როცა დიდხანს არ ვწერ, მინდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერილი პოსტი გამორჩეული იყოს ხოლმე.
ხანდახან ეს გამორჩეული ამბები პირდაპირ ხელებში მიცვივა, ხანდახან კი მოსვლას აჭიანურებს და მეც ვიჯერებ, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთივით მოსაწყენია.
არადა, სულაც არაა მოსაწყენი:
- მე მყავს თავზეხელაღებული მეგობრები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამხვევენ შარში.
- მე მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომელთა გამოც ძილი ასე ძალიან მიყვარს.
- და მე მაქვს საქართველოში ყველაზე საინტერესო სამუშაო, რომლის დამსახურებითაც ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს ყველაზე ადრე ვკითხულობ.
სამუშაოში librivivi.ge-ს ვგულისხმობ. ეს არის საიტი, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაეშვა და მიზნად ისახავს, მწერალსა და მკითხველს ცხოვრება გაუადვილოს. მწერალს ამ საიტის მეშვეობით შეუძლია ყველაზე ადვილად მიიტანოს საკუთარი ნაწარმოები მკითხველებთან, მკითხველები კი მიზერულ ფასად კითხულობენ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იწერება.