ძველი პოსტების მსგავსი პოსტი

4

უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი   რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ  გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და  მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.

3

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები.  პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო,  რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.

5რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს,  მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.

ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.

სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.

მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.

სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა  შენთან ლაპარაკს აზრი.

ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.

თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.

WTF

არ ვიცი, მსოფლიო ბლოგოსფეროში როგორაა, მაგრამ ქართულ ბლოგოსფეროს  3 მთავარი ძალა ატრიალებს: მოწყენილობა, უსაქმურობა და თვითდამკვიდრების სურვილი.

ალბათ, ამიტომაც არ დამიწერია ამდენ ხანს ახალი პოსტი. არც მოწყენილი ვყოფილვარ, არც  უსაქმური და თვითდამკვიდრება.. თვითდამკვიდრების თავი აღარ მაქვს :დ

აქვე გადახვევა:  საინტერესოა, რატომ არის შერაცხული თვითდამკვიდრების სურვილი ნეგატიურ მოვლენად. მეც მითხრეს ერთხელ, თქვენ, ბლოგერები მარტო იმიტომ წერთ, რომ თავი დაიმკვიდროთო და მე დავიწყე მტკიცება, რომ არა: ჩვენ იმიტომ ვწერთ, რომ მოგვწონს,  რომ სოციალური მედია განვავითაროთ, რომ ოდესმე 100 ლარიანი პოსტიც დაგვიკვეთონ :// და ..  გავჩერდი. რა თქმა უნდა, იმიტომ ვწერთ, რომ თავი დავიმკვიდროთ, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? განა იმიტომ არ ვსწავლობთ, რომ თავი დავიმკვიდროთ? იმიტომ არ ვიპრანჭებით, რომ თავი დავიმკვიდროთ? იმიტომ არ გამოვთქვამთ ბრძნულ აზრებს სხვების თვითდამკვიდრებაზე, რომ თავი დავიმკვიდროთ?

Continue reading “WTF”

ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

დამთავრდა ქართული ბლოგინგის დღეები. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ მოვლენის შესახებ გაცილებით ნაკლები ხმაური იყო, ვიდრე შარშან.

შარშან  ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდა (გავბრაზდით) თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენის გამო.

შარშან არავის უთქვამს, რა პრინციპით შეარჩიეს ბლოგერები[ სტაჟი?სოცმედია- ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება? ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა? კაიტიპობა?]

შარშან ვერავინ ამიხსნა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ბლოგერები იქ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

წელს კი ყველაფერი გასაგები იყო. გამოცხადდა კონკურსი, გავაგზავნეთ პროექტები და აარჩიეს საუკეთესო ვარიანტები.. თუმცა, ჰმ.. ისა. საუკეთესოები კი არა, ყველა აგვარჩიეს. გამიტყდა.

ყველას წამოყვანა რომ ცუდი იდეა იყო, ეს პროექტების პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ზოგიერთ პროექტს საშინლად ეტყობოდა, რომ მის ავტორს არაფერზე უფიქრია ზღვაზე დასვენების გარდა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას… და და და დააამ! თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ

Continue reading “ქართული ბლოგინგის დღეები _ done!”

შაბათი, სოციალური მედია

შაბათი დღე ძალიან მიყვარს და  არასდროს ვუძღვნი რაიმე აზრიან საქმიანობას. უბრალოდ დღის განმავლობაში სულ სახლში ვარ, პიჟამოთი ვბოდიალობ, ყავის ჭიქებით ჩემს ადგილებს ვნიშნავ და მეილებს ვპასუხობ.

მეორე ოთახში დედაჩემის და მამაჩემის მოსწავლეები მოდიან და მიდიან. სათვალავი მერევა ხოლმე, იმდენი არიან.  ყველას უნდა, რომ  ქიმია და მათემატიკა იცოდეს _ სხვანაირად ატესტატს ვერ მიიღებენ. მე კიდევ ფეხებზე მკიდია მათი სასკოლო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. მე მინდა, რომ იმ ოთახში გავიდე, დიდ ტელევიზორში ფლეშკა შევარჭო და რამე კარგ ფილმს ვუყურო ბატიბუტის თანხლებით. მაგრამ ვინ გაცლის კარგ ცხოვრებას. ამიტომ კომპთან ვზივარ და ვწერ, რა მინდა.

Continue reading “შაბათი, სოციალური მედია”

როგორ კვდებიან ბლოგები

ახალი ბლოგი მაქვს. არც ამ ბლოგის დამატებაა, არც ამ ბლოგის მეზობელი, არც ამ ბლოგის კონკურენტი. უბრალოდ, ახალი ბლოგია სოციალურ საკითხებზე და ერთი საინტერესო პროექტის ფარგლებში არსებობს(დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და სიტყვიერებაში).  თითქმის ყოველდღე უნდა ვწერო და ჯერჯერობით ვასრულებ კიდეც ამ მოთხოვნას. ყოველ საღამოს ვფიქრობ კონკრეტულ თემაზე და ახალ პოსტში ხან ვრცლად განვიხილავ, ხანაც ზედაპირულად. რაც მთავარია, ვცდილობ, დღე არ ჩავაგდო.

არადა, როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ წერისთვის არც დრო მქონდა და არც ხალისი. თურმე მქონია.. და სულ ტყუილად ვწუწუნებდი მკითხველებთან, რა ვქნა, საქმეები თავზე მაყრია-მეთქი. არა, საქმეები მართლაც თავზე მაყრია, მაგრამ ხელები ხომ თავისუფალი მაქვს (:დდ).  ასე რომ,  უბრალოდ უნამუსო ვარ. გული მეწურება, როცა წარმოვიდგენ, რამდენი ვიზიტორი მეყოლებოდა, აქაც რომ ყოველდღე ვწერდე.

Continue reading “როგორ კვდებიან ბლოგები”

მე ♥ ჩემი ბლოგი

ამ დროისთვის ზუსტად 3400 კომენტარი

306,156 views all-time

3,338 views on the busiest day

საშუალოდ 1,481 ჰიტი

დღეს ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა

Continue reading “მე ♥ ჩემი ბლოგი”

წლის ბლოგერი

შარშან:

1.

შარშან ამ დროს ბლოგი არ მქონდა, რადგან მეგონა, რომ ბლოგის გაკეთება დიდი წვალება იყო, მიხედვა კი _ უფრო დიდი წვალება. ახლა მგონია, რომ ბლოგის გაკეთება ძალიან ადვილია, მიხედვაც ასევე. გაცილებით რთულია, რომ ვინმეს შენი ნაწერი წააკითხო.

2.

შარშან ამ დროს მეგონა, რომ ბლოგერები ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები იყვნენ და საიტებს ამ წარუმატებლობაზე საწუწუნოდ იყენებდნენ. ახლა მგონია, რომ ბლოგერობა არაფერ შუაშია. ზოგადად, ადამიანები არიან წარმატებულები და წარუმატებლები. თუ წარუმატებელ ადამიანს ბლოგი აქვს, რა თქმა უნდა, ბლოგზეც ამ თემას ატრიალებს, თუ წარმატებულ ადამიანს აქვს ბლოგი, მაშინ წარმატებებზე წერს. სხვა საქმეა, რომ ჩვენთან ზოგადად ცოტა ადამიანია წარმატებული თავის საქმეში.

Continue reading “წლის ბლოგერი”