12 რამ, რაც 2012 წელს ვისწავლე

selfreflection (1)

ოდესმე უთქვამთ თქვენთვის, რომ წარსული არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რათა წარსული შეცდომები არ გავიმეოროთ? როგორც წესი, ამას ქვეყნის ისტორიაზე საუბრისას ამბობენ. მგონი, ტყუილია ეგ. იმიტომ, რომ  ცოტა ლოკალურ მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ, ყველაფერი მახსოვს, რაც თავს გადამხდენია, მაგრამ ეს სულაც არ მიცავს მომავლის შეცდომებისგან. ახალი წლის დადგომამდე ასე სამი დღით ადრე ვიწყებ ხოლმე წინა წლის ანალიზს.  ვზივარ ციმციმებით განათებულ სახლში (სხვანაირად როგორ) და ვაანალიზებ გასულ წელს. ვგეგმავ, რომ ამიერიდან ვიქნები უფრო რაციონალური და ნაკლებად ემოციური, მეტს ვიმუშავებ და ნაკლებ ღამეს გავათენებ… საერთოდაც, ყველაფერს შევცვლი, რაც არ მომწონს. და სად მივყავარ ამ გზას? შემდეგ ახალ წელთან, როცა მე, ოღონდ ერთი წლით უფრო დიდი, უფრო აზრიანად და რაციონალურად ვმსჯელობ ზუსტად იგივე შეცდომების შესახებ. იცვლება მხოლოდ მსჯელობის არგუმენტირებულობა, მაგრამ არ იცვლება მიზეზი.

ასე თუ ისე, საახალწლო პოსტის დაწერა მაინც აუცილებელია, ხოდა, გადავწყვიტე შემეჯამებინა ის ცხოვრებისეული ცოდნა, რომელიც 2012 წელს მივიღე:

1. მარტოობა და თავისუფლება თითქმის ერთი და იგივე რამეა.

ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თავისუფლების ძიებაში ისეთ სევდიან რამეს წააწყდე, როგორიც მარტოობაა და პირიქით. არ შეიძლება მარტოობის ღირსებები ფეხებზე დაიკიდო მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილი ხარ. შენ გვერდით არავინაა, რომ ჩაგეხუტოს და გაფუჭებული ონკანი შეგიკეთოს? სამაგიეროდ, შეგიძლია მანდარინის ნაფრცქვენები პირდაპირ იატაკზე დაყარო და მაშინ გაიტანო გადასაყრელად, როცა ამის ხასიათზე იქნები.

2. მიზეზი, რის გამოც ცოლიან კაცთან არ უნდა დაიწყო ურთიერთობა, არის მისი ცოლი.

ეს ეხება იმ კაცებსაც, რომლებიც უკვე დაშორდნენ ცოლს ,,მთელი  ორი თვეა” და იმ კაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ მასა და მის ცოლს რა ხანია ,,სხვადასხვა ოთახებში სძინავთ”. გულწრფელად ვამბობ, რომ არ ღირს ხუმრობა სოციალურ სტატუსებთან. სანამ თქვენი შეყვარებულის/ბოიფრენდის ტელეფონი მის ყოფილ ცოლს ზეპირად ახსოვს, თქვენი ცხოვრება მშვიდი არ იქნება.
ვიცი, რომ არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ხართ თუ არა ისეთი იღბლიანი, რომ გამონაკლისში მოხვდეთ თქვენც, თქვენი კაციც და მისი ყოფილი ცოლიც?

3. ყველა იმსახურებს ოჯახის წევრების უპირობო სიყვარულს

არავითარი აზრი არ აქვს იმას, რომ გახდე ვინმესთვის საამაყო შვილი ან და/ძმა.  თუ მათ არ უყვარხარ ისეთი, როგორიც უკვე ხარ, არც მაშინ ეყვარები, როცა მათთვის მოსაწონი იქნები. მამაჩემს ვეყვარები, თუ პროფესიას შევიცვლი. დედას ვეყვარები, თუ ვისწავლი ხორციანი საჭმელების მომზადებას. ჩემს დას ვეყვარები, თუ ნაკლებად ვიკამათებ მშობლებთან. ჩემს ძმას ვეყვარები, თუ მისი ძმა ვიქნები და არა და. არავითარი შანსი, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, არ არსებობს. ამიტომაც დაე, ყველა დაკმაყოფილდეს არსებული პირობებით.

4. სჯობს, ფული იყოს ბარათზე

ამ წელს პირველად დავკარგე საფულე, რომელშიც მხოლოდ ოცთეთრიანი მედო ქეშად. მთელი დანარჩენი თანხა ბარათზე იყო, რომელიც მაშინვე დავაბლოკინე. შემდეგ ჩემი საფულე ვიღაც ტიპმა იპოვა და სცადა, რამე მოგება ენახა. ფული ვერ იპოვა, ბარათს ვერაფერი მოუხერხა და ბოლოს ჩემი ნივთი სხვისი ხელით დამიბრუნა უკან.

happy-new-year-2013-setsiri-silapasuwanchai

5. შეცდომებს მაშინ უშვებ, როცა ზუსტად არ იცი რა გინდა

იმ ნივთების უმრავლესობა, რომელიც არ მომწონს, მაშინ ვიყიდე, როცა არ ვიცოდი, რისი ყიდვა მინდოდა.

6. Walking dead პირველი სეზონის შემდეგ უნდა დამთავრებულიყო

აქ მგონი ყველაფერი ნათელია.

7. ის, რომ უმცირესობაში ხარ, არ ნიშნავს, რომ შენი აზრი უმნიშვნელოა

ჩვენ ბევრნი ვართ და პატივი გვეცი_ ყველაზე ცუდი ფორმულაა, რაც კი საერთოდ მსმენია. შესაძლოა, უმრავლესობის აზრი მართლაც იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ არა მხოლოდ (!) იმიტომ, რომ უმრავლესობისაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკას არ ვგულისხმობ. ეს დამოკიდებულება ცხადად შეგიძლიათ ამოიკითხოთ ფრაზაში: საზოგადოების  84 პროცენტი მართლმადიდებელია და დანარჩენებმა ტრაკი დააყენეთ.

8. ყველა პრობლემა უფრო დიდი  პრობლემა ხდება ძილის წინ

თუ ძილისწინ თქვენც ყველაფერი გახსენდებათ, რაც გაგიფუჭებიათ ოდესმე, იცოდეთ, რომ დილას ყველაფერი უმნიშვნელო გახდება.

9. საიდუმლო არის სუნელებში

ყველა საჭმელს აქვს პოტენციალი, რომ იყოს გემრიელი. ამ პოტენციალის გამოკვეთას სჭირდება ბევრი სხვადასხვანაირი სუნელი. ეს საიდუმლო მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად. მანამდე მეგონა, რომ გემრიელი საჭმლის საიდუმლო დედაჩემში იყო.

10. ფიქრი ალტერნატიულ რეალობებზე საკუთარი თავის ტანჯვაა

კარგი იქნებოდა, ადამიანებს საერთოდ რომ არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, რაც ,,შეიძლება მომხდარიყო”.

11. ყველა ქართული ლუდი ატკივებს თავს

თუ თქვენ გეუბნებიან, რომ ამა თუ იმ ლუდს ,,ნამდვილი ქართული გემო აქვს”, ისინი გულისხმობენ, რომ აუცილებლად გეტკინებათ თავი ან იმ დღესვე, ან მეორე დღეს.

12. ყოველთვის არსებობს ,,ხვალ”

ის, რომ მალე 2013 წელი  მოვა, თავისთავად ამტკიცებს იმას, რომ აუცილებლად იარსებებს ხვალინდელი დღე. და ეს ხვალინდელი დღე მაშინაც კი გათენდება, თუ ყველა  სამყაროს დასასრულს წინასწარმეტყველებს. სხვა საქმეა, ჩვენ გავიღვიძებთ თუ არა ხვალ, მაგრამ როგორც წესი, მაინც ვიღვიძებთ ხოლმე.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ !

 

13 thoughts on “12 რამ, რაც 2012 წელს ვისწავლე

  1. მერვე წესი, არის ჩემი დევიზი🙂 უბრალოდ შენ უფრო ლაკონურად ჩამოაყალიბე და კიდევ აბსოლუტურად გეთანხმები ცოლიან კაცებზე მოსაზრებაში🙂
    ბედნიერ ახალ წელს გისურვებ :*

  2. marikaza

    ეს იმ შემთხვევათაგანია როცა არ ვიცი რა ვთქვა… რეალურია 😦

  3. katieege

    თითქმის ყველაფერში დაგეთანხმე და მესამე პუნქტი თითქმის ზუსტად დაემთხვა ჩემს ერთერთ დასკვნას 2012 წლიდან:დ იხ. ჩემი საახალწლო პოსტი:)

  4. მახსოვს, როცა ეს პოსტი გამოაქვეყნე და მეორე პუნქტი წავიკითხე, გამეღიმა. დღესაც მეღიმება, ოღონდ სიმწრით🙂

  5. კარგია , ყოჩაღ :* მე-3 პუნქტს ვეთანხმები , მაგრამ თუკი არ კმაყოპილდებიან არსებული პირობებით მაშინ ?

  6. saleee

    ,,სამაგიეროდ, შეგიძლია მანდარინის ნაფრცქვენები პირდაპირ იატაკზე დაყარო და მაშინ გაიტანო გადასაყრელად, როცა ამის ხასიათზე იქნები “<3 ხოდა მე ამ ფუფუნებას არავითარ ონკანის გამომცვლელზე არ გავცვლი,ვოტ ! :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s