ძველი პოსტების მსგავსი პოსტი

4

უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი   რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ  გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და  მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.

3

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები.  პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო,  რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.

5რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს,  მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.

ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.

სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.

მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.

სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა  შენთან ლაპარაკს აზრი.

ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.

თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.

ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge

როცა დიდხანს არ ვწერ, მინდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერილი  პოსტი გამორჩეული იყოს ხოლმე.
ხანდახან ეს გამორჩეული ამბები პირდაპირ ხელებში მიცვივა, ხანდახან კი მოსვლას აჭიანურებს და მეც ვიჯერებ, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთივით მოსაწყენია.
არადა, სულაც არაა მოსაწყენი:

  • მე მყავს  თავზეხელაღებული მეგობრები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამხვევენ შარში.
  • მე მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომელთა გამოც ძილი ასე ძალიან მიყვარს.
  • და მე მაქვს საქართველოში ყველაზე საინტერესო სამუშაო, რომლის დამსახურებითაც ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს ყველაზე ადრე ვკითხულობ.

სამუშაოში librivivi.ge-ს ვგულისხმობ. ეს არის საიტი, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაეშვა და მიზნად ისახავს, მწერალსა და მკითხველს ცხოვრება გაუადვილოს. მწერალს ამ საიტის მეშვეობით შეუძლია ყველაზე ადვილად მიიტანოს საკუთარი ნაწარმოები მკითხველებთან, მკითხველები კი მიზერულ ფასად კითხულობენ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იწერება.

Continue reading “ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge”

როგორ ავიღოთ პასპორტი

რატომ დამჭირდა პასპორტი

გადაწყდა. აგვისტოში ლიტვაში მივდივარ 1 კვირით. აი, ასე, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიტვაში მაგზავნიან, რადგან ვარ ქართველი, ვარ მწერალი, ვარ ქალი და მოვხვდი ბედნიერ ხუთეულში. თრიფის  მიზანია, რომ იქაური მწერლები გამაცნონ და ჩემი მოთხრობა თარგმნონ.

მითხრეს, რომ ფული საჭირო არაა, უბრალოდ უნდა გავუგზავნო 1 მოთხრობა, რამდენიმე სურათი, ბიოგრაფია და.. საპასპორტო მონაცემები.

_ უპს. პასპორტი არ მაქვს_ ვუთხარი და ოდნავ შემეშინდა, რომ ამის გამო ვინმეთი ჩამანაცვლებდნენ.

_ სასწრაფოდ უნდა აიღოთ_ იყო პასუხი.

უნდა ავიღო და ავიღებ :]

პასპორტის ასაღებად მზადება თმის მოწესრიგებით დავიწყე. [მინდა, რომ კარგი სურათი მქონდეს პასპორტში]ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი წელამდე თმა ამ ცოტა ხნის წინ მხრებამდე შევიმოკლე და თავს ახლა უფრო ბედნიერად (და მსუბუქადაც) ვგრძნობ.

მერე წარბები გავიკეთე, რაც ძალიან-ძალიან უსიამოვნო პროცედურაა და მსუბუქი მაკიაჟიც მინდოდა, სანამ გავიგებდი, რომ 25 ლარი ღირს.

მერე სელფ-შოთი გადავიღე, რაც იმდენად ნარცისიზმით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც იმით, რომ დედაჩემს ჩემს ფოტოაპარატთან ურთიერთობა არ მოსწონს.

ახლა გამოვიყურები ასე და ვაპირებ წავიდე სამოქალაქო რეესტრის უახლოეს სააგენტოში, რომელიც მდებარეობს ქ. წამებულის 65-ში, მე კი ქ. წამებულის 10-ში ვცხოვრობ. (  პროცედურის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ )_

თან მიმაქვს პირადობის მოწმობა და 100 ლარი. როგორც მითხრეს, დანარჩენი საბუთები ადგილზევე უნდა მოვიპოვო.
აფდეითები, რა თქმა უნდა, იქნება : ]

update: 104 ლარი უნდა წამეღო.

3 ლარი სურათის გადაღებისთვისაა საჭირო. 1ლარიც ბანკის მომსახურებისაა. სამოქალაქო რეესტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან სასიამოვნო თანამშრომლები ჰყავთ. ეგრევე მომცეს მიმართულება და ღიმილიც არ დავიწყებიათ. თავდაპირველად  ფოტოსურათის გადამღებ აპარატთან მივედი, თვალი გავუსწორე და გა-ვი-ღი-მე. მერე 3 ლარი ჩავყარე და ძალიან მალე სურათი ავიღე. სურათითა და პირადობის მოწმობით ხელში სხვა ფანჯარასთან გადავინაცვლე, სადაც 101 ლარი გადამახდევინეს და ფურცელი მომცეს, რომელზეც ხელი მოვაწერე. ბოლოს კი მესამე პუნქტში გამაგზავნეს, სადაც ხალისიანი ბიჭი დამხვდა, რომელმაც რაღაც ხელსაწყოზე ელექტრონული ხელისმოწერა დამატოვებინა, ანაბეჭდები ამიღო და მომცა ფურცელი, რომლითაც 10 სამუშაო დღეში მომცემენ პასპორტს.

და ამან წაიღო სულ 10 წუთი

ჰოდა, ახლა აღფრთოვანებული ვარ და არ მჯერა, რომ ეს ამბავი მოვაგვარე. ველ დან, მთავრობა : ]

უწიგნ(ურ)ობა

საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა ლაშა ბუღაძეს ვემსგავსები. რა თქმა უნდა, გარეგნულად არა.  პათოსით. ვისაც ლაშას სვეტები წაუკითხავს, კარგად იცის,  რომ იგი ძირითადად იმაზე წერს, რომ მკითხველი არ არსებობს, ხალხი გაუნათლებელია და საერთოდაც, წიგნის კითხვა მხოლოდ ფორმალურად ითვლება კარგ ტონად.

მოდი და ნუ დაეთანხმები ამას, როცა უწიგნურობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები.

_მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?_ მეკითხება ერთი.

მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: _ 20.

_ ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.

_ კი. ყველა სქელი იყო _ ვეუბნები მე.

და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.

Continue reading “უწიგნ(ურ)ობა”

წლის ბლოგერი

შარშან:

1.

შარშან ამ დროს ბლოგი არ მქონდა, რადგან მეგონა, რომ ბლოგის გაკეთება დიდი წვალება იყო, მიხედვა კი _ უფრო დიდი წვალება. ახლა მგონია, რომ ბლოგის გაკეთება ძალიან ადვილია, მიხედვაც ასევე. გაცილებით რთულია, რომ ვინმეს შენი ნაწერი წააკითხო.

2.

შარშან ამ დროს მეგონა, რომ ბლოგერები ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები იყვნენ და საიტებს ამ წარუმატებლობაზე საწუწუნოდ იყენებდნენ. ახლა მგონია, რომ ბლოგერობა არაფერ შუაშია. ზოგადად, ადამიანები არიან წარმატებულები და წარუმატებლები. თუ წარუმატებელ ადამიანს ბლოგი აქვს, რა თქმა უნდა, ბლოგზეც ამ თემას ატრიალებს, თუ წარმატებულ ადამიანს აქვს ბლოგი, მაშინ წარმატებებზე წერს. სხვა საქმეა, რომ ჩვენთან ზოგადად ცოტა ადამიანია წარმატებული თავის საქმეში.

Continue reading “წლის ბლოგერი”

ბელგიური შოკოლადი

ეს პოსტი (მოთხრობა) რომ გაიგო, ჯერ ეს უნდა გქონდეს წაკითხული.

შიში

ჩემს ყველა ბიჭს ერთნაირი შიში სტანჯავს. ეშინიათ, რომ ერთხელაც ავდგები და  დავწერ მოთხრობას, სადაც ყველას თავისი სახელითა და გვარით მოვიხსენიებ. შედეგად, საკმარისია ვინმემ ყურის ბიბილოზე მიკბინოს, რომ ამას აუცილებლად მოაყოლებს ფრაზას: ,,ოღონდ  ჩვენში დარჩეს, ხო?.. არ გვინდა ბლოგი და რაღაც”. ამის მერე მეც ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ რამე ისეთი გავაკეთო, რის დამალვასაც აზრი ექნებოდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ ბარში მოხდა. ვუყურებდი ერთ მიმზიდველ ბიჭს, რომლის სახელიც არ მახსოვდა. ვუყურებდი თვალებში და ტუჩებზე მონაცვლეობით და ზუსტად მაშინ, როცა მისკენ გადავიხარე, მან თქვა: ,,მგონია, რომ ამას ბლოგისთვის აკეთებ“. ცოტა ხანი მის სიტყვებს ვაცნობიერებდი (მთვრალზე ეს კიდევ უფრო რთულია) და ამ დროს ტუჩებზე მისი შეხებაც ვიგრძენი. ზუსტად მაშინ, როცა მისი ენა ჩემს ენას შეეხო, მე გამახსენდა, რომ ჩემს დომეინს პრობლემები აქვს.

_ რამე მოხდა?

_ პრინციპში არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სირი ხარ.

_ რატომ?

_ შენც იცი. დეტალები შეგიძლია ჩემს ბლოგზე იხილო.

_ კარგი რა. ამას არ იზამ.

_ ვიზამ და თან ისე, რომ გეტკინება და გესიამოვნება.

_ ვიცოდი, რომ  დამპალი გოგო იყავი.

_ დიდი ამბავი. ეგ ყველამ იცის.

Continue reading “ბელგიური შოკოლადი”

როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად

იმისათვის, რომ სიზმარში რამე გადაგიხადონ, პირველ რიგში, სიზმარი უნდა ნახო. მე კი მეტს არაფერს ვაკეთებ ღამით: ან სიზმრებს ვხედავ ან ვწერ. ვწერ იმაზე, რაც სიზმრად ვნახე და ვნახულობ სიზმრად იმას, რაზეც ვწერ. ,,თვითმკვლელთა მატარებელიც” ეგრე დაიწერა. ჯერ იყო საშინელი სიზმარი, რომელიც როდის-როდის გავუმხილე ჩემს დას. ლელამ მითხრა, აუცილებლად უნდა დაწერო, თუნდაც  პატარა რამე და თუნდაც მხოლოდ მე მაჩვენოო. დავწერე, მაგრამ მხოლოდ მისთვის არ მიჩვენებია. და ახლა ვფიქრობ:  კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.

ჩემმა მოთხრობამ გუშინ კულტურის სამინისტროს კონკურსი მოიგო.

Continue reading “როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად”