ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს..

რაკი წიგნებით ისედაც გაჯერებულია ჩემი (ჩვენი) ბოლო დღები (წიგნის ფესტივალი და რამე), გადავწყვიტე, ფოტოებზე დამეწერა  და ისეთი ფოტოები მოვძებნე, რომლებმაც ბევრი რამ შეცვალეს  ფოტოგრაფიაში, უფრო მეტად კი__ ისტორიაში.

1) კოცნა, რომელიც არც იმდენად რომანტიკულია, როგორიც გვგონია

“V-J Day, Times Square, 1945″,  “The Kiss”Alfred Eisenstaedt

V-J Day_ იაპონიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. Victory over  JAPAN.

1945 წლის 14 აგვისტოს  მთელს ამერიკაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, რაც  მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოასწავებდა. გამარჯვების ყიჟინა ქუჩებს მოედო და ალბათ, სამხედრო უნიფორმიანებზე გახარებული იმ დროს არავინ იყო. ისინი ახალი დაბრუნებულნი იყვნენ ევროპიდან და სულ ეშინოდათ, რომ ისევ მოუწევდათ ბრძოლაში ჩაბმა.


ტაიმ-სკვერში შეკრებილ მოზეიმე ხალხს შორის იყო  ერთი ფოტოგრაფიც (უფრო სწორად კი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფოტოგრაფი), ემიგრანტი გერმანიიდან_ Alfred Eisenstaedt. გახარებული სახეების აღბეჭდვისას მან შეამჩნია მეზღვაური, რომელიც   გარბოდა ქუჩებში და ყოველ შემხვედრ გოგოს ეხუტებოდა (და არა მხოლოდ ეხუტებოდა).  შემდგომში ფოტოზე აღბეჭდილმა მეზღვაურმა თქვა, მოხუცი, დანაოჭებული ქალი რომ შემხვედროდა, იმასაც ასე ,,დავზასავდიო”.

რა თქმა უნდა, მოხუცი ქალისა და მეზღვაურის კოცნა ვერ გახდებოდა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფოტო, მაგრამ მეზღვაური, მომხიბვლელ მედდასთან ასეთ რომანტიკულ პოზაში.. _ გულჩვილ ამერიკელებს ასეთ რამეებზე სულ ეტირებათ.  მათ, ვისაც .ოჰ..” აღმოხდათ ამ ფოტოს ნახვისას, ნამდვილად არ იცოდნენ, რომ  ეს კოცნა არ იყო გულწრფელად შეყვარებულების კოცნა. თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. ფოტო მაინც გახდა  ხანგრძლივი ომის დასასრულის სიბოლო  ამერიკისათვის.

2) ფოტო, რომელმაც შეცვალა ინდუსტრია.
“Hindenburg” Murray Becker, 1937

ზეპელინებზე თუ მხოლოდ მოტკეცილ შარვალში გამოწყობილი ქერა და ქარიზმატული პლანტი არ გახსენდებათ, მაშინ გეტყვით, რომ სწორედ ამ ფოტოს გამო შეწყვიტა  ზეპელინმა, როგორც საჰაერო ხომალდმა, არსებობა. ამერიკაში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ჰინდენბურგის აფეთქება (6 მაისი, 1937) უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე ,,ტიტანიკის” ჩაძირვა ან კიდევ ჩერნობილის დიდი ბენგი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არავის გადაუღია. თუ ფაქტებს დავუჯერებთ, სწორედ ფოტოები აქცევენ კატასტროფას კატასტროფად და არა დაღუპულთა რიცხვი.

სინამდვილეში ჰინდენბურგის  კატასტროფა ძალიან დიდიც არ ყოფილა. მხოლოდ ლოკალური კატასტროფუნა იყო (ახლა მახსენდება ჩემი შოკი, როცა გავიგე, რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 აპრილს და მეცოტავა). 92  მგზავრიდან 62 გადარჩა. ამ ფოტოს ძლევამოსილებას ხაზი რომ გავუსვა, იმასაც გეტყვით, რომ ეს ზეპელინების ისტორიაშიც კი არ იყო ყველაზე დიდი  უბედური შემთხვევა. 4 წლით ადრე ატლატიდის ოკეანეში ზეპელინის ჩამოვარდნის შედეგად ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ჰინდენბურგი ის შემთხვევაა, როცა ფოტოს დანახვისას აღმომხდარმა შეძახილმა ,,ღმერთო ჩემო!” დაღუპულთა რიცხვი გადაფარა.

ამ  ფოტომ წერტილი დაუსვა გერმანიაში წარმოებულ პიარ-კამპანიას, რომლის მიხედვითაც  სწორედ ეს მოდელი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი იყო საჰაერო ტრანსპორტთა შორის. ამ ფოტომ ხალხს რწმენა შეურყია  ზეპელინის მიმართ. მთელი 30 წლის განმავლობაში ზეპელინები რეგულარულად დაფრინავდნენ ამერიკასა და გერმანიას შორის. ამ ფოტომ კი ყველაფერი შეცვალა.  ამის შემდეგ დირიჟაბლები (არა მხოლოდ ეს სახე) საერთოდ აღარ გამოუყენებიათ მგზავრების რეგულარულად გადასაყვანად.  ჰინდერნბურგის ისტორია სწორედ ასე, დიდი ,,bang!”-ით დასრულდა, ხოლო ზოგადად, ზეპელინებისა_ ერთი ,,ჩხაკ!”-ით.

3) ფოტო, რომელმაც უკვდავყო ჩე
“The Corpse of Che Guevara” Freddy Alborta, 1967

სოციოპათი ჩხუბისთავი? სოციალიზმის მნათობი? თუ როგორც სარტრი იტყოდა, ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ჩვენს ერაში? რაც გინდათ ის დაარქვით,  იმას კი ვერ უარყოფთ, რომ ჩე  ყველა რევოლუციონერის კერპია და ზოგადად, ნებისმიერი რევოლუციის სიმბოლოც. აქვე, არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ჩე კერპად უფრო მისმა სიკვდილმა აქცია, ვიდრე სიცოცხლემ.

ჩე 1967 წელს შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ბოლივიის არმიამ (ყოველი ჯარისკაცი გაწვრთნილი იყო ამერიკის სამხედრო ძალებისა და CIA-ს მიერ). ეს  სავსებით ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ხელისუფლება სულაც არ იყო აღფრთოვანებული ჩეს ,,ჰობით”, წამოეწყო რევოლუცია  სადაც და როგორც კი შეძლებდა. სანამ მის სხეულს საიდუმლო საფლავს მიაბარებდნენ, ჩეზე გამარჯვებულებს უნდა დაემტკიცებინათ მსოფლიოსათვის, რომ ამხანაგი გევარა მოკვდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჩეს სიკვდილი ამბოხსაც დაუსვამდა წერტილს.

თუმცა ფოტომ, რომელსაც ყოველგვარი აღტკინება უნდა ჩაეკლა, ლეგენდის დაბადებას შეუწყო ხელი.  მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე  ჩეს გვერდით მისი მკვლელები იწონებენ თავს, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ჭრილობაზე მიუთითებს, ხალხმა სხვა რამეს მიაქცია ყურადღება, კერძოდ კი ჩეს სახის გამომეტყველებას, რომელზეც მათ მოწყალება ამოიკითხეს. ასე რომ, ფოტომ ჩე კი არ მოკლა, დასაბამი მისცა ახალ სლოგანს  ,,ჩე ცოცხალია” და  გევარას მიანიჭა  უკვდავება,  როგორც სოციალისტური იდეებისათვის წამებულს.

4) ფოტო, რომელმაც გენიოსებს  უფლება მისცა, იუმორის გრძნობა ჰქონოდათ

“Einstein with his Tongue Out” Arthur Sasse, 1951

თუკი აინშტაინმა ადამიანებს შეუცვალა წარმოდგენა სამყაროს შესახებ, ამ ფოტომ ადამიანებს შეუცვალა წარმოდგენა აინშტაინის შესახებ. სწორედ ამ ფოტოს გამო იქცა აინშტაინი არა მხოლოდ გენიოსის, არამედ ,,დარტყმული გენიოსის” სინონიმად. აინშტაინს აქვს დედამიწის ზურგზე ყველაზე ცნობილი ენა, რის გამოც დღემდე ჯიუტად ვნანობ, რომ მის კლასში არ ვსწავლობდი და დიდ დასვენებაზე მისთვის არ მიკოცნია ფრანგულად.

რაც შეეხება ფოტოს, მასზე გამოსახულია 72 წლის აინშტაინი, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე გული შეუღონეს ფოტო_ჟურნალისტებმა. სხვა ფოტოგრაფებმა მისი ღიმილი მილიონჯერ დააფიქსირეს, აი შასეს კი ძალიან გაუმართლა.  ეს ფოტო უკვე კლასიკაა. ამ ფოტოს გამო  აინშტაინი ყოველთვის გაახსენდებათ როგორც  კაცობრიობის ყველაზე ჭკვიანი და ჭკუამხიარული მოხუცი.

5) ფოტო, რომელმაც სიურეალიზმი რეალობად აქცია

“Dalí Atomicus” Philippe Halsman, 1948

ფილიპ ჰალსმანი მგონი ერთადერთი ფოტოგრაფია, ვინც მოხტუნავე ადამიანების გადაღებით გაითქვა სახელი. ის ამბობდა, რომ ხტუნვისას ჩანს ადამიანის  ნამდვილი ბუნება. ეს რომ გავიგე, ნახევარი საათი ვიხტუნავე სარკესთან, მაგრამ მანამდე ვერ დავეთანხმე, სანამ Dalí Atomicus-ს არ დავხედე.

ამ სურათით ჰალსმანმა პატივი მიაგო ატომური ეპოქის დასაწყისსაც  (prompted by physicist’ then-recent announcement that all matter hangs in a constant state of suspension) და დალის ნახატსაც “Leda Atomica”, რომელიც ფოტოზეც აღიბეჭდა, სადღაც მარჯვნივ, კატების უკან, ჯერაც დაუმთავრებელი. ამ ფოტოს გადაღებას 6 საათი, 28 ახტომა და უამრავი ასისტენტი დასჭირდა, რომლებიც კატებს ისროდნენ და წყალს ასხამდნენ კადრში .

ფოტოს კონეცპტმა საბოლოო სახის მიღებამდე რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, ჰალსმანს უნდოდა, წყლის ნაცვლად კადრში რძე ყოფილიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემორჩენილი შეხედულებებით, მნახველები ამას  ფოტოგრაფს რძის უთავბოლო ხარჯვად ჩაუთვლიდნენ, მერე ფილიპმა გადაწყვიტა, კადრში კატა აეფეთქებინა, მაგრამ, ეს, ალბათ, კატების უთავბოლო ხარჯვა იქნებოდა.

ჰალსმანის იდეები უნიკალურიც აღმოჩნდა  და ეფექტურიც. იგი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სიურეალიზმის გადაღება შეძლო.

20 thoughts on “ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს..

  1. BISEY

    ძალიან კარგია. კატების უთავბოლო ხარჯვაზე გულიანად ვიცინე 🙂

  2. ტამრიკო

    ძააააააააააააააააააააან საინტერესო იყო.

  3. ვააა, არ ვიცდოი “Dalí Atomicus”-ის ისტორია…🙂 ხოოდა ჩე იმ სურათზე ცოცხალია მგონი :)))

  4. სანდრო

    imdenad momewona rom facebookze mindoda gamomepublishebina magram shesabamis gilaks aq ver wavawydi.

  5. lex tempus

    ამ ბლოგზეც კი გამორჩეული პოსტია!!! ძალიან, ძალიან საინტერესო:)

  6. “რის გამოც დღემდე ჯიუტად ვნანობ, რომ მის კლასში არ ვსწავლობდი და დიდ დასვენებაზე მისთვის არ მიკოცნია ფრანგულად.”
    :))) ეგ არაფერი, იმან ინანოს ტო, შენ რა გაქვს სანანებელი😛
    და რაც შეეხება პოსტს:
    სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს პოსტი არის ამ ბლოგის ყველაზე საინტერესო (და შესაბამისად, საუკეთესოც) პოსტი. “დღევანდელი მდგომარეობიდან” გამომდინარე, ავტორმა ეს შეიძლება გულის მოფხანვის მცდელობაში ჩამითვალოს, მაგრამ ნურას უკაცრავად🙂 მართლა ყველაზე საინტერესო პოსტია, რაც ამ ბლოგზე წამიკითხავს😉

      1. 🙂
        მართლა მომეწონა გოგო და ვიცი რო არაფერ ქვენა ზრახვად არ ჩამითვლი😉 როცა არ მომწონდა, კი გვქონდა დაკა_დაკა😉

  7. დაად

    ანინა,დირიჟაბლებს ახლაც იყენებენ საფრენად და გადასაადგილებლად.:)
    ჰინდენბურგის კატასტროფის შემდეგ,მხოლოდ დროებით აკრძალეს დირიაბლით მგზავრობა.

  8. აინშტაინის ფოტო ბილ გეითსის პირადი საკუთრებაა და შესაძლოა, ყოვლი სახლიდან გასვლის წინ ზუსტად ეგრე ეჯღანება მადლობის ნიშნად :))
    Bravo Halsman!!!

  9. ხო ყველაზე გავრცელებული მართლაც აინშტაინის სურათია.

    მე პირველი ანუ კოცნის სურათი მომეწონა.

    კარგი პოსტია, მომეწონა.
    ხოდა ბლოგზე ხშირად შემოვალ ხოლმე.

  10. Pingback: საინტერესო ბლოგები | kunchula22

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s