ამ პოსტის დაწერა განვადებით გამოტანილი აიფონების სკანდალმა გადამაწყვეტინა. ხომ იცით რაშიცაა საქმე? სტუდენტებმა განვადებით შეიძინეს აიფონები, ფული ვერ გადაიხადეს და ახლა ცუდ მდგომარეობაში არიან. ამ ამბავს ბევრი მხრიდან შეიძლება შევხედოთ (მე მაინც “ჯეოსელის” მხრიდან შეხედვას გირჩევდით) . ფაქტი ისაა, რომ ეს სტუდენტები ეკონომიკური კი არა, ექსისტენციალური პრობლემის წინაშე დადგნენ. აიფონის ყიდვით მათ იყიდეს ცხოვრების სტილი, რომელსაც ვერაფრით ვერ ამართლებენ. იყიდეს საქმიანი წარმატებული ადამიანის იმიჯი, მაშინ როცა ჯერ-ჯერობით უსაქმურები და წარუმატებლები არიან. მესმის, რომ აიფონი მთლად ისეთი ფუფუნების საგანიც არაა, როგორც მაგალითად, იახტა, მაგრამ როცა შენი შემოსავალი ნოლი ლარია თვეში, აიფონი იახტაცაა და მეტიც.
ეგ არაფერი. ამ სტუდენტებს აუცილებლად ექნებათ აიფონები ან ახლა, ან მერე. შეიძლება ბევრად უკეთესი ტელეფონებიც კი ჰქონდეთ მომავალში, იმიტომ რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. ადამიანებს კი ბევრი რამის გაღება შეუძლიათ იმისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. კიდევ კარგი, რომ მე ბევრად იაფი მიზნები მაქვს: კარგი წიგნები, მოხერხებული ჯინსები, საინტერესო მეგობრები. განვადებით გამოტანა არც ერთ ამათგანს არ სჭირდება.