ილია, აკაკი, რობიკო…

,,წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები”.

იცით, საიდანაა ეს ნაწყვეტი? რთული კითხვაა. შეიძლება იცოდე, რომ ,,ჩემო კარგო ქვეყანავ” ილიას ეკუთვნის, მაგრამ ვერ გაიხსენო, რომ ეს ამონარიდიც იმავე ლექსიდანაა. საკითხავია, თუ ნაწარმოების შინაარსზე წარმოდგენა არ გაქვს, რატომ უნდა ფლობდე ინფორმაციას მისი ავტორის შესახებ? რისი მაქნისია ასეთი ცოდნა… არც არაფრის. ეს მხოლოდ გარანტიაა, რომ ერთ დღესაც ტელევიზორის ეკრანიდან არ მოისმენ, როგორ გიწოდებს თანამედროვე ,,ინტელიგენციის” წარმომადგენელი ,,დაუნს”.


,,ვისი დაწერილია ჩემო კარგო ქვეყანავ? ” _ სწორედ ეს შეკითხვა მოგვევლინა ,,აუდიტორიის” პირველი ეთერის ლაიტმოტივად. გაუგებარია, თუ მაინცდამაინც ილიას პოეზიაზე აპირებდნენ აქცენტის გაკეთებას, რით ამჯობინეს ,,ჩემო კარგო ქვეყანავ” ,,ელეგიას” ან ,,ყვარლის მთებს”. ვფიქრობ, ამის მიზეზი იმდენად ილიას ლექსი არ იყო, რამდენადაც ამ ლექსის პირველ 4 სტრიქონზე შექმნილი სიმღერა_ ეროვნული მოძრაობის ,,საუნდტრეკი”. ის კი არავის გახსენებია, რომ როცა ეს სიმღერა ყველამ ზეპირად იცოდა, გამოკითხული სტუდენტები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. მათთვის ხომ ოთხმოცდაათიანი წლები გუშინდელი დღე კი არა, ცხოვრების დასაწყისია. რა გასაკვირია, რომ ლექსის ავტორი არ იციან. ,,ჩემო კარგო ქვეყანავ” არც სკოლაში უსწავლიათ (პროგრამაში შეტანილი არაა) და მისი ცოდნა არც მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად იყო აუცილებელი. და თუ გადაცემის ავტორებს ცნობილი ლექსი სჭირდებოდათ, აერჩიათ ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვისაგან თავისუფალი ,,გაზაფხული”, რომელიც არანაკლებ პატრიოტულია (თუ მეტად არა), არანაკლებ პოეტური (თუ მეტად არა) და თან ნამდვილად ისწავლება სკოლაში.

მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ ახალგაზრდები მხოლოდ იმას კითხულობენ და იმახსოვრებენ, რაც სჭირდებათ. არამედ ის, რომ ჩვენ დღემდე ვერ განვსაზღვრეთ, რა გვირჩევნია: მომავალ თაობას ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს ყველაფერზე თუ სიღრმისეულად ერკვეოდეს ერთ საკითხში მაინც.

ახლა გავარკვიოთ, რა არის ეს ზოგადი წარმოდგენა ყველაფერზე. დავუშვათ, არსებობს სახელთა და მოვლენათა სასრული სიმრავლე, რომელიც ქმნის ერის იდენტობას. არა მგონია, მისი არსებობა საერთოდ გამართლებული იყოს, მაგრამ ფაქტია: დღეისათვის გვაქვს საზოგადოებრივი შეთანხმება, თუ რა სახელები და მოვლენები უნდა ჰქონდეს გაგონილი ნებისმიერ ქართველს (ნეტავ რას შველის ეს გაგონება!). ნუსხა საკმაოდ მოზრდილია და მასში გვერდიგვერდ შეხვდებით მუხრან მაჭავარიანსა და შოთა რუსთაველს, ან კიდევ_ დიდგორის ბრძოლასა და ,,დინამოს” მიერ ერთა თასის მოგებას. ამგვარი ეკლექტურობა არაა პრობლემა, თუ გავიხსენებთ, რომ შეუძლებელია ზემოთაღწერილი სიმრავლე უცვლელი იყოს წლების მანძილზე. იგი ნებისმიერ დროს იქნება მუდმივი და დროებითი ელემენტების ჯამი. ჩვენ მხოლოდ ამ ორი ტიპის ელემენტების გარჩევა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისაგან.

რა მოხდა, თუ ახალგაზრდამ არ იცის, ვინაა ,,მონანიების” რეჟისორი, მთავარია, შეგნება ეყოს და მამისა და ბაბუის მსგავსად სტალინის დაბადების დღე არ აღნიშნოს. ბედის ირონიაა, რომ ,,მონანიების” რეჟისორის არცოდნის გამო სტუდენტები იმ ადამიანებმა გააკრიტიკეს, რომლებსაც ისევ ,,წითელი” სიზმრები ესიზმრებათ.

აღმოჩნდა, რომ ახალ თაობას არ აინტერესებს არც ,,ჯარისკაცის მამა” და არც ,,ღვინის ქურდები”, არც სერგო ზაქარიაძისა და სოფიკო ჭიაურელის როლები. თუმცა, არც ესაა ტრაგედია. შოთა რუსთაველი კი ნამდვილად ეცოდინებოდათ (მუდმივი ელემენტი). რაც შეხება ზემოთჩამოთვლილებს, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ არ აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა ქართული კულტურისათვის. მეტიც, ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვანიჭებთ ყოველ ქართულ ფილმს ამხელა მნიშვნელობას, რომ ძალიან მცირე კინოინდუსტრია გვაქვს. ხომ არ შეიძლება, ოციოდე წლის შემდეგ ვინმეს წამოვაძახოთ, ქართველი არ ხარ, რადგან ,,ყველაფერი კარგად იქნება” არ გინახავსო. ზუსტად ასეთივე უმნიშვნელოა ,,ღვინის ქურდებში” კახი კავსაძის მიერ შესრულებული როლი ეროვნული თვითგამორკვევისათვის.

არ შეიძლება ჩემი განათლების დონე იმით განისაზღვრებოდეს, თუ რამდენად ემთხვევა ჩემი ინტერესები ჯანსუღ ჩარკვიანის ან ავთო ვარსიმაშვილის ინტერესებს, ჩემი ლიტერატურული გემოვნება კი_ ლელა წურწუმიას, გიგი დედალამაზიშვილისა და გაგა ჩიხლაძის ლიტერატურულ გემოვნებას. არც ის შეიძლება, ქართველობა დაიყვანებოდეს გარკვეული სახელების ცოდნამდე, პატრიოტიზმი კი გაიზომოს იმით, სწორად ვაწყვილებთ თუ არა ლექსს ავტორთან, კინოფილმს რეჟისორთან და ასე შემდეგ.. ზოგადი განათლება უნდა იყოს სიღრმისეული განათლების წინაპირობა და არა იმ სახელთა და მონაცემთა ერთობლიობა, რომლებიც გვახსოვს, მაგრამ ვერაფერში ვიყენებთ.

ბატონმა გია მურღულიამ გადაცემაში თქვა: ქართველები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, თუ რისი არცოდნაა სირცხვილიო. ვფიქრობ, ამაზე შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კულტურა მკვდარია და გადასინჯვას არ ექვემდებარება. დღესდღეობით კი კულტურა ისევ ვითარდება და სწორედ ეს დაავიწყდათ გადაცემის ავტორებსაც და სტუმრებსაც. აჯობებდა, გამოკითხვა ამგვარად ჩაეტარებინათ: ლიტერატორებისათვის ეკითხათ, ვინ არის აკა მორჩილაძე; ახალგაზრდა ფიზიკოსებისათვის_ ვინ არის გია დვალი და ა.შ. და თუ გაუჭირდებოდათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაშინ კი ექნებოდათ მათი გაკრიტიკების უფლება.

მოთხოვნები, რომლებსაც თანამედროვეობა უყენებს ახალგაზრდებს, გაცილებით მკაცრია, ვიდრე ის, რასაც მათგან ,,აუდიტორიის” სტუმრები მოითხოვდნენ. სტუდენტებს, რომლებიც საგამოცდოდ უზარმაზარ ინფორმაციას ამუშავებენ, შეუძლიათ კახი კავსაძის როლებიც დაიზეპირონ. მაგრამ სხვა საქმეა, გარდა უფროსების კეთილგანწყობისა, რას მისცემთ მათ ასეთი ტიპის ცოდნა. ლოგიკურია, რომ ახალგაზრდები ეპოქის სტანდარტების დაკმაყოფილებაზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ინტელიგენციის გულის მოგებაზე. ბოლოს და ბოლოს, გამოკითხული ,,დაუნები” დღევანდელობის ადეკვატურნი არიან, ჯანსუღ ჩარკვიანის საბჭოთა ,,პატრიოტული” რიტორიკის ადგილი კი ოცდამეერთე საუკუნეში ნამდვილად აღარაა.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ ეროვნული იდენტობის გაგება დროსთან ერთად იცვლება. შევეგუოთ იმასაც, რომ ხშირად წარმავალი ღირებულებები მარადიულად გვეჩვენება. სწორედ ამიტომ, სანამ ილია ჭავჭავაძით დაწყებულ ჩამონათვალს რობიკოს, სოფიკოსა და კახის მივაწერდეთ, უნდა დავფიქრდეთ..

11 thoughts on “ილია, აკაკი, რობიკო…

  1. ძალიან დამაფიქრებელი პოსტი იყო. და გეთანხმები ყველაფერში. დღესდღეობით საზოგადოებაში რარაც ჩარჩოები არის შექმნილი, რომლებიც გევალება ზეპირად მიცოდე (თუ არ იცი ქართველი არ ხარ) და რომლის იქითაც გადაბიჯება არ შეგიძლია (თუ გადააბიჯებ არც მაშნ ხარ ქართველი) ანუ გიწევს ამ ჩარჩოებში მოქცევა.
    კარგი იქნებოდა ყველა კულტურაში ვინც მოღვაწეპობს შენნაირად ფიქრობდეს !!!
    ამ პოსტს გავაზიარებ.

    1. აზრზე არ ვარ ეგ როგორ კეთდება. ისე, ეს სტატია აზრები.გე-ზე დევს და იქ ნამდვილად არის გაზიარების ღილაკი.
      პ.ს. დილა მშვიდობისა : )

  2. აბა, ეს მიმოწერა ნახეთ
    http://www.facebook.com/levani.el?v=wall&story_fbid=115823108460973

    როგორც ერთმა ჩემმა ფეისბუქის ფრენდმა (დროა ამ ტერმინს ქართული შესატყვისი მოეძებნოს :)) აღნიშნა, ეს მიმოწერა ქრესტომათიაშია შესატანიო (ალბათ ილიას პასუხები გაახსენდა:))

  3. rine

    მშვენიერი პოსტია…გამოდგება ყველაფრის უცოდინარობის გასამართლებლად. შიგადაშიგ ისეთი აზრები გამოსჭვივის, ტარიღა აკლია და ეგრევე დროშაა, ოღონდ –ვისი?!}}}}

  4. gaga chikhladze

    aninas blogs minda gamovexmauro-gadacema icereba nackvet nackvet,akedan gamomdinare ras saubrobdnen danarchenebi ar viccodit,me piradad gvian mivedi-ar shevscrebivar varsimashvilis dauns-romelmac chemzec gamagizianebeli shtabechdileba datova-me vtqvi da kidev ertxel vityvi ro sircxvili ar aris ucodinaroba sircxvilia qartvelis ugmertoba da unamusoba:)da nu ase shemdeg
    gaga chikhladze

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s