სულ ორი ტიპის ადამიანების მშურს: ადამიანების, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ ბევრი ფული და ადამიანების, რომლებსაც ხატვა შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მდიდარი ფანტაზია, კრეატიული იდეები და არ შეგიძლიათ ვიზუალურად მათი გადმოცემა. თქვენ ვერასდროს გახდებით გრაფიტის ავტორი, ვერ დაასურათებთ წიგნებს, ვერ შექმნით საინტერესო პოსტერს და საერთოდ, დარჩებით არარაობად ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში. საბოლოოდ მოგიწევთ, საერთოდ ხელი ჩაიქნიოთ თვითგამოხატვის ამ კონკრეტულ გზაზე. როცა ეს ჩემს მეგობარს შევჩივლე, მითხრა, სამაგიეროდ შენ კარგად წერა შეგიძლიაო. მეც ვიცი, რომ კარგად წერა შემიძლია, მაგრამ ეს არაა კარგად ხატვის ეკვივალენტური. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია კარგად წერა, ვინც სკოლაში გრამატიკის საკითხებს ცოტა ყურადღებით მოეკიდა და რამდენიმე წიგნი მაინც აქვს წაკითხული. რეალურად, კარგად წერას სულ რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება:
1. წერეთ ბუნებრივად
ოდესმე გითქვამთ თქვენი მეგობრისათვის, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ? ალბათ არა. თქვენ უბრალოდ ამბობთ: ცუდად ვარ, ან: სახე მაქვს ახეული, ან: დედამოტყნულად მტკივა თავი. თუ თქვენ ასე ლაპარაკობთ, ასეც უნდა წეროთ. როგორც კი გახდებით მაღალფარდოვნები, დაკარგავთ იმ ადამიანების სიმპატიას, რომლებსაც ჩვეულებრივი ნაწერის წაკითხვა უნდათ.
ამიტომაც ნუ დაწერთ, რომ სიბნელემ შთანთქა ოთახის ყველა კუთხე.
დაწერეთ, რომ დაბნელდა, ან შუქი წავიდა.
როგორ გამოვასწოროთ: ხმამაღლა წაიკითხეთ თქვენი ნაწერი და თუ რამე ცუდად მოგხვდებათ ყურში, აუცილებლად შეცვალეთ. მე ასე ვიქცევი ყოველი პოსტის დაწერის შემდეგ.