პრელუდია

_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.

როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..

Continue reading “პრელუდია”

ბუნებრივი

დასაწყისი იხილე აქ

სექსის შემდეგ პაველმა რაღაცები ამიხსნა: მე ახლა შენი დროებითი მამაკაცი ვარ. მინდა, ძველი მამაკაცის დავიწყებაში დაგეხმარო, სანამ ახალ მამაკაცს იპოვიდე. უბრალოდ, პაუზას ვავსებ შენს ცხოვრებაში. ოღონდ, ამას ალტრუიზმად ნუ ჩამითვლი. ორმხრივი შეთანხმებაა. შენ, მიტოვებული არტისტი ქალი, მაძლევ მასალას ახალი წიგნისათვის დეპრესიის შესახებ, მე კი _ ჯანსაღი და სიმპატიური მამაკაცი, ნაცადი მეთოდებით გიხსნი სტრესს. ეს ყველაზე კეთილშობილური რამეა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. დამიჯერე, რეგულარული კარგი სექსი ნამდვილად გიშველის. როგორც კი მივხვდები, რომ კარგად ხარ, იმის უფლებას მოგცემ, რომ თავად მიმატოვო.. მერე ამ ყველაფერზე წიგნს დავწერ და პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ.
მე დავთანხმდი. უკეთესი იდეა არც მქონდა.

შევთანხმდით. ჩვენ კვირაში სამჯერ გვქონდა სექსი, ხან მის სახლში, ხან_ ჩემთან. მერე ვსაუბრობდით ხოლმე და პაველი რაღაცებს ინიშნავდა მომავალი წიგნისათვის. სექსის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, საუბრის შემდეგ კი_ ყოველთვის გამოყენებულად.

მერე პაველის გადაღება დავიწყე. მინდოდა, მისით ჩამენაცვლებინა ,,ჩემი კაცის” მარადიული ხატი. პაველი ამას მალევე მიხვდა.

Continue reading “ბუნებრივი”

თვალთვალი

იცი თუ არა, რომ აკვიატებული თვალთვალის იდეა სხვა არაფერია, თუ არა მარტოობის ლოგიკური შედეგი? ჩემი აზრით, ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე პირველი წინადადების წაკითხვისას თქვენ წარმოიდგინეთ. ადამიანებს თავიანთი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ამიტომაც სურთ, რომ მათი ცხოვრების შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. ოღონდ სურთ, რომ  ადამიანებმა ახლავე იცოდნენ და არა მრავალი თაობის შემდეგ. ვიღას ადარდებს ისტორიაში შესვლა ისტორიკოსების გარდა? ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებას ახლავე აკვირდებოდნენ, პირადად და არა საუკუნეების მერე_ წიგნებიდან. ჩვენ გვინდა, რომ სიცოცხლეშივე დაგვაფასონ და სიკვდილისთანავე დავავიწყდეთ_ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენთვის სამყარო ჩვენს სიკვდილთან ერთად ქრება. თანამედროვე ადამიანი სამყაროს უყურებს, როგორც პროდუქტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მისი ცხოვრება გახადოს უფრო საინტერესო,  და.. მნიშვნელოვანი. მოკლედ, სამყარო ჩემთვის და სხვა მრავალი ადამიანისათვის მხოლოდ საკუთარი თავის დამატებაა_ დიდი სცენა, რომელზეც ჩვენ ჩვენი მაგარი სოლოები უნდა შევასრულოთ. აქვე ჩნდება კითხვა: ვიღას სჭირდება სცენა, როცა სოლო უკვე შესრულებულია?

Continue reading “თვალთვალი”

რჩეული ვიდეოები II (animated)

ძალიან მარტივი გრაფიკით ხანდახან დიადი იდეებიც შეიძლება გადმოიცეს, ან შეიძლება არც ისე დიადი, მაგრამ სასაცილო..

1. Bruno Bozzetto

ეს კაცი ნამდვილი გენიოსია.  მწერალი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მის მოთხრობებს. მარტივად გადმოსცემს სათქმელს, საინტერესოდ ხუმრობს და ძალიან გასაგებადაც. ერთხელ დამესიზმრა, მე და ბრუნო როგორ ვისხედით იტალიის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ  პიცერიაში და ვჭამდით პიცას, რომელიც პრეგოს პიცის ასლი იყო. ბრუნო წუწუნებდა, რომ ცომი ძალიან სქელი იყო, ყველი კი ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.. მერე მიხვდა, რომ თავი მომაბეზრა წუწუნით და სასხვათაშორისოდ თქვა: დარტყმული ხალხი ვართ იტალიელები, არ შეიმჩნიო. მე გავუღიმე და ვუთხარი: შენ ქართველები უნდა ნახო.. Continue reading “რჩეული ვიდეოები II (animated)”

,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს.  ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9  გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ  მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა,  ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები!  თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე:  მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა  და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა   რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია;  მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი  ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი  დღე  სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?

Continue reading “,,ძილსა შინა დაცემა” და რას გვეტყვი, მამაო?”

10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა

ამბობენ, რომ წერა იმაზე, თუ როგორ უნდა წერო,  მასტურბაციაა. პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს მასტურბაცია, თუ რაიმე ცოდნას მაინც გვაძლევს : )  ერთი ეგაა, ისეც ხდება ხოლმე, რომ  როცა სხვებს ვასწავლით რამეს, სწავლების პროცესშივე ვუშვებთ შეცდომებს: მაგალითად, პოსტი იმის შესახებ, რომ პოსტი მოკლე უნდა იყოს, ძალიან გრძელი გამოგვდის. ან ვამბობთ, რომ უსურათო პოსტები აბსურდია და სურათის მიბმა ამ  პოსტისათვის გვავიწყდება.

ვიცი, რომ ასეც ხდება, ხოდა, ვეცდები, იგივე არ დამემართოს.

შენიშვნა: შეიძლება ამ პოსტში ვერც ვერაფერი ნახოთ ახალი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი ახლის თქმა კი არა,  სწორად ფორმულირებაა იმისა, რაც უკვე ვიცით.

მასაშე:

1)  ბიოგრაფიის გარეშე

ეს უბრალოდ ნდობის საკითხია. თუ გინდა, მკითხველები გყავდეს, მათ უნდა იცოდნენ, ვის ტექსტს კითხულობენ. ანონიმური ნაწერები ნაკლებად დამაჯერებელია იმ ნაწერებთან შედარებით,  რომლებსაც ხელმოწერა ახლავთ. ბლოგის შემთხვევაში მხოლოდ სახელი და გვარიც არაა საკმარისი. სულ მცირე, რაც მკითხველმა უნდა იცოდეს ბლოგის ავტორის შესახებ, არის  მისი ასაკი,  განათლება, მისწრაფებები და გამოცდილება იმ სფეროში, რომელზეც წერს. თუ ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს, სჯობს მკითხველმა ეს ავტორისაგან გაიგოს. ხოდა, თუ აქამდე არ მითქვამს, ახლა ვიტყვი: მე არასდროს ვყოფილვარ კოსმოსში : ))))

Continue reading “10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა”