ძველი მეგობრის ბლოგი

რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა  გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე.  ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.

მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები  და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა.  ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით,  ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი  ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.

Continue reading “ძველი მეგობრის ბლოგი”

დედამიწის უკანასკნელი ზამთარი

ეს არის საკონკურსო ნამუშევარი imho.ge-სთვის

პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი 

რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში  არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა..  ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან.  არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.

(აქვე გადახვევა:  ეიჩარის კითხვა გასაუბრებაზე  ( 2002 წელი ):
_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?
_ მკვდარი)

Continue reading “დედამიწის უკანასკნელი ზამთარი”

ჩანაწერები

** რაც რეგულარულად დავიწყე ვარჯიში, მივხვდი, რატომ არიან სპორტსმენები შტერები. ვარჯიშის დროს ფიქრი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ითვლი და მოძრაობ, ან უბრალოდ მოძრაობ. ვარჯიშის დროს ვერაფრით დაფიქრდები იმაზე, რომ სამყარო უზარმაზარია და შენ _ ძალიან პატარა.

ამიტომაც ვარჯიშის დროს ყველა თვითკმაყოფილია. ოფლიანი და თვითკმაყოფილი.

Continue reading “ჩანაწერები”

შტერი

ფიქრს გადავეჩვიე. განა შემთხვევით, მიზანმიმართულად. თავის ტკივილებმა მასწავლეს, რომ  მხოლოდ ცარიელი თავი არის მშვიდად. ხოდა, მეც გულმოდგინედ ვბერტყავ თავიდან ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისწავლია. ვბერტყავ წარსულ გამოცდილებებს, დედაჩემის რჩევებს, ლინგვისტიკის კურსის შესავალს, ასოციაციებს,  ,,მეტალიკის” ალბომების სათაურებს, ბავშვობის მოგონებებს, 10 ხერხს ურჩი თმის დასამორჩილებლად და მარტივად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტებს. მხოლოდ ისეთ რამეებს ვიტოვებ, როგორიცაა ვინდოუსის გადაყენების ტუტორიალი, გამრავლების ტაბულა და პუნქტუაციის წესები. ისიც იმიტომ, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია.

Continue reading “შტერი”

ალკოჰოლი

ამ ბოლო დროს, როცა დალევა ყველაზე მოსალოდნელია,  არ ვსვამ ხოლმე და კითხვაზე: გინდა დავლიოთ? სულ არას ვპასუხობ, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ მიუხედავად ჩემი მრავალი მცდელობისა, სასმელი ცხოვრებიდან გამეძევებინა, მაინც ალკო-გოგონად ჩამოვყალიბდი. ახლა კი უბრალოდ უარს ვამბობ. იმის წარმოდგენა მეზარება, რომ უნდა დავლიო.

ცოტა რომ გავაანალიზე ეს სიტუაცია, დავასკვენი: დალევა ორი მომენტისგან შედგება: საკუთრივ დალევა (ანუ ალკოჰოლის მიღება და მოქმედება) და დალევის პონტი (მეგობრები, სიცილი, ,,ტალკაჩის” გადაწოდება-გადმოწოდება, ერთმანეთის სახეებზე კაიფი. დათრობა, უფრო ხმამაღალი საუბრები, გულისრევაც კი აქ  შედის და შეიძლება ოდესმე კარგად გაგახსენდეს). ჰოდა, ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი საერთოდ აღარ მომწონს, არადა ვგიჟდებოდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლზე, როგორც სითხეზე, რომელსაც პირში ისხამ_ მოთხოვნილებას ისევ ვგრძნობ.

Continue reading “ალკოჰოლი”

მე, მარკ ცუკერბერგი

გუშინ დამესიზმრა, რომ მარკ ცუკერბერგი ვიყავი.  მახსოვს, რომ ,,რედიოჰედს”  ვუსმენდი და  ვფიქრობდი იმაზე, გამეუქმებინა თუ არა ჩემი ფეისბუქის გვერდი. დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს  მხოლოდ სტატუსის განახლებით დავკმაყოფილდი: ,,მოწყენილი ვარ, შევ–ი მთელს ფეისბუქს!”  და ეს იყო ჩემი ერთადერთი სტატუსი, რომელიც არავის დაულაიქებია. მახსოვს, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ რამდენიმე მილიარდი მქონდა, მაგრამ მეც, ისევე როგორც რიგითი იუზერები, ვერაფრით ვერთობოდი და მხოლოდ მთავარ გვერდს ვარეფრეშებდი.

Continue reading “მე, მარკ ცუკერბერგი”

So many people, and so few asteroids

ჩემთვის ძილი აღარ არსებობს. არსებობს გადაღლა და გათიშვა, მაგრამ აღარ არსებობს ძილი.  ვზივარ, საკუთარ თავს ვარეფრეშებ (რომ რაიმე სტატუსი არ გამომრჩეს) და ვცდილობ, ვწერო ინერციით. საუკუნეა, სიზმარი აღარ მინახავს  და უკვე სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ადამიანები სიამაყით გამოაცხადებენ, რომ ძილი გააუქმეს. ალბათ იტყვიან,  რომ ძილი ჩაანაცვლეს პატარა ტაბლეტებით, ეროტიკული სიზმრები _ ნამდვილი სექსით, სიზმრის მეგობრები კი_ თანამშრომლებით, რომლებიც ხანდახან იმისთვისაც კი არ გამოდგებიან, რომ პარასკევ საღამოს ლუდზე დაპატიჟო.  იტყვიან, რომ უამრავი დრო დაზოგეს და შეუძლიათ, ამ დროს სხვა საქმეებით დაკავდნენ _ მეტი ვიდეო ნახონ იუტუბზე, უფრო დიდხანს იცეკვონ ღამის კლუბებში და დიდხანს იფიქრონ განუხორციელებელ სუიციდებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს მე ვერ მოვესწრები.

Continue reading “So many people, and so few asteroids”

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემი ფრჩხილები ისეთივე  მსხვრევადია, როგორც ჩინური ფაიფური.

და ჩემი თმა_ ისეთი სრიალა, როგორიც თქვენი.

და მე არ ვიცი, როგორ მოკვდა მაო ძე დუნი. ანუ შტერი ვარ.

სამწუხაროა, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს კვეთს, მხოლოდ ჩვენი ცხოვრებები რჩება პარალელური.

ჩემო ჩინელო მეგობრებო, მე ყოველღამე თქვენი სიზმრები მესიზმრება. – მეორადი მოხმარებისა, როგორც ყოველთვის, ცოტათი უხარისხო. (ზედიზედ ორჯერ თუკი ნახავ, გადაიწვება).   მესიზმრება  შროშანები და აბრეშუმები და პატარამკერდიანი გოგოები და დიდთავიანი რობოტები.  და სულ ეგაა ჩინეთი.

Continue reading “ჩემო ჩინელო მეგობრებო”

თვალთვალი

იცი თუ არა, რომ აკვიატებული თვალთვალის იდეა სხვა არაფერია, თუ არა მარტოობის ლოგიკური შედეგი? ჩემი აზრით, ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე პირველი წინადადების წაკითხვისას თქვენ წარმოიდგინეთ. ადამიანებს თავიანთი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ამიტომაც სურთ, რომ მათი ცხოვრების შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. ოღონდ სურთ, რომ  ადამიანებმა ახლავე იცოდნენ და არა მრავალი თაობის შემდეგ. ვიღას ადარდებს ისტორიაში შესვლა ისტორიკოსების გარდა? ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებას ახლავე აკვირდებოდნენ, პირადად და არა საუკუნეების მერე_ წიგნებიდან. ჩვენ გვინდა, რომ სიცოცხლეშივე დაგვაფასონ და სიკვდილისთანავე დავავიწყდეთ_ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენთვის სამყარო ჩვენს სიკვდილთან ერთად ქრება. თანამედროვე ადამიანი სამყაროს უყურებს, როგორც პროდუქტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მისი ცხოვრება გახადოს უფრო საინტერესო,  და.. მნიშვნელოვანი. მოკლედ, სამყარო ჩემთვის და სხვა მრავალი ადამიანისათვის მხოლოდ საკუთარი თავის დამატებაა_ დიდი სცენა, რომელზეც ჩვენ ჩვენი მაგარი სოლოები უნდა შევასრულოთ. აქვე ჩნდება კითხვა: ვიღას სჭირდება სცენა, როცა სოლო უკვე შესრულებულია?

Continue reading “თვალთვალი”

13-19 (I)

ვიცი, სათაურის წაკითხვისას  რაც გაიფიქრეთ_ თინეიჯერი (ოდნავ დამცინავი ტონით, თუ არა?). ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ როცა ანინას ბლოგზე შემოდიხართ, თინეიჯერის ბლოგზე ხვდებით? მე დღეს პირველად დავაფიქსირე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბლოგს თინეიჯერულად არ ვთვლი. აბა როგორი წარმომიდგენია თინეიჯერული ბლოგი? აი ისეთი, რომ შედიხარ და დიდი გული გეჩითება  წარწერით: მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები..


მოკლედ, მე თინეიჯერები არ მიყვარს, მაგრამ რადგან ზუსტადაც ,,თინეიჯერული პონტია”  რაიმე ფენომენის(მოვლენის, ადამიანის, ღირებულების) მომწონს-არმომწონს კრიტერიუმებით გაკრიტიკება, მოდი, ცოტა შორიდან მოვყვეთ..

საცდელი ობიექტი_ ანინა. 19 წლის.

Continue reading “13-19 (I)”