გაუცხოების ხელოვნება

არავინ მოგატყუოთ, რომ თქვენთვის წერს ან იმისთვის, რომ საზოგადოება წინ წასწიოს. ყველა ჩვენი ეგოისტი თავებისთვის ვწერთ. თუ არაფერს დაწერ, მაშინ სათქმელის უკან ჩაბრუნება მოგიწევს. უთქმელი სიტყვები ჯერ თვალებს ჩაგიშავებენ, მერე ტკბილეულობას შემოგტენიან, პარასკევობით – უთავბოლო სმაში გაგხვევენ, შაბათობით უცნობი ადამიანების გვერდით გაღვიძებას მიგაჩვევენ, კვირას პირობას დადებ, რომ კარგი გოგო ან ბიჭი იქნები. ორშაბათს ბევრს მოწევ და გაითიშები. მერე მიხვდები, რომ უნდა დაწერო და ეცდები ისე შეფუთო, თითქოს თავიდანვე საზოგადოების წინსვლაზე ზრუნავდი.

ამ ბოლო დროს ბევრ თავგადასავალში ვეხვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანად დანძრეული მაქვს. მორიგი ურთიერთობა დასრულდა ისე ცუდად, რომ მისგან მოსაყოლიც კი არ გამოვიდა არაფერი. დარჩა მხოლოდ გულის შეკუმშვა, როცა მის სახელს ლურჯად დაწერილს ვკითხულობ ვირტუალურ სივრცეში, ფინანსური ვალდებულებები და თავშეკავებული ღიმილი მის მეგობრებთან გადაყრისას.

ნეტავ რა მომენტში ვკარგავთ ერთმანეთის შეგრძნებას ადამიანები. სიყვარულზე არ ვამბობ, სიყვარული წლობით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მაზოხიზმი გიტაცებს. უფრო იმის ცოდნას ვგულისხმობ, რა ამბავი ხდება მეორე ადამიანის თავს. როცა იმდენად კარგად იცნობ შენს ყოფილ შეყვარებულს, რომ წუთების სიზუსტით შეგიძლია თქვა, რას უყურებს, რას უსმენს, რომელ საჭმელებს ჭამს, ვის ხვდება და როგორ ცდილობს დარდის ჩახშობას. შესაბამისად, იმ ადგილებს ერიდები, სადაც მას შეიძლება გადაეყარო. მიუხედავად ამისა, ქალაქი მისი ნაბიჯებით დანაღმულია და ერთ ქალაქში ცხოვრების სიმძიმე იმდენად აუტანელია, რომ ლამისაა, მიწასთან გაგასწოროს.

იქნებ ამიტომ ხდება აუცილებელი საკუთარი თავისთვის ახალი ფორმის გამოგონება ყოველ ჯერზე, როცა სიყვარული სრულდება. მთავარია, როგორმე დაემალო შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის წარმოსახვით მზერას. აი, მე სხვანაირი ვარ, შევიცვალე. აი, ტატუ მაქვს, რომელიც შენ ჯერ არ გინახავს. აი, გავხდი. აი, კუნთები გამიჩნდა, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვს. ის ადამიანი, ვისაც ოდესღაც იცნობდი, წავიდოდა ოდესმე სალაშქროდ გველებიან მინდორში? არა! მე კიდევ მივდივარ. არა, ეს სიტყვები უკან მიმაქვს. არ მივდივარ. გველები მართლა ნამეტანია.

ეს შეჯიბრებითობაც რა სასაცილოა და რა ადამიანური.

აბა ვინ უფრო სწრაფად დაგეთოვერდება? თუ რილეიშენშიფ სტატუსში სინგლის დაწერა დაასწარი, ეს 10 ქულაა. საეჭვო თაგი იმ ადამიანთან ერთად, რომელთანაც სექსი არასდროს გექნებოდა, მაგრამ დალევას მაინც დათანხმდი? – კიდევ 20 ქულა. საჯარო ადგილას სხვა ადამიანთან ერთად გამოჩენა და უდარდელი სიცილი? 30 ქულა. იმ ადამიანთან საჯარო ფეისბუქ ინტერაქცია? 50 ქულა. თუ ახალი ურთიერთობა პირველმა წამოიწყე, სამუდამოდ გამარჯვებული ხარ და თუ ეს ურთიერთობა მარტოობის გარდა სხვა გრძნობას არ ემყარება – მაშინ საკმაოდ სევდიანი.

–  ხომ შეიძლება უბრალოდ ბედნიერი ვიყო, როგორც ვიყავი? – მეუბნება მეგობარი, რომელიც ჩემსავით რაღაც სისულელეშია გაჭედილი.

გამოცდილი რომ არ ჰქონდეს საკუთარ თავზე, მოვატყუებდი, თითქოს ბედნიერება არ არსებობს. თითქოს არავინ იღვიძებს ისე, როგორც ჰოლივუდის ფილმებშია. პირველი, რასაც ხედავ, საყვარელი ადამიანის წირპლიანი სახე რომ არის და სადღაც რომ განიხილავ იდეას, იქნებ სამსახურებში დაგვერეკა და მთელი დღე საწოლში დავრჩენილიყავითო…

პირველი ადამიანი, რომელიც საწოლიდან დგება, ვალდებულებას იღებს, მეორე ადამიანს ყავა გაუკეთოს და ასე გრძელდება მანამ, სანამ უბრალოდ არ დაშორდებით.

რანაირად მოვატყუო, როცა ეს ყველაფერი იცის. ან თავი როგორ მოვიტყუო, როცა ვიცი.

ამიტომ იმას ვეუბნები, რასაც ჩემს თავსაც ვუმეორებ მანტრასავით:

– ესეც გაივლის.

იმიტომ, რომ წესით, ასეც იქნება.

 

გადამგდებები

large (1)ქართველებს ერთი შესანიშნავი სიტყვა გვაქვს მათ აღსანიშნავად, ვინც დანაპირებს არ ასრულებს- გადამგდები. მოდი, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ჩვენც ვყოფილვართ გადამგდებები. მე პირადად ბევრჯერ დავპირებივარ ძველ მეგობარს, რომ მისთვის დროს გამოვნახავდი, მაგრამ საბოლოოდ დამზარებია ვიქენდზე სახლიდან გამოძრომა. დავპირებივარ ბიჭებს, რომ დავურეკავდი და არ დამირეკავს. დავპირებივარ უცნობ ადამიანს, რომ გადავხედავდი მის ბლოგს და არ გადამიხედავს. მოკლედ, მეც ვყოფილვარ გადამგდები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ზოგიერთ საქმეში გადაგდება არ შეიძლება, დღეს კი სწორედ ასეთ საქმეებზე მინდა ვილაპარაკო.

ამ პოსტის ინსპირაცია თინის ბლოგიდან მივიღე. ამასწინათ წერდა, როგორ გადააგდო კიკალა სტუდიო ტვ-მ  და არ მისცა თანხა, რომელზეც შეთანხმებულები იყვნენ. ხოდა, გამახსენდა ჩემი მტკივნეული გამოცდილება ზოგადად გადაგდებების მხრივ და მომინდა, თქვენთვის გამეზიარებინა.

1. ახლო, ძალიან ახლო მეგობრების გარდა არავის ასესხოთ ფული. ან თუ ასესხებთ, მხოლოდ იმდენი ასესხეთ, რამდენსაც პრინციპში, უპრობლემოდ აჩუქებდით. აი, მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც იოლად გამაბრიყვა და შესაბამისად, აღარც არის ჩემი მეგობარი. ჯერ 100 ლარი მესესხა 1 კვირით და 2 თვეში დამიბრუნა. მერე ბევრი ბოდიში მომიხადა, მთხოვა, მისთვის გამეგო, მოკლედ, ისევ დაიბრუნა ჩემი ნდობა. ამის შემდეგ ერთხელ 50 ლარი მესესხა ერთი დღით და მართლაც შეასრულა დანაპირები. და როცა დავიჯერე, რომ მართლა კარგი ბიჭი გახდა, ისევ მესესხა ასი ლარი და აღარ დამიბრუნა. ზარებს არ პასუხობდა, ქუჩაში მემალებოდა და როცა ძალიან, ძალიან დამჭირდა ფული და კატეგორიულად მოვთხოვე დაბრუნება, აქეთ გამომლანძღა, შენ რანაირი მეგობარი ხარო. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.
რჩევა: გახდით ისეთი, როგორიც არის ნებისმიერი ბანკი. ადამიანი თუ აგვიანებს ვალის დაბრუნებას, უბრალოდ აღარ ასესხოთ მომავალში ერთი თეთრიც კი.

Continue reading “გადამგდებები”

არაგანსაკუთრებული გოგოები

ამ დღეებში რამდენიმე  მელოდრამას ვუყურე. იმიტომ, რომ ჩემი ქინდლი უკვე მეორედ გაფუჭდა, ხოლო ახალი არაელექტრონული წიგნების ყიდვას ხელფასამდე ვერ მოვახერხებ. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ ადვილად პროგნოზირებად ამბებს სიყვარულზე. აი, ბიჭი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, უამრავი გოგო ჰყავს და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, გოგო, რომელიც უცნაურად იცვამს, ბევრს მუშაობს  და ბიჭებს ზედაც არ უყურებს. მათ ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, ოღონდ თავიდანვე არა. ეს ამბავი სუპერ-გოგოზე და სუპერ-ბიჭზეა. მეც, ისევე როგორც მელოდრამების სხვა მაყურებლებს, სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია მჭირდება. რეალური რილეიშენშიფები, სადაც გოგოებს სხვა ეტაპზე გადასვლა ეჩქარებათ, ხოლო ბიჭები საცვლებს იშვიათად იცვლიან, ცხოვრებაშიც მყოფნის. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირები მელოდრამებში ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგვანან. გოგოს მხოლოდ სექსზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწონს და სითბოს ნებისმიერ გამოვლინებაზე აგრესიული რეჟიმი ერთვება,  სიტუაცია ხანდახან ძალიან კომიკურიც კი  ხდება. ასეთმა სუპერ-გოგომ შეიძლება სილა გააწნას ბიჭს ყვავილების ჩუქებისათვის, რადგან ეს საქციელი სექსზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ვერ თავსდება. ბიჭი კი, რომელიც ადრე ქალების გულთამპრყრობელი იყო, ახლა თავითაა გადაშვებული მონოგამიურ ურთიერთობაში და ცდილობს, ამ განსაკუთრებულ გოგოს როგორმე თავი შეაყვაროს. ბოლოს ყინული დნება, გოგო როგორღაც გადააბიჯებს წინა ურთიერთობებისგან დარჩენილ ტრავმებს და სუპერ-ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება. და ისინი ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ ტიტრები არ ჩამთავრდება.

Continue reading “არაგანსაკუთრებული გოგოები”

შესავალი კურსი ურთიერთობებში

 

დღეს მთელი დღე ურთიერთობებზე, გაუგებრობებზე და დისკომფორტებზე ვფიქრობდი. და კიდევ იმაზე, მართლა საშინელება იქნება თუ არა, ყველამ რომ ის ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ.

აი, დაახლოებით ასე:
,,ძალიან კარგი ბიჭი ხარ. საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ არ შეგხვდები, იმიტომ რომ პატრიარქის სურათი გაქვს გადაშეარებული. სტერეოტიპებისა და სტატისტიკის გამო მგონია, რომ შეზღუდული აზროვნება გაქვს და მე რომც მომეწონო, შენ არ მოგეწონები”
,,სინამდვილეში მხოლოდ შენთან სექსი მინდა. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად მოგექცევი. უბრალოდ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებ”.

,,მინდა, რომ ჩემი პოსტები წაიკითხო”

,,გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც მინდა, ჩემი ყავის ფული შენ გადაიხადო”

,,სინამდვილეში სამჯერ მეტი კაცი მყოლია, ვიდრე ვამბობ”
,,სინამდვილეში სამჯერ ნაკლები ქალი მყოლია, ვიდრე ვამბობ”

,,დღეს საღამოს სექსი არ გვექნება, რადგან გაპარსული არ ვარ”

,,მე მაინც ქერა გოგოები მირჩევნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენთან სექსი არ მექნება”

,,ცოტა ხანს უნდა გაწვალო, რომ არ იფიქრო, თითქოს ყველას ადვილად ვაძლევ”

და ასე შემდეგ.

Continue reading “შესავალი კურსი ურთიერთობებში”

გოგონები

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ბიჭები მაინტერესებდეს, მე გოგონებზე დაკვირვება ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. იმიტომ, რომ გოგონები საყვარლები არიან.

გოგონები საყვარლები არიან მაშინ, როცა ცდილობენ, ნაძირლები არ შეუყვარდეთ და არაფერი გამოსდით.

გოგონები მაშინაც საყვარლები არიან, როცა ცდილობენ, იმ  ნაძირლებს არაფერი უთხრან, არასდროს მისწერონ და იშვიათად გაუღიმონ

მერე უცებ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ მიწერა შეიძლება, მაგრამ ძალიან ცივები უნდა იყვნენ მიწერის დროს.

Continue reading “გოგონები”

სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით

ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა,  ეს ამბავი ასე მარტივად  არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ  ,,ფორმალობებს” არ სცნობს.

იცის, რომ დილის ხუთ საათზე მხოლოდ ჩვენ ვენთებოდით მწვანედ და არასდროს მივწერდით ერთმანეთს.  ისიც იცის, რომ ეს ზედმეტად სევდიანი იქნებოდა ჩვენთვის ორივესთვის.

Continue reading “სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით”