტი წერე. ანინა, როდის იქნება ახალი პოსტი? ძალიან მრცხვენია, რომ ასე ცოტა პოსტი დამიგროვდა ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
ბლოგინგის საიდუმლო წესი:
თუ ბლოგერი ძალიან ცოტას წერს, ესე იგი, მას ყველაფერი ან ძალიან კარგად აქვს, ან ძალიან ცუდად.
ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად იყო, თუმცა ბლოგზე ამის დაწერას ვერიდებოდი, რადგან არ მინდოდა, ბევრი მეწუწუნა.
გრძელი ვიქენდი
სოფელში ვიყავი. სულ რამდენიმე დღით ჩავედი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან–ძალიან დიდი დრო გავიდა. ახსნას არ დავიწყებ. თქვენც გეცოდინებათ, რომ სოფელში დრო თავისებურად გადის. ზანტად. მთელი კაიფიც იმის გაცნობიერებაშია, რა ნელა ხდება ყველაფერი შენს თავს. რა ნელა გრილდები, რა ნელა კითხულობ, რა ნელა ისვენებ. ამ შენელებულ შეგრძნებებზე ბევრჯერ მიხალისია არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფხიზელზე გაცილებით უკეთესია. არავითარი ფეისბუქი, არავითარი ბლოგოსფერო, არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები: ჭიდან წყალი ამოღებულია? საბანაო რამსიმაღლეა? ჩემი ჟაკეტი აქ ხომ არაა? მოკლედ _ დაწვრილმანება, რომელიც მე უფრო ადამიანური რამე მგონია, ვიდრე მისი საპირისპირო მოვლენა: ყველაფერზე ,,მაღლა დადგომა”.
გაიცანი ქინდლი
თუ თქვენ არ მიეკუთვნებით იმ მკითხველთა რიგს, რომლებიც წიგნებს მხოლოდ სუნის და შრიალის გამო კითხულობენ, მაშინ ამაზონ-ქინდლი მოგეწონებათ. მაგრამ იმისთვის, რომ მოგეწონოთ, უნდა იცოდეთ, რა არის და როგორ ფუნქციონირებს იგი.
ქინდლი ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც 3500მდე წიგნს იტევს და მიუხედავად ამისა, ძალიან მსუბუქია. მისი ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.
1) ის არ ანათებს:
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამაში არაფერია ცუდი. რომ არ ანათებს, ქინდლი იმიტომაც არ ღლის თვალებს, განსხვავებით კომპიუტერის ეკრანისგან, რომელიც ძალიან მოუხერხებელია დიდი ტექსტების საკითხავად. თუ ღამე კითხვა გიყვართ და სინათლის ანთება არ გსურთ, შეგიძლიათ ქინდლზე დასამაგრებელი სანათური იყიდოთ, რომელიც ტექსტზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. მე ქინდლთან ერთად გამოვიწერე მისი ბუდეც და ეს პატარა სანათიც (იხ. სურათზე) და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, რომელიმე თქვენგანს ჩემსავით თუ უკითხავს წიგნები საბნის ქვეშ ფარნით ხელში, მაგრამ შეგრძნება დაახლოებით იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ორივე ხელი თავისუფალი გაქვს. ასე რომ , შეგიძლია, თამამად იკითხო ეროტიკული წიგნები : ]
ცდუნებები
ჩემს ცდუნებას შოკოლადით ვერ შეძლებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მაინც მაჩუქოთ.
ვერც სუნამოთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩუქებაც არაა საჭირო.
დიდად არც შოპინგებზე სიარული მიყვარს და თუ 100ლარიან სასაჩუქრე ბარათს მოვიგებ რომელიმე ტანსაცმლის მაღაზიაში, პირველ რიგში იმას ვიკითხავ, შემიძლია თუ არა ფულში განაღდება.
არც მაკიჟი და სამკაულები მჭირდება, ოღონდ თმის სამაგრებზე ეგ არ ვრცელდება. თმის სამაგრები საჭიროა. ყოველთვის საჭიროა. ვერასდროს ვერ ვხვდები, როგორ ქრებიან თმის რეზინები პირდაპირ მაგიდიდან ან უარესი, თმიდან.
თუმცა, მე უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცდუნებებიც მაქვს.
პირველი_ კითხვაა და ახლა უკვე ,,ქინდლში” კითხვა.
ნუ მკითხავთ, ქინდლი უფრო მიყვარს თუ დედაჩემი, რადგან კითხვა რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ქინდლი. სხვანაირად როგორ უნდა იყოს: დედაჩემი ვერ მიკითხავს ხმამაღლა, ინგლისურად და გამოთქმით პედეეფ ფაილებს და არც ზურგზე წოლისას კითხვისთვისაა მოსახერხებელი, რადგან 200 გრამზე მეტს იწონის. თუმცა, დედას ის პლუსი ნამდვილად აქვს, რომ ბრაუზერის გაშვებისას არ ჭედავს.