ძველი პოსტების მსგავსი პოსტი

4

უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი   რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ  გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და  მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.

3

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები.  პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო,  რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.

5რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს,  მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.

ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.

სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.

მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.

სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა  შენთან ლაპარაკს აზრი.

ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.

თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.

ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები

realize-family-1024

იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო:

მაქვს 1 ლეპტოპი
ერთი კომპიუტერი
ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა
ერთი კურდღელი, რომელიც 15 ლარად ვიყიდე და არასდროს გავყიდი
ერთი წიგნის კარადისთვის სამყოფი წიგნები
ერთი ერთადგილიანი საწოლი
ერთი სარეცხი მანქანა
იმდენი ჭურჭელი, რომ მე მეყოს და კიდევ 3 სტუმარს
როლიკები
აიპოდი
ერთი წითელი პუფი

რა არ მაქვს:

საერთოდ არ მაქვს ძვირფასეულობა. საერთოდ.
არ მაქვს ძვირფასი სუნამოები.
არ მაქვს არავის ვალი. ერთი თეთრიც კი.
არ მაქვს ბრენდირებული ტანსაცმელი.
არ მყავს მანქანა.
და არ მაქვს სახლი.
Continue reading “ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები”

ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან

home alone

სანამ ბავშვი ხარ, ცხოვრების ყველა ასპექტს კარგად ვერ ხედავ. უფრო სწორად, გიმალავენ. გეუბნებიან, რომ კონკრეტული ამბების გასაგებად ჯერ პატარა ხარ და რატომღაც, გაზრდის მერეც არავინ გეუბნება სიმართლეს. იგულისხმება, რომ ისედაც ყველაფერი უნდა იცოდე. მაგალითად:
1. იცი, შენი ძაღლი სხვა სოფელში კი არ გავუშვით საცხოვრებლად, უბრალოდ დაბერდა და მოკვდა.
2. მე და მამას ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ კომფორტულ ცხოვრებას ვერ ველევით და ამიტომაც ვართ ერთად.
3. ჩვენი დაქორწინებიდან ასე მალე იმიტომ გაჩნდი, რომ დაუგეგმავად დავფეხმძიმდი შენზე.  ის ერთი შემთხვევა რომ არა, ახლა ალბათ სულ სხვაზე ვიქნებოდი გათხოვილი.
4. შენი ნახატები არაფრით გამორჩეული არაა სხვისი ნახატებისგან.  სჯობს, თუ ხატვას საერთოდ შეეშვები.

მშობლები გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენი დაცვა უნდათ. მაგრამ როცა დიდი ხდები და შენ თვითონ იწყებ მათ მოტყუებას მათსავე დასაცავად, ცუდი ადამიანი გამოდიხარ. არადა, ტყუილებზე დგას ოჯახის ჰარმონია. პატარა, დეტალურად გათვლილ, გაწონასწორებულ ტყუილებზე. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა სახლში მარტო დარჩენა. მომწონდა, რომ შემეძლო პიანინოზე ჩემი მოგონილი მელოდიები დამეკრა მეცადინეობის ნაცვლად. მომწონდა ფეხების შეკეცვა სკამზე და ისე ჯდომა. მომწონდა თან კითხვა და თან ჭამა (დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე ასეთ დროს, წიგნს დასვრიო). მერე ისმოდა კარზე ზარი და ვხვდებოდი, რომ ჩემი გართობა დასრულდა.  მაგრამ კარს რომ ვაღებდი, მამას(დედას) მაინც სიხარულით ვხვდებოდი და მომენატრე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმიტომ რომ ამ პატარა გაწონასწორებულ ტყუილზე იყო დამოკიდებული, მომცემდნენ თუ არა უფლებას, ცოტა გვიან დამეძინა ან წვნიანი არ მეჭამა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ტყუილზე არ უნდა ააგო ურთიერთობა” სრული სისულელეა. აბა რაზე უნდა ააგო ურთიერთობა, სიმართლეზე? რა უნდა მოუყვე კაცს, რომელსაც კარგადაც არ იცნობ:

Continue reading “ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან”

წვნიანი მინის ქილაში

ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე რამ მემართება: გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და ამ დროს რაღაც უცნაური ხდება. მაგალითად, ანძა, რომელიც ჩემს ფანჯარაში ბრდღვიალებს, უცებ წყვეტს ნათებას და ვხვდები, რომ ამდენი ხანი ოთახს მისი შუქი ანათებდა. მივდივარ ფანჯარასთან და ველოდები, როდის აინთება ისევ.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მირეკავს ძველი მეგობარი, რომელმაც არც კი ვიცი, საიდან იპოვა ჩემი ნომერი, რადგან 13 წლის ვიყავი, როცა ახალ ზელანდიაში წავიდა და იმის მერე არც ერთხელ არ გვილაპარაკია. მირეკავს და მეუბნება, რომ მხოლოდ ერთი დღითაა თბილისში და აინტერესებს, რამსიმაღლე გავიზარდე.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მიო, ჩემი ბაჭია იწყებს ხმაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოსვლა და ჩემთან თამაში უნდა. ამ დროს ყველაფერი, რასაც სადენები აქვს, საგულდაგულოდ უნდა გადავმალო, რომ მიომ არ შეჭამოს და ავად არ გახდეს.

დღეს ბოლოსდაბოლოს მოვაბი თავი და დავიწყე წერა. როგორც მივხვდი, ბლოგზე ახალი პოსტის დაწერასაც კი გარკვეული დეპრესიული ფონი სჭირდება. თუ ძალიან ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმაზე შეგიძლია წერა, რაც გაბედნიერებს. როცა უბედური ხარ, სამყარო სავსეა უბედურების მიზეზებით და ისინი ურთიერთკავშირშია. მთავარია, აცნობიერებდე იმას, რომ შენი უბედურება სწორედ შემოქმედებითობის წახალისებას ემსახურება, თორემ სხვა მხრივ პირობითია. პირობითია აბა რა, სანამ გაქვს ორივე ხელი, რომ სწრაფად ბეჭდო, გაქვს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ინტერნეტი და ფანჯარა, რომლიდანაც ჩანს ანძა.

Continue reading “წვნიანი მინის ქილაში”

Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

Continue reading “Another kind of love”

უანგარო სიყვარულის შესახებ


როცა საუბარი ჩამოვარდება იმაზე, არსებობს თუ არა უანგარო სიყვარული, ყოველთვის წამოიჭრება ვერსია, რომ შესაძლოა შეყვარებულ ადამიანებს შორის უანგარო სიყვარული არ არსებობდეს, მაგრამ დედაშვილური სიყვარული ნამდვილად  უანგაროა. დედებს  შვილები გულწრფელად უყვართ. ოღონდ ისინი იყვნენ კარგად და…

თქვენ გჯერათ ამის? ნუთუ დედებიც და მამებიც მართლა არაფერს ელოდებიან ჩვენგან მათი სიყვარულის სანაცვლოდ?  ნუ, მაგალითად, თუ მოხუცებულობისას თავშესაფარში ჩააბარებთ, ხმას არ ამოიღებენ, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად? არ იფიქრებენ, რომ თქვენი ვალდებულებაა მათი მიხედვა?

Continue reading “უანგარო სიყვარულის შესახებ”

ღამურები

ჩემი გაძლება ღამღამობით, ძილისწინ რთულია.  დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციები რატომღაც ერთად მაწვება და როცა თვალებს ვხუჭავ, ღამურებად გარდაიქმნება.  ერთ ღამურას ჰქვია ,,ჩემი მომავალი” და ის დაფრინავს სადღაც ძალიან ღრმად, კეფასთან და მის დასანახად თვალებს შიგნით ვერ ვაბრუნებ.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,პრობლემები საკუთარ თავთან” და ის უკვე კარგა ხანია ერთსა და იმავე რამეებს წრიპინებს. კერძოდ იმას, რომ სიყვარული მაჩლუნგებს, რომ სიყვარული მხდის არაპროდუქტიულს, დაუცველს და ყველაფერს, თავისუფალის გარდა.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,უფულობა” .. არა, არა, რა ერთს. ზემოთჩამოთვლილი 2 ღამურის გარდა ყველა ღამურას ,,უფულობა” ჰქვია.

Continue reading “ღამურები”

პრელუდია

_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.

როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..

Continue reading “პრელუდია”

ცხოვრება ინერციით

სხეულის თვისება – შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

 

ისეთი მეგობრები არ გყავთ, დროის შეგრძნება რომ არ აქვთ? იმას არ ვგულისხმობ, სადმე რომ აგვიანებენ, ან კიდევ 10ის ნაცვლად 11ზე რომ შემოდიან სკაიპში. ეგეთები კი არა, ისეთები_ საერთოდ რომ ვერ გრძნობენ დროს. 23 წლისები ისეთივენი რომ არიან, როგორებიც 18-ისები იყვნენ და 30ისები რომ ისეთივენი იქნებიან, როგორებიც 23-ისები იყვნენ.

Continue reading “ცხოვრება ინერციით”

(13-19 II) რატომ ვერ გაფრინდებიან ქართველი თინეიჯერები

წინა  პოსტში ძირითადად ჩემს თავზე ვილაპარაკე და ერთგვარი ქამინგ-აუთი გამომივიდა. ჩემი ძმა გამებუტა და მგონი, საბოლოოდ აუცრუვდა გოგოებზე გული. არადა, რა პოსტებიც მინდა, რომ წაიკითხოს, იმათ ვერაფრით წააკითხებ..

რაც შეეხება მთავარ საკითხს.. რატომ არის ქართველისათვის სიტყვა ,,თინეიჯერი” დამცინავი?

Continue reading “(13-19 II) რატომ ვერ გაფრინდებიან ქართველი თინეიჯერები”