წვიმის შემდეგ

pirveli

სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება.
მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახშირის უთოსთან ერთად მაინც კომიკურად გამოიყურება. კედელზე გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის სურათები კიდია. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ხოლმე ამ სურათებს და მიჭირდა დაჯერება, რომ ამ ორმა ადამიანმა გააჩინა და გაზარდა მამაჩემი. რაკი ბებია და ბაბუა არასდროს მინახავს, ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ბავშვი არასდროს ყოფილა. ჩემთვის ხომ მისი ბავშვობის ისტორიები არავის მოუყოლია.

Continue reading “წვიმის შემდეგ”

ძველი პოსტების მსგავსი პოსტი

4

უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი   რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ  გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და  მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.

3

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები.  პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო,  რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.

5რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს,  მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.

ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.

სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.

მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.

სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა  შენთან ლაპარაკს აზრი.

ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.

თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.

გადამგდებები

large (1)ქართველებს ერთი შესანიშნავი სიტყვა გვაქვს მათ აღსანიშნავად, ვინც დანაპირებს არ ასრულებს- გადამგდები. მოდი, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ჩვენც ვყოფილვართ გადამგდებები. მე პირადად ბევრჯერ დავპირებივარ ძველ მეგობარს, რომ მისთვის დროს გამოვნახავდი, მაგრამ საბოლოოდ დამზარებია ვიქენდზე სახლიდან გამოძრომა. დავპირებივარ ბიჭებს, რომ დავურეკავდი და არ დამირეკავს. დავპირებივარ უცნობ ადამიანს, რომ გადავხედავდი მის ბლოგს და არ გადამიხედავს. მოკლედ, მეც ვყოფილვარ გადამგდები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ზოგიერთ საქმეში გადაგდება არ შეიძლება, დღეს კი სწორედ ასეთ საქმეებზე მინდა ვილაპარაკო.

ამ პოსტის ინსპირაცია თინის ბლოგიდან მივიღე. ამასწინათ წერდა, როგორ გადააგდო კიკალა სტუდიო ტვ-მ  და არ მისცა თანხა, რომელზეც შეთანხმებულები იყვნენ. ხოდა, გამახსენდა ჩემი მტკივნეული გამოცდილება ზოგადად გადაგდებების მხრივ და მომინდა, თქვენთვის გამეზიარებინა.

1. ახლო, ძალიან ახლო მეგობრების გარდა არავის ასესხოთ ფული. ან თუ ასესხებთ, მხოლოდ იმდენი ასესხეთ, რამდენსაც პრინციპში, უპრობლემოდ აჩუქებდით. აი, მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც იოლად გამაბრიყვა და შესაბამისად, აღარც არის ჩემი მეგობარი. ჯერ 100 ლარი მესესხა 1 კვირით და 2 თვეში დამიბრუნა. მერე ბევრი ბოდიში მომიხადა, მთხოვა, მისთვის გამეგო, მოკლედ, ისევ დაიბრუნა ჩემი ნდობა. ამის შემდეგ ერთხელ 50 ლარი მესესხა ერთი დღით და მართლაც შეასრულა დანაპირები. და როცა დავიჯერე, რომ მართლა კარგი ბიჭი გახდა, ისევ მესესხა ასი ლარი და აღარ დამიბრუნა. ზარებს არ პასუხობდა, ქუჩაში მემალებოდა და როცა ძალიან, ძალიან დამჭირდა ფული და კატეგორიულად მოვთხოვე დაბრუნება, აქეთ გამომლანძღა, შენ რანაირი მეგობარი ხარო. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.
რჩევა: გახდით ისეთი, როგორიც არის ნებისმიერი ბანკი. ადამიანი თუ აგვიანებს ვალის დაბრუნებას, უბრალოდ აღარ ასესხოთ მომავალში ერთი თეთრიც კი.

Continue reading “გადამგდებები”

ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები

realize-family-1024

იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო:

მაქვს 1 ლეპტოპი
ერთი კომპიუტერი
ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა
ერთი კურდღელი, რომელიც 15 ლარად ვიყიდე და არასდროს გავყიდი
ერთი წიგნის კარადისთვის სამყოფი წიგნები
ერთი ერთადგილიანი საწოლი
ერთი სარეცხი მანქანა
იმდენი ჭურჭელი, რომ მე მეყოს და კიდევ 3 სტუმარს
როლიკები
აიპოდი
ერთი წითელი პუფი

რა არ მაქვს:

საერთოდ არ მაქვს ძვირფასეულობა. საერთოდ.
არ მაქვს ძვირფასი სუნამოები.
არ მაქვს არავის ვალი. ერთი თეთრიც კი.
არ მაქვს ბრენდირებული ტანსაცმელი.
არ მყავს მანქანა.
და არ მაქვს სახლი.
Continue reading “ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები”

10 რამ, რაც…

webcam-toy-photo2
10 რამ, რაც ნერვებს მიშლის

1. ჩემი ტელეფონის ელემენტი
ანდროიდიანი ტელეფონები საქს. სულ რომ არ შევეხო, მაინც დღეში ორჯერ ჯდება
2. წარბები
მძულს გაკეთების პროცესი, რადგან მტკივნეულია. მძულს, რომ მერე ისევ იწყებს გაზრდას და ისევ გასაკეთებელი ხდება
3. ადამიანები, რომლებიც პრინციპებს უსირცხვილოდ იცვლიან
არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ გარშემო ყველას ცუდი მეხსიერება აქვს
4. ბიჭები, რომლებსაც უსაფუძვლოდ მაღალი თვითშეფასება აქვთ
შეხვედრაზე უარს რომ ეუბნები და გპასუხობენ: შენთვის გითხარი, თორემ მე არც გოგოები მაკლია და არც სექსი.
5. მძღოლები, რომლებიც  შუქნიშანზე ბოლომდე არ აჩერებენ და მოცოცავენ
წითელზე რომ გადადიხარ და ატყობ, როგორ მოიწევენ შენკენ. ბრრრ
6. გამყიდველები, რომლებიც ღიმილზე გპასუხობენ დაბღვერილი სახეებით
რა ჩემი ბრალია, თუ დღეში უამრავ იდიოტთან უწევთ ურთიერთობა? ამან უფრო არ უნდა ასწავლოთ ხალისიანი მყიდველების დაფასება?
7. მაღაზიები/კაფეები, სადაც ბარათით გადახდა არ აქვთ
კიდევ უფრო ცუდია, თუ ამის გამო შენ გიბრაზდებიან. მე მაქვს ფული, უბრალოდ შენ არ გაქვს მისი მისაღები მოწყობილობა, კიდევ ჩემი ბრალია?
8. ის, რომ ყველი ძალიან კალორიულია.
უსამართლობაა, როცა ასეთი გემრიელი რამე არის კალორიული. შეცდომაა.
9. წიგნები, რომლებსაც სიუჟეტში ხარვეზები აქვთ
არ შეიძლება, რომ წიგნში რომელიმე პერსონაჟის ბედი გაურკვეველი დარჩეს. კითხვას დაასრულებ და მერე ტვინი გე**ვნება ხარვეზებზე ფიქრით.
10. ოთხშაბათი დღე
ორშაბათზე მეტად ოთხშაბათი მაწუხებს. თითქოს დიდი ხანი გავიდა კვირის დაწყებიდან, მაგრამ პარასკევამდე ჯერაც შორია.
Continue reading “10 რამ, რაც…”

ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან

home alone

სანამ ბავშვი ხარ, ცხოვრების ყველა ასპექტს კარგად ვერ ხედავ. უფრო სწორად, გიმალავენ. გეუბნებიან, რომ კონკრეტული ამბების გასაგებად ჯერ პატარა ხარ და რატომღაც, გაზრდის მერეც არავინ გეუბნება სიმართლეს. იგულისხმება, რომ ისედაც ყველაფერი უნდა იცოდე. მაგალითად:
1. იცი, შენი ძაღლი სხვა სოფელში კი არ გავუშვით საცხოვრებლად, უბრალოდ დაბერდა და მოკვდა.
2. მე და მამას ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ კომფორტულ ცხოვრებას ვერ ველევით და ამიტომაც ვართ ერთად.
3. ჩვენი დაქორწინებიდან ასე მალე იმიტომ გაჩნდი, რომ დაუგეგმავად დავფეხმძიმდი შენზე.  ის ერთი შემთხვევა რომ არა, ახლა ალბათ სულ სხვაზე ვიქნებოდი გათხოვილი.
4. შენი ნახატები არაფრით გამორჩეული არაა სხვისი ნახატებისგან.  სჯობს, თუ ხატვას საერთოდ შეეშვები.

მშობლები გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენი დაცვა უნდათ. მაგრამ როცა დიდი ხდები და შენ თვითონ იწყებ მათ მოტყუებას მათსავე დასაცავად, ცუდი ადამიანი გამოდიხარ. არადა, ტყუილებზე დგას ოჯახის ჰარმონია. პატარა, დეტალურად გათვლილ, გაწონასწორებულ ტყუილებზე. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა სახლში მარტო დარჩენა. მომწონდა, რომ შემეძლო პიანინოზე ჩემი მოგონილი მელოდიები დამეკრა მეცადინეობის ნაცვლად. მომწონდა ფეხების შეკეცვა სკამზე და ისე ჯდომა. მომწონდა თან კითხვა და თან ჭამა (დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე ასეთ დროს, წიგნს დასვრიო). მერე ისმოდა კარზე ზარი და ვხვდებოდი, რომ ჩემი გართობა დასრულდა.  მაგრამ კარს რომ ვაღებდი, მამას(დედას) მაინც სიხარულით ვხვდებოდი და მომენატრე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმიტომ რომ ამ პატარა გაწონასწორებულ ტყუილზე იყო დამოკიდებული, მომცემდნენ თუ არა უფლებას, ცოტა გვიან დამეძინა ან წვნიანი არ მეჭამა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ტყუილზე არ უნდა ააგო ურთიერთობა” სრული სისულელეა. აბა რაზე უნდა ააგო ურთიერთობა, სიმართლეზე? რა უნდა მოუყვე კაცს, რომელსაც კარგადაც არ იცნობ:

Continue reading “ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან”

პაემნების დასასრული

linascheynius

მე და ჩემი მეგობარი ბიჭი  ვსხედვართ და ვსაუბრობთ ურთიერთობებზე.

_ ძალიან ცუდი სიტყვაა პაემანი_ ამბობს ის.

_ აბა იმას რა უნდა ერქვას,  საღამოს გოგოს რომ კაფეში ეპატიჟები  და საუბრობთ და იცინით და ყავას სვამთ?_ ვეკითხები მე.

_ სექსის წინა საღამო.

_ და თუ იმ საღამოს სექსი არ გექნებათ?

_ მაშინ სექსის წინა დღის საღამო.

_ და თუ არც შემდეგ დღეს არ გექნებათ სექსი?

_მაშინ მაგას ჰქვია კაფეში ჯდომა დასთან ერთად :დ _ მეუბნება და იცინის.

Continue reading “პაემნების დასასრული”