არჩევნების შემდეგ

რა ხდება ახლა

2 ოქტომბერია, ანუ არჩევნებმა ჩაიარა. მართალია, ქვეყანა ჯერაც ,,პახმელიაზეა”, მაგრამ შეფასებების გაკეთება უკვე შეიძლება. როგორც ჩანს, დემოკრატიისკენ მუდმივი სვლის რაღაც ეტაპზე, ჩვენ მოვახერხეთ და მივედით დემოკრატიულ არჩევნებამდე. სხვა საქმეა, რომ ყველა ვერ დარჩა ამ ამბით კმაყოფილი. ვერაფერს ვიზამთ. დემოკრატიული პროცესი ადამიანებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თუნდაც გუბაზ სანიკიძეები, თუკი მართლა ასე ძალიან ეზიზღებათ ნაციონალური მოძრაობა. ადამიანებმაც სამწუხაროდ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას კი ბონუსად ბევრი იდიოტის შესვლა მოჰყვება პარლამენტში.
რითი დაიმსახურა ,,ქართულმა ოცნებამ” ხალხისგან ასეთი ნდობა? საქმე ისაა, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ დაუმსახურებია ნდობა, უბრალოდ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიმსახურა უნდობლობა და რადგან ჩვენს ერს რეალურად სულ ორი არჩევანი ჰქონდა, ხალხმა აირჩია 41. რიტორიკამ ,,ოღონდ ესენი აღარ” თავისი გაიტანა. სამწუხაროდ, ეს რიტორიკა უკვე რახანია სრულად განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. რამდენიმე წელია, ფსონს პოლიტიკური ძალები არა საკუთარ ღირსებებზე, არამედ ოპონენტების სისუსტეზე დებენ. ოპონენტის სისუსტეზე იყო ნაწილობრივ დამყარებული აქამდე ნაციონალური მოძრაობის მომხრეების პოზიციაც ,,კარგი, მიშა არ ვარგა, მაგრამ აბა სხვა ვინ უნდა მოვიდეს?”. როგორც კი ამ კითხვაზე მოიძებნა ანგარიშგასაწევი პასუხი_ ,,ბიძინა”, სიტუაციაც მაშინვე შეიცვალა. ,,ქართული ოცნების” ზოგიერთი მაჟორიტარის გამარჯვებამ კი დამარწმუნა, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის წარადგენდა ქართული ოცნება მაჟორიტარად ამა თუ იმ რეგიონში. ხალხმა უბრალოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მისცა ხმა. პოზიცია, ,,ოღონდ ესენი წავიდნენ და ამაზე უარესი როგორ იქნება” კი  უპასუხისმგებლო პოზიციაა. ჩვენ  გვავიწყდება, რომ უარესებიც არსებობენ და რაკი გვავიწყდება, ახლა შეგვიძლია  გადამოწმება დავიწყოთ.

Continue reading “არჩევნების შემდეგ”

ზაფხული თბილისში

 დრო უფრო სწრაფად ზაფხულში გადის თუ მეჩვენება? ფაქტია, ზაფხული თითქოს გუშინ დაიწყო, არადა უკვე მთავრდება. თითქმის მთელი ზაფხული თბილისში გავატარე, მაგრამ არ ვნანობ,  რომ “დედაქალაქში ჩავრჩი” (სხვები ასე ამბობენ ხოლმე, თბილისში ჩავრჩი და ვიხუთებიო, ოხ ეს წყეული სამუშაოო, შვებულება რატომ არ მეკუთვნის, ბოსის ბოზი დედას შ***ციო  და ასე შემდეგ).  მე არც სახურავზე ვირუჯები და არც ლეღვის ნახარშს ვისვამ.  საერთოდ არ ვზრუნავ გარუჯვაზე, რადგან კანის ნებისმიერ ფერს ვწყალობ. არც სიცხეზე  ვწუწუნებ, რადგან სახლში სრულიად იაფი და გენიალური ვინტილატორი მაქვს, რომელიც მთლიანად ჩემზეა ფოკუსირებული და ამიტომაც არ ბრუნავს. ერთი პერიოდი ჭაღ-ვინტილატორებზეც კი ვფიქრობდი. თუ დაკვირვებიხართ რომელიმე ასეთ ჭაღს, შეამჩნევდით, რომ მოსახერხებელი რამეა, მაგრამ ამავე დროს საძაგელი სანახავია.

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ  თბილისში ზაფხულის გატარება არათუ არაა საშინელება, არამედ  გონივრულიც კია.  იმიტომ რომ ბევრად იაფი ჯდება იქ დარჩენა, სადაც ხარ, ვიდრე სადმე სხვაგან წასვლა. ყოველ შემთხვევაში, მე უფრო იაფი მიჯდება. საქმე ისაა, რომ  ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და  სახლის დიასახლისი ფულს მაინც მომთხოვს, თუნდაც ნარნიაში გადავსახლდე დროებით. და რაკი ფულს სულ-სულ ყოველთვე ვიხდი, ამიტომაც უნდა ვიცხოვრო კიდეც.

ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ზაფხულში თბილისში ყოფნას მინუსებიც აქვს.  ზაფხულის სიცხე ჩემზე უცნაურად მოქმედებს და ნელ-ნელა ცივი ყავის მკეთებელ და ტვ-შოუების მაყურებელ მექანიზმად მაქცევს. ამბობენ, რომ ერთ დროს პერსპექტიული გოგოც კი ვიყავი და ადამიანები ჩემს ნაწერებს კითხულობდნენ, მაგრამ მე ეს აღარ მახსოვს. მომეცით ცივი ყავა და ჩამირთეთ six feet under-ი, თუ შეიძლება 🙂

ჰო, მთავარი ისევ დამავიწყდა, როგორც ყველა უპასუხისმგებლო ადამიანს ემართება. თბილისში ზაფხულის გატარებას კიდევ ერთი ნაკლი აქვს: არავინ იზიარებს შენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში კარგია დასვენება. სწორედ ამიტომ,  ოჯახის წევრები და  მეგობრები სოფლებსა და ზღვისპირა ქალაქებში იკარგებიან  და რატომღაც ტელეფონებზეც უფრო იშვიათად პასუხობენ. ცხადია, ისინი სიცხეზე მეტად საკუთარ ბოსებს გაურბიან, რომლებიც თბილისში უფრო ადვილად მისწვდებიან მათ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას. ბოსების უმრავლესობა თვლის, რომ თანამშრომლების შვებულებაში გაშვება ჩვეულებრივი ამბავი კი არაა, არამედ მსხვერპლი მათი მხრიდან. ხოდა, თუ მაინც თბილისში უნდა დარჩე, რატომ უნდა გაიღონ მათ შენ გამო მსხვერპლი? აი, ბათუმში რომ მიდიოდე, კიდევ ჰო..

ასე თუ ისე, ზაფხული დასასრულს უახლოვდება და მალე დადგება მაიკებზე ჟაკეტების შემოცმის სეზონი_ ყველაზე კარგი სეზონი სეზონებს შორის.

გრძელი ვიქენდი

სოფელში ვიყავი. სულ რამდენიმე დღით  ჩავედი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან–ძალიან დიდი დრო გავიდა. ახსნას არ დავიწყებ. თქვენც გეცოდინებათ, რომ სოფელში  დრო თავისებურად გადის. ზანტად. მთელი კაიფიც იმის გაცნობიერებაშია, რა ნელა ხდება ყველაფერი შენს თავს. რა ნელა გრილდები, რა ნელა კითხულობ, რა ნელა ისვენებ. ამ შენელებულ შეგრძნებებზე ბევრჯერ მიხალისია არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფხიზელზე გაცილებით უკეთესია. არავითარი ფეისბუქი, არავითარი ბლოგოსფერო, არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები: ჭიდან წყალი ამოღებულია?  საბანაო რამსიმაღლეა? ჩემი ჟაკეტი აქ ხომ არაა? მოკლედ _ დაწვრილმანება, რომელიც მე  უფრო ადამიანური რამე მგონია, ვიდრე მისი საპირისპირო მოვლენა:  ყველაფერზე ,,მაღლა დადგომა”.

Continue reading “გრძელი ვიქენდი”

სიარული და ჯდომა

ჯდომა კლავს :/
ჯდომა კლავს :/

ქალაქში სიარული სასარგებლოა. საერთოდაც, სიარული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჯდომა, მაგრამ მე მაინც ჯდომა მირჩევნია ხოლმე. შევატყვე, რომ ჯდომა წოლასაც მირჩევნია და ამბობენ, რომ ეს ცუდია, ძალიან ცუდია, რადგან ადამიანის სხეული არაა შექმნილი იმისთვის, რომ დიდხანს იჯდეს. თუმცა ეს მოსაზრება გადასახედია. ვინ იცის, რისთვისაა შექმნილი ადამიანის სხეული?ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ხორცი და  კენკრა ჭამოს, ინადიროს, შიშველმა იაროს, იშვიათად იბანავოს და გამრავლდეს.  მაგრამ ჩვენ ხომ ამის გარდა უამრავ რამეს ვაკეთებთ, არა? არის თუ არა ადამიანის სხეული შექმნილი იმისთვის, რომ კოსმოსში იფრინოს, ან იმისთვის, რომ ღრმად ჩაყვინთოს ოკეანეში? ან თუნდაც იმისთვის, რომ გლობალური დათბობის პირობებში იცხოვროს და ისუნთქოს მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქების ყველაზე ბინძური ჰაერი? მგონი, არა. მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვძლებთ. ამასთან შედარებით ჯდომა უმნიშვნელო რამე მგონია.

Continue reading “სიარული და ჯდომა”

ძველი ამერიკა

დღეს რატომღაც ვცადე ძველი (1900-1930) ამერიკა წარმომედგინა და გამიჭირდა. აი,  ისეთ წარმოდგენას ვგულისხმობ, თვალებს რომ დახუჭავ და დაინახავ. ვიცი, როგორია  მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკა, ვიცი, როგორია 70იანი წლების ამერიკა, თანამედროვე ამერიკაც ვიცი. აი, მეოცე საუკუნის დასაწყისი ამერიკის ,,იმიჯები” კი არ მაქვს თავში. რატომღაც მგონია, რომ მაშინაც კი, როცა  თბილისის ქუჩები სავსე იყო  მაწვნებით, ხალიჩებით, ვირებითა და დუდუკებით, ნიუ-იორკი ისევ სწრაფ რიტმში ცხოვრობდა და ჰქონდა ცათამბჯენები, ყვითელი ტაქსები და ,,სტარბაქსის” ყავა. რას ვიზამთ, ყველაფერი სტერეოტიპებისა და ასოციაციური აზროვნების ბრალია.

ჰოდა სტერეოტიპების დასანგრევად  ავდექი, დავსერჩე ,,Early 20th Century America” და ვიპოვე ჩემი აზრით ძალიან მაგარი სურათები : )

Buffalo, NY, about 1905.
Buffalo, NY, about 1905.

Continue reading “ძველი ამერიკა”

ახალგაზრდა ბებერი მიშა

 

მიშა მაგარია! არა, არ ვხუმრობ, მართლა მაგარია. იმიტომაა მაგარი, რომ ჩემნაირი ადამიანისთვისაც კი, პოლიტიკაზე საერთოდ რომ არ საუბრობს და  ქვეყნის გადარჩენის საკუთარი გეგმა არ აქვს, მუდმივად აქტუალურია. ძალიან მეზარება გამოთვლა, თორემ გეტყოდით, წელიწადში დაახლოებით რამდენ საათს ვუსმენ მიშას. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი ერთდროულად გაგაოცებთ და შეგაშფოთებთ. არადა ეგრეა. ვუსმენ, როგორ საუბრობს კულტურაზე, ისტორიაზე, ეკონომიკაზე, რეფორმებზე.. ვერ ვიტყვი,რომ ყველაფერი მომწონს,  მაგრამ ფაქტია, რომ ვუსმენ.

მისი გამოსვლებიდან პირველ რიგში იმის დადგენა შეიძლება, რომ მიშა ცდილობს, იყოს სახალხო. არის კიდეც. იმდენად სახალხოა, რომ ხშირად ოფიციალური გამოსვლებისას წამოსცდება ხოლმე ,,საყოფაცხოვრებო“  ფრაზები, მერე კი ბოდიშის მოხდა უხდება. მიშა უბრალო ხალხის მხარესაა და ამით ერთგვარად ემიჯნება ,,სნობურ“ დისკურსს. მას არ მოსწონს, როცა ადამიანებს რბილი ,,ლ“-ს გამო დასცინიან. მას არ მოსწონს, რომ თბილისი პრივილეგირებული ქალაქია. მიშა ყველასია. უბრალოა და ხელმისაწვდომი.

Continue reading “ახალგაზრდა ბებერი მიშა”

მუმიის დაბრუნება

ანინა მოკვდა. გაუმარჯოს ნინოს_ დაწერა უცნობმა იუზერმა ჩემს ბოლო პოსტზე. შემოვედი ბლოგზე და აღმოვაჩინე, რომ მოვმკვდარვარ და ბლოგიც ცოცხალ-მკვდარია. დავიბენი, მაგრამ მალევე მივხვდი, რაცუნდა მექნა მუმიასავით უნდა დავბრუნებულიყავი, იმ განსხვავებით, რომ მუმიას სახის კანი არ უვარგა : ) მოგენატრეთ? მე კი. საკმაოდ.

მთელი ამდენი ხანი ვისვენებდი, ეს პირობითად. სინამდვილეში, დიდად არც დამისვენია, თუ ჩემ მიერ ნათარგმნ გვერდებსა და წაკითხულ წიგნებს გადავხედავ. ჰო, კიდევ რამდენიმე მოთხრობაც დავწერე, დეზლი : ) ვიცოდი, რომ პირველი პოსტის დაწერა ზუსტად ისე გამიჭირდებოდა, როგორც ახლა მიჭირს. იქნებ სჯობდა, რამდენიმე წუთის წინ ნანახ  ქართულ პორნოზე მეთქვა რამე? Continue reading “მუმიის დაბრუნება”

მე მიყვარს თბილისი (?)

თბილისთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც დარწმუნებით შეიძლება ვთქვა არის ის, რომ მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, უფრო ზუსტად_ამ ქალაქის ძველ უბანში, ავლაბარში, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ გზის მშენებლობისას უძველესი თაღებიანი სარდაფები აღმოაჩინეს და მე ვიდექი და ვუყურებდი, როგორ წააყარეს მალევე მიწა, მოასწორეს და დაივიწყეს.

მოკლედ, ეს ნაღდია. დანარჩენი კი თბილისურად ყალბი.

ეს არის ქალაქი, სადაც ყველას შავი ფერის ტანსაცმელი აცვია. სადაც მეორად მაღაზიებში ორიგინალი დოლჩე და გაბანა იყიდება, დოლჩე და გაბანას მაღაზიაში კი (არ ვიცი, შეიძლება არც გვაქვს, ფიგურალური ნათქვამია, მაინც) _ ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი.

ეს არის ქალაქი, რომელსაც საკუთარი მოდა აქვს _ჯინსი+ რაც გინდა ის (ამას რომ ვამბობ, ცუდად არ გამიგოთ. მეც ზუსტად ასე მაცვია ხოლმე).

ამ ქალაქს დროდადრო ეკვიატება რაღაც ტანსაცმელი, და ყველას აცვია შოტლანკები, ან ზოლიანი ტანსაცმელი. ამას წინათ ყველას იასამნისფერი ეცვა 😀

ამ ქალაქში ამინდი სინოპტიკოსებს ატყუებს, სინოპტიკოსები_ ჩვენ. გუშინ ქარიშხალი უნდა ყოფილიყო და არ იყო. დღეს კი მზე უნდა ყოფილიყო და თოვს.

ამ ქალაქს აქვს უბნები, სადაც ვერ ისუნთქებ, უბნები, რომელთაც თავიანთი ხასიათი აქვთ და თავიანთი მოსახლეობა ჰყავთ. ამ ქალაქში უბანს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც შტატს_ ამერიკაში.

ეს არის ძალიან დიდი ქალაქი და ხანდახან მეჩვენება, რომ მთელი საქართველო თბილისია. ყველა აქ ვართ, ისინიც კი, ვინც სოფელში ცხოვრობენ, თბილისში არიან, ოცნებებით, ფიქრებით და მიზნებით.

ეს არის ქალაქი, რომელსაც წარსული არ აქვს. რადგან მის წარსულს სხვა სახელი ჰქვია _ ტფილისი. და ის სულ სხვა ქალაქია, სულ სხვა უბნებით და სპეციფიკით. და თუ გინდა, ის ქალაქი გაგახსენდეს, მტკვარს დიდხანს უნდა უყურო  სუნთქვაშეკრულმა, იქნებ ესეც დაინახო ოდესმე.

ამ ქალაქში ყველაფერი არაადეკვატურია, ამინდი, ხალხი, ტრანსპორტი… ერთადერთი, რაც ადეკვატურია, მტკვარია. არ შეიძლება თბილისისნაირ ქალაქს ანკარა მდინარე ჩამოუდიოდეს. დაფიქრდით და მიხვდებით.

ეს არის ჩვენი ,,მზის და ვარდების მხარე”, რომელიც თანდათან გახდება ცათამბჯენების ქალაქი. გახდება უფრო ზანტი და მოუქნელი და ხალხი მაღალ კორპუსებში დაემალება სიბინძურესა და სუნს.

მაგრამ მაინც ყველა ჩამოვა თბილისში და ძნელად წავა აქედან სადმე.

ხოდა, არ ვიცი, მიყვარს ეს ქალაქი ყველაფერი იმის გამო, რაც ჩამოვთვალე თუ მძულს.

თქვენ?