არა-გამოყენებითი მათემატიკა

მგონი, მეათე კლასში ვიყავი, როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს მეგობრობა გოგონებს შორის. ეს დაახლოებით ცოლის მოყვანასავითაა (მე რა ვიცი, როგორია ცოლის მოყვანა, მაგრამ მაინც). ანუ: თმობ პირად თავისუფლებას, გეგმებს სხვას უთანხმებ  და ყველაფერს ყვები, რისი მოყოლაც გინდა ან არ გინდა. გარდა ამისა, ვალდებული ხარ, დაქალს საიდუმლოებები გაუზიარო და მისი რჩევებიც გაითვალისწინო, შესვენებებზე  საპირფარეშოში გაჰყვე, დავალებები გადააწერინო და როცა ცუდად იქნება, თმაზე ეფერო..

ყველაფერი საზიარო უნდა გქონდეთ: ინტერესები, სკოლის მერხი, ტანსაცმელი და… იქნებ, ბიჭებიც? არა, ბიჭები_  არა. დაქალის ბიჭი ბიჭი არაა. ეს მეგობრობის წმინდა პრინციპია.


ეს პრინციპი მეც კარგად ვიცოდი, მაგრამ რადგან დაქალობის სიწმინდისა არ მჯეროდა და საერთოდაც,  იმ პერიოდში დოგმების მსხრევით ვიყავი გატაცებული, ჩემი თავისათვის არაფერი ამიკრძალავს.

ანკა ჩემი დაქალი იყო და ისეთივე სისწრაფით პოულობდა საინტერესო ბიჭებს, როგორითაც მე_ საინტერესო წიგნებს. თუმცა, ხანდახან ანკა ბიჭის გამოცვლას მანამდე ასწრებდა, სანამ მე წიგნის კითხვას დავასრულებდი. მაგალითად, სანამ მე  ,,მადამ ბოვარს” ვაგემოვნებდი, ანკამ ორი მეთერთმეტეკლასელი ბიჭის შეყვარება და გადაყვარება მოასწრო. სიმართლე რომ ვთქვათ, მას  ადამიანების ამოცნობის განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონია, უბრალოდ, იმდენ ბიჭს ხვდებოდა ერთდროულად, რომ მათგან რომელიმე მაინც აღმოჩნდებოდა ხოლმე გამორჩეული. მე კი სკოლელი ბიჭები არ მაინტერესებდა, ქუჩის მუსიკოსებზე ვიყავი  შეყვარებული.

ანკა შავგვრემანი იყო და მშვენიერი ტაკო ჰქონდა, რასაც მის ცხვირზე ვერ ვიტყვით. აი, მე კიდევ მშვენიერი ცხვირი მქონდა და მაქვს, მაგრამ – ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ტაკო. მიუხედავად ამისა, ერთსა და იმავე ბიჭებს მოვწონდით. მე დიდი სიამოვნებით ვუთმობდი ხოლმე ანკას ჩემს თაყვანისმცემლებს, თვითონ კი _ არა. მას ყველა აინტერესებდა. ინტერესდებოდა_ ეზასავებოდა, დღიურში ჩაჯღაბნიდა : ,,ფუ, გიომ ვაფშე არ იცის კოცნა” და ახალ მსხვერპლზე გადადიოდა.

ანკა მაგარი გოგო იყო.

სხვათა შორის, ლაშაც  მაგარი ბიჭი იყო. ჩვენს პარალელურში სწავლობდა. მეშვიდე კლასიდან დაწყებული_ მეთერთმეტე კლასით დამთავრებული, ყველა მასზე ლაპარაკობდა. გოგონებს უყვარდათ, ბიჭები_ ბაძავდნენ. რა ჰქონდა ამ ბიჭს ასეთი განსაკუთრებული ? 1) ჩვენს სკოლაში პირდაპირ ევროპიდან გადმობარგდა; 2)გახვრეტილი ყური;  3)  სკოლაში ყველაზე უკეთ იცოდა მათემატიკა. ეს უკანასკნელი ფაქტორი  ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სახუმარო ამბავი სულაც არ იყო (ჩვენი სკოლა ქართველი მათემატიკოსის, ანდრეა რაზმაძის სახელს ატარებდა).  გარდა ამისა, გარეგნობითაც არა უშავდა და გემოვნებით იცვამდა. მეტი რა სჭირდება ბიჭს, რომ გოგოები გადარიოს? არც არაფერი.

ანკას ლაშა ერთი ნახვით შეუყვარდა. ერთი ნახვითაც _ არა, მგონი. კიბეებზე რომ ჩარბოდა, მაშინ შეასწრო თვალი და იმწამსვე გადაწყვიტა, რომ ,,ეს ყურგახვრეტილი” მისი შეყვარებული უნდა გამხდარიყო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მე  მკითხა რჩევა. მე კი ყველაზე არარეალური  რამ ვურჩიე, რაც კი შეიძლება მერჩია:

მათემატიკა კარგად ისწავლე, მერე ოლიმპიადებზე ერთად ივლით და დაახლოვდებით-მეთქი.

ვეხუმრე, რა თქმა უნდა;  ანკა, როგორც კარგტაკოიან გოგონათა უმრავლესობა, ძალიან შტერი იყო, მათემატიკურ კლასში კი მხოლოდ იმიტომ  რჩებოდა, რომ მამამისი დირექტორის მეგობარი იყო. ანკა სიშტერეს დიდად არ განიცდიდა და ალბათ, რომ განეცადა, შტერიც აღარ იქნებოდა. სამაგიეროდ, ფრიად შეწუხებული იყო ჩემი წიგნებით გატაცების გამო:  შე საბრალო, ასე თუ გააგრძელე, არც ერთი ბიჭი არ შემოგხედავსო.

ლაშა სრულიად შემთხვევით გავიცანი. სკოლაში დიდხანს შემოვრჩი და ცარიელი საკლასო ოთახის პოვნა მინდოდა. ხოდა, პირველი სართულის ყველაზე განაპირა ოთახში დამხვდა. რომ მივხვდი, ოთახი დაკავებული იყო, კარის გამოხურვას ვაპირებდი, მაგრამ შემოდიო_ მითხრა და გამიღიმა.

დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან მომხიბვლელი იყო. ვლაპარაკობდი და მახსენდებოდა, რატომ არ გამომივიდა აქამდე არც ერთ ბიჭთან ურთიერთობა. მე მათზე ჭკვიანი ვიყავი. აი, ანკა კი.. ხოდა, გადავწყვიტე, რადაც  უნდა დამჯდომოდა, ლაშასთვის სულელად მომეჩვენებინა თავი. მის ნათქვამ ყოველ სიტყვას აღფრთოვანებით ვხვდებოდი, გამუდმებით ვეკითხებოდი, ამდენი საიდან იცი-მეთქი და ვწუწუნებდი, რომ მე ვერასდროს დავიმახსოვრებდი ამდენ ფორმულასა და სახელს. ერთხელ კინაღამ სიცილი წამსკდა, როცა მოვიტყუე, ანდრეა რაზმაძე ჩვენი სკოლის პირველი დირექტორი მეგონა-მეთქი.

პირველი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ჩემი ნომერი ჩაიწერა და დამპირდა, რომ რაღაცებს მასწავლიდა. მისივე სიტყვებით- აზრზე მომიყვანდა. კმაყოფილი იყო, რომ ასეთი შტერი ვიყავი და ჩემთან შედარებით ძალიან  ჭკვიანი ჩანდა.

ანკა კი მათემატიკის სწავლას სერიოზულად მიუდგა. თოფურიას წიგნებს სკოლაში დაათრევდა და მათემატიკის მასწავლებელს ტვინს უბურღავდა, ეს, ეს და ეს ამოცანები ვერ გავიგეო. შაბათ-კვირას  ჩემზე გადმოდიოდა, მამეცადინეო. რა ექნა, ძალიან უნდოდა, რომ ლაშა მოეხიბლა.

მე და ლაშა  გაკვეთილების შემდეგ ვხვდებოდით ერთმანეთს და ის მიხსნიდა ყველაზე მარტივ თეორემებს, მიყვებოდა წიგნებს, რომლებიც მე უკვე წაკითხული მქონდა და თან სულ უფრო და უფრო მეტად მოვწონდი. ნელ-ნელა ჩემთვის გაკვეთილების ჩატარება მობეზრდა და განმიცხადა: მეტი აღარ გვინდა, თორემ დაჭკვიანდები, მე კიდევ ჭკვიან გოგოებზე ალერგია მაქვსო. ძალიან კარგი. ეს ის იყო, რისი გაგონებაც მინდოდა. იმ დღეს პირველად ვაკოცე.

მეორე დღეს კი სკოლაში ერთად მივედით. გაკვეთილების დაწყებამდე დრო იყო, ამიტომაც კლასში შემომყვა.. იქ  ანკა იჯდა, თოფურიას ჩაჰკირკიტებდა. დაინახა, რომ ერთად შემოვედით და რატომღაც იფიქრა, რომ ლაშა მის გასაცნობად მოვიყვანე. ადგილიდან წამოხტა, ლაშას მიესალმა და მაშინვე ატლიკინდა: როგორ მიხარია, რომ როგორც იქნა, გნახე. მეც შენსავით ვგიჟდები მათემატიკაზეო.

მერე თოფურიას წიგნი მიაწოდა,  რომელიღაც ამოცანას დაადო თითი და სიამაყით განუცხადა: ესღა დამრჩა და მეშვიდე თავს ვამთავრებო..

ლაშას წიგნი არ გამოურთმევია, ირონიულად ჩაიღიმა და ანკას უთხრა: ასე თუ გააგრძელე, არც ერთი ბიჭი არ შემოგხედავსო.

ზარი დაირეკა.. ლაშამ ტუჩებში მაკოცა, შესვენებაზე გნახავო, მითხრა და გავიდა.

ანკა დაჯდა. წინ გადაშლილი თოფურია ედო. სახეზე  სისასტიკე და სასოწარკვეთილება ეხატა და ეცვა მაისური, რომელიც ჩემგან წინა დღეს ითხოვა. ალბათ, აღარ დამიბრუნებდა.

პ.ს. იცით,  რითი განსხვავდება ჭკვიანი გოგო სულელისაგან? ჭკვიანს ნებისმიერ დროს შეუძლია თავის მოსულელება, აი, სულელს კი..

45 thoughts on “არა-გამოყენებითი მათემატიკა

  1. ჭკვიანს ნებისმიერ დროს შეუძლია თავის მოსულელება, აი, სულელს კი..

    ამ ფრაზის გაგონება ჩემში ყოველთვის პროტესტის გრძნობას იწვევდა..
    რატომ უნდა დასჭირდეს ჭკვიან ქალს თავის მოსულელება? 😀
    ან რატომ შეიძლება უნდოდეს ისეთ ბიჭთან ყოფნა, რომელსაც ქალში “სისულელე” მოსწონს?
    და რატომ უნდა სჭირდებოდეს ჭკვიან ბიჭს, თავისზე სულელი გოგო?

      1. პასუხი მარტივია: იმისთვის, რომ შეცდომები ვერ დაინახონ ან/და ადვილად აპატიონ (პატიება ფართო გაგებით:)).

        პ.ს. შეცდომებიც ფართო გაგებით: ნაკლი, დაუდევრობა და ა.შ.

  2. Archilly

    ბანალურია !!! არ მომეწონა, წერის სტილს და გადმოცემას არ ვგულისხმობ უბრალოდ არ მომეწონა შენი საქციელი და ის რომ ასეთი ბანალური ხარ. ადამიანი თვითღირებულებებით ფასდება და არა იმით თუ რა აქვთ წაკითხული. მე მიყვარს ჭკვიანებიც და სულელებიც რადგან ყველა განსხვავებულად ინდივიდუალურია და მეორე დედამიწაც რომ გასკდეს მეგობრის შეყვარებულს არ შევხედავ !!!, უბრალოდ ეს ტრაგედია იქნება ყველასთვის და თვითმკვლელობის მიზეზი ჩემთვის.

    ის სულელი გოგო მიზანდასახული იყო, ყველაფერზე წავიდა რომ მიზანს მიეღწია და ეს ბევრს არ შეუძლია, ბიჭი დებილია რადგან არ შეუძლია დაფასება მისდამი პატივისცემის. ხოლო შენზე არ ვიცი რა ვთქვა 🙂 უბრალოდ წარმოდგენა შემეცვალა.

    მარტო შენი ტაკოთი და ლამაზი ცხვირით ვერ იქნები ბედნიერი, და არც ცოტა ლამაზი ტაკოებია ვისაც უფრო ჰუმანური და სულით მდიდარი ადამიანები ფლობენ.
    განათლება არ არის ის ფაქტორი რომელიც ადამიანებს სხვებზე მაღლა აყენებს სულიერად, მაგრამ შეიძლება აყენებს საზოგადოებაში. ჩემთვის სამშობლოსთვის ომში თავდადებული გაუნათლებელი ახალგაზრდა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მინისტრი ბოზი ლამაზი ტაკოთი და 1000ჯერ დამინეტებული ხახით.

    ვოტ ტაკ 🙂 თუ რამეა ფეისზე გყავარ მეგობრებში 🙂

      1. Archilly

        საყვარლის დამინეტებას არაფერს, მე ჯგუფურს ვერჩი 🙂 ხოლო შეიცვალა იმისდამი დამოკიდებულება ვინც დაქალს ბიჭს ახევს და თუ ეს შენ არ ხარ მაშინ ბოდიშ 🙂

  3. დათო ზ.

    მეც გამიგია, რომ ბიჭებს ლამაზი და სულელი გოგოები მოსწონთ, მაგრამ ასეთი რამ პრაქტიკაში არ მინახავს. ეს მე მგონი ჭკვიანი და იმედგაცრუებული გოგონების გავრცელებული დეზინფორმაციაა. პირიქით, კაცს საერთოდ ქალი მოსწონს ან გარეგნობის, ან ინტელექტის გამო. სხვა კრიტერიუმი არც არსებობს. ორივე ერთად თუა ხომ მთლად დამანგრეველია.

  4. ზიკი

    თავის ჭკვიანად ჩათვლას და სხვებისათვის სულელად მოჩვენებას ჭკუა არ სჭირდება. სულელი ქალების მოგონილი ზღაპარია ეგ.

    თუმცა, შესაძლოა, რომ ავტორს სწორედ ასეთი სულელი გოგოს ჩვენება სურდა ჩვენთვის.
    რა ვიცი.

  5. iliasi

    იცით, რითი განსხვავდება ჭკვიანი გოგო სულელისაგან? ჭკვიანს ნებისმიერ დროს შეუძლია თავის მოსულელება, აი, სულელს კი..

  6. ჯ.ზ.

    ჰაჰა, ნინო ერთ ჩვენს ძველ კამათს გაგახსენებ, სადაც ჯიუტად იდექი შენსაზე და ამბობდი, რომ მირჩევნია თუნდაც მარტო ლაშა ბუღაძემ მიკითხოსო, ვიდრე მასამ და ვერაფერი გაიგონ და ან უაზროდ აღფრთოვანდნენ და ან უაზროდ გამლანძღონ ამის გამოო : ) მე გეუბნებოდი, კ ჩორტუ ლაშა და ცვედანი ინტელექტუალები, ისე უნდა ქნა, რომ რაც გეწერინება წეროთქო და ხალხამდე როგორმე მიიტანოთქო. მაშინ მწერლის სტრატეგიაზე ვსაუბრობდით, ნაწარმოებებზე არა, მხოლოდ მწერლის ტაქტიკაზე! ნაწარმოებებზე ვთანხმდებოდით, რომ მწერალს რაც ეწერინება ის უნდა წეროს და არ უნდა წავიდეს კონცეპტის მხრივ უმცირეს კომპრომისზე მაინცთქო. ძალიან კარგად მახსოვს ის კამათები : )
    ჰოდა, სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ მოგილოცო : ) ეს ნაწარმოები (როგორც წინა რამდენიმე, გადავხედე მათაც) სხვა არაფერია, თუ არა კომპრომისი მკითხველთან : ) ეს ნაწარმოები ეკუთვნის ხალხს! მე არ მომწონს, თუმცა იმდენად სტრეოტიპულ-ბანალურია (რა ჭკვიანი და სულელი ქალი აბა, კარგი რა : ) ), რომ უმრავლესობას აუცილებლად მოეწონება. ვნახოთ რას იტყვის ლაშა : )

    1. აბსოლუტურად სხვა რამეზე ვკამათობდით ჩვენ : ) ვკამათობდით იმაზე, უნდა დაბეჭდოს თუ არა მწერალმა ,,სარკეში” საკუთარი ნაწარმოები მრავალრიცხოვანი მკითხველის იმედით. ახლაც მგონია, რომ ,,სარკეში” ნაწარმოები არ უნდა დაბეჭდო : )

      პ.ს. რომელი წინა რამდენიმე, არ გადამრიო : ))
      ჯ.ზ =ჯო ზავინული? : )

      1. ჯ.ზ.

        აუ შენ ისევ დემაგოგი ხარ ტო :დ
        იტოგში კონფორმისტულ-გოგოშკური ნაწერია ძმაო და რაც გინდა ის იძახე ახლა შენ, არ ველოდი შენგან 😉
        პ.ს. ზავინული არა, ჯეი ზი, რეპზე გადავედი ჯაზიდან მე ამასობაში :დ

  7. სად იყო ეს პოსტი დაკარგული, რომ შემოვდიოდი ასე წერა წაშლილიაო. 🙂 მომეწონა. მართლაც რომ ირონიული ღიმილის ღჳრსი იყო ანკა. 🙂 თუმცა რა მაგისს ბრალია, არ იცოდა რა უნდოდა. 🙂

  8. გამოხმაურება: 12 ორშაბათი და 4 პერო (ანუ ამბები წარსულიდან და მომავალში) « მაიმუნების ბლოგი

  9. nitzsche

    ნაწერზე ვერაფერს იტყვი , სტილი და წერის მანერა როგორც წესი ძალიან კარგია , მაგრამ საქმე ისაა , რომ რაც ამ პოსტიდან ჩანს ბავშური პრანჭიაობაა და მეტი არაფერი. აბსულუტურად ვუერთდები Archilly-ის კომენტარს, არ აქვს მნიშვნელობა გამოგონილია ეს ისტორია თუ არა , მართლაც თუ გამოგონილია , რატომ უნდა გამოგეგონა ასეთი ? : ) მით უარესი მაშინ. მკითხევლი ყოველთვის გრძნობს , რამის თავზე მოხვევას თუ ცდილობს ავტორი, მითუმეტეს საკუთარი თავის წარმოჩინებას იმ ფასეულობებით , რომელებიც სინამდვილეში საერთოდ არაა ფასეულობები. და რაც მთავარია ხანადახნ მაინც უნდა დასვა კითხა შემთხვევით Adibasi ხომ არ ხარ? მესმის რთულია თქვა , რომ “მეფე ხარ და მგოსანი” ,ასე ვერ იტყვი , მაგრამ ნურც რაიმე ფარული გზებით შეეცდები ამის თქმას, რომ “კარგი” ხარ , იმიტომ რომ სიყალბე როგორც წესი ყოველთვის კარგად იგძნობა. ძალიან მომწონდა შენი ძველი პოსტები და იმედია აი ისე გააგრძელებ : ) რაც მთავარია უნდა იცოდე , რომ რაოდენობრივად რამდენად ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული შეიძლება იყოს მხოლოდ აუციელები , მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის , რომ კარგი მწერალი ან ზოგადად ადამანი დადგე : )
    აბა შენი იცი, წარმოატებები !

  10. ძალიან მომეწონა 🙂 სულელი ვერასოდეს ვერავის მოაჩვენებს თავს ჭკვიანად… უზომოდ მაინტერესებს ამ ამბის გაგრძელება

  11. ელიოტ როზუოტერ

    არ მოგბეზრდათ კრიტიკა მორალისტური მიზეზებით? : ) რას ქვია რატომ გამოიგონე ეს ისტორია? ადგა და გამოიგონა რა, ასეთები გამოუგონიათ ბოლობოლო? : )
    აქ საქმე ისაა, რომ ეს “გამოგონება” დიდი ვერაფერია, თორემ რა სისულელეა იმაზე ლაპარაკი ვის ვინ წაართვა და ვისთვის თავი დაიდებილა, კარგით რა, უბრალოდ ლიტერატურაა : )

  12. ლოგინში წავიკითხე ეს პოსტი. ლეპტოპი მუხლებზე მედო და ერთი გაყინული ხელით ვსკროლავდი. მეორეს თბილად ვინახავდი ლოგინში.

    გამკვირვებია, ხელი რატომ არ შევანაცვლე?

  13. ნუ, გავა რამოდენიმე წელი და ამ რაღაცებს რომ წაიკითხავ, მიხვდები რომ ძალიან ბავშვურად წერდი (შეიძლება ჩემი კომენტარიც გაიხსენო).
    ნუ, შენი ასაკისთვის სავსებით შესაბამისად წერ (მაგრამ, მე მრჩება შთაბეჭდილობა, რომ ამბიცია მეტისა გაქვს) – აზრთაკონულ-დღიურულ-მოზარდული სტილია.
    შთაბეჭდილებები ზედაპირული, დასკვნები მიამიტური და ცოტა სასაცილო. 🙂
    წერით კარგად წერ. ასე თუ გააგრძელებ, შენგან კარგი ვინმე დადგება 🙂
    ოღონდ, ერთია რომ რასაც დაწერ, ის არ უნდა იყოს რაღაც ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო (ამ ეტაპზე მხოლოდ მოზარდებისთვის), არამედ ყველასთვის, განურჩევლად წლოვანებისა (ნუ, ახლა ინტერესებზე და გემოვნებაზე აღარაფერს ვიტყვი, ეგ მაგათი საქმეა).
    აი, როცა ასე დაწერ, მაშინ იქნები ”დიდების”/”მოზრდილთა” მწერალი 🙂

    1. სულაც არ ვთვლი, რომ რომელიმე ასაკობრივი ჯგუფისთვის წერა დიდ მწერლობაზე უარის თქმაა. ძალიან მომწონს, რომ მოზარდებისთვის ვწერ, რადგან ახლა ყველა იმას ცდილობს, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საინტერესო იყოს და საბოლოოდ არაფერი გამოსდით ხოლმე : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s