სესილიასთვის თვის ბოლო პარასკევი უცნაურად დაიწყო. ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა, გაზქურა გამორთო და სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო. ქვემოთ თეთრი ნახატიანი საცვალი ეცვა. ზემოთ – არაფერი. მხრებზე ჭორფლები ეყარა და იმდენად პატარა მკერდი ჰქონდა, რომ ბიუსტჰალტერის ჩაცმა სრულ უაზრობად მიაჩნდა. მუცელზე _ აპენდიციტის ოპერაციისაგან დატოვებული ნაიარევი, მარცხენა ხელზე – ცისფერი სამაჯური. მუხლებზე_ რამდენიმე ჩალურჯება. სესილია ლამაზი გოგო იქნებოდა, ასეთი გამხდარი რომ არ ყოფილიყო.
სანამ ჩაის ამზადებდა, იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი. ბევრი იფიქრა თუ ცოტა (ფიგურალური გამოთქმაა – სინამდვილეში ცოტა იფიქრა), დაასკვნა, რომ
1) ან სესილია მთვარეულია
2) ან სახლში მოჩვენება ჰყავს.
1) სესილია მთვარეულია
სესილიამ არ იცის, ეს როდის დაიწყო. მგონი, მაშინ, როცა ზედასართულელ ათუკას ხვდებოდა. ათუკა მასზე 2 წლით პატარა იყო და ხარბად ეწაფებოდა ხოლმე სესილიას გამხდარსა და ჭორფლიან სხეულს. ათუკას არა უშავდა. ერთი ეგაა, საცვლებს ყოველდღე არ იცვლიდა. მაგრამ სესილია ამას დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდა. სესილია ხომ მასთან ფილმების სანახავად მიდიოდა და არა სექსისათვის. თუმცა, უმაგისობაც არ გამოდიოდა. ყოველ პარასკევ საღამოს ისინი ჯერ წვებოდნენ, მერე კი ერთად უყურებდნენ სპეციალურად პარასკევი საღამოსათვის გადმოწერილ ფილმს. სესილიას არც კომპიუტერი ჰქონდა, არც ტელევიზორი, არც კინოს ბილეთების ფული. ათუკას სექსის მერე მალევე ერეოდა ძილი. სესილია კი კინოს ყოველთვის ბოლომდე უყურებდა, მერე ჩუმად რთავდა კომპიუტერს და ფეხაკრეფით ბრუნდებოდა სახლში. თუ ფილმი ძალიან მოეწონებოდა, ჩანაწერებსაც აკეთებდა ხოლმე.
იმ დროისათვის, როცა ათუკას დაშორდა, სესილიას უკვე 45 (ჩანაწერიანი) ფილმი ჰქონდა ნანახი.
იმიტომ დაშორდნენ, რომ ათუკამ ახალი გოგო გაიჩინა. ახალ გოგოს ქერა თმა და სავსე მკერდი ჰქონდა და სესილია მას ხშირად ეჩეხებოდა კიბეებზე.
რაკი ფილმებს გამოეთხოვა, სესილიამ პარასკევ საღამოს ადრე დაძინება ისწავლა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ერთ პარასკევ დილას ის ჩაიდნის სტვენამ არ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა, ჩაიდანი გამორთო და სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო. როგორც ყოველთვის, ახლაც წელზემოთ შიშველი იყო. სესილიამ ჩაი დაასხა და სანამ ფინჯანში სითხე გაცივდებოდა, ძალიან მოუნდა, სარკის წინ საკუთარ თავს მოფერებოდა. ისე, როგორც წლების წინათ, როცა ამ სახლში დედასა და მამასთან ერთად ცხოვრობდა. სარკის წინ მდგარმა სესილიამ უეცრად აღმოაჩინა, რომ მუცელი უცნაურად დაბერვოდა. ნაიარევი, რომელიც ოპერაციის შემდეგ დარჩა, ცოტათი გაწელილიყო და საერთოდაც, სესილია ფეხმძიმედ იყო.
სანამ ჩაის სვამდა, სესილია იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ იყო ბავშვის მამა. ათუკას უკვე 4 თვეა დაშორდა, ასე რომ ათუკა ბავშვის მამა ვერ იქნებოდა. სხვა მამაკაცი კი მას შემდეგ არც ჰყოლია.
ბევრი არ უფიქრია, ზემოდან მოგრძო თეთრი პერანგი გადაიცვა (იმ ნახატებიან თეთრ საცვალს რომ ძლივს უფარავდა) და ათუკას ზედა სართულზე ააკითხა.
ასე დილის 11 საათი იქნებოდა. ათუკას ბინის კარი, როგორც ყოველთვის, ოდნავი ხელის კვრით გაიღო. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე. კომპიუტერის გამორთვა დავიწყებოდათ და ეკრანზე დაპაუზებული კადრი შერჩენილიყო რომელიღაცა საშინელებათა ფილმიდან მოჩვენებებზე. ათუკას თავის ახალ გოგოსთან ერთად იქვე ეძინა. გოგონას თხელი საბნიდან გარუჯული ფეხები უჩანდა. სესილია ჩამოჯდა. ფილმი უკან გადაახვია და ნახევრამდე უყურა. დასასრული არ უნახავს., რადგან ასე 70-ე წუთზე ათუკას გამოეღვიძა და უყვირა, აქ რას აკეთებო..!
_ ფილმს ვუყურებ.. _ უპასუხა სესილიამ
ყვირილზე ახალმა გოგომ თვალები დააჭყიტა, წამოიწია და კომპიუტერთან მჯდომ მისთვის უცნობ ადამიანს მიაშტერდა.
_ სულ შეიშალე? _ გაბრაზდა ათუკა.
_ მგონი, ფეხმძიმედ ვარ, _ სრულიად ჩვეულებრივად უთხრა სესილიამ.
_ ათუკა, ვინ არის ეს ქალი? _ ნამძინარევი ხმით კითხულობდა გოგო.
ათუკა ლოგინიდან წამოდგა და სესილია ცალკე ოთახში გაიყვანა.
_ გაგიჟდი? დილით რატო მოხვედი. ხო გითხარი, რომ ანა აქ დარჩებოდა..
_ როდის?
_ წინა პარასკევს.._ ათუკას წვერი გასაპარსი ჰქონდა.
_ წინა პარასკევს? _ სესილიას არაფერი ახსოვდა.
_ ხო. წინა პარასკევს.. და რეებს აკეთებ საერთოდ.. დილაადრიან დამადექი თავზე.. ისე შემოხვედი, ვითომც არაფერი და ზღაპრებს მიყვები ფეხმძიმობაზე…
_ ბოლოს როდის ვიწექი შენთან? _ სესილია შუბლს თითებით ისრესდა.
ათუკა კი მოთმინებას კარგავდა უკვე:
_ წინა პარასკევს ვიყავით ერთად და ისიც გითხარი, რომ დღეს არ უნდა მოსულიყავი, იმიტომ, რომ ანა იქნებოდა აქ… გაგაფრთხილე… რამდენჯერმე..
_ მოიცა, ფილმებს ისევ ვუყურებთ ხოლმე პარასკევობით?
– არა, ფილმებს აღარ.. უბრალოდ ვწევართ. მეხუმრები?
სესილიამ ათუკას შეხედა და უთხრა:
დღეს საღამოს კარები მაგრად ჩაკეტე, კარგი? და საერთოდაც, ყოველ პარასკევს მაგრად ჩაკეტე კარი..
მერე სესილია მეორე ოთახში გავიდა. ათუკას ახალ გოგოს უკვე მოეწრო ჩაცმა.
სესილიამ მას გაუღიმა და უთხრა:
_ მშვენიერი ფეხები გაქვს. მაპატიე, რომ გაგაღვიძე..- და გავიდა.
იმ საღამოს სესილიამ ფილმის შესახებ ნახევარი ჩანაწერი გააკეთა, რადგან ფილმი მხოლოდ ნახევრამდე ჰქონდა ნანახი.
ასე 6 დღის შემდეგ აბორტი გაიკეთა. ყოველ შემდეგ პარასკევს დილით სესილიას ჩაიდნის სტვენა აღვიძებდა, რომელსაც თვითონვე დგამდა გაზქურაზე ძილში. ყოველ პარასკევ საღამოს კი იგი მძინარე ადიოდა ზედა სართულზე, ხელით სინჯავდა ათუკას კარის სახელურს და რადგან კარი ყოველთვის ჩაკეტილი ხვდებოდა, მშვიდად ბრუნდებოდა საწოლში.
სესილია ისევ ძალიან გამხდარი იყო.
გაგრძელება იხილე აქ
ჟურნალი სარკეა თუ რა ჯანდაბა ხდება.
ragacnairi iyo, ogons kargad ragacnairi.
🙂
ამ პოსტში რაც ვარგა პირველი ფოტოა და იმ ფოტოში მკერდი:)
მეორადი მოხმარების ეროტიკა : )
სერ ელიოტი დარწმუნებულია, რომ ავტორს მეტი შეუძლია 😉
shesanishnavia,maladec:)
avtors meti ki ara usazgvrod bevri sheudzlia am sferoshi :))))))))) niii chemi kumiri da sayvareli mashindeli pirvelkurseli iyavi xo ici :*:*:*:*:*:*:*:*
mindi ki ara mindi :D:D*
მდაა.. მკერდიანი გოგოს სურათი კარგი იყო. მაგრამ მთვერეულობაზე თუ მეტს დაწერ, კარგი იქნება. მე კი უფრო მისტიკა მეგონა.. არადა მიყვარს მისტიკა. 🙂
მისტიკა მეორე ნაწილია : )
გამოხმაურება: სესილიას მოჩვენება ჰყავს « ანინას ბლოგი
გამოხმაურება: So many people, and so few asteroids « ანინას ბლოგი
არც კი შეუმჩნევია, რომ ფილმებს აღარ უყურებდა.
რამდენად ზედაპირულები ვართ ახლო ურთიერთობებში ხშირად…
ki-duk kim-is pilm bi-mongs gavs… gavlena tu damtxveva ar vici… albat upro pirveli…
ki-duk kim-is pilm bi-mongs gavs… gavlenaa tu damtxveva ar vici… albat upro pirveli…
very beautiful page and past pages. keep up all you do for internet freedom.