ოდესმე უთქვამთ თქვენთვის, რომ წარსული არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რათა წარსული შეცდომები არ გავიმეოროთ? როგორც წესი, ამას ქვეყნის ისტორიაზე საუბრისას ამბობენ. მგონი, ტყუილია ეგ. იმიტომ, რომ ცოტა ლოკალურ მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ, ყველაფერი მახსოვს, რაც თავს გადამხდენია, მაგრამ ეს სულაც არ მიცავს მომავლის შეცდომებისგან. ახალი წლის დადგომამდე ასე სამი დღით ადრე ვიწყებ ხოლმე წინა წლის ანალიზს. ვზივარ ციმციმებით განათებულ სახლში (სხვანაირად როგორ) და ვაანალიზებ გასულ წელს. ვგეგმავ, რომ ამიერიდან ვიქნები უფრო რაციონალური და ნაკლებად ემოციური, მეტს ვიმუშავებ და ნაკლებ ღამეს გავათენებ… საერთოდაც, ყველაფერს შევცვლი, რაც არ მომწონს. და სად მივყავარ ამ გზას? შემდეგ ახალ წელთან, როცა მე, ოღონდ ერთი წლით უფრო დიდი, უფრო აზრიანად და რაციონალურად ვმსჯელობ ზუსტად იგივე შეცდომების შესახებ. იცვლება მხოლოდ მსჯელობის არგუმენტირებულობა, მაგრამ არ იცვლება მიზეზი.
ასე თუ ისე, საახალწლო პოსტის დაწერა მაინც აუცილებელია, ხოდა, გადავწყვიტე შემეჯამებინა ის ცხოვრებისეული ცოდნა, რომელიც 2012 წელს მივიღე:
1. მარტოობა და თავისუფლება თითქმის ერთი და იგივე რამეა.
ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თავისუფლების ძიებაში ისეთ სევდიან რამეს წააწყდე, როგორიც მარტოობაა და პირიქით. არ შეიძლება მარტოობის ღირსებები ფეხებზე დაიკიდო მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილი ხარ. შენ გვერდით არავინაა, რომ ჩაგეხუტოს და გაფუჭებული ონკანი შეგიკეთოს? სამაგიეროდ, შეგიძლია მანდარინის ნაფრცქვენები პირდაპირ იატაკზე დაყარო და მაშინ გაიტანო გადასაყრელად, როცა ამის ხასიათზე იქნები.
2. მიზეზი, რის გამოც ცოლიან კაცთან არ უნდა დაიწყო ურთიერთობა, არის მისი ცოლი.
ეს ეხება იმ კაცებსაც, რომლებიც უკვე დაშორდნენ ცოლს ,,მთელი ორი თვეა” და იმ კაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ მასა და მის ცოლს რა ხანია ,,სხვადასხვა ოთახებში სძინავთ”. გულწრფელად ვამბობ, რომ არ ღირს ხუმრობა სოციალურ სტატუსებთან. სანამ თქვენი შეყვარებულის/ბოიფრენდის ტელეფონი მის ყოფილ ცოლს ზეპირად ახსოვს, თქვენი ცხოვრება მშვიდი არ იქნება.
ვიცი, რომ არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ხართ თუ არა ისეთი იღბლიანი, რომ გამონაკლისში მოხვდეთ თქვენც, თქვენი კაციც და მისი ყოფილი ცოლიც?