დროის ხარჯვა

naxati1

ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო გაქვთ? არსებობს დღეები, როცა თავისით გეღვიძება ადრე, ჯდები ტელევიზორთან, ყავას სვამ და ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. იმიტომ, რომ ჯერაც ძალიან ადრეა, შენ კიდევ უკვე ფეხზე ხარ. შეგიძლია დაიწყო რომელიმე უცხო ენის შესწავლა, შეგიძლია მისწერო ფეისბუქის ფრენდ ბიჭს რამე რომანტიკული (რომ გაიღვიძებ, დამირეკე და ვი**ნაუროთ), შეგიძლია შეურიგდე მეგობარს, რომელსაც წლების წინ ეჩხუბე, შეგიძლია აკეთო პრესები, სანამ თავბრუ არ დაგეხვევა, შეგიძლია შეცვალო სახლის დიზაინი, ან თუ საკუთარ ბნელ მხარეს მოუსმენ, შეგიძლია ყველა დახოცო, ვინც არ მოგწონს.
როგორ გრძელდება დღე, რომელიც ასე დიადი აზრებით იწყება? დაახლოებით 12 საათისთვის ხვდები, რომ ,,ფორა”, რომელიც სამყარომ მოგცა დილით ადრე გაღვიძების გამო, ტყუილად გაფლანგე, ნამდვილი ლუზერი ხარ და იმ ბიჭსაც ვერასდროს ვერაფერს მისწერ, გამარჯობასაც კი.

არსებობს კიდევ მეორე შემთხვევა: უცებ ხვდები, რომ მოკვდავი ხარ. არ ვხუმრობ, თუ თქვენ ეს ნამდვილად გაცნობიერებული გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ეს სწორედ ,,უცებ” მოხდა. მერე რა, რომ მშობლები მუდმივად გვასწავლიან, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, დაახლოებით ასე: თუ შტეფსელში ჩანგალს შეარჭო, მალე მოკვდები და თუ კარგი გოგო/ბიჭი იქნები, უფრო გვიან. მერე რა, რომ გამუდმებით უყურებ, როგორ ეხოცებათ შენ გარშემო ადამიანებს ბებიები და ბაბუები, მერე დედები და მამები, მერე კი თვითონ კვდებიან… სადღაც ყოველთვის გჯერა, რომ შენ არ მოკვდები, სანამ უცებ არ გააცნობიერებ, რომ აუცილებლად მოკვდები. ეს არაა სამწუხარო ან სასიხარულო, ეს უბრალოდ გარდაუვალია. იწყებ იმაზე ფიქრს, რაც გინდა რომ გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ. მერე გახსენდება, რომ არსებობს ასეთი პროექტი: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ მოკვდები. და ფიქრობ, რომ 50 წიგნი სასაცილო რაოდენობაა, ძალიან სასაცილო. თუ ადამიანი 75 წელს ცხოვრობს და კითხვას 6 წლის ასაკში იწყებს, 50 წიგნი  თითქმის დაცინვაა ტვინის შესაძლებლობებისთვის. მერე ფიქრობ, რომ წიგნების წაკითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ამქვეყნად, მაგალითად ბავშვის გაჩენა.

Continue reading “დროის ხარჯვა”

ღამე, დილა

ვერაფრით ვიგებ, დილის 5 საათი ღამეა თუ დილაა. ბოლოს ასე გადავწყვიტე: თუ სინათლეა, მაშინ დილაა და თუ არაა სინათლე, მაშინ არის ღამე. გამოდის, რომ ახლა ღამეა.

ვზივარ კომპიუტერთან (მაგრამ თქვენ რომ ამას წაიკითხავთ, აღარ ვიჯდები) და ვოცნებობ შოკოლადის ნაყინზე. აი, ასეთზე

მე თვითონ დავხატე
მე თვითონ დავხატე

მაგრამ ნაყინი აუსრულებელი ოცნებაა. იმიტომ, რომ ანინა შემძულდება, ახლა რომ ავდგე და გემრიელი ნაყინი შევჭამო. თან, ეს საკუთარი ნებისყოფის უპატივცემულობაა. არ შეიძლება  მრავალსაათიანი შრომა და ფეხით ხანგრძლივი სიარული  სპონტანური სურვილის გამო ჩაყარო წყალში.

ოდესმე თუ გავხდები ლამაზი და ტანწერწეტა, თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი  დღეს დაიწყო (ამაღამ, ამდილას. ჰუ ქეარზ)

პ.ს. უძილობაც და შიმშილიც ნარკოტიკებია და ახლა ორივეს ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები ❤

დილის 5-დან 8-მდე

ლინას, რომელიც რიჟაა  და ამერიკაშია

linas botebi

არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ დილის საათებში, ასე დილის 5დან 8-მდე ადამიანი სენტიმენტალური ხდება. ან იქნებ მე მჭირს მარტო. ამ დროს აუტანლად მინდება, რომ ყველას ეღვიძოს, ვინც კი ოდესმე მყვარებია. მინდება, რომ ბოდიში მოვიხადო, ცხოვრება შევცვალო და ახალი თანამგზავრები შევიძინო.   მინდება ხოლმე, რომ გარეთ გავიდე, შემთხვევით ნაპოვნ ტაქსიში ჩავჯდე და აბასთუმანში წავიდე, მერე კი ობსერვატორიაში დავიძინო. ამ დროს მინდება, რომ მყავდეს პირადი უცხოპლანეტელი და ბიძაშვილი _ ნასაში. მინდება ისიც, რასაც უკვე შევეშვი, არაყი და ლუდი ერთად.. და საინტერესო თანამოსაუბრე. .. ეს აუცილებელი კომპონენტია.

გოგონებთან ვერ ვმეგობრობ. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მესმოდა მათი ბოლომდე. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქალები მარტივები არიან. პირიქით, ძალიან რთულები არიან, აუტანლად რთულებიც კი. როცა ისინი ამბობენ ,,როგორც გინდა, ისე მოიქეცი”, გულისხმობენ: ,,აბა, გაბედე და ნახავ, რაც მოგივა”. როცა ამბობენ,  ,,კარგი”, გულისხმობენ: ,,იცოდე, ძალიან მაწყენინებ” და კიდევ ბევრი ასეთი. ქალები მუდმივად უნდა შიფრო, მით უმეტეს, მეგობარი ქალები და გოგონები. ბიჭების შემთხვევაში კი ვიცი,   რასაც უნდა ველოდო. ბოლოსდაბოლოს, ,,კოსმოპოლიტენიდან” დაზეპირებულ ფრაზებს მაინც არ მეუბნებიან.

Continue reading “დილის 5-დან 8-მდე”

უძილობა, დილის 6

რისი გაკეთება შეიძლება დილის საათებში..რა თქმა უნდა, იმისაც, რაც ახლა გაიფიქრეთ, მაგრამ მაგაზე არ ვამბობ. აი, 6 საათია, ჩემს ყველა ღამურა მეგობარს სძინავს. მშობლებს კლავიატურის ხმა აღვიძებთ, ამიტომ წერა დილის საათებში მეკრძალება, თუ რა თქმა უნდა, ჰაიკუს დაწერას არ ვაპირებ. ამიტომ ვიღებ ჩემს ძველ დღიურს და ვიწყებ საკუთარ თავზე კაიფს. მერე დასკვნებს ბოლო გვერდზე ვწერ.. აი, ეგეთ დასკვნებს: ,,ამ პერიოდში როგორც ჩანს, უფრო მეტს ვფიქრობდი ბიჭებზე, ვიდრე ახლა ვფიქრობ, გარდა ამისა, პრობლემები მქონდა ოჯახში და პავიჩს ვკითხულობდი :))” … გუშინაც ეგრე ვქენი, თუმცა, ეს ბრაით აიდეა ეგრევე არ მომსვლია თავში. მანამდე წიგნების კარადასთან მივედი და დიდხანს ვუყურე წიგნებს, მერე კიდევ ,,ულისე” გამოვიღე  (ჯოისის ,,ელისო”, როგორც ჩემი ძმა ეძახის). რა მოწყენილი უნდა იყო, ეგ რომ გააკეთო დილის 6 საათზე. მით უმეტეს, თუ უკვე 2ჯერ გაქვს წაკითხული.

Continue reading “უძილობა, დილის 6”

the mess we’re in


დიდი ქალაქის მუსიკა ვერტმფრენების მუსიკაა. აქ ყველაფერს ეს რიტმი ქმნის. ამ რიტმში სუნთქავს ნიუ-იორკი. თუ ფანჯრებს დახურავ, ვერასდროს გაიგებ, როდის დაღამდება. ბიოლოგიური საათები მოშლილია. ჩვენ კი, შეწუხებულები ვერტმფრენების ხმაურითა და ყვითელი ტაქსების ხედით, ვსხედვართ ერთმანეთის პირისპირ. მე ვფიქრობ, რომ ოთხშაბათია,  საღამო. შენ კი არაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაფერზე ფიქრობ.

შენი აქ ყოფნა ძალზე ძვირია ამერიკული ვალუტით. საათში ერთი ჭიქა წყალი და რამდენიმე ასეული ჩასუნთქვა ჰაერი.
Continue reading “the mess we’re in”

ყველაზე არაფემინისტური პოსტი ყველაზე ფემინისტურ დღეს

დილაა, ახლაც დილაა, მაგრამ მაშინ უფრო  დილა იყო, როცა დამირეკეს და რაღაც მომილოცეს.

_გმადლობ, _ ვლუღლუღებ ნახევრად მძინარი. რაღაცას გულით მეუბნება ბიჭი, რომელსაც ძლივს ვიცნობ და არც კი ვიცი, რას მილოცავს.

_შენც გილოცავ_ ვეუბნები. ამაზე ჩუმდება და ცოტა ხნის შემდეგ_

_მეკაიფები? მე 8 მარტს გილოცავ.

_აა. ჰო. _ მართლა? მე მეგონა, ახალი წელი იყო _ უკვე მეც ძალიან დაბნეული ვარ

თიშავს. აღარსდროს დარეკავს.

მოკლედ, ეგეთი 8 მარტი გათენდა და რაკი ამის გამო გამაღვიძეს, მზად ვარ მძულდეს კლარა ცეტკინი და ყველა, ვინც კი ასეთი სისულელის მოსალოცად კიდევ შემაწუხებს.

სხვათა შორის, უცნაური 8 მარტია. წელს საუკეთესო რეჟისურისათვის ოსკარი პირველად აიღო ქალმა. ასე მიულოცეს ქალებს კინემატოგრაფებმა დღე, რომლის არსებობის შესახებ მათ არც კი იციან.

მოკლედ, აქვე. ამ დღეს ყველა მამაკაცს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, და, დედა, ცოლისდაც, სიდედრიც, მოხუცი ბებიაც, მეზობლად მცხოვრები დაუკმაყოფილებელი შინაბერაც…

ან უყვარს, ან თავს იტყუებს, ან სხვებს ატყუებს..

სხვა დროს როგორ უყვართ მამაკაცებს ქალები? გთავაზობთ სურათებსა და ვიდეოს, ყველაზე არაფემინისტურ სურათებსა და ვიდეოს (ვერიდები სიტყვა სექსისტურს, მაინც არასწორად არ გაიგონ), რომელთა ავტორებიც, რა თქმა უნდა, მამაკაცები არიან…

ეს ამაზრზენად სასაცილო რეკლამაა : )

სხვათა შორის,  სტერეოტიპები უმეტესად ქალებზე იქმნება..

და ეს ჯერ კიდევ როდინდელი სტერეოტიპებია _ დედათა ბუნებაი იწრო არს…

ამას ემატება ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა:

ფრთხილად, ქალი საჭესთან!

ქალი მე ვიცი სამზარეულოში .. და ასე შემდეგ.

8 მარტი ის დღეა, როცა ყველა ერთად ვივიწყებთ ამ სტერეოტიპებს და ქალი_ სამზარეულოში მოფუსფუსე არსება გარდაიქმნება ქალად_ რომელსაც გზა უნდა დაუთმო, ადგილი დაუთმო, დრო დაუთმო, ყურადღება დაუთმო და ხანდახან ფულიც…

და ბოლოს… მაინც.. ეს ფოტო.. ყურადღება მიაქციეთ თარიღს!

გკოცნით, გეხვევით..

ანინა