შაბათის ,,ნოუთი”

საინტერესო შაბათები იშვიათად მაქვს. შაბათს, როგორც წესი, გვიან ვიღვიძებ (ეს იმიტომ, რომ საინტერესო პარასკევები მაქვს). მერე სიზარმაცის გამო ვწყვეტ, რომ სახლიდან ფეხის გადგმას აზრიც არ აქვს და მთელი დღე ტვ-შოუებს ვუყურებ. შაბათი ჩემთვის სახლის დღეა. თუმცა, ყველა  შაბათი_ არა. აი, მაგალითად,  წინა შაბათს გადავწყვიტე, თმა შემეჭრა. რაც სახლიდან გაუსვლელადაც ხერხდება, მაგრამ ცუდად.

ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას ადამიანები დეპრესიის ჟამს იღებენო. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ  მე დეპრესია დანამდვილებით არ მაქვს. უბრალოდ ხანდახან  მოწყენილი ვარ. თმის შეჭრა კი ახალი ტანსაცმლის ყიდვასავითაა, ოღონდ უფრო იაფი ჯდება.

შაბათის გეგმა ასეთი იყო:

  • თმის შეჭრა
  • მიოსთვის, ჩემი ბაჭიისთვის სალათის ფურცლების ყიდვა
  • თბილისი მოლში წასვლა

ჰოდა, წავედი და შევიჭერი. შეჭრის შემდეგ კი დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. მომეწონა. გავმხიარულდი და მივხვდი, რომ სახლში შეყუჟვა გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა. სამყაროს ჩემი ახალი თმა უნდა ენახა.

მერე მიოს სალათის ფურცლები ვუყიდე და მეგობარს დავურეკე.

Continue reading “შაბათის ,,ნოუთი””

Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

Continue reading “Another kind of love”

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემი ფრჩხილები ისეთივე  მსხვრევადია, როგორც ჩინური ფაიფური.

და ჩემი თმა_ ისეთი სრიალა, როგორიც თქვენი.

და მე არ ვიცი, როგორ მოკვდა მაო ძე დუნი. ანუ შტერი ვარ.

სამწუხაროა, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს კვეთს, მხოლოდ ჩვენი ცხოვრებები რჩება პარალელური.

ჩემო ჩინელო მეგობრებო, მე ყოველღამე თქვენი სიზმრები მესიზმრება. – მეორადი მოხმარებისა, როგორც ყოველთვის, ცოტათი უხარისხო. (ზედიზედ ორჯერ თუკი ნახავ, გადაიწვება).   მესიზმრება  შროშანები და აბრეშუმები და პატარამკერდიანი გოგოები და დიდთავიანი რობოტები.  და სულ ეგაა ჩინეთი.

Continue reading “ჩემო ჩინელო მეგობრებო”

ლიტ-სინდრომები

არსებობს სინდრომები, რომელთაც ლიტერატურული სახელები აქვთ
სინდრომი სიმპტომთა ერთიანობას ნიშნავს და მისი მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სამედიცინო თავისებურებებს ენიჭება. აი, სახელებს კი, როგორც უნდათ, ისე არქმევენ. სინდრომთა უმრავლესობა აღმომჩენის ან პირველი დაავადებულის სახელს ატარებს. ზოგ სინდრომს კი ლიტერატურასთან მჭიდრო კავშირი აქვს, უფრო მჭიდრო, ვიდრე პაციენტებს. და ვინ არიან ,,ლიტ-სინდრომების” პირველი პაციენტები? ექიმები და ფსიქოლოგები ასე პასუხობენ _ თავად ლიტერატურული გმირები.
1) პიტერ პენის სინდრომი

ყველაზე გავრცელებული ,,ლიტერატურული” სინდრომი პიტერ პენს უკავშირდება. ეს ის პატარა ბიჭია, რომელსაც გაზრდა არაფრის დიდებით არ სურს. ეს სინდრომი აღენიშნებათ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მოუმწიფებელ ადამიანებს, უმეტესად მამაკაცებს. ისინი გაურბიან სოციალურ პასუხისმგებლობას და გამუდმებით საჭიროებენ დედობრივ მზრუნველობას. ამ ფენომენზე პირველად მიუთითა დენ კილიმ 1984 წელს, თავის წიგნში ,,კაცები, რომლებიც არასდროს იზრდებიან”.

2) მაუგლის სინდრომი

მაუგლის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ხალხთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ. ხშირ შემთხვევაში ეს მშობლების უყურადღებობითაა გამოწვეული. პაციენტებს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელი ჩვევები არ გააჩნიათ და არაადეკვატურად იქცევიან. იგივე სინდრომი აღენიშნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ველურად, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე გაიზარდნენ.

3) კონკიას სინდრომი

იმათ, ვინც ფეხსაცმელებს კიბეზე ტოვებს, ეს სინდრომი არ აქვთ. კონკიას სინდრომი იმ ბავშვებს აღენიშნებათ, რომლებიც დედინაცვალთან ან მამინაცვალთან იზრდებიან. ისინი იგონებენ უამრავ ისტორიას, თუ როგორ დაამცირეს ისინი დედინაცვლებმა (მამინაცვლებმა). მეტი დამაჯერებლობისათვის ზოგჯერ პაციენტი თავსაც იზიანებს. სინდრომის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარე ისაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი საკუთარ ტყუილს იჯერებს.

Continue reading “ლიტ-სინდრომები”