
უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები. პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო, რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.
რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს, მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.
ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.
სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.
მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.
სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა შენთან ლაპარაკს აზრი.
ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.
თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.
Like this:
Like იტვირთება. . .