ჩემთვის ძილი აღარ არსებობს. არსებობს გადაღლა და გათიშვა, მაგრამ აღარ არსებობს ძილი. ვზივარ, საკუთარ თავს ვარეფრეშებ (რომ რაიმე სტატუსი არ გამომრჩეს) და ვცდილობ, ვწერო ინერციით. საუკუნეა, სიზმარი აღარ მინახავს და უკვე სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ადამიანები სიამაყით გამოაცხადებენ, რომ ძილი გააუქმეს. ალბათ იტყვიან, რომ ძილი ჩაანაცვლეს პატარა ტაბლეტებით, ეროტიკული სიზმრები _ ნამდვილი სექსით, სიზმრის მეგობრები კი_ თანამშრომლებით, რომლებიც ხანდახან იმისთვისაც კი არ გამოდგებიან, რომ პარასკევ საღამოს ლუდზე დაპატიჟო. იტყვიან, რომ უამრავი დრო დაზოგეს და შეუძლიათ, ამ დროს სხვა საქმეებით დაკავდნენ _ მეტი ვიდეო ნახონ იუტუბზე, უფრო დიდხანს იცეკვონ ღამის კლუბებში და დიდხანს იფიქრონ განუხორციელებელ სუიციდებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს მე ვერ მოვესწრები.
ჭდე: დედამიწა
მეძავთა ლოცვა გაფრენისათვის
ა)
ქალაქის ცაზე ვარსკვლავები არ ჩანს. ეს ლოგიკურია, ჩვენი ლამპიონები მძლავრად ანათებენ. ან ვის რად უნდა ვარსკვლავები, პატარა, ფეხშიშველა ანტიკური ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ზეცის რუკები ვხატოთ.. ნეტავ ვარსკვლავებმა თუ იციან, რომ ნიუ-იორკში ისინი საერთოდ არ არსებობენ, თბილისში კი_ იშვიათად..
ბ)
ოდესმე ყველა მეძავი დაიმსახურებს კოსმოსში გაფრენას. ისინი საკმარისად დაღლილნი იქნებიან დედამიწისაგან და აუცილებლად გაფრინდებიან. და თუ თან მხოლოდ 1 კლიენტის წაყვანის უფლება ექნებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველა მეძავი იმ კლიენტს აირჩევს, რომელსაც სიმთვრალის გამო არ აუდგა და მთელი ღამე ვარსკვლავებზე ლაპარაკობდა.
გაიღიმე, მონა!
წარმოიდგინეთ: დედამიწა იღუპება, თქვენ გარბიხართ და როგორც კოსმონავტის ბლოგის მკითხველს, გავალებენ, კოსმოსში წასაღებად მხატვრობის, ქანდაკების, ლიტერატურის, მუსიკის საუკეთესო ნიმუშები შეარჩიოთ, რაც შეიძლება ცოტა : ) ადვილი დავალებაა: თქვენ მიგაქვთ დავითი და ვენერა, ჯოისის ,,ულისე” და ჰომეროსის ,,ოდისეა”, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია და მოცარტის რექვიემი. და, რა თქმა უნდა, _ მონა ლიზა და მონა ლიზა, რადგან მისთვის ღირსეულ მეწყვილეს ვერ პოულობთ : ) ჩადიხართ. პლანეტა უკვე დასახლებულია. იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა უცხოპლანეტელმა იცის ინგლისური (კომპიუტერიც) და ახერხებს თქვენთან დაკონტაქტებას. ის გეკითხებათ, რატომ არის ის, რაც წამოიღეთ, კაცობრიობის მართლაც საუკეთესო ქმნილებები. თქვენ მოკლედ უყვებით ჰომეროსს. ის გაოცებული გისმენთ. აღტაცებულია სიუჟეტის მრავალფეროვნებითა და პოეტის ოსტატობით. მერე ,,ულისეზე” გადადიხართ და ეუბნებით, რომ ჯოისმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, როცა მთელი ლიტერატურის ისტორია ჩაატია ,,ულისეში”, ამიტომაც, თუ სხვა წიგნებს არ წამოიღებდით, ,,ულისე” მაინც მოგცემდათ საკმარის ინფორმაციას მომავალი თაობებისათვის. კარგი იდეაა. პრაქტიკულია. მერე ასმენინებთ ბეთჰოვენს და ეუბნებით, რომ ეს ყრუ კაცმა დაწერა. უცხოპლანეტელი შტერდება. ამის შემდეგ მოცარტი. ისიც ძალიან მოსწონს, ამბობს, რომ ჰარმონიულია. ქანდაკებებზე რომ მიდგება საქმე, ეუბნებით, რომ დავითი მამაკაცის იდეალური გამოსახულებაა , ვენერა კი_ ქალისა. ისიც გიჯერებთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც თვალისმოუშორებლად აცქერდება ვენერას მკერდს. მერე კი მონა ლიზასთან მიდიხართ. Continue reading “გაიღიმე, მონა!”
ბელკა, სტრელკა და იური
თუ შეამჩნიეთ, ჩემი ბლოგის ზედა მარჯვენა კუთხეში წერია _ ლოთი კასმანავტკა. დღეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს წარწერა დედაჩემმა რომ ნახოს, ნეტა რომელი სიტყვა უფრო გააკვირვებს- პირველი თუ მეორე-მეთქი : ) ისე, ლოთობასა და კოსმონავტობას აქვს ერთი დიდი მინუსი, რაშიც დედაჩემი ნამდვილად დამეთანხმება: ხანდახან ისეთი მნიშვნელოვანი რამეც კი გავიწყდება, როგორიცაა ის, რომ 12 აპრილი კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეა. ჩემდა სამარცხვინოდ, მე სწორედ ასე დამემართა.
ახლა თავს ვიმშვიდებ, რომ ძალიან გვიანი არაა და სანამ დროა, ვულოცავ: იური გაგარინს, შოთა გაგარინს, ბელკას, სტრელკას და ნიკიტას. პოსტი მონა ლიზაზე მოიცდის : )
იმდენია სათქმელი, რომ აღარც ვიცი, საიდან დავიწყო.
იქნებ სჯობს, დასაწყისისთვის გითხრათ, რომ გაგარინი არ მომკვდარა, უბრალოდ უცხოპლანეტელებმა დაიტოვეს, რადგან ის ზედმეტად სიმპატიური იყო იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში ეცხოვრა. ბარემ იმასაც გეტყოდით, რომ ამ დროისათვის უცხოპლანეტელებს უკვე თან ჰყავდათ ასევე ზედმეტად სიმპატიური მერლინ მონრო. მან სწორედ ,,სიკვდილის” წინა დღეს დაურეკა რომელიმე კენედის და უთხრა: ჯონ (ბობ), აღარ შემიძლია აქ, გამიშვი კოსმოსში, თუ შეგიძლია. ჯონმა (ბობმა) იუარა. მაშინ მერლინმა წყენით გაახსენა, შენს (შენი ძმის) დაბადების დღეზე რომ ვიმღერე, ეგ ხო კაი იყოო? და დაითანხმა. რას იფიქრებდა კოსმოსში 1962 წელს გაშვებული მერილინ მონრო, რომ 1968 წელს მას სიმპატიური რუსი ჭაბუსი, იური შეუერთდებოდა და დიდხანს იცხოვრებდნენ კოსმოსში, მფრინავი საბჭოური ძაღლებით გარშემორტყმულნი. იცხოვრებდნენ მშვიდად, მოუსმენდნენ ბიტლზებს (,,ჩაკრულოსაც”) და იშვიათად გამოიხედავდნენ დედამიწისკენ.