STD [Sexually transmitted disease]

სამსახურიდან ძლივს გამოვედი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ როგორც კი ავდექი, ჩემს მაგიდაზე დაწყობილი დასამთავრებელი პროექტები აყვირდნენ.  უფროსმა კი გასვლისას ცუდად გამომაყოლა თვალი.  კარგად ვიცი ეს მზერა, რადგან დაახლოებით ორი წელია ასე მიყურებს. ეს არაა ფლირტი ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ ადამიანებს შორის. არა, ფლირტი სხვა რამეა. ეს არის დეკლარირებული სურვილი, რომ ჩვენ სექსი გვქონდეს, უფრო სწორად კი_ მას ჰქონდეს სექსი ჩემთან. არანაირი ტაქტიკა ჩემს უფროსს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მუდმივად მაგრძნობინებს თავს ქვეშევდრომად. იმასაც არ თვლის აუცილებლად, რომ თავი მომაწონოს. მან, ისევე როგორც მე, კარგად იცის, რომ სექსისთვის სულაც არაა აუცილებელი, ადამიანი მოგწონდეს. სხვა უამრავი მიზეზი არსებობს.

უფროსი სენდვიჩს ჭამს და ნამცეცები კლავიატურაზე ეყრება. მისი აზრით, ლანჩისთვის გამოყოფილი ერთი საათი ძალიან ბევრია. ამ თეორიის თანახმად, ყველა, ვისაც ნორმალურად ჭამა უნდა, უბრალოდ უსაქმურია და მიზეზს ეძებს, რომ სამუშაოს თავი დააღწიოს. მე ამ ყველაში შევდივარ. ჩემი უფროსი კი ადამიანებში შედის, რომლებიც თხუთმეტი წლის შემდეგ მაღალი ქოლესტერინის გამო დაიხოცებიან.

ჩემი კაცი გარეთაა და ჰარი პოტერს კითხულობს. მეორე ტომს. აი, ჰარი პოტერი საიდუმლო ოთახს რომ ხსნის და იქ უზარმაზარი ბასილისკო ხვდება. ოღონდ მან ეს ამბავი ჯერ არ იცის. სულ ახლახან გადავიდა მეორე წიგნზე, ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით.

Continue reading “STD [Sexually transmitted disease]”

ყველაფერი

როცა გეღვიძება პირში მკვდარი თაგვის გემოთი და ხვდები, რომ გუშინაც ვერ შეიკავე დალევისგან თავი,

და ,,პახმელია” არის მხოლოდ  სინანული მომხდარის გამო.

როცა გაქვს  წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც პატიჟებ შეყვარებულს

და ვერ პატიჟებ ბიჭს, ვისთანაც წევხარ,

მერე  კი ამ ბიჭის საწოლში ნახევარი საათი ქვითინებ   კედლისკენ შებრუნებული

ის  ხმას არ გცემს.

როცა გაღვიძებენ დილით ადრე სახლში დარეკვით და კითხულობენ იმას, ვინც  არ არსებობს.

და შენ აგინებ მთელი ხმით,

მერე ხვდები, რომ უხეშად მოგივიდა

მაგრამ არ გაქვს ნომრის ჩამწერი, რომ გადარეკო და ბოდიში მოიხადო.

როცა ცდილობ,  არ დაინახონ ბავშვებმა, როგორ  გდიხარ გარეთ ძალიან მთვრალი.

ან როგორ არწყევ,

რადგან გგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა.

როცა ხალხი თვლის, რომ ზედმეტად კარგი მკერდი გაქვს იმისთვის, რომ ჭკვიანიც იყო,

და მთელი ცხოვრება საპირისპიროს დამტკიცება გიწევს,

Continue reading “ყველაფერი”

პურის რიგებში გაკეთებული თაობა

ჩვენ ორ რამეს გვატყუებდნენ ბავშვობაში: როგორ ჩნდებიან ბავშვები და ვინ აქრობს შუქს.  ორივე ამბავი დაახლოებით ერთად გაირკვა მაშინ, როცა ათიოდე წლისა ვიყავი და ამ ორ ამბავს შორისაც  იყო რაღაც იდუმალი კავშირი: როცა შუქი ქრებოდა, ხალხი ბავშვების ,,კეთებას” იწყებდა.

90-იან წლების key-word ჩემთვის უშუქობაა. მაშინ ჩვენ ყველას რაღაც პასიური აგრესია გვქონდა ამ მოვლენის მიმართ. ჩვენ არ მოგვწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად. რატომღაც მეგონა, რომ თუ (!) არსებობს ქვეყანა, სადაც შუქი არასდროს ქრება, ალბათ, ამ ქვეყანაში მხოლოდ გაზულუქებული ადამიანები ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ შუქი თუ გაქვს, ესე იგი, ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. და თუ ყველაფერი გაქვს, რაც გინდა, გაზულუქებულიც ხარ.

Continue reading “პურის რიგებში გაკეთებული თაობა”

ბოდვა მომავალზე

მომავალი არასდროს დამსიზმრებია, მით უმეტეს, შორეული მომავალი. ეგ ალბათ მხოლოდ სპილბერგსა და კამერონს ესიზმრებათ. მე უბრალოდ მინდა, რომ მომავლის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ, ანუ რიგითი ბოდვა.

დილა

ვიღვიძებ. სხეული მომართული მქონდა რვაზე. მაგრამ ძალიან მეძინება, ამიტომაც სხეული გადამყავს რეჟიმში ,,ზედაპირული ძილი” და კიდევ 5 წუთს ვიპარავ. დაე, დამაგვიანდეს იქ, სადაც უნდა დამაგვიანდეს. ვდგები. ყავა ავტომატურად ეშვება ვენებში და მე ვწყვეტ, რომ შაქარი უნდა შევზღუდო.

შუადღე
სანამ ჩემი ხელები ეჯაჭვებიან კლავიატურას, ტვინი იგონებს ზღაპრებს ბავშვებისათვის მოსაყოლად. ჩემი ბავშვები საღამოს ბავშვები არიან. დილისკენ ქრებიან. ამიტომაც, მე არასდროს მინახავს მზე მათთან ერთად. ბავშვები, რომლებიც დღის ნახევრის განმავლობაში მაინც არსებობენ, გაცილებით ძვირი ჯდება. ჩემი ხელფასით ვერ გავწვდები. მზეს ჩაუწიე_ ვეუბნები თანამშრომელს. ნამდვილი მზე კარგა ხანია გაქრა. ახლა ყველა ოფისში სიმულაციური მზეა. გარდა ამისა, ყველა ქვეყანას საკუთარი მზე აქვს, ეროვნული დროშის ფერებში. ნამდვილ მზეს მხოლოდ იაპონიის მზე ჰგავს.

საღამო.
დღე მთავრდება. ოფისებში მზეებს აქრობენ. სახელმწიფოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ მზეს უწევს. ასე მხოლოდ ჩვენთან ხდება. სხვაგან სულ დღეა. პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ბუნებით რომანტიკოსია და ენატრება დაღამება: იმ ძველ, კეთილ დროს ახსენებს, როცა ნამდვილად ღამდებოდა ხოლმე. სინამდვილეში, იგი მხოლოდ ენერგიას ზოგავს. ისე, მზე სრულიადაც რომ გამორთოს, მეზობელ ქვეყანაში ისეთი ჩახჩახა მზეა, ქუჩაში მაინც დავინახავდით რამეს.
მაგრამ ჩვენთან არავის უნდა ის ჩახჩახა მზე.
საღამოს ბავშვები მაშინ ჩნდებიან, როცა საწოლში ვწვები.
და ისინი ითხოვენ კუთვნილ ზღაპრებს მზეზე. რადგან ის არავის უნახავს. მე ვუყვები მათ საშინელ ზღაპრებს, რომ დიდხანს არ დაიძინონ და მელაპარაკონ. მაგრამ სულ ერთია. 9-ის მერე ნამდვილად ჩაეძინებათ. ვერაფრით გააღვიძებ. ეს ხელშეკრულებაში წერია.

ღამე.
ვუსმენ ბავშვების სუნთქვას და სხეულს მხოლოდ მაშინ ვთიშავ, როცა ვხვდები, რომ ვეღარ ვფიქრობ.
ხვალ 8-ზე უნდა ავდგე.