მამა, ერეკლე დეისაძის მოთხრობა

ეს ერთ-ერთი მოთხრობაა ,,საიდუმლო სირობიდან”.

მამა
მამაჩემი ყოველდღე უთენია დგება, ძველ რადიომიმღებს რთავს, ღია ფანჯრიდან ნისლიან ქუჩას აკვირდება და ფინჯან ჩაის სულმოუთქმელად ხვრეპს.
“ამჯერად ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს,” – ღრიალებს რადიომიმღები.
მამას ეღიმება, თითქოს მოცარტის მეორმოცე სიმფონიას უსმენდეს და ესთეტიკური ორგაზმის ტყვე იყოს.
მაგიდაზე წინა დღის შავი პური და რამდენიმე ნაჭერი ყველი დევს.
– არ გშია? – მეკითხება ახალგაღვიძებულს.
– არა, – ვპასუხობ გულგრილად და თბილ საბანში ბოლომდე ვიმალები.
საწოლის თავზე დედა შავ-თეთრი ფოტოდან მიღიმის.
დაორთქლილ ფანჯარასთან, სადღაც ახლოს, შეციებული მტრედი ღუღუნებს.
“სპეცრაზმი ისევ მობილიზებულია, მოსახლეობა კი პანიკაშია… მათი რაოდენობა თანდათან მატულობს”.
მამა პურის ნატეხს ფშხვნის და მტრედებს აივნის ღია კარიდან მშვიდი იერით აპურებს.
“მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ნატო-ში შედის, დღევანდელი ვითარება სრულიად წარმოუდგენელია”, – არ ცხრება რადიომიმღები.
– ნატოში არა, ნაწყლში შევალთ, – ამბობს მამა და თავისთვის ხითხითებს.
90-ანებში მხედრიონელი იყო მამა…


ზვიადი… კიტოვანი… იოსელიანი… ზვიადს რო უღალატეს… მიტინგი დახვრიტეს და ა.შ. ეს ამბები არასდროს მაინტერესებდა; რაც ვიცი, ისიც მამაჩემისგან. სიმთვრალეში ყოველთვის იხსენებს ხოლმე მაშინდელ ისტორიებს და პატრიოტიზმს თავისებური ჟესტებით გამოხატავს.
“სნაიპერის ნასროლ ტყვიას დღემდე ხერხემლით დავატარებ და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო ასე ძალიან მიყვარს,” – იტყვის და ხელებს განზე შლის, შუბლს ოდნავ შეკრავს და “საქართველო ლამაზოს” ბოლო ხმაზე ღნავის.
მამას სამხედრო ფორმა და ომისდროინდელი “ბათინკები” აცვია, ამინდის მიუხედავად, თავზე ყოველთვის ბერეტი ხურავს, ცხვირზე კი შავი “რეიბანები” დაუკოსებია.
გარეგნულად გარეწარის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად ორმაგად გარეწარია.

* * *
ერთ დღეს დამიძახა და მკითხა: “როგორ გგონია, ცოდვა ყოველთვის ბოროტებიდან გამომდინარეობს?”
ჯერ კაიფში მეგონა, მაგრამ სახეზე რომ დავაკვირდი, მივხვდი, სერიოზულად მეკითხებოდა.
– არ ვიცი-მეთქი.
გაბრაზდა. სირი ხარო, – მითხრა. შენხელა რო ვიყავი, უამრავ რამეზე ვფიქრობდი, შენ და შენი თაობა კი სექსს და ნარკოტიკებს ვერ გაცდითო…
მერე დამშვიდდა…
იცოდა ხოლმე გაფრენები, ყველას და ყველაფერს აგინებდა, შემდეგ ხელისგულებს თავზე დაიწყობდა და მონოლოგის კითხვას იწყებდა:
– “ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია. მისით იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად.
ერესი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გონებრივი ერექცია განვიცადოთ, შევიყვაროთ ისეთი ღმერთი, როგორიც ბიბლიაშია, და არა ისეთი, სასულიერო პირები რომ ცდილობენ, თავზე მოგვახვიონ, რათა თვითონ გაბატონდნენ ჩვენზე. დღევანდელ ეპოქაში რელიგიამ უხეში ევოლუცია განიცადა, რის შედეგადაც მივიღეთ აგრესიული ორთოდოქსების ფრთა, რომლებმაც ჯვარი საბრძოლო იარაღად აქციეს, ყალბ პათეტიკაზე გაზრდილებს უჭირთ ამ წმინდა აქსიომასთან შეგუება, იგი უარყოფს ყოველგვარ სექტას და რეალურად გვიჩვენებს გზას მარადისობამდე…
რაც შეეხება ცოდვას, ის შეიძლება არა მარტო ბოროტებამ, არამედ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილმაც გამოიწვიოს”.
მაგალითად წმინდა გიორგის ხატი მოჰყავდა და ამბობდა, ამ ხატის დანიშნულება და ძალა ჩემთვის მიუწვდომელიაო.
_ რატომ-მეთქი, – ვკითხე. გაუხარდა ჩემი დაინტერესება. მარტივად აგიხსნიო, დამაიმედა. ჯერ “გიყვარდეს მტერი შენიო” მითხრა, შემდეგ ხატზე მიმითითა და განაგრძო, – ამ ხატზე წმინდა გიორგის მტერი კი არ უყვარს, სძულს და შუბით კლავს, ამიტომ ეს ხატი და ქრისტეს სიტყვები ურთიერთგამომრიცხავიაო.
ვერაფერი ვუპასუხე.
მისი აზრებისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ბოლომდე იმავე პოზიციაზე დავრჩი…

* * *
თოთხმეტის ვიყავი, დედა რომ დავმარხეთ.
მამა ჯერ გალოთდა, მერე წამალზე შეჯდა. ეგ და რაფიკა დოზას დოზაზე ამატებდნენ, მთელი ქალაქის ძაღლობა ამათ დასდევდა.
უბანში მამას ყველა პატივს ცემდა, თითქოს მათ გვერდით ყოფილი მხედრიონელი კი არა, ცით მოვლენილი სასწაული იდგა, შეიძლება შიშის ამბავიც იყო, იმიტომ, რომ თუ გადაეკეტებოდა, ყველაფერი ეკიდა.
ერთხელ სამოქალაქო ომის დროს ბიჭებმა გაიჩხირეს. მერე ქაშუეთის ეკლესიასთან მღვდელი დაინახეს. აუშარდნენ, ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და შენ რა პონტში დადიხარო, მღვდელმა – თოვლის ბაბუა კი არა, მამა ვარო, მამა ბასილი. ბიჭებმა მაგრად ჩასცინეს, შენ ბოროტი თოვლის ბაბუა ხარ და შავი წვერიც ამიტომ გაქვსო. მამაოს პირჯვრის გადაწერის შემდეგ მუხლებზე დამდგარს დაუწყია ლოცვა, მამამ კი საჩუქრების ხურჯინი ითხოვა და მღვდელს თავი გადაპარსა.
კაიფიდან გამოსულებს გზად მომიტინგეები გადააწყდნენ, ჩვეულებრივი მოსახლეობა, უმეტესად მოხუცები და ბავშვები. “ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!” – გაჰყვიროდნენ ერთხმად. მამას ჯერ გინება დაუწყია, შემდეგ ეროვნული დროშებით აღჭურვილებისთვის ავტომატის ჯერი გადაუტარებია და მანქანით ათესილა.

* * *
სავარძელში ზის მამა…
ღერს ღერზე ეწევა, ღრმა ფიქრებშია წასული.
ერთი საათის წინ გაიგო რაფიკას ამბავი. არავინ არაფერს ამბობს, ყველამ იცის, რომ გაიპარა.
დაბოღმილია მამა.
მოპირდაპირე კედელზე წმინდა გიორგის ხატს უყურებს, ესეც ომისდროინდელია, საკმაოდ ძვირფასი და ოქროსფრად მოჩუქურთმებული.
– ეჰ, რაფიკ, შე ბოზო, – ოხრავს მამა. მზერა ჩემკენ გადმოაქვს,
ერთხანს დაჟინებით მაშტერდება, მერე ისევ ახალ ღერს უკიდებს და ნამწვებით
სავსე საფერფლეს ადგილს უნაცვლებს.
– ისე, რას შვები, ახალი რა არის? – მეკითხება.
მხრებს ვიჩეჩავ. ვგულისხმობ, რომ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველებურადაა. ვატყობ, უხმო ჟესტი არ აკმაყოფილებს.
– სკოლაში რა ხდება?
– არაფერი.
– როგორ “არაფერი”, ტყუილად დადიხარ?
– უფრო სწორად, ყველაფერი ძველებურად მიდის, – ვცდილობ, არ გავაღიზიანო.
– ძველებურად რო მიდის, იმიტო გენძრევათ, ელასტიკიანი ბიჭების თაობა, ბალერონები, ბლიად!
მგონი, ნასვამია.
– თქვენი სკოლები ინკუბატორებია, ზომბებად გზრდიან, და, ჩვენი არ იყოს, თქვენც ვერაფერს ხვდებით.
– რას უნდა მივხვდეთ?
– სკოლებში არარსებულ პატრიოტიზმს და არარსებულ სიყვარულს ქადაგებენ, ჩემი თაობა დააყლევეს, ერთ იდეოლოგიაზე გაზარდეს, წითელი ყელსახვევებით დანომრეს… ერთ დღეს კი ყველაფერს თვითონ მივხვდით და ის ყელსახვევები სირზე შემოვიხვიეთ, აი ყოველივე ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ბოროტებამდე და დედისტყვნამდე…
– ჩვენ რა შუაში ვართ?
– თქვენც იგივე გელით, გაიზრდებით და უფრო ნათლად დაინახავთ ყველაფერს.
მისი რჩევა-დარიგებები ხშირად ბოდვაში გადადიოდა… ამჯერად ხატთან გააგრძელა საუბარი და გავიგონე, როგორ შეიგინა.
ქურთუკი ჩავიცვი და კარი გავიხურე.
ქალაქი შიშველი იყო, გრილოდა…

* * *

საღამოს მეზობლებმა მამაჩემის გვამი ხატის წინ იპოვეს. შუბი თვალში ქონდა გარჭობილი. გამომძიებელმა ორჯერ დამკითხა. ყველაფერს გულახდილად ვპასუხობდი. არც ის დამიმალავს, რომ მამაჩემის სიკვდილს დიდად არ განვიცდიდი.
“შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ვერავითარი სამხილი ვერ აღმოაჩინა, საქმე პარანორმალურ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, რასაც გარდაცვლილის ოთახში არსებული წმ. გიორგის ხატი ადასტურებს, საიდანაც ნახევარი სიუჟეტი გამქრალია. ნახატზე მხოლოდ გველეშაპი ჩანს…”

* * *
ღამით, როცა ქალაქს ეძინა, ფანჯრიდან დავინახე, მხედარი როგორ მიაჩაკჩაკებდა თავის თეთრ ცხენს ცარიელ ქუჩაში…

38 thoughts on “მამა, ერეკლე დეისაძის მოთხრობა

  1. დათო

    ნამეტნავად გამჭვირვალე სიმბოლიზმია ჩემი აზრით. უფრო შენიღბულად ვერ გადმოსცა?

  2. s.chkhaidze

    მოთხრობა დაყოფილია შვიდ ნოველად და, პრაქტიკულად, არც ერთი მათგანი გამართული არ არის გრამატიკულად, სტილისტურად და შინაარსობრივად.

    მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში მხოლოდ ერთი აქტიური პერსონაჟია (მამა), იგი საერთოდ არ არის ‘’გახსნილი’’.

    მოთხრობა, პრაქტიკულად, მწერლის მონოლოგია, რაც მის ოსტატობაზე არ მეტყველებს: პერსონაჟსა და აღწერილ მოვლენას მკითხველმა უნდა გაუკეთოს შეფასება და არ მწერალმა.

    მოთხრობაში, არსებითად, არაფერი ხდება.
    მწერალი, ძირითადად, აკეთებს კატეგორიულ და ამავდროულად, ზედაპირულ დასკვნებს და აგრესიული ფორმით ცდილობს თავის სიმართლეში მკითხველი დაარწმუნოს.

    ყველა ეპიზოდი აღწერილია არაბუნებრივად, ხელოვნურად. მოთხრობის არც-ერთი ნაწილის წაკითხვისას გიჩნდება ‘’თანაყოფნის’’ განცდა.

    მოთხრობაში საერთოდ არ არის ლამაზი, მოხდენილი, შინაარსის გამხსნელი ფრაზა. მთლიანობაში, ნაწარმოები, შინაარსობრივად, ძალიან დაბალი ხარისხისაა.

    ავტორს ახალიც არაფერი უთქვამს (ყოველ შემთხვევაში, როგორც მე გავიგე მისი ნათქვამი) და ახლებურადაც არ უთქვამს, რაც თქვა ის.

    ამგვარად, ნაწარმოების ღირებულება დაბალია.

    თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ ნაწარმოები ძალიან ცუდი სალიტერატურო ენითაა დაწერილი.

    მოთხრობა იწყება ასე:
    ‘’მამაჩემი ყოველდღე უთენია დგება, ძველ რადიომიმღებს რთავს, ღია ფანჯრიდან ნისლიან ქუჩას აკვირდება და ფინჯან ჩაის სულმოუთქმელად ხვრეპს’’.
    ერთი შეხედვით აქ გაუგებარი არაფერია, თუმცა არა მგონია ავტორს იმის თქმა სურდა, რომ ყოველდილით მისი პერსონაჟის ფანჯარა ღიაა, ხოლო ქუჩა – ნისლიანი; ასე კი გამოვიდა.

    ‘’სულმოუთმელად ხვრეპა’’ შეუძლებელია. კარგი იქნება, ავტორმა სცადოს და ჩაი ასე დალიოს. მე ვცადე – უშედეგოდ.

    სტილისტურად გაუმართავია და ცუდად იკითხება წინადადება: მამას ეღიმება, თითქოს მოცარტის მეორმოცე სიმფონიას უსმენდეს – აქ, ალბათ, კარგი იქნებოდა
    ‘’მამასა’’ და ‘’ეღიმებას’’ შორის კავშირის ‘’ისე’’ ჩართვა და წინადადება უფრო უკეთ წაიკითხებოდა, თუმცა ეს გემოვნების საკითხია.
    მთავარი ისაა, რომ ჩემთვის, ანუ მკითხველისათვის გაუგებარია, თუ რისი თქმა სურდა ამით ავტორს – მისი აზრით, როგორ და რატომ იღიმება მამა?
    ღიმილი შეიძლება იყოს: კმაყოფილი, დამცინავი, მხიარული და მისთ.
    ვერ გავიგე, მოსწონს მამას სიმფონია, თუ არ მოსწონს, კმაყოფილია, თუ – უკმაყოფილო…
    და ვერაფრით მივხვდი, თუ რა შუაში ვარ აქ მე, ანუ მკითხველი და, ბოლოსდაბოლოს, რა შუშია აქ მოცარტი?
    ჩემს კითხვაზე პასუხი, ალბათ, ამ წინადადების გაგრძელებაში უნდა ვეძებო; იგი გრძელდება ასე: ‘’და ესთეტიკური ორგაზმის ტყვე იყო’’.
    პასუხიც ამას ჰქვია!
    წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც ღია ფანჯარასთან ფინჯანით ხელში დგას, ნისლიან ქუჩას გაჰყურებს და ესთეტიკური ორგაზმის ტყვეა.
    ჩემი აზრით, ავტორს არ ესმის სიტყვის ‘’ორგაზმი’’’მნიშვნელობა. ორგაზმი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და ‘’ესთეტიკური ორგაზმი’’’არ არსებობს!
    მაგრამ, რა მნიშვნელობაც არ უნდა მივცეთ ამ სიტყვას, ერთი რამ ცხადია: ‘’ესთეტიკური ორგაზმის ტყვე’’ ყოვლად უაზრო სიტყვათწყობაა!
    შეუძლებელია, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანი ‘’ორგაზმის’’ ტყვე’იყოს.
    გადატანითი მნიშვნელობით, ამათუიმ, გრძნობის ტყვედ მოიხსენებენ ადამიანს, რომელიც მუდმივად მიისწრაფის ამ გრძნობის განცდისაკენ, რომელიც გრძნობას ‘’დატყვევებული’’ ჰყავს.
    მაგრამ, ჯერ ერთი, თუ ავტორს უნდოდა იმის თქმა, რომ მისი პერსონაჟს ჰგავდა ორგაზმის განცდის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, მაშინ, ეს წინადადება დროში, პირსა და ვითარებაში არ ეთანხმება წინა წინადადებას (აი, იმას, მოცარტს რომ უსმენდა); მეორე, ვეჭვობ ‘’ჯერ ერთი’’ ჩემი დასკვნაა და ავტორი, თავის ესთეტიკურ ორგაზმში სულ სხვა რამეს გულისხმობდა და მესამეც – როგორი ესთეტიკურიც არ უნდა იყოს ორგაზმი – რა შეუშია აქ მოცარტი?
    მწერალს ვურჩევდი, რომ თუ ქართულ ენაზე აპირებს წერის გაგრძელებას, სიტყვას უნდა მიანიჭოს ის მნიშვნელობა, რაც მას გააჩნია. სიტყვისა და სიტყვათწყობისათვის უჩვეულო, მიღებელი მნიშვნელობის მიცემით ავტორი ამჟღავნებს ლექსიკური მარაგის სიმწირეს და გამართულად წერის უუნარობას.
    ამასვე ადასტურებს მოთხრობაში ‘’მიმოფანტული’’ ვულგარიზმები, რომლებიც არაფერს აზუსტებს, არც ვისიმე ხასიათს ხსნის და ამოვარდნილიც არის პერსონაჟის ლაპარაკის სტილიდან:
    თუ ავტორს მისი პერსონაჟის ტიპაჟი ცხოვრებაში არ უნახავს, მე მინახავს, თანაც – ბევრი და ავუხსნი, რომ:
    ადამიანი, რომელიც იტყვის: ‘’ჩემი თაობა დააყლევესო’’ – აღარ გააგრძალებს, ასე: ‘’ერთ იდეოლოგიაზე გაზარდეს და წითელი ყელსახვევებით დანომრესო’’ (ზოგადადაც, ჩემი აზრით, ასე არავინ ლაპარაკობს).
    და ადამიანი, რომელიც თავის შვილს ‘’სირს’’ უწოდებს, შემდეგ აღარ (ვეღარ!) წაიკითხავს მონოლოგს იმის შესახებ, რომ: “ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტიაო’’ (რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ “მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტი’’ ქართულ ენაზე არაფერს ნიშნავს).
    თუ ვულგარიზმებით ავტორს მეტყველების გაცოცხლება უნდოდა, მაშინ ბოლომდე თანმიმდევრული უნდა ყოფილიყო.
    აბა, ერთი ვინმემ სცადოს და ხმამაღლა, გამოთქმით თქვას:
    ‘’დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად’’.
    ხომ ნაკადულივით მორაკრაკებს!
    თუ ვინმე, პირველივე ცდაზე, ამ ამოცანას დაძლევს, ჯილდოს ვპირდები!
    ქართული ენა ლექსიკურად მდიდარია და დახვეწილი და ამ ენაში არის საკმარისი რაოდენობის სიტყვებია, რაგინდარა აზრის გადმოსაცემად.
    სანამ კალამს (ბოდიში,კლავიატურას) მოჰკიდებდა ხელს, კარგი იქნებოდა, მწერალს ქართველი კლასიკოსები და ქართული გრამატიკის სახელმძღვანელო წაეკითხა.

    ისევ პირველ ნოველას მივუბრუნდები (თუ ბოლო ორ, მოკლე ნოველას არ ჩავთვლით, იგი ყველაზე უკეთესია დანარჩენ ნოველებს შორის და იმიტომ):
    ‘’საწოლის თავზე დედა შავ-თეთრი ფოტოდან მიღიმის’’ – ეს წინადადება რუსულიდანაა კალკირებული.
    ვინც ისე გაიგო, რომ დედა შვილს საწოლის თავზე უღიმის, ვუხსნი: იგულისხმება, რომ საწოლთან ჰკიდია შავ-თეთრი ფოტოსურათი, რეომელზეც მომღიმარი დედაა გამოსახული. მეტი არაფერი.

    ‘’დაორთქლილ ფანჯარასთან, სადღაც ახლოს, შეციებული მტრედი ღუღუნებს’’ – თუ ფანჯარა ღია იყო, დაორთქლილი არ იქნებოდა,
    თან რას ნიშნავს ეს ‘’სადღაც ახლოს’’ ან რა საჭიროა, ან რას გვიზუსტებს?
    ან რატომ იყო მტრედი ‘’შეციებული’’. რას ერჩოდა ავტორი ამ საცოდავ მტრედს (მოცარტის არ იყოს) ‘’ყოველდღე’’ რომ აცივებდა (დასაწყისშივე, დიდი ამბით გვამცნობს, აქ აღწერილი ამბავი ერთხელ მომხდარი არ გეგონოთ, ყოველდღე ასე ხდებაო),

    ‘’მამა … მტრედებს აივნის ღია კარიდან მშვიდი იერით აპურებს’’ – (აკი, მტრედი ფანჯარასთან ღუღუნებდაო?) ცუდი წინადადებაა.
    ჯერ ერთი, გაუგებარია, რას ნიშნავს ‘’აივნის ღია კარიდან დაპურება’’. მეორეც, მტრედისათვის საკენკის ბრაზიანი იერით დაყრა იქნებოდა უცნაური და აღსანიშნავი, თორემ ეს ‘’მშვიდი იერით’’ რა მოსატანი იყო?
    ის, რომ შემაშფოთებელი პოლიტიკური ამბების მოსმენისას პერსონაჟი მტრედების დაპურებას იწყებს, თავისთავად, გვაგებინებს ავტორის სათქმელს და ყოველგვარი ‘’მვიდი’’ და ‘’იერი’’ აქ ზედმეტია!
    ნოველების მწერალმა ცოტა უნდა ილაპარაკოს და ბევრი უნდა თქვას და არა – პირიქით.

    ‘’დღევანდელი ვითარება სრულიად წარმოუდგენელია’’ – ვისაც ეს რუსული ენიდან კალკირებული წინადადება ქართულად თქმული ჰგონია, ღმერთმა ისიც და მისი მთქმელიც მშვიდობაში მოახმაროს!

    აღარ გავაგრძელებ მსჯელობას დანარჩენი ნოველების შესახებ, მხოლოდ გავიმეორებ, რომ ჩემს მიერ განხილული ნოველა სხვებზე უკეთესია (ბოლო ორი ნოველის გამოკლებით, რომლებიც, შედარებით, გამართულია, ალბათ, იმის გამო, რომ ორივე მოკლეა)…

    ავტორს ვეტყვი, რომ არ შეიძლება ასე უდიერად მოეპყრას ქართულ ენას, თუ, რა თქმა უნდა, მწერლობა სურს.
    ლიტერატურული ნაწარმოები, მარტოოდენ, სიტყვებისა და წინადადებების გროვა არ არის. ამ წინადადებებს გრამატიკულად, სტილისტურად და შინაარსობრივად დალაგებაც ესაჭიროება.

    1. პრეტენზიების ნაწილი მისაღებია, ნაწილი კი_ მთლად სიტყვებზე გამოკიდებაა. ეს რომ დაწერა ერეკლემ, 16 წლის იყო და მოთხრობა მთლიანობაში სულაც არაა ცუდი, განსაკუთრებით კი დასასრული : )

      1. კარგი არის იდეა : ) თუმცა, ეს ფილოსოფიური საუბრები სულაც არაა საჭირო, უფრო მოკლედ და მძაფრად უნდა იყოს გადმოცემული.
        კარგია დასასრული: ,, ნახატზე მხოლოდ გველეშაპი ჩანს…”
        ღამით, როცა ქალაქს ეძინა, ფანჯრიდან დავინახე, მხედარი როგორ მიაჩაკჩაკებდა თავის თეთრ ცხენს ცარიელ ქუჩაში…”

        ძალიან საინტერესოა წმინდანის ,,შურისძიება” ადამიანზე, ვისაც ღმერთი მარკეტინგულად შეფუთულ პროდუქტად მიაჩნია. მთავარი ირონია იმაში იმალება, რომ მხედრიონელ (!) კაცს არ ესმის, რა მჟღანდება წმინდა გიორგის ხატში. არ ესმის კაცს, რომელსაც ,,მტრის” ხოცვის მეტი არაფერი უკეთებია ცხოვრებაში (,,ჭეშმარიტების” სახელით). მისთვის გველეშაპის განგმირვა გამონაკლისია ქრისტიანობის საფუძველში მყოფი პრინციპისა _,,გიყვარდეს მტერი შენი”. და ამ პრეტენზიას გამოთქვამს ადამიანი, ვისაც ,, ეროვნული დროშებით აღჭურვილებისთვის ავტომატის ჯერი გადაუტარებია და მანქანით ათესილა.” ის ცრუ მორალის მქადაგებელია, რისთვისაც ისჯება კიდეც. და ისჯება იმისაგან, ვისი სახელიც ქრისტიანობაში ბოროტების შემუსვრასთან ასოცირდება. თუ რამდენად გამართლებულია მისი დასჯა, ეს სხვა პრობლემაა.
        ავტორი არც წმინდა გიორგის აიდეალებს, რაზეც ნაწარმოების ირონიული დასასრული მიგვანიშნებს.
        დასასრული საკმაოდ ორაზროვანია და საფიქრალს ტოვებს. როგორ გავიგოთ ის ფაქტი, რომ მამას შუბით განგმირავს წმინდანი? მივიღოთ ეს, როგორც მხედრიონელის თეორიის დამადასტურებელი ფაქტი (ამ წმინდანს მართლაც არ უყვარს მტერი და ეს აცდენაა სახარებასთან ) თუ მივიღოთ ეს, როგორც საკადრისი სასჯელი წმინდანის გმობისათვის: ზედმეტად სასტიკია, თუმცა კი ლოგიკური, რომ ადამიანს, რომელსაც არ ესმის, ვის და რატომ მიემართება წმინდა გიორგის შუბი, აჩვენო, რომ შუბი წმინდანს ისეთი ბოროტების ასალაგმად აქვს, როგორადაც მოთხრობაში მამაა წარმოჩენილი.
        ნიჰილისტურია ბოლო ფრაზა. ის, ვინც ბოროტებას სპობს, სინამდვილეში ვერაფერს იმკის.

        პ.ს. უცნაურია, ახლა რომ გადავიკითხე ეს მოთხრობა, სულ სხვა თვალით შევხედე. დასჯა რწმენის სახელით_
        რა სიმბოლურია, არა? : )))

      2. ანინა,
        შენი კომენტარი ბევრად უფრო კარგი წასაკითხია:) respect.
        იმ ნაწარმოებმა კი ვერ მომანდომა, ასეთ დასკვნები გამომეტანა 🙂

        რამდენიმე ფრაზა კარგად დაუწერია ისე, შენს მიერ ჩამოთვლილები და + ისიც, ყველა ფროუმზე რომ ტრიალებს – დედასა და პირჯვარზე. ლიტერატურული თვალსაზრისით ბევრად გამართულია, ვიდრე დანარჩენი ნაწილი 🙂

    2. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენი კომენტარი უნდა გავბლოგო. ძლივს სადღაც ლიტერატურული კრიტიკა წავიკითხე და არა რელიგიური ამ “ნაწარმოებისა”.

      თუმცა, ფაქტია, არცერთს არ იმსახურებს.
      სამუშაო ძალის ამხელა მოცდენისთვის ეს “მწერალი” კარგად უნდა დააჯარიმოს კაცმა 😀

  3. ვერაფერი ისეთ მკრეხელური ვერ დავინახე ამხელა ამბის ასატეხი… თუმცა რაც მართალი მართალია დიდი სისულელეა…

    1. მკრეხელური არაფერი.
      ფსიქოლოგისთვის კარგი მასალაა ავტორის ბავშვობის (სავარაუდოდ) გამოსაკვლევად 🙂

      1. Katieé.Ge.
        და რატომ გგონიათ, რომ ლიტერატურა ავტორის სულიერი სამყაროს სარკეა, ვერაფრით გავიგე. ერთადერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ მოთხრობა პირველ პირშია დაწერილი. როდის აქეთაა, რომ ფსიქოლოგებს ადამიანების შესახებ ნაწარმოებებით გამოაქვთ დასკვნები…
        თუ ეგ ეგრეა, ტერენტი გრანელზე უფრო ავადმყოფი არავინ მეგულება მე. (აქვე გაითვალისწინეთ, რომ პოეზია გაცილებით ,,ავტობიოგრაფიულია”, ვიდრე პროზა )

      2. მე არ ვამტკიცებ, რომ ნაწერი ყოველთვის ბიოგრაფიულია, მაგრამ ის, რომ ადამიანის აზროვნება ბავშვობიდანვე ყალიბდება, მე მგონი სადაო არაა. მე რომ ჩავუღრმავდე, არაკომპეტენტური ვიქნები, სხვებს ბევრად უკეთ უწერიათ ამაზე (თუნდაც ზოშჩენკოს).

        შეიძლება მე არ მესმის, მაგრამ ვაღიარებ, რომ არ მესმის, რატომ უნდა წეროს ასეთი ზიზღით ადამიანმა მშობლებზე, თუ რაიმე მიზეზი არ აქვს?

  4. მოთხრობა, პრაქტიკულად, მწერლის მონოლოგია, რაც მის ოსტატობაზე არ მეტყველებს: პერსონაჟსა და აღწერილ მოვლენას მკითხველმა უნდა გაუკეთოს შეფასება და არ მწერალმა.

    ანუ, პირველ პირში არ უნდა დაიწეროს მოთხრობები? მასე, პერსონაჟსა და აღწერილ მოვლენას თვითონ უკეთებს შეფასებას ნაბოკოვიც, ამის გამო ცუდი მწერალია? : )))

    1. s.chkhaidze

      საზოგადოდ, პირველ პირში წერა ყოველთვის რთულია, იმიტომ, რომ ძნელია ზღვარის დაცვა აზრის გადმოცემასა და შეგონებას, ჭკუის დარიგებას შორის. ხშირად, ამ მიზეზითაც ირჩევენ მწერლები, ამბის გადმოსაცემად, ნეიტრალურ, მესამე პირს, მაშინ, როცა ”პირველი პირი” უფრო მეტი სტილისტური გაქანების საშუალებას იძლევა.
      ამ მოთხრობაში, ისე, როგორც, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებთა უმრავლესობაში, ეს ზღვარი დაცული არ არის.
      მაგალითად, ერთ ნაწყვეტს ავიღებ:
      ”უბანში მამას ყველა პატივს ცემდა, თითქოს მათ გვერდით ყოფილი მხედრიონელი კი არა, ცით მოვლენილი სასწაული იდგა, შეიძლება შიშის ამბავიც იყო, იმიტომ, რომ თუ გადაეკეტებოდა, ყველაფერი ეკიდა”.
      აღარ შევუდგები ამ ნაწყვეტის გრამატიკულ და სტილისტურ შეფასებას (ამ მხრივ, ძალიან სუსტია). განვიხილავ მხოლოდ შინაარსობრივად.
      მოთხრობის ამ ნაწყვეტის მოქმედი პირები არიან: მამა და მისი მეზობლები (ანუ, უბნელები, როგორც უწოდებენ, ხოლმე), მაგრამ ავტორი, სინამდვილეში, ამ ადამიანების ამბავს კი არ მიყვება (მკითხველს), არამედ გადმომცემს თავის შეხედულებას მათ შესახებ, ისე რომ არ მიტოვებს აზროვნების, შეფასების საშუალებას:
      იქნებ, არ ვეთანხმები ავტორისეულ შეფასებას, რომ ”მხედრიონელი” და ”ცით მოვლენილი სასწაული” ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია? იქნებ, არ ვეთანხმები ავტორს, რომ ყოფილ ”მხედრიონელს” პატივი არ უნდა სცე, მხოლოდ იმიტომ, რომ ”მხედრიონელი” ოყო (განა ამას არ ნიშნავს ავტორის სიტყვები: პატივს სცემდნენ, თითქოს მხედრიონელი არ ყოფილყოო)? იქნებ, არ ვეთანხმები ავტორის აზრს, რომ მეზობლები ”მამას” პატივს იმიტომ სცემდნენ, რომ მისი ეშინოდათ (სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას ეპიზოდი არ იძლევა)? იქნებ არ ვეთანხმები ავტორს, რომ მის პერსონაჟს ”თუ გადაეკეტებიდა – ყველაფერი ეკიდა”? რატომ მაძლებს ავტორი ვიფიქრო და ვიაზროვნო ისე, როგორც მას უნდა? თუ თვითონ ამხედრდა ”მამის” (საზოგადოების, დოქტრინის, სტერეოტიპის თუ რაც გნებავთ ის დაარქვით) ძალაუფლების წინააღმდეგ, რატომ მაიძულებს, რომ მე (მკითხველი, ე.ი.) დავემორჩილო მის ძალმომრეობას?
      ავტორის დასაცავად არ გამოდგება სოფისტური ფრაზა: ნუ დაემორჩილები, ძამიკო, ვინ გიშლისო!
      ცხადია, არ დავემოჩილები და ისე შევაფასებ, როგორც გამიხარდება, მაგრამ ავტორი მაძლევს ამის საშუალებას?!
      სწორედ ამას ვგულისხმობ მასში, რომ ეს მოთხრობა მონოლოგია და არა დიალოგი – დიალოგი ჩემს სულიერ სამყაროსა და ავტორის სულიერ სამყაროს შორის.
      მესმის, რომ ამის მიღწევა ძალზე რთულია. დავინტერესდი, წავიკითხე ამ ავტორის სხვა მოთხრობაც და ვფიქრობ, მისთვის, მისი შემოქმედების ამ ეტაპზე – შეუძლებელიც.
      ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს, რომ თავისთავად, არც ეს ნაწარმოწები და არც კრებული სრულად ღირს უსაშველოდ ბევრი დროის დაკარგვად, აქ სხვა ამბავი რომ არ იყოს: საბჭოთა კრიტიკაში არსებობდა შემოქმედების ე.წ. იდეურ-მხატვრული ანალიზი. ამათგან, პირველ ადგილას, ყოველთვის, ”იდეური” იდგა და შემდეგ – მხატვრული.
      თანამედროვე ქართული მწერლობის სენიც სწორედ ეს არის: მწერლები ცდილობენ შექმნან ”იდეურად” გამართული ნაწარმოები; გადმოსცენ თავიანთი განსაკუთრებული, შესანიშნავი, ჩინებული ხედვა, ზოგადად, სამყაროსი და, კონკრეტულად, ამათუიმ, მოვლენისა და ამ სიდიადესა და გრანდიოზულობაში ის ”მხატვრული” ავიწყდებათ, რითაც, სინამდვილეში, ნაწარმოები ფასდება.
      და ეს სჭირთ, არა მარტო, დამწყებ და გამოუცდელ შეგირდებს, არამედ კარგად გამობრძმედილ, სახელოვან შემოქმედებსაც, ადრე ”სიტყვის (და არა ”იდეის”) ოსტატებს” რომ უწოდებდნენ, იმათ!
      მკითხველიც ისე გადაეჩვია გემრიელ, ლაზათიან ქართული სიტყვას, რომ მწერალს იმის მიხდევით არჩევს, რა კარგი რამეები დაუწერია და არა – როგორო!
      ამ შემთხვევაშიც, მავანმა, ის კი არა თქვა, ამ ბიჭს ქართული გაუსწრორეთო – ამის დაწერა როგორ გაბედაო!
      არადა, პირიქით კი უნდა ყოფილიყო. ჩემი გადმოსახედიდან, ყოველ შემთხვევაში.
      დაწერით, ყეელაფრის დაწერა შეიძლება, გააჩნია, როგორ დაწერ, რასაც წერ იმას.
      აი ესაა მთავარი.

  5. s.chkhaidze

    მალადეც ძალიან კარგია მაგრამ პაპსავიკ საზოგადოებას რას დააჯერებ რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში იწერება როდია ლიტერატურა :/

  6. გამოხმაურება: Je m'appelle Eka » Blog Archive » არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე მართ(ლ)მადიდებელი, ანუ რბილი “ლ”–ს გამო

    1. არსაითაც არ მიექანება! ყოველთვის, ყველა დროში არსებობდნენ და იარსებებნ უნიჭო მჯღაბნელები, რომლბსაც დღეს იცნობს საზოგადოება (ზოგ შემთხვევაში მოსწონთ და აქებენ კიდეც), წლების შემდეგ კი, მათი სახელიც აღარავის ახსოვს! პოეტი ნაროუშვილი გაგიგიათ ვინმეს? არადა, თავის დროზე ”პოეტობდა” და ტერენტი გრანელს ლექსს უწუნებდა!

  7. ადამიანი, რომელიც თავის შვილს ‘’სირს’’ უწოდებს, შემდეგ აღარ (ვეღარ!) წაიკითხავს მონოლოგს იმის შესახებ, რომ: “ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტიაო’
    getanxmebit, es pasaji mec momxvda tvalshi da mamis es filosofiuri “rechi” imdenad moulodneli da yuris momwreli iyo, rom dzalian ar momewona. am avtoris erti minusia, rom uyvars filosofosoba, rac mis kidev ert motxrobashi vnaxe. aseti chanartebisgan tavs ver ikavebs da xshirad sruliad uadgilod gamodis, ritic saintereso siujets namdvilad afuwebs 🙂 tumca es problema warmavalia da asaktan da gamocdilebastan ertad, esec gamoswordeba, imedia

  8. “ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!
    მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
    უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
    რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

    ————————————————————————————————————

    კრიტიკის დონე საქართველოში მაღალია. პრინციპში, მწერლობისაც… (არარატელი მწერალი ყვარყვარე კვანტალიანი)

  9. kusa

    da vis rashi ainteresebs rom vigac idiotis mama ras igineba saxlshi , rom narkomania, rom gautleli xeprea da ase shemdeg (mama naxe … shvili ise gamonaxeo natqvamia). am cignis damfinansebelia da gamomshvebi idioti tore es rom avadmkofia da uchirs gonebashi isedac chans

    1. კაი, დაწყნარდი და ისე გამეცი ერთ კითხვაზე პასუხი, აბა:
      გაინტერესებს ასაკოვანი კაცისა და პატარა ბავშვის სიყვარულის ამბავი? ამ კაცს ეს ბავშვი სიე შუყვარდება, როგორც მე მიყვარდება ჩემი თანატოლი სრულიად მომწიფებული გოგო.
      ან თუ გაინტერესებს ისტორიები სექსოჰოლიკზე, რომელიც ძალით იხრჩობს ხოლმე თავს, რომ ამით დღიური ლუკმა იშოვნოს?
      ან თუ გაინტერესებს ისტორიები ვიღაც ანანისტზე, რომელიც წმინდანი მამაკაცების სურათებზე მასტურბირებს?
      ან თუნდაც არ გაინტერესებს მანიაკის ისტორია, რომელიც მკვდრებს თხრიდა საფლავიდან და მათი კანისგან ტანისამოსსა და საოჯახო ნივთების გადასაფარებლებს ამზადებდა?
      შეუძლებელია არ გაინტერესებდეს. შენ შეიძლება თქვა, რომ ეს ისტორიები გულს გირევს და ზიზღს იწვევს, ეს ბუნებრივია. მაგრამ ინტერესს ვერ დამალავ რა, რა ვქნათ, ადამიანებს ყოველთვის მოგვწონდა უკიდურესობები და შეუცნობლისადმი ვისწრაფოდით ადამ ევადან მოყოლებული და დღესაც ასეა. ეს რომ ასე არ იყოს, ლიტერატურა ყველაზე უინტერესო რამ იქნებოდა, რაც კი ადამიანს შეუქმნია 🙂
      ერეკლე ირჩევს ასეთ თემებს, თუმცა ჩემი აზრით ამას მხოლოდ ყვირილის მიზნით იყენებს ჯერჯერობით და არ ინტერესდება უფრო ღრმა შრეებით, რომელიც ჩემს მიერ ჩამოთვლილ ნაწარმოებებშია. მარა ესეც გემოვნების საკითხია: ზოგს ყვირილი მოსწონს, ზოგს არა 😉

  10. არაა ცუდი, სხვათა შორის.
    კამიუმაც ესე დაიწყო და ბოლოს უცხო დაწერა.

    ისე, ამაზე ატყდა ამბავი? მმკ-ელები იმაზე უარესად გაგიჟებულან, ვიდრე მე მეგონა.

  11. ტერენტი გრანელს ლექსს უწუნებდა!

    მმკ-ელებმა რომ იცოდნენ ვინ იყო გრანელის სატრფიალო ლირიკის მუზა, ეგენიც დაიწუნებდნენ. და აკრძალვასაც მოითხოვდნენ.

  12. gvantsa

    kargi ra.. zustadca rom mkrexeloba is rac aq weriaaa..da is vinc idzaxis wignshi iseti araperia rom gagijdeo sheudzlia mivides modzgvartan da detalurad auxsnian ratom aris es wigni miugebeli…miugebeliaa dedaze rac yvelaze wmindaaaa ese isaubro… misi bilwi azrebi manve sheinaxos..da ise nu moiqceva titiqos da axali sityva stqva…

  13. ninuca

    icit ra mainteresebs? erekles am nawarmoebshi uxamsi sityvebi rom ar moexseniebina arc aravin atexdit iset panikebs rogoric atexet. xalxo nu zixart charchoebsa da dogmebshi sheidzleba nawarmoebi ar aris idealuri da didi azric ar devs masshi magram dasapasebeli paqtia rom mwerali am dros 16 wlis iyo da chemi azrit am asakis bavhvis pirobaze is sakmaod gamartul winadadebebs wers.

  14. ძალიან ცუდია ის, რომ 16 წლის ასაკში თუ გამართულ წინადადებებს წერ, ეს არის მიღწევა და ხაზგასასმელი, აღსანიშნავი მოვლენა და არა ჩვეულებრივი ფაქტი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s