STD [Sexually transmitted disease]

სამსახურიდან ძლივს გამოვედი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ როგორც კი ავდექი, ჩემს მაგიდაზე დაწყობილი დასამთავრებელი პროექტები აყვირდნენ.  უფროსმა კი გასვლისას ცუდად გამომაყოლა თვალი.  კარგად ვიცი ეს მზერა, რადგან დაახლოებით ორი წელია ასე მიყურებს. ეს არაა ფლირტი ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ ადამიანებს შორის. არა, ფლირტი სხვა რამეა. ეს არის დეკლარირებული სურვილი, რომ ჩვენ სექსი გვქონდეს, უფრო სწორად კი_ მას ჰქონდეს სექსი ჩემთან. არანაირი ტაქტიკა ჩემს უფროსს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მუდმივად მაგრძნობინებს თავს ქვეშევდრომად. იმასაც არ თვლის აუცილებლად, რომ თავი მომაწონოს. მან, ისევე როგორც მე, კარგად იცის, რომ სექსისთვის სულაც არაა აუცილებელი, ადამიანი მოგწონდეს. სხვა უამრავი მიზეზი არსებობს.

უფროსი სენდვიჩს ჭამს და ნამცეცები კლავიატურაზე ეყრება. მისი აზრით, ლანჩისთვის გამოყოფილი ერთი საათი ძალიან ბევრია. ამ თეორიის თანახმად, ყველა, ვისაც ნორმალურად ჭამა უნდა, უბრალოდ უსაქმურია და მიზეზს ეძებს, რომ სამუშაოს თავი დააღწიოს. მე ამ ყველაში შევდივარ. ჩემი უფროსი კი ადამიანებში შედის, რომლებიც თხუთმეტი წლის შემდეგ მაღალი ქოლესტერინის გამო დაიხოცებიან.

ჩემი კაცი გარეთაა და ჰარი პოტერს კითხულობს. მეორე ტომს. აი, ჰარი პოტერი საიდუმლო ოთახს რომ ხსნის და იქ უზარმაზარი ბასილისკო ხვდება. ოღონდ მან ეს ამბავი ჯერ არ იცის. სულ ახლახან გადავიდა მეორე წიგნზე, ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით.

_ აი, შენც მოხვედი_ მეუბნება ისე, რომ ფურცლებს თვალს არც კი აშორებს.

მე კითხვითვე ვპასუხობ:  აფთიაქში გაიარე?

_  კი

_  სად წავიდეთ?

_  კაფეში აქვე.

_  საშინლად მეჩქარება.

_  მეც.

მივდივართ კაფეში აქვე. ამ კაფეს ერთი მინუსი აქვს. გოგოების და ბიჭების ტუალეტი გაყოფილია. ასეთ დროს ბიჭების ტუალეტში შესვლა სჯობს. საბედნიეროდ, იქ არავინაა, ვისაც გოგოს შემოსვლა გაუკვირდება. კაბინაში ვიკეტებით. სივიწროვეა და თან უნიტაზი დასვრილია. მე თავბრუ მეხვევა და გული მერევა.

_ წაიკუზე- მეუბნება ჩუმად.

ვიხრები და ხელებით უნიტაზის თავს ვეყრდნობი. გარშემო ყველაფერი ჭუჭყიანია და უცებ ყოვლისმომცველი ზიზღი მეუფლება. მოდუნება შეუძლებელია.

ხმაზე ვხვდები, რომ ჩემი კაცი ჩანთიდან პატარა პარკს იღებს. შიგნით ორი შპრიცი, სპირტი, ბამბა და მინის  ოთხი ამპულა უნდა იდოს: წამლები და გამხსნელები.

ახლა  გამხსნელს და ანტიბიოტიკს ერთმანეთში ურევს. შპრიცს ავსებს.

_ შარვალი ჩაიწიე_ მეუბნება და მე მახსენდება ჩვენი სექსი კაფეების ტუალეტებში, ჩემი უნივერსიტეტის ტუალეტებში, მისი სამსახურის ტუალეტებში.

ოდნავ ვიხრები და ჯინსს დაბლა ვიწევ.

მარჯვენაზე გამიკეთე. მარცხენა საშინლად მტკივა_ ვეუბნები საქმიანად.

წამალი ძალიან მწარეა. კანში როცა გადის, ტუჩს ვიკვნეტ. ჩემი კაცი ნანემსარს სპირტიანი ბამბით მიზელს.

_ ფუ რა საშინელებაა- ვეუბნები ჩურჩულით, -არასდროს არ გაპატიებ.

ყოველ ჯერზე ასეა, როცა ნემსს მიკეთებს. მინდა, რომ ვცემო. მაგრამ მერე მახსენდება, რომ მის გარდა ვერავინ გამიკეთებს ნემსებს.

ახლა მეორე შპრიცს ავსებს, მერე მაწვდის და მეუბნება. ჰა, მიდი –  შარვალი უკვე ჩაწეული აქვს.

ვცდილობ, ძალიან ვატკინო, თუმცა წამალი ისედაც მწარეა. გმირულად უძლებს.

_ შენ თვითონ დაიზილე_ ვაწვდი სპირტიან ბამბას, _მე სამსახურში მაგვიანდება.

სანამ ის თავის მოვლითაა დაკავებული, მე კაბინიდან გამოვდივარ და კართან დაბნეულ ბიჭს ვეჩეხები.

_შეგეშალა, ეს გოგოების ტუალეტია – ვუღიმი მე.

_ბოდიში, ბრუნდება ბიჭი უკან და გაკვირვებული უყურებს ჩიბუხს კარზე.

მე მგონია, რომ  ნიშნები ტუალეტის კარზე აშკარად გამოსაცვლელია. სჯობს, პირდაპირ გენიტალიები ეხატოს, რადგან ჩიბუხს ქალებიც ეწევიან, ხოლო ქოლგას კაცებიც ატარებენ.

ჩემი კაცი ქუჩაში გასვლისას მეწევა.

_მოდი ჩემთან, შე შტერო _ მეუბნება და მაგრად მიხუტებს. მე გაშეშებული ვარ. ვცდილობ, დავაფიქსირო, რომ  არ მომწონს  მასთან ჩახუტება. მე გაბრაზებული ვარ და როცა გაბრაზებული ვარ, აღარ ვუღიმი, ქუჩაში მისგან მოშორებით დავდივარ და გრძელ კითხვებზე მოკლედ ვპასუხობ. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ განაწყენების საჩვენებლად უკეთესი გზები  ჯერ არ მომიგონია.

ცოტა ხნის შემდეგ ხელებს ვაშვებინებ. სამსახურში უნდა დავბრუნდე, სანამ ბოსი საბოლოოდ გაველურებულა.

ჩემს ოთახში შევდივარ, კომპიუტერთან ვჯდები და ექსელის ფაილს ვხსნი. პირში ლითონის გემო მაქვს. ესეც წამლების ბრალია.

_ ჩემთან შემოდი_ მწერს სკაიპში უფროსი.

მონოგამია მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სენსიტიურ ადამიანებს გული არ ეტკინოთ_ მითხრა მან პირველ შეხვედრაზე და მე დავეთანხმე. შევატყვე, რომ არ ესიამოვნა. კაცების სრულ უმრავლესობას ურჩევნია, რომ ქალები ამ გამონათქვამს არ ეთანხმებოდნენ.

_ გქონია ერთსა და იმავე პერიოდში ორ ადამიანთან სექსი?_ მეკითხება, რომ შემამოწმოს.

_ კი, მქონია.

_ და როგორია ორ კაცთან წოლა?

_ და ვინ ახსენა ორი კაცი? ერთი მათგანი გოგო იყო.

_  უცნაური გოგო ხარ. აი, ხუთ წუთში შევთანხმდით იმაზე, რაზეც ჩემი ცოლი რვა წელი ვერ ჩამოყალიბდა.

_ შენი ცოლი?_ ვუღიმი მე. არ უთქვამს, რომ ცოლი ჰყავს.

_ ყოფილი ცოლი.

ეს პირველი პაემანი იყო. ახლა ხშირად ვუბრუნდები ხოლმე ამ საუბარს. ნუთუ სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ მას უფლება აქვს, ვისთანაც უნდა იმასთან იჟიმავოს? სიმართლე რომ ვთქვათ, თამაშის წესებზე  ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში საერთოდ არ შევთანხმებულვართ. დასაწყისში ორივე ვამბობდით, რომ ზედმეტი პასუხისგებლობები არ გვინდოდა. ერთი წლის მერე კი რამეზე შეთანხმება საერთოდ უადგილო ჩანდა. მე მიყვარდა, მას ვუყვარდი, შესანიშნავი სექსი გვქონდა და თან ყოველდღე.  ჩემი აზრით, ასეთ დროს სხვა პარტნიორი ზედმეტია. მისი აზრით კი, ეს სულაც არაა საკმარისი.

* * * *

გინეკოლოგთან ვიზიტების დროს ყოველთვის ჩემ გვერდით არის. უფრო სწორად_ მოსაცდელში. თავს დამნაშავედ გრძნობს, სწორედ ამიტომ, მკურნალობის ხარჯებსაც თავიდან ბოლომდე თვითონ ფარავს. ვიცი, რომ მასაც აწუხებს ლითონის გემო პირში,  თავბრუსხვევები და სისუსტე, რომ არაფერი ვთქვათ ნანემსრებზე. ჩვენ დაახლოებით ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვართ, ოღონდ მე უფრო უარესში.

გინეკოლოგი მეკითხება, პირველად როდის ვიგრძენი წვა და ქავილი .

-დაახლოებით სამი დღის წინ_ ვპასუხობ მე.

_ დაუცველი სექსი როდის გქონდათ?

_ წინა დღეს.

_ ხომ იცით, რომ თქვენმა პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს?

არ მომწონს ეს სიტყვა, პარტნიორი. არსებობს უფრო მარტივი სიტყვებიც, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას არც ერთი მათგანი არ უხდება. მეუღლეები არ ვართ, შეყვარებულები_ პათეტიკურია. რაც შეეხება მეგობრებს.. მეგობრები ერთმანეთს დაავადებებს არ სდებენ

_ დიახ, ვიცი.

_ მკურნალობის პერიოდში დალევა არ შეიძლება, ისევე, როგორც სექსი თქვენს პარტნიორთან.

_ ამაზე შეგიძლიათ არც იღელვოთ, მკურნალობის მერეც არ ვაპირებ_ ვუღიმი მთელი გულით. გინეკოლოგი საკმაოდ მომხიბვლელი ქალია და ვცდილობ, ცოტა დავათბო ატმოსფერო, სანამ ფეხებს გადავუშლიდე.

სათვალეს ისწორებს, თვალს თვალში მიყრის და მეუბნება: მესმის თქვენი, მაგრამ ასე ძალიანაც ნუ გაბრაზდებით. კაცები მაინც კაცები არიან. თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს შეემთხვა.

ყოველგვარი კეთილგანწყობა მიქრება და მოუხერხებელ სკამზე ავდივარ.

****

მისი ყოფილი ცოლი უმწეო ქალია. ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რადგან როცა ჩემს კაცს ურეკავს, ყოველთვის დახმარებას სთხოვს. ხან ფული სჭირდება, ხან ბაზარში წაყოლა, ხან გაზი ეთიშება სახლში და არ იცის, რა ქნას, ხანაც ტოსტერი უფუჭდება და დილით გემრიელად ვეღარ საუზმობს. წვრილმანებსაც ვერ უმკლავდება თავად, ან უბრალოდ თავს არ იწუხებს. თავის შეწუხება ზოგადად რა საჭიროა, როცა ყოფილი მეუღლე გყავს. ცოტაოდენი მანიპულაცია ბავშვებით და ყველაფერი თავისით უბრუნდება ადგილს.

ერთხელ ვეხუმრე ჩემს კაცს, რომ დარეკოს და გთხოვოს, ძალიან მინდა სექსი, თორემ ბავშვებთან უკვე ნერვიული ვხდებიო, აუცილებლად წახვალ და დაეხმარები, რადგან ,,ესეც ბავშვებს სჭირდებათ“_მეთქი.

მიპასუხა, ბოდავო. ამ საუბრიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემმა კაცმა მიღალატა. ღალატი ზოგადად მტკივნეული რამეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მტკივნეულზე მეტიც კი იყო. გულისტკივილი სუბიექტური რამაა. მასზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ხოლო ქავილი და წვა ყველასთვის ერთნაირად შემაწუხებელია.

სამსახურის მერე შევხვდით. მისალმების ნაცვლად პირდაპირ ვკითხე

_ ვინმესთან სექსი გქონდა?

_ საიდან მოიტანე? მკითხა და ძალიან გაკვირვებულმა შემომეხდა

_იმიტომ რომ რაღაც გადამდე. მთელი დღეა ყველაფერი მექავება.

_  მგონი, გეშლება

_ არ მეშლება. მართლა მექავება. მირჩევნია, შენ მიპასუხო სიმართლე, ვიდრე ექიმმა.

_ დავუშვათ მქონდა. მერე რა. ჩვენ ხომ არაფერზე შევთანხმებულვართ_ ბრაზდება და თავდასხმაზე გადმოდის

_ ვისთან გქონდა?

_ სოფოსთან.

სოფო მისი ყოფილი ცოლია. ალბათ, ეს მორიგი  საღამოს გამოძახების დროს მოხდა.

_ მე კიდევ მეგონა, რომ გეკიდა

_ ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ სიტუაცია იყო ეგეთი. გუშინწინ ფულის ასატანად რომ ავედ,  ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ ძალიან თბილად და ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი.არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, დამიჯერე.

თავბრუ მეხვევა. ვცდილობ, რომ აღელვება არ დამეტყოს.

_ ხოდა, რაღაც გადაგდო სოფომ.

_ შეუძლებელია, ასე მითხრა, შენ მერე კაცი არ მყოლიაო.

_ მოგატყუა, ისევე როგორც შენ მომატყუე. საერთოდ, მგონი, ყველა ყველას ატყუებს, ჩემ გარდა. ცრემლები მომდის.

ვგრძნობ, რომ მთავარი, რაც ამ სიტუაციაში მაღიზიანებს, უსამართლობაა. უსამართლობაა,  მე დავავადდე იმის გამო, რომ სოფოს ვიღაცასთან სექსი ჰქონდა. იმის გაფიქრებაც ცუდად მხდის, რომ ახლა ჩემი და სოფოს ვაგინალური ფლორა დაახლოებით ერთნაირია და რომ კაცის გარდა, დაავადებასაც ვიზიარებთ.

_ დამშვიდდი. ვიმკურნალებთ. გეხვეწები არ გინდა რა ეს დრამა.

_ და თავი რატომ არ დაიცავით?_ ვეკითხები მე

_ იმიტომ რომ რავიცი, ჩემი ცოლია მაინც…

_ ყოფილი ცოლი, -ვუსწორებ მე.

_ ალბათ უნდა დავურეკო და ვუთხრა არა? იმკურნალოს, თავს მიხედოს

_ დაელოდე, თვითონ დაგირეკავს და გინეკოლოგთან წაყოლას გთხოვს_ ვუღიმი მე.

ამით საუბარი დამთავრებულია.

****

სამსახურში გაძლება უფრო და უფრო მიჭირს. ბოსი ძალიან ბევრ დავალებას მაძლევს, ალბათ ამით იმის თქმა უნდა, რომ რაც უფრო დიდხანს ვალოდინებ, მით უფრო აუტანელი გახდება ჩემთვის აქ მუშაობა.  ხშირად მიბარებს კაბინეტში და მიმტკიცებს, რომ ჩემი ბედი ბეწვზე კიდია და უფრო მეტი უნდა ვიმუშავო. თან  მიმეორებს, ჩემზე არაა დამოკიდებული, ვის გავუშვებ და ვის – არა, მაგრამ შენ ნამდვილად შეგიძლია სიტუაციის შეცვლაო.

სამსახურში გვიანობამდე მტოვებს, სანამ მხოლოდ ჩვენ არ დავრჩებით. მერე კი ჩემს კაბინეტში შემოდის, მაგიდასთან ახლოს ჯდება და უტიფრად მიყურებს. ხან ვახშამზე მპატიჟებს, ხანაც მეუბნება, რომ ჩემგან ნათელ ნიშანს ელოდება. სექსის მეტაფორები არასდროს ელევა. ამასწინათ ისიც კი მითხრა, რომ მე დიდი გოგო ვარ და უნდა ვხვდებოდე, რა სჭირდება ჩემგან მას.

ლანჩის დროს ისევ ნემსების გასაკეთებლად ვიყენებ. რუტინად გადაიქცა სხვადასხვა კაფეს ტუალეტში შეკეტვა და ტაკოების აწითლება ერთმანეთისათვის. ერთმანეთს მხოლოდ მკურნალობასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ვნახულობთ. ვუთხარი, რომ მკურნალობის დასრულებისთანავე შეუძლია გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი თანადგომა მჭირდება. სხვას ვერავის ვუყვები, რა ცუდად ვგრძნობ თავს ფიზიკურად. ამ მთელ აურზაურზე ის არის პასუხისმგებელი.

უფროსი გვერდზე მიზის, როცა გრძელ ესემესს ვღებულობ ჩემი კაცისაგან.

,,ბოდიში, რომ შენს ცხოვრებაში ასეთი სისულელე შემოვიტანე. სხვა ქალი ნამდვილად არ მჭირდებოდა, უბრალოდ წამიერ ემოციას ავყევი და საყვარელ ადამიანს გული ვატკინე. იმედი მაქვს მაპატიებ, თუ შეგპირდები, რომ ამიერიდან არავისზე აღარ ვიფიქრებ შენ გარდა. მოდი, ვეცადოთ რომ ყველაფერი დავივიწყოთ და როგორმე გავაგრძელოთ ერთად ყოფნა. ძალიან მიყვარხარ“

_ შენი ბოიფრენდია?_ მეკითხება ბოსი.

_ რა იცით?_ მიკვირს მე

_ უბრალოდ სახე გაგინათდა, როცა მობილურს დახედე.

_ არა მგონია, -ვეწინააღმდეგები მე_ პრობლემები გვაქვს.

_ დაშორდი მაშინ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კაცის პოვნა არ გაგიჭირდება.  შემიძლია კონკრეტული ვარიანტიც შემოგთავაზო.

მისი პირდაპირობა შოკში მაგდებს.

ვდგები და ტუალეტში გავდივარ.

ჩემს კაცს საპასუხო მესიჯს ვწერ: თანახმა ვარ, შეგიძლია ახლა ჩემთან ამოხვიდე სამსახურში? ნორმალურად დავილაპარაკებდით. პირდაპირ ოთახში შემოდი.

მერე გინეკოლოგს ვურეკავ: ქალბატონო ლელა, გამარჯობა  ერთი უხერხული კითხვა მაქვს თქვენთან. მკურნალობის ბოლო დღეა დღეს. მაინც არ შეიძლება სექსი?

_ არა, ძალიან დიდი შანსია, რომ ხელახლა დაინფიცირდეთ ან პარტნიორი დააინფიციროთ. ასე რომ, თავი შეიკავეთ. მკურნალობის  მერე ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყოთ.

_ დიდი მადლობა, პრინციპში ასეც ვიცოდი.

_ მე კიდევ ვიცოდი, რომ აპატიებდით_ ამბობს თბილი ხმით ექიმი.

_ ნახვამდის.

ჩემს ოთახში ვბრუნდები. უფროსი ჩემს კომპიუტერთან ზის და სურათებს ათვალიერებს. მობილური ინთება.ა ი, მისი ესემესიც: აქვე ვარ. 2 წუთში მოვალ.

_ აბა, არ უნდა მოამთავრო საქმეები? მეკითხება ბოსი. _ გვიანია უკვე. შემიძლია მანქანით გაგიყვანო.

გულისრევის შეგრძნება ისევ მიტევს.

_ სამუშაო უნდა დავასრულო, მაგრამ ძალიან მეზარება. არ შეიძლება რამე უფრო საინტერესო ვაკეთოთ?

ვუყურებ და ვიღიმი.

აი, ნათელი ნიშანიც.

უფროსი ქამარს იხსნის. მე კი კომპიუტერის მაგიდაზე ვიხრები.

სწრაფად მიწევს შარვალს და ყოველგვარი პრელუდიის გარეშე მიდებს.

პრეზერვატივი რა თქმა უნდა არ ახსენდება.

კიბეებზე ფეხის ხმა ისმის. მის ნაბიჯებს ადვილად ვცნობ. ოთახისკენ მოდის.

ბოსი ნეტარების ზენიტშია. მე კი ცრემლები მომდის. ძალიან მტკივა.

ცოტაც. რამდენიმე წამიც..  და შემოვა.

ვხვდები, რომ დაგვინახა. კართან შეშდება და ოთახიდან გარბის. მერე შენობიდან გარბის. ალბათ, ქუჩაშიც არ წყვეტს სირბილს. არ ვიცი.
დაბნეული ბოსი სასწრაფოდ იწევს შარვალს.

მე გული მართლა მერევა.

_ ეს ვინ იყო?_ ამბობს გაოცებული უფროსი.

_ ჩემი ყოფილი ბოიფრენდი

_ ვერ ვხვდები, აქ რატომ მოვიდა.   გავაგრძელოთ?_ იმედს არ კარგავს.

_ ბოდიში, ძალიან ცუდად გავხდი უცებ, სხვა დროს იყოს_ ვპასუხობ მე და კომპიუტერს ვთიშავ.

_მოიცა, გაგიყვან_ მაწევს სიტყვებს გზაში.

_ ჩემით წავალ_ ვპასუხობ მე.

პ.ს. სამსახური მჭირდება. წამოვედი, სანამ უფროსი გაიგებდა, რომ რაღაც საზიზღრობა გადავდე.  ჩემი კაცი ჩემი კაცი აღარაა. ახლა ალბათ სხვა გოგოს ელაპარაკება პოლიგამიის სიკეთეებზე. ხვალ ვხვდები.. „ჰარი პოტერის“ მეორე ტომი უნდა დამიბრუნოს.

_

24 thoughts on “STD [Sexually transmitted disease]

  1. “ჩემი უფროსი კი იმ ადამიანებში შედის, რომლებიც თხუთმეტი წლის შემდეგ მაღალი ქოლესტერინის გამო დაიხოცებიან.” ეს მაგარი იყო 😀 ☻

  2. რაღა დაგიმალო და მეც მომწონა,თან სამსახურში ვკითხულობდი და თანამშრომლები:რას კითხულობ ასეთსო 🙂 არ ამიხსნის,ვერ გაიგებდნენ 🙂

  3. ნინუნა

    მე მყავს ეგეთი ნაბიჭვარი უფროსი და სულ ისეთი ჩათლახური რეპლიკები აქვს ხოლმე ჩემს ნებისმიერ ნათქვამზე, ოოოხხ…

    და ზუსტად ისე ხმარობს ცოლი ნებისმიერი წვრილმანი პრობლემის გადასაწყვეტად, როგორც მეორე “შენ კაცს”..

    ნეტა გადაედოს რამე… სულ ყველაფერი რომ ექავებოდეს და მარტო ენა არაა 🙂
    აქ მოგიყვებოდით მის გასაჭირზე

  4. Ercke Mydass

    რატომ მეგონა თავიდან, რომ მოთხრობა კი არა უბრალო პოსტი იყო და ამას შენ თავზე გვიყვებოდი? :დდ
    მომეწონა.. მარა დასასრულს იმ კაცის ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი შემეცოდა :დ ამიტომ დასასრული არ მომეწონა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s