ორყდიანი პავიჩი და მინანქრის საყურეები

ჩემზე  ამბობენ, რომ ჯერაც ძალიან ინფანტილური ვარ, რადგან ადამიანებს ჯიუტად ვჩუქნი დაბადების დღებზე წიგნებს, რომლებიც მე მინდა, რომ  მაჩუქონ.  სულ დანანებით ვიხდი ხოლმე ფულს (მე კი წიგნებში ბევრ ფულს ვიხდი, როგორც წესი), გზაში თვალმოუშორებლად ვკითხულობ პირველ რამდენიმე ფურცელს და ბოლოს ისეთი სახით ვაძლევ საჩუქარს დაბადების დღის სუბიექტს, თითქოს ლუდისთვის გადადებულ ხუთლარიანს ვიხდიდე ,,ყაზბეგის”ლიმონათში.  თუ შევატყვე, რომ ჩემმა საჩუქარმა იუბილარი არ აღაფრთოვანა, საკუთარ თავთან ჩხუბს ვიწყებ:

_ 30 ლარი რამ გადაგხდევინა?
_ კორტასარზე უკეთესი რა მეყიდა, ახალი თარგმანია. ,,ინასტრანკას” მერე საქართველოში კორტასარის ხსენება არ ყოფილა.
_ სულ ფეხებზე არ ჰკიდია, ახალი თარგმანია თუ არა?
_ მე არ მკიდია.  წაიკითხავს. როგორ შეიძლება, გვერდზე გადადოს..

მოკლედ, საკუთარ თავს სულ იმაში ვიჭერ, რომ სხვებს იმ საჩუქრებს ვყიდულობ, რომლებიც მე მინდა და მჭირდება. გუშინ პავიჩი ვიყიდე. ,,ქარის შიგნითა მხარე”. თავის დროზე ნაწყვეტ-ნაწყვეტ წავიკითხე ლიტერატურული ჟურნალის 10 ნომერში. ეს კიდევ ნაღდი პავიჩური გამოცემა იყო. ორი ყდით და ორივე მხრიდან რომ იკითხება, ისეთი. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ჩემთვის პავიჩისვე ,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” ავიღე და იუბილარს რომ არ დასწყვეტოდა გული (მე რა ვიცი, იქნებ, თანამედროვე მწერლების შესახებ მისი ცოდნა ჭაბუა ამირეჯიბით შემოიფარგლება), წიგნს მინანქრის საყურეებიც დავამატე.

დაბადების დღე რესტორანში იყო. ისეთ დიდ შენობაში, რომლებიც თითქოს სპეციალურად იმისთვის იგება, რომ თავი უმნიშვნელოდ იგრძნო. ასეთ დროს, მთავარია, სუფრაზე მოახდინო კონცენტრირება და არა გარშემომყოფ ხალხზე, ან მუსიკალურ გაფორმებაზე. სუფრაზე ჩემთვის საინტერესო ადამიანები ისხდნენ და დროდადრო სასწაულებრივად ვახერხებდი, ჩემი მუსიკალური სმენა ისე გამეთიშა, რომ მათი საუბარი გამეგო.

აი, იუბილარმა საჩუქრების გახსნა დაიწყო. ერთმა მეგობარმა სუნამო აჩუქა ( კრისტინა აგილერას პარფიუმერული ხაზიდან), მეორემ_ პარფიუმერული ნაკრები ტანის მოვლისათვის. მესამემ_ ,,მანგოში”  ნაყიდი ძალიან თხელი ქსოვილის მაისური. სხვებმა_ არ ვიცი.მერე ჩემს საჩუქრებსაც დასწვდა. აი, წიგნი ამოიღო. სახეზე ვუყურებ. ჯერ მწერალი წაიკითხა, მერე სათაური (უცებ მომეჩვენა, რომ წიგნისათვის ,,ქარის შიგნითა მხარე” ზედმეტად ორიგინალური სათაურია). წიგნის ყდამ ვერავითარი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ვეცადე, ეს მე გამეკეთებინა.

თანამედროვე მწერალია. ბესტსელერების ავტორი. ეს მისი ყველაზე ცნობილი წიგნი არაა, მაგრამ მე ყველაზე ძალიან მიყვარს (წამომცდა, რომ ჩემი გემოვნებით შევარჩიე).

წიგნს მეორე გვერდზეც ატრიალებს და ინტერესდება:

_ორი ყდა აქვს?

_ კი, ორივე მხრიდან იკითხება.

წიგნს გვერდზე დებს და პარკიდან ახლა საყურეებს იღებს. თვალები უბრწყინდება. იღებს, ათვალიერებს, იკეთებს და ამბობს: ძალიან ნაზი და ლამაზია. მგონი, თვალების ფერზეც მიხდება. /რა იქნება, ადამიანებს წიგნები უხდებოდეთ თვალების ფერზე?!/


მე ვუღიმი და თავს ვუქნევ.

დიდხანს ვიყავით. ცოტა რომ დალიეს, ჩვენი სუფრის წევრები თითქმის ყველაფერზე ცეკვავდნენ. მეც ვიცეკვე რაღაც სისულელეებზე. იუბილარი მშვენიერ ხასიათზე იყო. ბზრიალებდა. ტრიალებდა. იცინოდა. ბოლოს, არაქათგამოცლილი დაჯდა სკამზე და გვერდზე გადადებული ორყდიანი პავიჩი დაინიავა. მეც მცხელოდა და  კიდევ ერთხელ მომინდა, ეს წიგნი ,,მე დამენიავებინა”. და  საერთოდაც, ჩემი ყოფილიყო.

დღეს  გუშინ ნაყიდი  ,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” წავიკითხე. ცუდი არ იყო, მაგრამ ჰეროსა და ლეანდრის ამბავი (,,ქარის შიგნითა მხარე”) მაინც სჯობს. ხოდა, ახლა წიგნწაკითხული და ოდნავ დაღლილი ვზივარ და ვფიქრობ: როდის გადავეჩვევი სხვებისთვის ლუდის ყიდვას და ჩემთვის ,,ყაზბეგის ლიმონათის” აღებას?

25 thoughts on “ორყდიანი პავიჩი და მინანქრის საყურეები

  1. კარგია, ალბათ ძალიან ჰუმანური ხარ, რაზეც ის მეტყველებს რომ შენთვის ნანდომ წიგნს სხვას ჩუქნი. ალბათ ასეც არის საჭირო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ფოლკნერს მაგონებ, როცა შენ პოსტებს ვკითხულობ.

    1. ფოლკნერი ძალიან მომწონს, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩემი ნაწერი ასე რთულად იკითხებოდეს. რაც შეხება ფამუქს (პამუკს), ზოგი წიგნი მომწონს, ზოგიც_) არა. საერთო ჯამში, მშვენიერი მწერალია : )

      1. წარმოიდგინე მე შენ ბლოგს ვკითხულობ სულ 3 დღეა და ვეძებ ფარულ აზრს
        სტრიქონებს შორის. ერთი ამოსუნთქვით იკითხები, ძალიან თამამი გამონათქვამები და აზრები გაქვს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინე.

  2. ეჰ,
    საყურეს არ ვხმარობ და ვინმე თუ მაჩუქებდა წიგნს საჩუქრად(პავიჩი არ მინდა, მეც იმ ლიტერატურულში წავიკითხე და გავუძლებ, მაგრამ კორტასარი…) გამიხარდებოდა.
    ჩემი სულიც და ზოგჯერ სხეულიც გაყოლია ასეთ საჩუქარს, თუმცა დაბ-დღეზე არა, მერე ვჩუქნი:)
    არც დავდივარ და არც ვიხდი. ამიტომ ასე გამოდის, რომ მე ვჩუქნი, სხვები არა!

  3. tina

    ჩემთვის ყველა დიდი საჩუქარი წიგნია,მაგრამ როცა ადამიანს წიგნს ჩუქნი,ცოტა წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ ადამიანზე და მის გემოვნებაზე ვისაც ვჩუქნით…

  4. პ.ს. ყველაფერი, რაასც ვწერ, სულაც არაა სიმართლე. პოსტებს მოთხრობის პრინციპით ვწერ. პატარა ნაწილს სიმართლეს ვიღებ და დიდ ნაწილს ვამატებ. ერადგან ჩემი ღრმა რწმენით, ის კი არაა საინტერესო, რაც მოხდა, არამედ ის, რაც შეიძლება მომხდარიყო. ასე რომ, ნუ გეწყინება ხო?> შენ ხომ იცი, რა იყო და როგორ? ამ ბლოგზე გარდა გვერდისა: ანინას შესახებ. სხვა ყველაფერი მოგონილია : )

  5. გიჭერ სიტყვაზე და 13– ში იცი, სადაც. :))))))
    ძალიან მომეწონა, წიგნი მშვენიერი საჩუქარია, საყურეს ნამდვილად მირჩევნია და კიდევ ბევრ რამესაც.
    უბრალოდ, მე იმდენი წიგნი მაქვს ყოველთვის, რომ წიგნს არავინ მჩუქნის. შენ არ იგულისხმები, მახსოვს დათო ტურაშვილი. :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s