რა ვჭამე საუზმეზე

როცა ვინმე კითხულობს, მაინც რაზე წერენ ქართველი ბლოგერებიო, პასუხი ორიდან ერთია: 1) სექსზე; 2) რა ჭამეს საუზმეზე.

მე პირადად სულ მინდა იმ ბლოგერების პოსტების კითხვა, რომლებიც სექსზე წერენ, მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ხოლმე. სხვათა შორის, არც ,,რა ვჭამე საუზმეზე” პოსტებია მაინცდამაინც ბევრი. არადა, ადამიანებს აინტერესებთ პირადი ბლოგები. უბრალოდ მკითხველებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სხვების პირად ამბებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქმე დაახლოებით ასეა: მე, მაგალითად, არასდროს ვყიდულობ ყვითელ პრესას, ფული მხოლოდ უკიდურესად ,, ხარისხიანი” ჟურნალებისთვის მემეტება, მაგრამ როცა საიდანღაც ჩემს სახლში მყვირალასათაურებიანი იაფფასიანი გაზეთი ჩნდება, ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ წავიკითხო. ერთი ეგაა,   ხმამაღლა ვერაფრით მათქმევინებთ, რომ ყველაზე მდარე სტატიებს მშვენივრად გამოსდით ჩემი ჩათრევა. ასე თუ ისე, სხვათა პირადი ცხოვრება ნამდვილად საინტერესოა.

Continue reading “რა ვჭამე საუზმეზე”

100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები

რამე წყევლა უნდა მოვიფიქრო, რომელიც მაშინ ამოქმედდება თუ სამ დღეზე მეტ ხანს გავქრები ბლოგიდან.. აი, მაგალითად, რა კარგი იქნება, სლოკინი  რომ დამეწყოს და მანამდე არ გამიაროს, სანამ ახალ პოსტს არ გამოვაქვეყნებ.  ან ქავილი, ან ლომკა, ან რამე მსგავსი…

აი, დღეს უკვე ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე, კონკურსების შედეგებს აქამდე როგორ არ მივხედე-მეთქი. არადა, სად გაიქცევი : ]

აი, ნაშრომების სია:

Continue reading “100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები”

მე და მილა

I

მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი.  2 კვირაა, ერთად ვართ და   ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს.  მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.

ახლა, როცა  სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_  უცნაურად თბილი. იყოს ასე.  ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად.   ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე:  _

_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ  მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…

_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.

_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა,  მამიკომ  ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა  და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.

Continue reading “მე და მილა”

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა

წელს 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის გამოსვლა ძალიან დაგვიანდა. წესით, ერთი თვის წინ უნდა ყოფილიყო წიგნების მაღაზიის თაროებზე, მაგრამ რაკი უკვე ჩამოვიდა და დღეს ჩემი თვალით ვნახე (ვაშა!). წუწუნსაც აღარ აქვს აზრი.

ეს უკვე მეშვიდე კრებულია, რომელსაც  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა უშვებს. კრებულში შესულია 2009წ. გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა. წიგნში შეტანილი ყოველი ნაწარმოები ამავდროულად არის ნომინანტი პრემიისა `წლის საუკეთესო მოთხრობა~, რომელსაც `ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა~ საუკეთესო მოთხრობების ავტორებს ყოველწლიურად გადასცემს.

Continue reading “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა”

პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი

ერეკლეს წიგნზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა მე ერთი სტატიაც კი არ წამიკითხავს, სადაც ნორმალურადაა გაკრიტიკებული ეს კრებული. არადა რამდენი რამეა სათქმელი ლიტერატურული კუთხით, რა ადვილად შეიძლება ერეკლეს ლიტერატურული ხარვეზების დაჭერა და მსჯელობის განზოგადებაც. მოკლედ, ქართველმა კრიტიკოსებმა, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, მსუყე საკბილო გაუშვეს ხელიდან.

ერთ-ერთი პირველი გამოხმაურება კრებულზე ,,ტაბულაში” დაიბეჭდა. /ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ, თუ უკვე დამიმეგობრდით ფეისბუქზე/   ძალიან მომეწონა, დახვეწილი იყო, გონივრული, ინფორმაციასაც აწვდიდა მკითხველს.  ეს არ იყო რეცენზია, რა თქმა უნდა, ,,ტაბულას” ფორმატის გამო, თუმცა ჩემი აზრით, ამაზე უკეთესი არც არაფერი დაწერილა მას შემდეგ.

ამას მოჰყვა აზრები.გე-ზე  ლევან შატბერაშვილის სტატია. რომელსაც გამუდმებით მიციტირებდნენ და მიციტირებდნენ, ლინკი კი ყველგან გადმოჰქონდათ, სადაც კი კრებულის სათაურს დაინახავდნენ. არადა სტატია დილეტანტურად იყო დაწერილი და მე გავიფიქრე, რომ მსგავსი სტატიების განთავსება მკითხველის უპატიცემულობაა. ამაზე თვალს დავხუჭავდი, სტატიაში ტყუილები რომ არ მეპოვა.  თუ თქვენ ჯერ ამ პოსტში  განთავსებულ  პირველ ლინკს გაეცნობით, მერე კი _ მეორეს,  ტყუილების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ.

Continue reading “პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი”

,,საიდუმლო სირობა” და სირული ორშაბათი

ორშაბათები არ მიყვარს, თუმცა დღევანდელი ორშაბათი უფრო არ მიყვარს, ვიდრე ნებისმიერი სხვა.  დღეს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან გაიმართა აქცია, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან ,,კულტურულ” ღონისძიებად. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები პოლიტიკოსებთან ერთად აპროტესტებდნენ ერეკლე დეისაძის წიგნს, ,,საიდუმლო სირობას”. აბა თუ მიხვდებით, რას მოითხოვდნენ ისინი?! ტირაჟის ამოღებას?_ არა. გამომცემლობისაგან ბოდიშის მოხდას?_ არა.  ახსნა-განმარტებას? არამც და არამც. ისინი მოითხოვდნენ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას.

საინტერესოა, რა დააშავა გიგი თევზაძემ, რომელმაც ისიც კი არ იცოდა, რომ  ,,საიდუმლო სირობის” პრეზენტაცია ,,ლიგამუსში” უნდა გამართულიყო.  ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქციის მონაწილეებსაც კი არ ექნებათ, მაგრამ დასაწყისისთვის გავარკვიოთ ის, რომ ლიტერატურა დღევანდელ მოვლენებთან არაფერ შუაშია. იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვინც მიტინგზე იყო შეკრებილი,  ისიც კი არ ეცოდინებოდა, რამდენი მოთხრობაა შესული წიგნში. მათ შეუძლებელია უყვარდეთ ლიტერატურა, რადგან კითხვა იმდენად ათავისუფლებს გონებას ჩარჩოებისაგან, რომ რწმენის მახინჯი ფორმებისათვის იქ ადგილი აღარ რჩება.

Continue reading “,,საიდუმლო სირობა” და სირული ორშაბათი”

1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის

ძლივს დავჯექი კომპიუტერთან და მინდა, რომ არაფერზე ვწერო. უფრო სწორად, რამე

უმნიშვნელოზე. იმის არ მეშინია, რომ ამ პოსტს ვინმე გადაახტება. ვიცი, რომ ადამიანებს უყვართ ასეთი ,,არაფრობების” კითხვა. მით უმეტეს, თუ ,,არაფრობები” მარტივი ენითაა დაწერილი. ეს რომ ასე არ იყოს, დუმბაძის უამრავი ნაწარმოები სრულიად აუტანელი იქნებოდა : ) სუფთა სინდისით ვწერ იმას, რის დაწერასაც ვაპირებ, რადგან ეგრე მგონია: ბლოგები იმისთვის არაა, რომ განათლდე (და არც წიგნები, რა თქმა უნდა : )). მაგრამ არც იმისთვისაა, რომ აღნიშნო, როდის გეწყება და გიმთავრდება წითელი დღეები. ბლოგის წერის ხელოვნება (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედის დაჭერაშია. ეს ყველაფერი ,,ჩვენი ექსპრესის” გახმაურებულმა სიუჟეტმა გამახსენა. იქ ერთი გოგო ამბობდა, რომ პირადულ პოსტებს არ წერს, რომ მკითხველს დრო არ დააკარგვინოს. გამეცინა. თუ ბლოგებზე დაძვრები, ესე იგი, იმდენი დრო ნამდვილად გაქვს, რომ პირადული ამბების კითხვაში ,,დაკარგო”. მამენტ, ამბებსაც გააჩნია. ხანდახან უბრალოდ აუტანელია იმ პოსტების კითხვა, სადაც ბლოგერები წუწუნებენ, რომ თმაზე ის ფერი ვერ დაუსვეს, რაც უნდოდათ, ტორტის ბისკვიტი ჩაუვარდათ, ფრჩხილები ემტვრევათ, ნეტი უჭედავთ, ეზოსკატები ატეხილები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ… იმაზე საუბარი, თუ რა არის მოსაწყენი, ყოველთვის თავად ხდება მოსაწყენი, ამიტომ სჯობს, რამე მოგიყვეთ.

Continue reading “1 დღე ანუ ესკიზები მომავალი პოსტებისთვის”

ნაწყვეტები ჩემი ეროტიკული წიგნიდან

,,წიგნის პრეზენტაციაზე ერთად დავლიეთ, მერე კი მან, ოდნავ ჩასუქებულმა ნიჭიერმა, პერსპექტიულმა და (ვითომ) ახალგაზრდა მწერალმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ,,შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, არც კი იცი, რა სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს მხოლოდ ერთმა ღამემ, თუ პასუხისმგებლობებზე თვალს დახუჭავ და მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრებ”. ჯერ ვიფიქრე, მეხუმრება -მეთქი, მაგრამ ყველაფერი მეტისმეტად სერიოზული ჩანდა. არ ვიცოდი, რა მექნა. ერთი მხრივ, მიზიდავდა ეს პერსპექტივა, ჩემი წიგნისთვის მშვენიერი მასალა იქნებოდა, თან ეს პიროვნება სულ ოდნავ იყო ჩასუქებული და პროფილშიც არა უშავდა (წინიდან დიდი ვერაფერი). ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე და ტაქსიში ჩავსხედით. ტაქსისტმა იცნო ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი და ჰკითხა: საით, ბატონო —-? უახლოესი სატუმროსკენ……._ უპასუხა მან.”
გაგრძელებას აზრიც არ აქვს, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ეს სიტყვები აუცილებლად იქნებოდა ჩემს წიგნში, იმ შემთხვევაში, თუ წიგნი, სახელად ,,ერო-ვნება” იარსებებდა.


პირველი აპრილი იყო და მოვიტყუე. ვაღიარებ, ამხელა ტყუილი, თან ასე კარგად მოფიქრებული მხოლოდ პოლიტიკოსებისა მახსოვს : )
დავწერე და ერთი ამბავი ატყდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიხვდა, რომ არანაირ ,,ასომთავარს” ჩემი წიგნი არ გამოუშვია (მეტიც, ასეთი გამომცემლობა არც არსებობს) და რომ ლალი მოროშკინაზე მხოლოდ ვიღადავე 🙂
ვიღაცებმა დამირეკეს და მთხოვეს, გვათხოვეო, ვიღაცებს ჩემი ავტოგრაფის იმედი ჰქონდათ, ვიღაცებმა წიგნის მაღაზიაში იკითხეს ჩემი წიგნი და იქიდან გამყიდველებმა გაოცებული სახეებით გამოისტუმრეს. ვიღაცებმა მომწერეს მეილები, რომ ტუტუცი გოგო ვარ და ძალიან გარყვნილი, ვიღაცებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ თავს ვიღუპავ, კარიერას რომ ასე ვიწყებ და ასე კიდევ ბევრი… ნაცნობებიდან მხოლოდ ბაკურ სულაკაური ჩაწვდა საქმის არსს, რადგან იცის, თუ წიგნს გამოვცემ, მხოლოდ მასთან : )
და მეტიც, სტატია ნეტ-გაზეთში ჩემი ტყუილით დაიწყო : )
აჰა, ლინკი

მოკლედ, ახმაურდა ხალხი. ახლა უკვე წიგნის დაწერაც შეიძლება 😀 😀

მევასებით, თქვენი ანინა
პ.ს. special thanx to ბესო ხვედელიძე, ვინც მოიფიქრა წიგნის სახელი, გააკეთა ყდა და უბრალოდ მხარში დაუდგა სამამულო ტყუილს : )