საკეტები

ჩემს ერთ სასაცილო შიშზე მინდა მოგიყვეთ. საკეტების მეშინია. ეს არ ნიშნავს, რომ ბოქლომის დანახვაზე გავრბივარ და  ვიმალები, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჩემთვის დისკომფორტს იწვევს. მეშინია, როცა უცხო სახლის გასაღებს მაძლევს ვინმე. მგონია, რომ კარის გაღებაც გამიჭირდება და დაკეტვაც. მეშინია, რომ საკეტში რამე ჩატყდება, გასაღები არ მოერგება, ან მოერგება და აღარ გადატრიალდება. მოკლედ, მგონია, რომ კარს ვერ გავაღებ და შედეგად:  ჩავიკეტები შეზღუდულ სივრცეში, ან ღია სივრცეში დავრჩები დიდი ხნით.
არადა, გასაღებებიც და საკეტებიც მნიშვნელოვანია. თუ კარის გაღება ან დაკეტვა არ იცი, მდგომარეობის მსხვერპლი ხდები. სახლიდან ვერ გადიხარ, ან სახლში ვერ შედიხარ. ორივე ამაზრზენი ამბავია.

არ ვიცი, ეს შიში კონკრეტულად როდიდან იღებს სათავეს. ბავშვობიდან ყოველთვის ყველგან ვიკეტებოდი. დაახლოებით სამი წლისა აბაზანაში ჩავიკეტე და დედაჩემი კარის მეორე მხრიდან მასწავლიდა, როგორ გამეხსნა საკეტი, რომელიც ხანდახან ჭირვეულობდა.
მოგვიანებით, როცა წამოვიზარდე, მე და ჩემი მეგობარი ჩავიკეტეთ საკლასო ოთახში. კარი უბრალოდ აღარ იღებოდა შიგნიდან. გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო და გვეგონა, არასდროს არავინ მოგვაკითხავდა. საბედნიეროდ ერთი საათის შემდეგ დამლაგებელმა მოგვაკითხა. ყოველთვის ვნერვიულობდი, როცა მასწავლებელი ოთახის გასაღებს მე მაძლევდა ხოლმე  (,,ჯერ თქვენ შედით, ბავშვებო და მეც მალე მოვალ”). სულ ვცდილობდი, ვინმესთვის შემეჩეჩებინა კარის გაღების მტანჯველი პასუხისმგებლობა. რადგან ყველა საკეტი და ყველა გასაღები სხვადასხვანაირია და მე არასდროს ვიცი, საით უნდა გადავატრიალო გასაღები ან რამდენჯერ.  ბოლოს საკუთარ სახლში  ჩავიკეტე.  არსებობს ჩემი ფობიის დამამძიმებელი გარემოებაც: შეიძლება რომელიმე კონკრეტულ გასაღებსა და საკეტს, რომელსაც ადრე შევეჩვიე, ისევ გადავეჩვიო. . აი, წლების განმავლობაში უპრობლემოდ ვაღებდი და ვკეტავდი იმ სახლის კარს, რომელშიც აქამდე ვცხოვრობდი. ახლა რატომღაც ეგ საკეტიც მიძალიანდება ხოლმე.

ბარემ  იმასაც გეტყვით, რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. დაახლოებით სამი დღის წინ ჩემმა მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია მთავარი ჭიშკრის ჩაკეტვა.  ასე თქვეს, ღამღამობით ნასვამი ადამიანები შემოდიან და სისულელეებს აკეთებენო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მართლა აუცილებელი იყო თუ არა რადიკალური ზომების მიღება, მაგრამ ფაქტია, ეს წესი უკვე ამოქმედდა. ბოქლომს თავისი გასაღები აქვს, რომელიც მეც მომცეს, ოღონდ ამის გამო სულაც არ ვგრძნობ თავს დაცულად. უფრო_ პირიქით.

ახლა ერთით მეტი გასაღები უნდა ვატარო და ისიც კი არ ვიცი, შევძლებ თუ არა ბოქლომის გაღებას. გარისკვა არ მინდა, ამიტომაც, ვცდილობ, სახლში თერთმეტამდე დავბრუნდე და მერე გარეთ აღარ გავიდე. მოკლედ, ჩემი მეზობლების ტყვე ვარ. რატომღაც მგონია, რომ ჩემს მეზობლებს ღია კარი ისე არ აწუხებდათ, როგორც მე მაწუხებს დაკეტილი.
ვგეგმავ, რომ ხვალ ღამით ავდგე და ვივარჯიშო ამ ბოქლომზე. რამდენჯერმე ჩავკეტო და გავხსნა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ გამომდის. რაც მთავარია, აქამდე მეგონა, რომ ბოქლომებს მხოლოდ გასახსნელად სჭირდებათ გასაღები და არა_ჩასარაზად. ჩემი ეზოს ბოქლომი ამ მხრივაც გამორჩეულია. ის მხოლოდ გასაღებით იკეტება. თუ ვერ ჩავკეტავ, ცუდი გოგო გამოვალ, რომელიც ღამე ადგა, ჭიშკარი გახსნა და რატომღაც აღარ დაკეტა.

ვიცი, რომ შეიძლება ამ პოსტის შემდეგ ცოტა არანორმალური გეგონოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მართალია.
როგორ მოვიშორო ეს სულელური შიში?
any ideaz?

17 thoughts on “საკეტები

  1. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს ფობიებზე და მანიებზე ლაპარაკი.
    სულელი როგორ მეგონო, როცა მე თვითონ მჭირს ნომოფობია ანუ მეშინია ტელეფონის არ ქონის 😀 მთავარია მობილური ჯიბეში მედოს, ისიც არ მადარდებს თუ ანგარიში არ მექნება. ისე სულ ვაპირებ ამ თემაზე პოსტის დაწერას და ვეღარ დაადგა საშველი

  2. მე ფულის არქონის შიში მაქვს და ყოველთვს დამაქვს თან მინიმუმ 30-40 ლარი ქეშად, ქალაქიდან თუ გავდივარ, მაშინ ზედმეტი 100 😦 . ხოდა, მგონია რომ ვარჯიში გიშველის, ანუ შიშის შიშით დაძლევის მეთოდი, მე სიმაღლის შიშს მასე ვაჯობე, სიმაღლეებზე ფოფხვით )))

  3. არ არსებობს დაუძლეველი და გადაულახავი ფობია, მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა.
    სახლში კარს არ ხურავ? ან ტრანსპორტიდან რომ ჩადიხარ? ან მაცივრიდან რამეს რომ იღებ?
    ჩათვალე, რომ ჭიშკრის ჩაკეტვაც ანალოგიური საყოფაცხოვრებო და აუცილებელი პროცედურაა, შთააგონე თავს რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

    1. დახურვა ძალიან ადვილია ჩაკეტვასთან შედარებით. ასე მგონია, რომ ბავშვობის ასაკში ვარ ჩარჩენილი და ამიტომაც არ გამომდის ბოქლომებთან და გასაღებებთან ურთიერთობა

      1. ხო, რაღაცნაირი ჩაციკვლაა ეგ. მეც ბევრი რამის გადალახვა მომიწია 🙂
        თუ მოინდომებ შენ ყველაფერს შეძლებ 🙂

  4. მე ვიცი ერთი ადამიანი, ვისაც მსგავსი ფობია ჰქონდა – ჰარი ჰუდინი.
    ჰოდა კი დაძლია.
    დაძლია კი არა, ჰუდინიფობია შეყარა საკეტებს იქეთ. 🙂

  5. მე ლიფტში ჩაკეტვის მეშინია. ბავშვობაში რამდენჯერმე ჩავკეტილვარ. ახლა ფეხსაც ვერ შემადგმევინებთ, სანამ ჩემზე წინ ვინმე არ შევა ლიფტში…

  6. marikaza

    შიშთან დაკავშირებით ერთხელ ასეთი ფრაზა მოვისმინე და რავიცი შეიძლება სასაცილოა მაგრამ დაახლოებით ასე ჟღერდა: “თუ გსურთ შიშისგან განთავისუფლდეთ ნაცვლად იმისა რომ გაექცეთ პირიქით, შეეცადეთ მიიღოთ ის”, ასე რომ ანინა ვფიქრობ სწორ გზას ადგახარ. 😉

  7. ადვილად მოსარჩენი კლიენტი ხარ,სანახევროდ მოხსნილი პრობლემით.ლოგიკით- პრობლემის მოგვარება მიზეზის გაცნობიერებით იწყება. ანუ ფაქტიურად მიაგენი ფობიის მიზეზს(-ბავშობის გამოცდილება).
    რამდენიმე კითხვას უპასუხე: აი მაგ რა მოხდება(რა შეიძლება მოხდეს) თუ ჭიშკარს ვერ გავაღებ/ჩავკეტავ? თუ ბოქლომი ვერ გავაღე/დავკეტე შედეგი კატასტროფულად ცუდი იქნება? რატომ არის საშინელება/კატასტროფა ის, რაც მოხდება?
    ჩემი ფობია რამე მიზნის მიღწევაში მეხმარება?თუ კი რა მიზნის? ანუ რა სარგებლობა მოაქვს ჩემს ფობიას? ნამდვილად მინდა რომ არ მეშინოდეს საკეტების?
    შეიძლება ეს ის კითხვები არაა, რაც კონკრეტულად შენ გჭირდება, თუმცა ზოგადია და იმედი მაქვს გამოგადგება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s