გაუცხოების ხელოვნება

არავინ მოგატყუოთ, რომ თქვენთვის წერს ან იმისთვის, რომ საზოგადოება წინ წასწიოს. ყველა ჩვენი ეგოისტი თავებისთვის ვწერთ. თუ არაფერს დაწერ, მაშინ სათქმელის უკან ჩაბრუნება მოგიწევს. უთქმელი სიტყვები ჯერ თვალებს ჩაგიშავებენ, მერე ტკბილეულობას შემოგტენიან, პარასკევობით – უთავბოლო სმაში გაგხვევენ, შაბათობით უცნობი ადამიანების გვერდით გაღვიძებას მიგაჩვევენ, კვირას პირობას დადებ, რომ კარგი გოგო ან ბიჭი იქნები. ორშაბათს ბევრს მოწევ და გაითიშები. მერე მიხვდები, რომ უნდა დაწერო და ეცდები ისე შეფუთო, თითქოს თავიდანვე საზოგადოების წინსვლაზე ზრუნავდი.

ამ ბოლო დროს ბევრ თავგადასავალში ვეხვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანად დანძრეული მაქვს. მორიგი ურთიერთობა დასრულდა ისე ცუდად, რომ მისგან მოსაყოლიც კი არ გამოვიდა არაფერი. დარჩა მხოლოდ გულის შეკუმშვა, როცა მის სახელს ლურჯად დაწერილს ვკითხულობ ვირტუალურ სივრცეში, ფინანსური ვალდებულებები და თავშეკავებული ღიმილი მის მეგობრებთან გადაყრისას.

ნეტავ რა მომენტში ვკარგავთ ერთმანეთის შეგრძნებას ადამიანები. სიყვარულზე არ ვამბობ, სიყვარული წლობით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მაზოხიზმი გიტაცებს. უფრო იმის ცოდნას ვგულისხმობ, რა ამბავი ხდება მეორე ადამიანის თავს. როცა იმდენად კარგად იცნობ შენს ყოფილ შეყვარებულს, რომ წუთების სიზუსტით შეგიძლია თქვა, რას უყურებს, რას უსმენს, რომელ საჭმელებს ჭამს, ვის ხვდება და როგორ ცდილობს დარდის ჩახშობას. შესაბამისად, იმ ადგილებს ერიდები, სადაც მას შეიძლება გადაეყარო. მიუხედავად ამისა, ქალაქი მისი ნაბიჯებით დანაღმულია და ერთ ქალაქში ცხოვრების სიმძიმე იმდენად აუტანელია, რომ ლამისაა, მიწასთან გაგასწოროს.

იქნებ ამიტომ ხდება აუცილებელი საკუთარი თავისთვის ახალი ფორმის გამოგონება ყოველ ჯერზე, როცა სიყვარული სრულდება. მთავარია, როგორმე დაემალო შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის წარმოსახვით მზერას. აი, მე სხვანაირი ვარ, შევიცვალე. აი, ტატუ მაქვს, რომელიც შენ ჯერ არ გინახავს. აი, გავხდი. აი, კუნთები გამიჩნდა, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვს. ის ადამიანი, ვისაც ოდესღაც იცნობდი, წავიდოდა ოდესმე სალაშქროდ გველებიან მინდორში? არა! მე კიდევ მივდივარ. არა, ეს სიტყვები უკან მიმაქვს. არ მივდივარ. გველები მართლა ნამეტანია.

ეს შეჯიბრებითობაც რა სასაცილოა და რა ადამიანური.

აბა ვინ უფრო სწრაფად დაგეთოვერდება? თუ რილეიშენშიფ სტატუსში სინგლის დაწერა დაასწარი, ეს 10 ქულაა. საეჭვო თაგი იმ ადამიანთან ერთად, რომელთანაც სექსი არასდროს გექნებოდა, მაგრამ დალევას მაინც დათანხმდი? – კიდევ 20 ქულა. საჯარო ადგილას სხვა ადამიანთან ერთად გამოჩენა და უდარდელი სიცილი? 30 ქულა. იმ ადამიანთან საჯარო ფეისბუქ ინტერაქცია? 50 ქულა. თუ ახალი ურთიერთობა პირველმა წამოიწყე, სამუდამოდ გამარჯვებული ხარ და თუ ეს ურთიერთობა მარტოობის გარდა სხვა გრძნობას არ ემყარება – მაშინ საკმაოდ სევდიანი.

–  ხომ შეიძლება უბრალოდ ბედნიერი ვიყო, როგორც ვიყავი? – მეუბნება მეგობარი, რომელიც ჩემსავით რაღაც სისულელეშია გაჭედილი.

გამოცდილი რომ არ ჰქონდეს საკუთარ თავზე, მოვატყუებდი, თითქოს ბედნიერება არ არსებობს. თითქოს არავინ იღვიძებს ისე, როგორც ჰოლივუდის ფილმებშია. პირველი, რასაც ხედავ, საყვარელი ადამიანის წირპლიანი სახე რომ არის და სადღაც რომ განიხილავ იდეას, იქნებ სამსახურებში დაგვერეკა და მთელი დღე საწოლში დავრჩენილიყავითო…

პირველი ადამიანი, რომელიც საწოლიდან დგება, ვალდებულებას იღებს, მეორე ადამიანს ყავა გაუკეთოს და ასე გრძელდება მანამ, სანამ უბრალოდ არ დაშორდებით.

რანაირად მოვატყუო, როცა ეს ყველაფერი იცის. ან თავი როგორ მოვიტყუო, როცა ვიცი.

ამიტომ იმას ვეუბნები, რასაც ჩემს თავსაც ვუმეორებ მანტრასავით:

– ესეც გაივლის.

იმიტომ, რომ წესით, ასეც იქნება.

 

One thought on “გაუცხოების ხელოვნება

  1. მე რომ მკითხო, უდარდელ სიცილს, საჯაროდაც და საკუთარი ოთახის კუთხეში მიყუჟულსაც, ვინმესთან ერთადაც და სრულიად მარტოც, ყველაზე მეტი ქულა ეკუთვნის 😀
    შეჯიბრში გეთანხმები. ყველა ჯერზე, როცა ძალიან გაიზარდე და შეიცვალე, ნიშნის მოგებით ფიქრობ, აი ახლა მხედავდეს, ახლა იცოდეს რა მაგარი ვარ 😏
    სიმშვიდეს გისურვებ 😍

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s