თვალთვალი

იცი თუ არა, რომ აკვიატებული თვალთვალის იდეა სხვა არაფერია, თუ არა მარტოობის ლოგიკური შედეგი? ჩემი აზრით, ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე პირველი წინადადების წაკითხვისას თქვენ წარმოიდგინეთ. ადამიანებს თავიანთი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ამიტომაც სურთ, რომ მათი ცხოვრების შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. ოღონდ სურთ, რომ  ადამიანებმა ახლავე იცოდნენ და არა მრავალი თაობის შემდეგ. ვიღას ადარდებს ისტორიაში შესვლა ისტორიკოსების გარდა? ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებას ახლავე აკვირდებოდნენ, პირადად და არა საუკუნეების მერე_ წიგნებიდან. ჩვენ გვინდა, რომ სიცოცხლეშივე დაგვაფასონ და სიკვდილისთანავე დავავიწყდეთ_ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენთვის სამყარო ჩვენს სიკვდილთან ერთად ქრება. თანამედროვე ადამიანი სამყაროს უყურებს, როგორც პროდუქტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მისი ცხოვრება გახადოს უფრო საინტერესო,  და.. მნიშვნელოვანი. მოკლედ, სამყარო ჩემთვის და სხვა მრავალი ადამიანისათვის მხოლოდ საკუთარი თავის დამატებაა_ დიდი სცენა, რომელზეც ჩვენ ჩვენი მაგარი სოლოები უნდა შევასრულოთ. აქვე ჩნდება კითხვა: ვიღას სჭირდება სცენა, როცა სოლო უკვე შესრულებულია?

სხვათა შორის, იმაზე ფიქრი, რომ სამყაროს არსებობა ჩვენს არსებობასთან ერთად სრულდება,  გმირობისა და თვითმკვლელობის ჩადენაში ერთნაირად გვიშლის ხელს. რაღაცისთვის თავის გაწირვა (ენა, მამული, სარწმუნოება, შეყვარებული..) მოითხოვს იმის რწმენას, რომ  სამყარო ჩვენი სიკვდილის მერეც იარსებებს. თანაც, ისეთი სახით, როგორითაც ჩვენს გვახსოვს იგი. რაც შეეხება თვითმკვლელობას, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია თავის მოკვლაზე იმ მოტივით, რომ ამით ვინმეს გულს საშინლად ატკენდა. და თუ ის ვინმე ჩვენი თვითმკვლელობის მერე აღარ იარსებებს? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სუიციდს აზრი არ აქვს.  როგორ უნდა იყო იმაში დარწმუნებული, რომ შენი სიკვდილის მერე ყველაფერი ჩვეულებრივად განაგრძობს სვლას?  მე იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ როცა მძინავს, ჩემი სხეული უცხოპლანეტელებს გამოსაკვლევად არ მიაქვთ და დილისკენ უკან არ აბრუნებენ. მოკლედ, მე მჯერა იმის, რომ შეიძლება ყველაფერი გონებით იმართებოდეს, რომ შეიძლება, სამყარო მხოლოდ ილუზია იყოს, რომელიც სიკვდილთან ერთად ქრება. სწორედ ამიტომ, გამბედაობა არასდროს  მეყოფა, თავი გავწირო რაიმე ისეთისათვის, რისი არსებობაც ჩემი სიკვდილისთანავე საეჭვო ხდება.

/მე მგონია, რომ იმ ადამიანთა ფსიქიკა, რომელთაც ,,მატრიცა ” ორჯერ აქვთ ნანახი, მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანთა ფსიქიკისაგან, რომელთაც ამ ფილმს ერთხელ უყურეს. მე კი, სამჯერ და მეტჯერ მაინც მაქვს ნანახი  მატრიქს/

თვალთვალზე ვსაუბრობდით. ადამიანებს მოსწონთ იმის შეგრძნება, რომ მათ ქმედებებსა და სიტყვებს ვიღაც აკვირდება , რადგან თუ არავინ გიყურებს, რას აკეთებ, ესე იგი, შენ არც არაფერს აკეთებ. რამდენჯერ გიკითხავთ ვინმეზე (ფიდელ კასტრო, მეიბი), ეგ კიდევ ცოცხალია თუ არაო? მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე აღარავინ საუბრობს. /იასირ არაფატი ცოცხალია?/ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯერ არ მომკვდარხარ, ხალხის თვალში ცოცხალის სტატუსს ვერ შეგინარჩუნებს. უნდა მოქმედებდე და ამას ვინმე აკვირდებოდეს. მაშინ კი ნამადვილად ცოცხალი ხარ.  განაგრძობს ფილმი მსვლელობას, როცა დარბაზში არავინაა? კი, ალბათ, განაგრძობს, თუმცა, დარწმუნებული ვერ იქნები. ფილმი მხოლოდ იმ მომენტში არსებობს, როცა მას უყურებენ. იმისი არ იყოს, პლატონს რომ ჰკითხეს, სად არის ეგ თქვენი აშენებული ,,სახელმწიფოო” და ჯერ კიდევ კაცობრიობის ბავშვობაში დაბადებულმა ფილოსოფოსმა ცნობისმოყვარეეებს  უპასუხა_ ჩემს თავში, როცა მე მასზე ვსაუბრობო.

ჩვენი დროის ადამიანის თვალთვალის მოთხოვნილება სრულიად დაკმაყოფილებულია ქუჩაში, სკოლებში და  სუპერმარკეტებში  არსებული კამერების დამსახურებით. მაგრამ ეს შემაწუხებელიცაა. ამას წინათ, იუტუბზე ვიდეოს ვუყურებდი. ბიჭმა  ვიდეოთი ჩაიწერა, როგორც ანძრევდა მისი  ძმაკაცი პორნოზე და მეორე დღეს მეილზე გადაუგზავნა წარწერით: მე ვიცი, რა ჩაიდინე გასულ ღამეს.. ხოდა, ის ძმაკაცი გაცოფდა.. სულ ავადმყოფი ეძახა ამ ბიჭს. არადა, რა.. მას მხოლოდ ის აჩვენეს, რაც მანვე მოიმოქმედა, რომელიღაცა უნივერისტეტის კამპუსში, ოთახში, რომელიც ისევე ეკუთვნოდა მის ძმაკაცს, როგორც თავად მას. ჩვენ ადვილად ვივიწყებთ ქმედებებს, რომელთაც არავინ იწერს. ვშლით გონებიდან, როგორც იმ  ბიჭმა წაშალა გონებიდან მასტურბაციის მთელი ეპიზოდი. როცა წაშლილ ფაილებს გვახსენებენ, ჩვენ ნერვები გვეშლება. მარტივი ლოგიკაა: თუ არავის უნახავს, როგორ ანძრევ, შენ არ ანძრევ. თუ არასდროს გინახავს, როგორ დადიან მასწავლებლები ტუალეტში, ესე იგი, მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან.

წიგნის მაღაზიაში ვართ. წიგნის მაღაზიის გამყიდველი ჩვენი მეგობარია. ერთმანეთს ვუყურებთ. ძალიან გვინდა ერთმანეთის კოცნა პირდაპირ აქ, იურიდიული ლიტერატურის თაროს გვერდით. ვკოცნი. ჩვენი მეგობარი გვიყურებს და უცებ გვეუბნება: გაგიჟდით? კამერებია აქ ! და უცებ ეს კოცნა ხდება იმ ათობით კოცნისგან გამორჩეული, რომელიც ერთად განგვიცდია, რადგან ეს კოცნა ჩაიწერეს.

როგორ ფიქრობ, შენ რომ აქ არ იქნები, მე როგორ უნდა ვიცხოვრო? მახსოვდეს, რომ შენ სადღაც შორს ხარ და ჩემზე ფიქრობ? თუ ეს ასე იქნება, სინდისი შემაწუხებს, როცა  ვინმეს ვეტყვი, რომ single ვარ და ფლირტს გავუბამ. ან იქნებ, სჯობს, ვიფიქრო, რომ როცა ჩემთან არ ხარ, შენ არ არსებობ.. მით უმეტეს, რომ ეს სავსებით დასაშვები მოსაზრებაა.

იმაზე ფიქრში, რომ ვიღაცები გვიყურებენ, ჩვენ ვკარგავთ იდენტობას. ამიტომაც გვეუცხოება ჩანაწერებში ნანახი საკუთარი თავები, ამიტომაც განსხვავდება სექსი, რომელსაც იწერენ იმ სექსისგან, რომელსაც არ იწერენ და საერთოდაც, ამიტომაც განსხვავდება ფილმები ცხოვრებისაგან.

სხვათა შორის, ეს ჩანაწერიც სხვანაირი იქნებოდა, რომ არ მცოდნოდა, რომ შენ მას წაიკითხავდი.

18 thoughts on “თვალთვალი

  1. ვერასოდეს ვწერდი დღიურებს. ბლოგისგან განსხვავებით. ვერც დავწერ.
    არ შემიძლია ისე წერა, როდესაც ვფიქრობ, რომ ამას ვერავინ წაიკითხავს, თუნდაც მხოლოდ ”ჩემი თავისთვის”.. არ გამომდის.

    ჩემი ბლოგი,ჩემი ჩაწერილი აზრებია, რომლებსაც ვიცი ვინმე მაინც წაიკითხავს და სწორედ ეს სძენს ჩემს წერას აზრს. იმიტომ რომ ის აფიქსირებს, ჩემს აქტივობას.. იმას რომ ცოცხალი ვარ )

  2. zaba

    ოჰო, იმ თემამდე მისულხარ როგორც იქნა, რომელიც ჩემთვისაც კი საინტერესოა დაჟე : ) კაი პოსტია (ამ ბოლო დროს კაი პოსტები გაქვს რაღა დაგიმალო და, გითვალთვალებ მუჰაჰა).
    რაც შეეხება თვალთვალს: ჩემი აზრით, ზოგჯერ ეს თავდაცვითი რეაქციაცაა ერთგვარად. შიზოფრენიკი, რომელსაც ეწყება ბოდვითი იდეები და ჰგონია, რომ მისი ბანაობები ტრანსლირდება პირდაპირ ეთერში და ამას მთელი ქვეყანა თვალს ადევნებს, შეიძლება თავსაც კი იცავს ერთგვარად. ის ხვდება ალბათ, რომ გარშემომყოფთა თვალში დაკარგა მნიშვნელობა ანუ საერთოდ გაქრა და საკუთარ ფიზიკურ არსებობას აზრი რო შესძინოს, ქმნის ასეთ გენიალურ ბოდვას: მე რო ვიბან, ამას ტელევიზორში ანახებენ! მძრეველებო, დამანებეთ თავი, ნუ მიყურებთ! ვიცი, რომ ლამაზი ვარ, მაგარი ტანი მაქვს და კიდევ რაღაცა ვიცი, რაც არ უნდა მცოდნოდა, ამიტომ მითვალთვალებენ!
    (შენიშვნა: თვალთვალზე წერა შიზოფრენიის უხსენებლად, ცოდვაა : P )

  3. საინტერესოა, თუ გიყურებენ ე.ი არსებობ, ასე გვგონია, რადგან სოციუმში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. აქ ინდივიდი ძალიან პირობითი ცნებაა. მაშინ წარმოადგენ რამეს როცა ვინმე გაფასებს, გხედავს. თუ არავინ გხედავს არაფერს წარმოადგენ, ეს იგივეა რომ არ არსებობდე. მეც მიფიქრია ამ თემაზე.

    1. ჰო, და რომ არ იფიქრონ რომ გული არ დაგვწყდა მათი სიკვდილის გამო ხანდახან ძალით ვიღებთ სევდიან სახეს.
      ერთი ამბავი გამახსენდა. ბაბუაჩემის პანაშვიდზე როგორც კი ხალხი შემოვიდოდა ოთახში, ბაბუაჩემის და ხელს გაკრავდა დედაჩემს და ბებიაჩემს და იტირეთო ჩურჩულებდა.
      თუ არ ტირი ესეიგი გული არ დაგწყდა 😐

  4. ეს რაღაც ახალია შენს ნაწერებში და თან ძალიან საინტერესო. 🙂
    სულ ვფიქრობდი, რატომ აკეთებენ ადამიანები სხვების დასანახად ყველაფერს და მეც მინდოდა ამაზე რაღაცის დაწრა, სხვათაშორის იმაზე არ მიფიქრია, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ქრება. პლატონის იდეების სამყაროსთან და მატრიცასთან პარალელები საინტერესოა. 🙂

  5. სხვათა შორის, ეს ჩანაწერიც სხვანაირი იქნებოდა, რომ არ მცოდნოდა, რომ შენ მას წაიკითხავდი. – გადარბენით წავიკითხე, მაგრამ ამისთვის ღირდა

  6. ადამიანებს ბევრი საინტერესო მოთხოვნილება აქვთ.. რამდენად შედის მათ რიცხვში თვალთვალი – არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ადამიანი სოციუმის ნაწილია და ის სულ სხვაა მასთან ერთად და სულ სხვა მის გარეშე.
    იმისთვის, რომ ადამიანის ზოგიერთი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს საჭიროა ვიღაც სხვა (ხშირად – ვიღაც სხვები!), თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს გვერდით იქნება ის და ისე დაგინახავს თუ through video cameras 🙂

  7. როგორი მომენტია იცით? ოდნოებში შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს თუ არ დადებ, ზნაჩიტ შეყვარებული არ გყავს და თუ არ გყავს ეს თავის მხრივ ზნაჩიტ, რომ ბანძი ხარ)))))))) აი, მე იმიტომ გბლოგერობ, რომ ჩემნი ნაბოდვარი ვიღაცას თუნდაც რაღაცაში გამოადგეს))) ვერ ვიტან, როცა მაკვირდებიან, თავისუფლებას მართმევენ მგონია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s