Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

Continue reading “Another kind of love”

ცოლიანი კაცი

მგონი, რაც 15 წლის გავხდი, დედაჩემი იმის მერე მეუბნება, რომ ცოლიან კაცებს უნდა ვერიდო. ჩემი და ამბობს, რომ შემიძლია, არც ვერიდო, მაგრამ სერიოზულს არაფერს უნდა ველოდო. დარწმუნებული ვარ, დაქალები რომ მყავდნენ, ისინიც მეტყოდნენ, რომ კაცს ჯერ ხელზე უნდა შეხედო და მერე სახეზე.

მაგრამ მე მაინც არ მესმის, რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს და რატომ უნდა ვერიდო მე მათ და არა ვთქვათ, ისინი მე?

რატომაა ამორალური ფლირტზე ფლირტით უპასუხო ცოლიან კაცს? ან მე რატომ უნდა ვიფიქრო მის მცირეწლოვან შვილებსა და სუსტგულიან ცოლზე? არ ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე  და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?

: ]

ცდუნებები

ჩემს ცდუნებას შოკოლადით ვერ შეძლებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მაინც მაჩუქოთ.

ვერც სუნამოთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩუქებაც არაა საჭირო.

დიდად არც შოპინგებზე სიარული მიყვარს და თუ 100ლარიან სასაჩუქრე ბარათს მოვიგებ რომელიმე ტანსაცმლის მაღაზიაში, პირველ რიგში იმას ვიკითხავ, შემიძლია თუ არა ფულში განაღდება.

არც მაკიჟი და  სამკაულები მჭირდება, ოღონდ თმის სამაგრებზე ეგ არ ვრცელდება. თმის სამაგრები საჭიროა. ყოველთვის საჭიროა. ვერასდროს ვერ ვხვდები, როგორ ქრებიან თმის რეზინები პირდაპირ მაგიდიდან ან უარესი, თმიდან.

თუმცა, მე  უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცდუნებებიც მაქვს.

პირველი_ კითხვაა და ახლა უკვე ,,ქინდლში” კითხვა.

ნუ მკითხავთ, ქინდლი უფრო მიყვარს თუ დედაჩემი, რადგან კითხვა რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ქინდლი. სხვანაირად როგორ უნდა იყოს: დედაჩემი ვერ მიკითხავს ხმამაღლა, ინგლისურად და გამოთქმით პედეეფ ფაილებს და არც ზურგზე წოლისას კითხვისთვისაა მოსახერხებელი, რადგან 200 გრამზე მეტს იწონის. თუმცა, დედას ის პლუსი ნამდვილად აქვს, რომ ბრაუზერის გაშვებისას არ ჭედავს.

Continue reading “ცდუნებები”

პრელუდია

_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.

როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..

Continue reading “პრელუდია”

მოიგე წიგნი

ამ დღეებში ძალიან კეთილი ვარ:  უსინათლოებს გზის გადაკვეთაში ვეხმარები, შეყვარებულებთან დაშორებულ სიმპატიურ ბიჭებს შებმის ნაცვლად  რჩეულებთან ვარიგებ :დ, დედას ნაკლებად ვანერვიულებ და ყველა მეილს ვპასუხობ : ] მგონი, ლაიქებიც კი დავარიგე რამდენიმე კონკურსისთვის. ლამის, ფარმვილის თამაში დავიწყო და ყველას გაჩუქოთ თითო ძროხა :დ

მაგრამ თუ საუბრის სერიოზულ რეჟიმში გადავალთ, გეტყვით, რომ ძროხას მაინც წიგნი ჯობია. თუ, რა თქმა უნდა, კითხვა გიყვართ. დაახლოებით ისე, როგორც მე.. ახლა ქინდლს ვუკვეთავ  და გული ისე მიფრთხიალებს, თითქოს პირველად უნდა ვაკოცო ბიჭს.

ასეთი იდეა მაქვს: 100 სიტყვიანი თხზულებების კონკურსი მინდა მოვაწყო . ბოლოს წაკითხულ წიგნზე ვინც ყველაზე კარგ მიმოხილვას დამიწერს 100 სიტყვაში, ამ საიტიდან 40 ლარის ფარგლებში ნებისმიერ წიგნ(ებ)ს ვაჩუქებ და მერე ყავას/ჩაისაც დავლევთ, თუ სურვილი იქნება : ]

Continue reading “მოიგე წიგნი”

უსაქმურობისა და ბედნიერების შესახებ

დაზუსტებით არასდროს ვიცი, კვირის რა დღეა, მაგრამ დღეს ალბათ ორშაბათია. სამშაბათი არაა, რადგან სამშაბათობით, როგორც წესი, წყურვილის გრძნობა მაღვიძებს. არც ოთხშაბათი_ ოთხშაბათს დილას ეროტიკულ სიზმარს ვნახულობ, ხუთშაბათიც _ არა, რადგან  ხუთშაბათს დედაჩემი  მაფხიზლებს ხოლმე  შეძახილით: ,,მგონი, კომპიუტერი გაგიფუჭე“ ( უბრალოდ, სქრინ-სეივერი ერთვება ბეჭდვის დროს, თუ დიდხანს ეძებს კლავიატურაზე რომელიმე ,,კავკასიურ” ასოს), პარასკევს ჩემი მობილური იწყებს ფრედი მერკურის ხმაზე სიმღერას (ყოველკვირეული მაღვიძარა  _ friends will be friends ), შაბათ-კვირას კი არ მძინავს.

Continue reading “უსაქმურობისა და ბედნიერების შესახებ”

ყველაფერი

როცა გეღვიძება პირში მკვდარი თაგვის გემოთი და ხვდები, რომ გუშინაც ვერ შეიკავე დალევისგან თავი,

და ,,პახმელია” არის მხოლოდ  სინანული მომხდარის გამო.

როცა გაქვს  წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც პატიჟებ შეყვარებულს

და ვერ პატიჟებ ბიჭს, ვისთანაც წევხარ,

მერე  კი ამ ბიჭის საწოლში ნახევარი საათი ქვითინებ   კედლისკენ შებრუნებული

ის  ხმას არ გცემს.

როცა გაღვიძებენ დილით ადრე სახლში დარეკვით და კითხულობენ იმას, ვინც  არ არსებობს.

და შენ აგინებ მთელი ხმით,

მერე ხვდები, რომ უხეშად მოგივიდა

მაგრამ არ გაქვს ნომრის ჩამწერი, რომ გადარეკო და ბოდიში მოიხადო.

როცა ცდილობ,  არ დაინახონ ბავშვებმა, როგორ  გდიხარ გარეთ ძალიან მთვრალი.

ან როგორ არწყევ,

რადგან გგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა.

როცა ხალხი თვლის, რომ ზედმეტად კარგი მკერდი გაქვს იმისთვის, რომ ჭკვიანიც იყო,

და მთელი ცხოვრება საპირისპიროს დამტკიცება გიწევს,

Continue reading “ყველაფერი”

დედა და ლიმონი

ავად ვარ. მახველებს და დილაობით სიცხე მაქვს. ღამე კი ტორტის ნაჭრები მესიზმრება _ თეთრი ტორტის და შოკოლადის ტორტის და მთელი სიზმარი იმაში გადის, რომ არჩევანს ვერ ვაკეთებ. აშკარად სხვანაირი სიზმრები მირჩევნია, მაგრამ როცა სიცხიანი და მშიერი იძინებ, სხვას რას უნდა ელოდო..

დედაჩემი ყველაზე ყველაზე დედა მაშინ ხდება, როცა ავად ვარ. იცის, რომ მის გადამეტებულ მზრუნველობას წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ და უბრალოდ, დავნებდები. მგონი, ცოტათი ბედნიერიც კი არის ხოლმე, რომ ჩემს ჯიუტობას წელში დრეკს (: )

Continue reading “დედა და ლიმონი”

მე და მილა

I

მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი.  2 კვირაა, ერთად ვართ და   ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს.  მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.

ახლა, როცა  სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_  უცნაურად თბილი. იყოს ასე.  ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად.   ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე:  _

_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ  მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…

_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.

_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა,  მამიკომ  ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა  და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.

Continue reading “მე და მილა”

მომეცი ცოტა მეტი კოსმოსი

სიტყვა ,,კოსმოსს”  მე ისე ვხმარობ, როგორც მინდა. თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობთ ხოლმე, გეცოდინებათ, რომ ეს ასეა. ძალიან არ მინდა ამ სიტყვას ერთი კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდეს ჩემთვის:

1) კოსმოსში ვარ მაშინ, როცა საკმარისად ბევრი მაქვს დალეული (სულ ერთია, რა, ოღონდ არა ღვინო).

2) კოსმოსში ვარ, როცა ვუსმენ duft punk-ის ძველ და კეთილ ვეშებს.

Continue reading “მომეცი ცოტა მეტი კოსმოსი”