კურდღლები

ეს არის მოთხრობა, რომელიც მოხვდა წლევანდელ ,,15 საუკეთესო ქართული მოთხრობის” კრებულში.

….

საპირფარეშოდან რომ დავბრუნდი, ოფიციანტს შეკვეთა უკვე ჩაწერილი ჰქონდა და მიდიოდა.

_ რა შეუკვეთე?_ ვკითხე გიოს.

_ ოფიციანტმა მითხრა, რომ წითელ ღვინოს კურდღლის ხორცი უხდება. ხოდა, ეგ შევუკვეთე. იმედია, მოგეწონება.

_  არ შეგეძლო,  2 წუთი მოგეცადა და ერთად შეგვეკვეთა?! მე მაგას არ შევჭამ.

_ რა?  რატო?.

_ არ ვჭამ კურდღლის ხორცს.

_  საფირმო კერძია.. გემრიელი უნდა იყოს.. _ იბნევა გიო.

_ რა მნიშვნელობა აქვს. არ შევჭამ და მორჩა. შენ შეჭამე, თუ გინდა.

_ მაპატიე, რა. მე რა ვიცოდი…

_ხო, შენ რა იცოდი, შენ ბევრი რამე არ იცი.._ ნერვები მეშლება.

_ არ მესმის, რატომ მიბრაზდები.. _ ამბობს გიო და მხრებს იჩეჩავს.

_ კარგი. არაფერი. _ ვეუბნები და ვცდილობ, დავმშვიდდე.

თვითონაც არ ვიცი, რატომ ვამბობ უარს კურდღლის ხორცზე : იმიტომ, რომ კურდღლები ძალიან მიყვარს თუ იმიტომ, რომ ძალიან მეზიზღება.  ზიზღისა და სიყვარულის გარჩევა დიდი ხანია მიჭირს_ ბავშვობიდან.

ელეს მიმართაც ასეთივე  გაურკვეველი გრძნობა მქონდა: ზიზღნარევი სიყვარული თუ სიყვარულნარევი ზიზღი.   სიამოვნებით დავივიწყებდი  ყველაფერს, რაც მას მახსენებს: ჩვენი ბავშვობიდან დაწყებული, იმ წამით დამთავრებული, როცა ექიმმა ელეს ცხედარს ნაჭერი გადახადა.

სულ ერთი წამით დავხედე და მუხლებში ძალა გამომეცალა:  გაფითრებული სახე, მკაცრად მოკუმული, სილურჯეშეპარული ტუჩები, ღია ცისფერი ძარღვი საფეთქელთან, თხელი ცხვირი..  მომეჩვენა, რომ საკუთარ ცხედარს ვუყურებდი.

ელე ჩემი ტყუპისცალი იყო.

მე და ელე ერთად 10  წლამდე ვიზრდებოდით.  ძალიან ვგავდით, მაგრამ ჩვენი გარჩევა უფროსებს არასდროს გასჭირვებიათ: მას  უაზრო გამომეტყველება ჰქონდა,  არ საუბრობდა და თამაში არ უყვარდა.  უბრალოდ იჯდა და ხატავდა.. ხატავდა  არარსებული ფანქრებით. ცარიელ ფურცლებს კი კედლებზე აკრავდა.   მერე ამ ფურცლებს დედაჩემი წარწერებს უკეთებდა: ,,ჩემი სახლი ”, ,,ჩემი ოჯახი”, ,,მთები”.. ელე ავად იყო.

_  შენს დას თვალი არ უნდა მოაცილო,_ მეუბნებოდა დედა.   მეც ვიჯექი მის გვერდით და ვუყურებდი. ძალიან მინდოდა გარეთ გასვლა. ამ დროს მასზე მეტად არავინ მეზიზღებოდა.

ელე არასდროს უნდა ყოფილიყო მარტო_ ეს ჩვენს სახლში მთავარი წესი იყო.

როცა წესები ირღვეოდა, მამა  ყვირილს იწყებდა: რატომ დევს ეს მაკრატელი აქ.! . რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ რაც სახიფათოა, ყველაფერი ზედა თაროზე უნდა იდოს! რამდენჯერ !

წვეტიანი საგნები ზედა თაროზე, ასანთი ზედა თაროზე,  კალამიც კი ზედა თაროზე  უნდა ყოფილიყო. ელესთვის ყველაფერი უნდა დაგვემალა, რასაც უბედურების მოტანა შეეძლო.

ელე საშიში იყო.  სრულიად მოულოდნელად იწყებდა ხოლმე  ხელების ქნევასა და კედლისათვის თავის რტყმას.  დედა და მამა ძლივსძლივობით აკავებდნენ, უკანა ოთახში გაჰყავდათ  და კარებს გარედან უკეტავდნენ. ოთახიდან  კიდევ დიდხანს ისმოდა მისი ყვირილი.

ოჯახის ექიმი ყოველთვე უმეორებდა ჩემს მშობლებს, რომ ელე სერიოზულად იყო ავად და მისი სახლში დატოვება არ შეიძლებოდა. ექიმის წასვლის შემდეგ  დედა და მამა კამათობდნენ:

_  რა გინდა, ორივე ბავშვი გავაუბედუროთ? _ ამბობდა დედაჩემი.

_  შვილს საგიჟეთში არ გავუშვებ! _ პასუხობდა მამა.

კამათი აქ მთავრდებოდა.

სტუმრები გვყავდნენ. ელე ამ დროს ოთახში იჯდა ხოლმე და მეც მასთან ერთად, თავისთავად, სტუმრებს თავაზიანად ვესალმებოდით, მერე კი უკანა ოთახში შევდიოდით. დედას ძალიან უნდოდა, რომ ჩვენ სხვებისათვის ნორმალური ოჯახი ვყოფილიყავით.

ვისხედით. ელე მიყურებდა.

და უცებ მკითხა:  რამე მჭირს?

_ რაა? – ძალიან გამიკვირდა მე

_ რამე მჭირს? რატომ მიყურებენ ასე და  ყველა სტუმარს   მარტო  შენთვის რატო მოაქვს საჩუქრები?

_შენთვისაც მოაქვთ, დედა ინახავს და მერე ერთად გამოგიჩენს, _ ვამშვიდებ მე,_ მე შენ ფანქრებს გიყიდი და ხატე ხოლმე.

_ ფანქრები ხო მაქვს უკვე. რამე სხვა მიყიდე.  ეს ნახატი გაჩვენე?_  მითხრა და თეთრი ფურცელი გამომიწოდა.

არ ვიცი, რატომ მომინდა, მისთვის სიმართლე მეთქვა. უბრალოდ დავეჭვდი: იქნებ სულაც არაა-მეთქი ავად.  იქნებ უბრალოდ მოსწონს, რომ სკოლაში არ დადის..  მოსწონს, რომ მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

_  ელე, ამ ფურცელზე არაფერიც არ ხატია. ნამდვილ ფანქრებს კიდე იმიტო არ გყიდულობენ, რომ თვალები არ გამოითხარო.

მომდევნო წამს მე ზურგზე ვეგდე, ელე ზემოდან მაჯდა და ლოყებს მიკაწრავდა.

დედა, მამა და სტუმრები ჩემს გამოხსნას ცდილობდნენ.

ჩვენი ნორმალური ოჯახი.

მამა ძალიან მკაცრი იყო, გამომეტყველება იშვიათად ეცვლებოდა, მაგრამ სულ ამას ფიქრობდა: ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა..

ელე მისი სასჯელი იყო, რომელსაც ყოველდღიურად იტანდა. ეკიდებოდა ამ ამბავს გაგებითა და ერთგვარი მაზოხისტური სიამოვნებითაც კი. ელე მისი მთავარი საზრუნავი იყო.

დედაჩემი კი თავის მოჩვენების ოსტატი იყო.

_ რატომ არ დადის ელე სკოლაში?

იმიტომ, რომ სუსტი ბავშვია და   სახლში იღებს განათლებას.

_ რატომ არასდროს ვიხდით დაბადების დღეებს?

იმიტომ, რომ  ხმაური არ გვიყვარს. ოჯახური წვეულებები გვირჩევნია.

_ რატომ არ გადის  ელე გარეთ?

როგორ არ გადის, უბრალოდ მშობლების გარეშე დიდხანს ვერ ძლებს.

ღამღამობით კი ლოცულობდა: ღმერთო, უშველე ელეს; ღმერთო,  უშველე ელეს. ლოცულობდა დიდხანს და რიტმულად.

ერთ დღეს კი მამამ სახლში 2 ბაჭია მოიყვანა.  ძალიან გამიკვირდა: ჩვენი წესებით, სახლში ცხოველების მოყვანა  აკრძალული იყო.

_ მითხრეს, რომ ეს ელესთვის სასარგებლო იქნება. ყურადღებას ცხოველის მოვლაზე გადაიტანს და მზრუნველობის გამოჩენას ისწავლის, _ თქვა მამამ და ერთი ბაჭია ელეს   ჩაუსვა კალთაში, მეორე კი_ მე.

ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, თავს მარტოდ აღარ ვგრძნობდი, ახლა უკვე საკუთარი ბაჭია მყავდა. შემეძლო, მოვფერებოდი,  მეჭმია ან  მასთან ერთად დამეძინა…  ჩემგან განსხვავებით, ელეს ცხოველისადმი დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. ერთი-ორჯერ გადაუსვა ხელი და ხატვა განაგრძო.

ბაჭიები ჩვენთან ერთად იზრდებოდნენ. ელე ბოლოს და ბოლოს შეეჩვია  ამ ამბავს  და  ერთხელ  მათ  დაბანაშიც მიიღო მონაწილეობა.

კარგად მახსოვს: ჰაერში ატმის შამპუნის სუნი იდგა. ტაშტში თბილი წყალი ესხა.  ბაჭიები ისხდნენ და  გვიყურებდნენ.  ელე თავის ბაჭიას ეფერებოდა.  იმ წამს ძალიან მგავდა და საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ავად იყო.

მერე ორივე ბაჭია გავამშრალეთ და საწოლზე დავსვით. ელეც იქვე ჩამოჯდა.  იმ დღეს ცხოვრებაში პირველად ვუთხარი, რომ მიყვარდა. მას  არაფერი უთქვამს. უბრალოდ გამიღიმა.

მე ვფიქრობდი: ელე არაა ავად, ის უბრალოდ მოწყენილია.

ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.  წესები დავარღვიე.  დედა და მამა ექიმს ესაუბრებოდნენ მისაღებში. ჩვენ კი უკანა ოთახში ვისხედით. როგორც ყოველთვის, დავალებული მქონდა, ელესთვის თვალი არ მომეცილებინა. მაგრამ ის ისე მშვიდად თამაშობდა ბაჭიებთან.. მე კი ბალახი უნდა მომეტანა.

უკანა კარიდან გავიპარე მინდორში. ასე 15 წუთი ვიხეტიალე და სახლში სირბილით დავბრუნდი.

_ ელე, ბალახი მოვიტანე, მოდი, ვაჭამოთ! _ შევყვირე და კარები შევაღე.

შევაღე და ბალახი ხელიდან დამიცვივდა.

ელე ისევ იქ იჯდა, სადაც დავტოვე, მაგრამ ხელში დანა ეჭირა (ღმერთმა უწყის, საიდან აღებული). თეთრი კაბა სისხლით მოთხვროდა, სახეზე დაბნეულობა ეწერა, ძირს კი.. ძირს გაფატრული ბაჭიები იწვნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯერაც ფართხალებდა.  მეორე  უკვე მკვდარი იყო.  მახსოვს, როგორ გავბრაზდი ჯერ ელეზე, მერე კი საკუთარ თავზე. როგორ მომინდა, რომ მასავით მერტყა თავი კედლისათვის  და იქამდე მოვმკვდარიყავი, სანამ დედა და მამა კარებს შემოაღებდნენ. მაგრამ არ შემეძლო.

ისინი ჩემს ყვირილზე შემოცვივდნენ. მერე კი ყველაფერი  ძალიან სწრაფად მოხდა. ელეს დანა ძლივს გააგდებინეს ხელიდან, მე დედაჩემისაგან სილა მომხვდა და იმავე საღამოს  მამაჩემo კამათში დამარცხდა.

ის რომ სახლიდან მიჰყავდათ, მე ბაჭიებს ვასაფლავებდი უკანა ეზოში. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ელემ შემომხედა და გამიღიმა. მე კი თვალი ვერ გავუსწორე.

საკუთარ თავს კარგა ხანს ვერ ვპატიობდი იმას, რაც მოხდა. მშობლები კი იმას ვერ მპატიობდნენ, რაც შეიძლება მომხდარიყო:  ელეს რომ მოვეკალი.. ელეს რომ თავი მოეკლა..

მუდმივი საფრთხის სუნი სისხლის სუნმა შეცვალა, რომელიც იმდენად მაწუხებდა,  რომ უკანა ოთახში ვეღარ ვჩერდებოდი. ამ სახლში ცხოვრება აღარ შემეძლო. ადრე მეგონა, რომ წესების სიმრავლე აქცევდა ყველაფერს  აუტანლად . ელეს წასვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ვცდებოდი. ახლა მხოლოდ ერთი წესი იყო:  ელეზე არ უნდა გვესაუბრა და ამ წესის შესრულება მე ყველაზე მეტად მიჭირდა.

იმ დღის შემდეგ  ჩემი და აღარ  მინახავს.   დედა და მამა  კი ყოველთვე დადიოდნენ   მის სანახავად. როგორც წესი, საავადმყოფოდან სუფთა ფურცლებით ბრუნდებოდნენ ხოლმე. … ამ ფურცლებს ელე  ჩემთან ატანდა მშობლებს  და მათზე უხილავი ფანქრებით ხეები, ყვავილები და სახლები ეხატა.

ელე  2 წლის წინ, სრულიად ახალგაზრდა  გარდაიცვალა საავადმყოფოში_  გულის შეტევით, როგორც ექიმებმა თქვეს.  სიცოცხლის ბოლო წლებში მას ჩემ გარდა არავინ ჰყავდა. მე კი აზრადაც არ მომსვლია მისი მონახულება.

…..

ოფიციანტს შეკვეთა მოაქვს: კურდღელი ცხარე სოუსით.

_ რა ვუყო ახლა ამ კურდღელს? _ მეკითხება გიო და იცინის.

_ ტყეში გაუშვი, _ ვპასუხობ მე.

32 thoughts on “კურდღლები

  1. ჭეშმარიტად მშვენიერია!
    ბავშვობაში მიღებული “ტრამვები” მთელი ცხოვრების თანმდევნი ხდებიან .

  2. თათა

    რამდენი ხანია ამ ბლოგის ყოველდღიური სტუმარი ვარ, ვკითხულობ აფსოლუტურად ყველა ფოსტს და ეხლა პირველად გადავწყვიტე კომენტარი დამეტოვებინა…

    აქ ბევრი წერს რო ანინა ძალიან მაგარია, ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგად წერს, ეგ ყველაფერი მართლაია მარა მე გეტყვით რო ანინა და მისი ნაწერები იმდენად მაგარია ყველაზე ცუდ ხასიათზე მყოფს როცა არავის დანახვა არ მინდა აქაურობა მშველის!! მოკლედ ძალიან ნიჭიერო და კარგო ანინა მადლობა შენ : )

    1. summer

      მეც ანალოგიურად.. ძალიან მომწონს აქ ყველაფერი და როცა ცუდ ხასიათზე ვარ ყოველთვის მშველის ხოლმე, უბრალოდ რომ შემოვალ და ახალი არაფერი დევს ხოლმე ცუდია.. ანინა ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ადამიანია..

  3. eva

    სიმართლე გითხრა, თემა ტყუპები და მსგავსი პრობლმემები უკვე ყელშია ამოსული. მიუხედავად ამისა , მოთხრობა ბოლომდე წავიკითხე და მინდა გითხრა, ეს ეგრედ წოდებული მოძველებული და ბანალური თემა, ძალიან კარგად გაქვს გამოყენებული, აღწერილი და მოთხრობილი.! წარმატებებს გისურვებ!

  4. Tea

    მე ტყუპი და მყავს და ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდ კოშმარად მასთან დაშორება მესახება, ხოლო ტყუპისცალის სიკვდილის შესაცებ თუ მესმის, ცრემლები თავისთავად მომდის. რა მძიმე, მაგრამ კარგად დაწერილი პოსტია.
    გმადლობ

  5. ვისიამოვნე. თუმცა ფილმებში მსგავსი ფსიქოლოგიური სიუჟეტები მინახავს. ძალიან მაგრად წერ! ამის მერე ყველაზე მაგარ რამეს ველი – შენს რომანს! 😉

  6. ლიკა

    მომეწონა! ❤

    p.s. ამ რამდენიმე ხნის წინ, ჩემს ფეისბუქის გვერდზე შენი ერთ-ერთი მოთხორობა (ლიბ.გე-დან) გავიზიარე. ჩემმა ერთ-ერთმა პირობითმა ფეისბუქელმა მეგობარმა მკითხა, ნუთუ ეს მოგწონსო, მე ვუთხარი, რომ კი, მომწონს და დიდ პოტენციალსაც ვხედავ ამ გოგოშითქო. ის კი აღშფოთდა, გრებენშიკოვის და ესბიორნის (Esbjörn Svensson Trio) მოყვარულ ადამიანს როგორ შეიძლება ეგ მოგწონდესო და ძალიან ვითომ ზეინტელექტუალურად მითხრა, რომ "უდონობა" ვარ და შესაბამისი "უდონობაც" მომწონს.. ხოდა, მანამდეს სულ ვკითხულობდი შენს ბლოგს და მას შემდეგ რაც კი დაგიდია და წამიკითხავს, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ მომწონხარ და მომწონს რასაც აკეთებ, და დღესაც რომ დავდო რაღაც ვოლზე და კამათი გამიმართონ რატომ მომწონს, არც დღეს დამეზარება იმის აღიარება, რომ მომწონხარ და დაე, მავანმა ჩათვალოს, რომ "უდონობა" ვარ და "უდონობა" მომწონს! მათგან განსხვავებით ზდეცინტელექტუალური პეროები მაინც არ ამომდის თავში! :))

    ხოდა, შვედურის სწავლაზე თუ ისევ ოცნებობ, just let me know ^^

  7. ..................X

    ის რომ სახლიდან მიჰყავდათ, მე ბაჭიებს ვასაფლავებდი უკანა ეზოში. <<<<< sainteresoa…ukana ezoshi ramdeni bavshvuri ocneba da mogoneba an shishia damarxuli….am bachiebtan ertad…yvela am komentars kitxulob neta? hm

  8. makuna

    უდავოდ ნიჭიერი ხარ, მთავარია რომ ემოციის გამოწვევა შეუძლია შენ მოთხრობას, ლიტერატურაში კი ღირებული ესაა!

  9. გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s