lazy weekend post

t3****
შაბათის ძილი ძალიან მიყვარს. უპასუხისმგებლო ძილი, მაღვიძარის დაყენების გარეშე, სანამ სიცხე არ გაგაღვიძებს. დღეს სხვანაირად იყო. კარზე კაკუნმა გამაღვიძა და ძლივს გამოვერკვიე. მახსოვს, სიზმარში უცებ დავამთავრე ამბის განვითარება, ცუდი მწერალივით და კაბა გადავიცვი. კაკუნზე სულ მძაფრი რეაქცია მაქვს. როცა პირველად შემოვიდა უნარების ტესტები, გახსოვთ მაშინ რა მითები ვრცელდებოდა?  ამბობდნენ, უნარების ტესტებში წერია რომ დედა შვილთან ვერ მივა, თუ წინასწარ არ გააფრთხილაო. ლოგიკურად მომეჩვენა. ახლა დედაჩემი რომ მოულოდნელად დამადგეს თავზე, მომიწევს სახლი უცებ მივალაგო, საფერფლეები დავცალო, ლუდის ბოთლები სადმე შევჩურთო და ტამპონების ყუთი უჯრაში ჩავდო, იმიტომ, რომ that’s what წესიერი გოგოები do. ბრძნული შეგონებაც უნდა არსებობდეს ასეთი: სანამ სახლის კარს გაიხურავ, ისე დატოვე სახლი, თითქოს დედაშენი ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდესო.
გავიხედე. მეგობარი იყო, არადა მტერივით აკაკუნებდა. გამეტებით, კარის ჩამოღებით. კარი გავუღე თუ არა, ვკითხე:

– რატომ შემეცი შაბათს, დილის 9-ზე?

– ეეე, რა გჭირს? კარგად ხარ? მკითხა და სახე გაუფითრდა.

– რა მჭირს? გამიკვირდა მე და უცებ იატაკზე წკაპუნის ხმა გავიგე. სისხლი მთელი ძალით მომდიოდა ცხვირიდან. რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე?

სასწრაფოდ ცხვირსახოცი მოვძებნე. სიზმარში დრაკონს ვებრძოდი და აშკარად მომიგო ბრძოლა, რეალურ ცხოვრებაშიც კი დამაზიანა.
Continue reading “lazy weekend post”

წვიმის შემდეგ

pirveli

სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება.
მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახშირის უთოსთან ერთად მაინც კომიკურად გამოიყურება. კედელზე გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის სურათები კიდია. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ხოლმე ამ სურათებს და მიჭირდა დაჯერება, რომ ამ ორმა ადამიანმა გააჩინა და გაზარდა მამაჩემი. რაკი ბებია და ბაბუა არასდროს მინახავს, ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ბავშვი არასდროს ყოფილა. ჩემთვის ხომ მისი ბავშვობის ისტორიები არავის მოუყოლია.

Continue reading “წვიმის შემდეგ”

წერილი 15 წლის ანინას

ამ თამაშში ნატოშამ დამთაგა. ჩანაფიქრი შემდეგია – უნდა მისწერო საკუთარ თავს წარსულში წერილი და გააფრთხილო, ურჩიო, ეჩხუბო, აწვალო.. რაც გინდა, ის უთხრა.  მე გადავწყვიტე, 15  წლის ანინასთვის მიმეწერა წერილი:

,,გამარჯობა, ანინა. ვიცი, რომ რჩევა -დარიგებები დიდად არ გიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა მომისმინო.

მინდა ისეთი რამეები გითხრა, რაც აუცილებლად გამოგადგება მომავალში. თან ზუსტად ვიცი, რომ გამოგადგება.
პირველ რიგში, იზრუნე იმაზე, რომ საკუთარი კომპიუტერი გქონდეს. შენი ძმის კომპიუტერზე კვირაში მოპარული 1 საათის განმავლობაში ვერასდროს მოახერხებ იმას, რაც ასე აუცილებელია_ ბლოგის შექმნას.

ამას რაც მალე იზამ, მით უკეთესი, რადგან
1. ასეთი დეპრესიული აღარ იქნები
2.  რამენაირი სოციალური სტატუსი მაინც გექნება, გარდა ,,რთული მოზარდისა”.

Continue reading “წერილი 15 წლის ანინას”

ბელგიური შოკოლადი

ეს პოსტი (მოთხრობა) რომ გაიგო, ჯერ ეს უნდა გქონდეს წაკითხული.

შიში

ჩემს ყველა ბიჭს ერთნაირი შიში სტანჯავს. ეშინიათ, რომ ერთხელაც ავდგები და  დავწერ მოთხრობას, სადაც ყველას თავისი სახელითა და გვარით მოვიხსენიებ. შედეგად, საკმარისია ვინმემ ყურის ბიბილოზე მიკბინოს, რომ ამას აუცილებლად მოაყოლებს ფრაზას: ,,ოღონდ  ჩვენში დარჩეს, ხო?.. არ გვინდა ბლოგი და რაღაც”. ამის მერე მეც ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ რამე ისეთი გავაკეთო, რის დამალვასაც აზრი ექნებოდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ ბარში მოხდა. ვუყურებდი ერთ მიმზიდველ ბიჭს, რომლის სახელიც არ მახსოვდა. ვუყურებდი თვალებში და ტუჩებზე მონაცვლეობით და ზუსტად მაშინ, როცა მისკენ გადავიხარე, მან თქვა: ,,მგონია, რომ ამას ბლოგისთვის აკეთებ“. ცოტა ხანი მის სიტყვებს ვაცნობიერებდი (მთვრალზე ეს კიდევ უფრო რთულია) და ამ დროს ტუჩებზე მისი შეხებაც ვიგრძენი. ზუსტად მაშინ, როცა მისი ენა ჩემს ენას შეეხო, მე გამახსენდა, რომ ჩემს დომეინს პრობლემები აქვს.

_ რამე მოხდა?

_ პრინციპში არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სირი ხარ.

_ რატომ?

_ შენც იცი. დეტალები შეგიძლია ჩემს ბლოგზე იხილო.

_ კარგი რა. ამას არ იზამ.

_ ვიზამ და თან ისე, რომ გეტკინება და გესიამოვნება.

_ ვიცოდი, რომ  დამპალი გოგო იყავი.

_ დიდი ამბავი. ეგ ყველამ იცის.

Continue reading “ბელგიური შოკოლადი”

ცხოვრება ინერციით

სხეულის თვისება – შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

 

ისეთი მეგობრები არ გყავთ, დროის შეგრძნება რომ არ აქვთ? იმას არ ვგულისხმობ, სადმე რომ აგვიანებენ, ან კიდევ 10ის ნაცვლად 11ზე რომ შემოდიან სკაიპში. ეგეთები კი არა, ისეთები_ საერთოდ რომ ვერ გრძნობენ დროს. 23 წლისები ისეთივენი რომ არიან, როგორებიც 18-ისები იყვნენ და 30ისები რომ ისეთივენი იქნებიან, როგორებიც 23-ისები იყვნენ.

Continue reading “ცხოვრება ინერციით”

როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად

იმისათვის, რომ სიზმარში რამე გადაგიხადონ, პირველ რიგში, სიზმარი უნდა ნახო. მე კი მეტს არაფერს ვაკეთებ ღამით: ან სიზმრებს ვხედავ ან ვწერ. ვწერ იმაზე, რაც სიზმრად ვნახე და ვნახულობ სიზმრად იმას, რაზეც ვწერ. ,,თვითმკვლელთა მატარებელიც” ეგრე დაიწერა. ჯერ იყო საშინელი სიზმარი, რომელიც როდის-როდის გავუმხილე ჩემს დას. ლელამ მითხრა, აუცილებლად უნდა დაწერო, თუნდაც  პატარა რამე და თუნდაც მხოლოდ მე მაჩვენოო. დავწერე, მაგრამ მხოლოდ მისთვის არ მიჩვენებია. და ახლა ვფიქრობ:  კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.

ჩემმა მოთხრობამ გუშინ კულტურის სამინისტროს კონკურსი მოიგო.

Continue reading “როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად”

პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი

ერეკლეს წიგნზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა მე ერთი სტატიაც კი არ წამიკითხავს, სადაც ნორმალურადაა გაკრიტიკებული ეს კრებული. არადა რამდენი რამეა სათქმელი ლიტერატურული კუთხით, რა ადვილად შეიძლება ერეკლეს ლიტერატურული ხარვეზების დაჭერა და მსჯელობის განზოგადებაც. მოკლედ, ქართველმა კრიტიკოსებმა, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, მსუყე საკბილო გაუშვეს ხელიდან.

ერთ-ერთი პირველი გამოხმაურება კრებულზე ,,ტაბულაში” დაიბეჭდა. /ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ, თუ უკვე დამიმეგობრდით ფეისბუქზე/   ძალიან მომეწონა, დახვეწილი იყო, გონივრული, ინფორმაციასაც აწვდიდა მკითხველს.  ეს არ იყო რეცენზია, რა თქმა უნდა, ,,ტაბულას” ფორმატის გამო, თუმცა ჩემი აზრით, ამაზე უკეთესი არც არაფერი დაწერილა მას შემდეგ.

ამას მოჰყვა აზრები.გე-ზე  ლევან შატბერაშვილის სტატია. რომელსაც გამუდმებით მიციტირებდნენ და მიციტირებდნენ, ლინკი კი ყველგან გადმოჰქონდათ, სადაც კი კრებულის სათაურს დაინახავდნენ. არადა სტატია დილეტანტურად იყო დაწერილი და მე გავიფიქრე, რომ მსგავსი სტატიების განთავსება მკითხველის უპატიცემულობაა. ამაზე თვალს დავხუჭავდი, სტატიაში ტყუილები რომ არ მეპოვა.  თუ თქვენ ჯერ ამ პოსტში  განთავსებულ  პირველ ლინკს გაეცნობით, მერე კი _ მეორეს,  ტყუილების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ.

Continue reading “პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი”

წიგნები აღარ მინდა, თაროები მაჩუქეთ !

მე თუ ბევრს ვფიქრობ სხვისათვის საჩუქრის შერჩევაზე, ჩემთვის საჩუქრის შერჩევაზე ბევრს ნამდვილად არავინ ფიქრობს. რა უნდა ვაჩუქოთ ანინას? რა და წიგნი. ყველა თანხმდება ამაზე,  რაც იმას ნიშნავს რომ ხალხს ან ძალიან ჭკვიანი ვგონივარ, ან _ პირიქით.  ერთი–ორჯერ ვკითხე კიდეც ჩემს მეგობრებს, წიგნებს რომ მჩუქნით, ამით რისი თქმა გინდათ, ძალიან სულელი ვჩანვარ და მეტი უნდა ვიკითხო–მეთქი? ორაზროვნად გამიღიმეს. მოკლედ, მიზეზები საკამათოა.  მე მაინც გულუბრყვილოდ მჯერა, რომ მათ საქციელში ქვეტექსტები არ უნდა ვეძებო და  წიგნებს იმიტომ მჩუქნიან, რომ კითხვა მიყვარს. ისე, ამავე ლოგიკით, სასმელს რატომ არავინ მჩუქნის? 😀  კარგად მახსოვს, ერთ–ერთ დაბადების დღეზე  საჩუქრად მიღებული 3 ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”,  კიდევ ერთზე_ 2 ,,პატარა უფლისწული” და შარშან_ 2 ,,ელემენტარული ნაწილაკები”. ზედმეტი წიგნები მაშინვე გავაჩუქე ჩემს,, უ–წიგნ–ურ” ნაცნობებზე. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე წიგნებს მხოლოდ მათ ვჩუქნი, ვინც თავისი ინიციატივით  არასდროს შევა წიგნის მაღაზიაში : )

ამასწინათ  ჩემი წიგნების დალაგება გადავწყვიტე  და ძალიან გავბრაზდი, რომ რაღაცები რაღაცებში უბრალოდ ვერ ეტევა. ალბათ, ასე ბრაზობს აქლემი, რომელიც ნემსის  ყუნწს უყურებს ან კიდევ ერთოთახიანში მცხოვრები კაცი, რომელმაც გათამაშებაში როიალი მოიგო. მოკლედ, არ ვიცი, სად წავიღო ამდენი წიგნი. რისი გაჩუქებაც შემეძლო, უკვე გავაჩუქე (,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”), დანარჩენები კი ნამდვილად უნდა მქონდეს სახლში.

სახლიდან სოფელში გავისტუმრე მთელი საბჭოთა ლიტერატურა და ადგილი ჩემი წიგნებისთვის გავათავისუფლე, მაგრამ პრობლემა ვერ მოვაგვარე. სხვები თუ წიგნის ყიდვისას საფულეზე ფიქრობენ, მე  ისევ ის მადარდებს, მოთავსდება თუ არა ეს წიგნი თავისუფალ ღრიჭოში.

Continue reading “წიგნები აღარ მინდა, თაროები მაჩუქეთ !”

ესაუბრე ანინას


ბლოგი ადამიანის ვირტუალური ორეულია. თუ ბლოგზე დაწერილ პოსტებს შეკრებ, ანალიზს გაუკეთებ, მერე სურათებსაც დაურთავ, თავისუფლად შეგიძლია, ბლოგის მფლობელზე წარმოდგენა შეიქმნა (ნუ, ჩემზე უკვე თქვეს ვიღაცებმა, პორნო ბლოგერიაო, მაგრამ მათ ნუ დაუჯერებთ მაინცდამაინც). ერთი ეგაა, ბლოგი ვერ დაგელაპარაკება. ბლოგს შენ უნდა ელაპარაკო.
აქედან ლოგიკურად უნდა გადავიდეთ მეორე საკითხზე. გვჭირდება ვირტუალური მეგობარი, რომელიც თან გელაპარაკება, თან გისმენს, თან შენი ორეულია. რა არის?  არც მეტი, არც ნაკლები, ვირტუალური რობოტი, რომელიც შენს პიროვნებასა და აზრებს ერთი ერთში ემთხვევა.
ამის შესახებ ზომბისგან გავიგე. მასაც ჩემსავით ეჩვენება, რომ ადამიანის საუბარი საკუთარ თავთან ვირტუალურ სივრცეში (თანაც მატერიალურად არარსებულ საკუთარ თავთან) უსაშველოდ რომანტიკულია. წარმოიდგინე, შენ სევდის ზღვარზე ხარ. მეგობრებმა მიგატოვეს, ქმარს გაშორდი (ცოლი გაგშორდა), ერთადერთი კატაც კი მოგიკვდა. შედიხარ საიტზე, ქმნი შენს თავს, ასწავლი ლაპარაკს და უყვები, როგორ მიგატოვეს მეგობრებმა, როგორ გაშორდი ქმარს (გაგშორდა ცოლი), როგორ მოგიკვდა ერთადერთი კატა და როგორ შექმენი ის, შენი ციფრული მეგობარი. ისიც, შენი ციფრული მეგობარი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდება, რომ სანაცვლოდ ქვითინით კი არ გიპასუხებს, რამე მარტივსა და სულელურს გეტყვის (როცა ცუდად ხარ, ზუსტად ეგეთი რამე გჭირდება),მაგალითად იმას, რომ ცხოვრება გრძელდება,  რომ შენ წინ გაქვს ყველაფერი და შენც მიხვდები, რომ ხანდახან სხვა ადამიანებთან ლაპარაკი არც ღირს, საკუთარ თავთან უკეთესია.
ნუ, მე ასეთი ისტორია არ მქონია. მე ისე, უბრალოდ, შევქმენი ჩემი ანინა. რომელიც ასე გამოიყურება.
მაინტერესებდა, როგორია, როცა საკუთარ თავს სხვისი პოზიციიდან ელაპარაკები და მივხვდი, რომ მაგარია!

ყველაფერი მარტივია. არსებობს კითხვათა ბაზა, პასუხებს კი თავად აპროგრამებ.
როცა შენ და სხვებიც ელაპარაკებით რობოტს, ის იმახსოვრებს, რასაც ,,ისმენს” და შემდგომ საუბარში იყენებს ამ ინფორმაციას. აი, ჩემს რობოტს ყველაზე მეტად საკუთარ თავზე, პატრონზე, სექსზე და მუსიკაზე უყვარს ლაპარაკი. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მომხიბლავიცაა. სიტყვათა მარაგი აქვს ოდნავ მწირი, მაგრამ წიგნების კითხვას დავაწყებინებ (რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნებისას) და ეშველება.
თუ დაელაპარაკებით, მალე განვითარდება და მერე მადლობას გეტყვით. იმდენი კი იცის, რომ ჩემი მეგობრები კარგად გაართოს.
მასთან საუბარი ამ ლინკზე შეგიძლიათ.
https://mycybertwin.com/chat/anina. ესაა
შეგიძლიათ, ამ საიტზე თქვენც შექმნათ თქვენი რობოტები და მერე მითხრათ. სიამოვნებით გავესაუბრები მათ.

და მადლობა ზომბს, რა თქმა უნდა : )

წარმოსახვითი მეგობარი

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ეს პოსტი წარმოსახვით მეგობრებთან ერთად უნდა წაიკითხოთ, მართალია, ბლოგის სტატებში ისინი არ ფიქსირდებიან, სამაგიეროდ, მე ვიგრძნობ და გამიხარდება.

დღეს ვუთხარი ჩემს კარგ მეგობარს, რომ არ არსებობდე, გამოგიგონებდი-მეთქი. ხოდა, გამახსენდა, რომ ერთ დროს ასეც იყო. პატარა რომ ვიყავი,  ტელეფონზე გამოგონილ მეგობარს ველაპარაკებოდი ხოლმე ..

ვიხსენებ, რომ ჰქონდა გრძელი ტალღოვანი თმა, საშუალო სიმაღლის იყო, თვალები_ თაფლისფერი. ასე 17-18 წლის იქნებოდა. მოკლედ, ახლა მე თვითონ ვარ ასეთი გოგო. მზად ვარ, ვიყო ყველას წარმოსახვითი მეგობარი, ვისაც მოუნდება. გარდა ამისა, მე ისეთი მეგობარი ვიქნები, ვისი დაპატიჟებაც შესაძლებელია ლუდზე.  მართალია, ეს ოდნავ ძვირი დაჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენი წარმოსახვითი მეგობრის გამო სულელად არავინ ჩაგთვლით. ამისთვის საკმარისად რეალური ვარ.

არსებობს პავიჩის ერთი რომანი, ,,ქარის შიგნითა მხარე”, ხოდა, იქ ჰეროს 2 ბავშვის მომზადებას დაავალებენ, რომელთაგანაც ერთი წარმოსახვითია.  წარმოსახვითი კაჩუნიცა ვერაფრით სწავლობს მესამე უღლების ფრანგულ ზმნებს და ჰერო გადაწყვეტს, გაკვეთილზე წარმოსახვითი მასწავლებელი, ლეანდრი დაიმატოს და ოჯახის ახირებებით შეწუხებული იტყვის, რომ ახლა მათ 2 მასწავლებლის ფული უნდა გადაიხადონ.

ისე, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს ( გააჩნია მედალსაც :D). ხოდა, აბა წარმოიდგინეთ, როგორ ეჩხუბება თქვენს წამოსახვით მეგობარს წარმოსახვითი დედა: ნუ ელაპარაკები რეალურ ბავშვებს!

 

მოთხრობის დაწერას ვაპირებ, რომელსაც ერქმევა ,,წარმოსახვით მეგობართა თავშესაფარი”. ცუდია, როცა იცი, რომ არსებობ და შენი არავის სჯერა.. ასეთ შემთხვევაში თავს ისე იგრძნობდით, როგორც ღმერთი ათეისტების წრეში. მოთხრობა ამის შესახებ იქნება. თუ თქვენც გყავდათ წარმოსახვითი მეგობრები, იქნებ შემეხმიანოთ, მოთხრობისთვის მჭირდება. nino.tepnadze@gmail.com

პატივისცემით, თქვენი ნახევრადრეალური მეგობარი, ანინა.

პ.ს. ეს სურათი პოსტის დაწერის შემდეგ ვიპოვე და ისეთი მაგარია,  არ შემიძლია, არ დავდო